რევანშის აჩრდილი აჭარაში

რევანშის აჩრდილი აჭარაში

     
   ასლან აბაშიძის ოდესღაც ყოვლისშემძლე ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენლის დემონსტრაციული ჩასვლა (ერთგვარი «პი-არ დემარში») ბათუმში მხოლოდ ძალზე გულუბრყვილო ადამიანმა შეიძლება ახსნას ქართული ტრადიციებისადმი ერთგულებით, რასაც, თითქოსდა, «პოლიტიკასთან არაფერი ჰქონდა საერთო».
        თავისთავად, მოსკოვში გადახვეწილი კლანის მიერ დიანა აბაშიძის შერჩევა ამ კარგად დაგეგმილი პროვოკაციის განსახორციელებლად, შემთხვევითი არ ყოფილა: აჭარის ყოფილი მმართველის ასული მანამდე არასდროს იყო ასოცირებული პოლიტიკურ პროცესებთან და ამდენად, თითქოსდა შესაძლებელი იქნებოდა მისი «დაბრუნების» ჩვეულებრივ ოჯახურ მოვლენად გასაღება. მაგრამ იმავდროულად, ეს იყო მკაფიო «მესიჯი» ასლან აბაშიძის მომხრეებისა და მისი მოსკოველი კურატორებისადმი, რომ აჭარის ყოფილ მბრძანებელს «თამაში» საბოლოოდ წაგებულად არ მიაჩნია და მისი სიტყვები «უახლოეს მომავალში ჩემს ხალხს სიურპრიზს ვუმზადებო», სავსებით კონკრეტული და შორსმიმავალი ინტენციის გამოვლინება იყო.
        აქ ხაზი უნდა გაესვას არა მხოლოდ პირადად ასლან აბაშიძის განწყობას (ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ბოღმა და შხამი უტრიალებს გულში, აჭარიდან სამარცხვინოდ გაძევების შემდეგ, «საუკუნოვანი დინასტიის» შთამომავალს), არამედ ზემოხსენებული კურატორებისადმი თავისი «საჭიროების» და «გამოსადეგობი» მუდმივი დადსტურების აუცილებლობასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის სპეცსამსახურები «ჰუმანიტარული ორგანიზაციები» სულაც არ არიან, რათა მრავალგვარი რესურსები იმიზნოდ და უყაირათოდ ხარჯონ _ სპეციფიკური შედეგის გარეშე.
        ამ თვალსაზრისით ასლან აბაშიძემ ის ნიშა დაიკავა, რასაც მანამდე იგორ გიორგაძეს აკუთვნებდნენ. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მას საერთოქართულ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი იმდენად არა აქვს, რამდენადაც აჭარაში «აფეთქების» შემძლე დეტონატორად აღიქმება, _ რაკი აჭარაში «ბორბლის უკუ დატრიალება» _ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში საქართველოს ერთადერთი რეალური გამარჯვების წართმევა, ახალი სახელმწიფოებრივი პროექტის სრული დისკრედიტაცია და საბოლოო იმედგაცრუება იქნება.
        ეს შესანიშნავად იცოდნენ მათ, ვინც ასლან აბაშიძის მოსკოვში «დაკონსერვების» გადაწყვეტილება მიიღო. მათ ისიც ზუსტად გათვალეს, რომელმაც 2003 წლისათვის საბოლოოდ ამოწურა ყველა პოლიტიკური რესურსი, _ ასლან აბაშიძეს აჭარაში გარკვეული დასაყრდენი კიდევ დარჩა, რომელიც შეიძლება გაიზარდოს, თუ ცენტრალური ხელისუფლება შეცდომებს დაუშვებს, ადგილობრივ სპეციფიკას არ გაითვალისწინებს და მოსახლეობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებას ან «ავტონომიის გაუქმების» საბედისწეროდ მცდარი იდეის რეალიზაციას დაუშვებს.
        ამრიგად, «დიანას დაბრუნება» საკმარისად ზუსტად გათვლილი პროვოკაცია იყო. თუმცა, ავტორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ხელისუფლებას (მათ შორის აჭარაში), თავის მხრივ, ჯერ კიდევ ისეთი ოდენობისა და ხარისხის პოლიტიკური კრედიტი აქვს, რომელიც მანევრის ფართო საშუალებასა და გადამჭრელი მოქმედების შესაძლებლობას ქმნის.
        ბუნებრივია, ხელისუფლება ვერ დაუშვებდა, დიანა აბაშიძეს, «ასლანისტური ელიტისათვის» მისი ყოფილი წინამძღოლის «გზავნილისი» მიგვრის შემდეგ, უპრობლემოდ დაეტოვებინა ბათუმი «მეორედ მოსვლამდე».
        თავის მხრივ, «ოჯახმა» ვერც კი წარმოიდგინა, რამდენად გაღიზიანებული და გადაქანცული იყო როგორც აჭარული, ასევე საერთოქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მათი «სოციალური ხიბლით» და მათთან სამართლიანად დაკავშირებული სოციალური უსამართლობით.
        მართლაც, საოცრად ნიშანდობლივია დიანა აბაშიძის სიტყვები, რომ იგი უკრძალავს მამამისს «თუნდაც ერთი კაპიკის გადახდას». მაშასადამე, ქონება, რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ იგი კანონიერია და «უსამართლობას» ხარკად ვერ გადაეხდება.
        აქ აშკარა ფეოდალური მენტალიტეტია, რომელიც საერთოდ არ აღიარებს არგუმენტად იმას, თუ რა გააჩნდა ოჯახს ხელისუფლების მოპოვებამდე და რამდენად კანონიერია ამ ხელისუფლების გამოყენება ქონების მოპოვების წყაროდ.
        «მადლობელი იყავით იმისთვის, რომ ვარსებობთ და გპატრონობთ» _ ამ ფილოსოფიით მართავდა თავის სამფლობელოს ყველა ფეოდალი შუა საუკუნეებიში, _ ევროპელი ჰერცოგებიდან, _ აღმოსავლელ «ფაშებამდე».
        ისინი არსებობენ («მადლობა უფალს») და მათ ეკუთვნით სამფლობელოში ყველაფერი: პირველი ღამის უფლებიდან, _ ქვეშევრდომთა მატერიალურ თუ სულიერ ყოფიერებამდე.
        შეუძლიათ შეიწყალონ და «წურთნან»; თავისი შეხედულებისამებრ განსაჯონ და დასაჯონ; მიიღონ და გასცენ.
        აჭარაში ყოველივე და ყოველი მათია, _ ღვთით ბოძებულია, ტრადიციით განათლებული და ისტორიით სხივმოსილია.
        აქედან გამომდინარე, განა შეიძლება ვინმე გაბედოს და ეჭვ ქვეშ დააყენოს კეთილშობილი ოჯახის უფლებამოსილება, თუკი იგი საკუთარი ფონდიდან ქველმოქმედებასაც კი გასცემდა გაჭირვებული «სულიერი საკუთრების» დასაპურებლად?! _ წარმოუდგენელია ასეთი უმადურობა, ტრადიციის ასეთი დარღვევა და წინაპარათა ანდერძის შებღალვა!
        ამ ადამიანებს ვერ აუხსნი, ვერ გააგებინებ, ვერაფრით შეასმენ (საერთოდ ვერ აღიქვამენ რაზე საუბრობ) რომ ამჟამად საქართველოში არა 1491 ან 1678 თუ 1762, არამედ 21-ე საუკუნის დასაწყისია, ხოლო დემოკრატიული სისტემა მხოლოდ დემოკრატიული ტრადიციის კანონიერებას აღიარებს. ყოველ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება რეალურ ძალაუფლებას და არა გვაროვნულ ალამზე ამოქარგულ არშიას თუ ოჯახურ მუზეუმშუ დაცუკუ ხანჯლის მოოჭვილობას.
        მათ, ვინც ამ დღეებში მხურვალე ცრემლი აპკურა ტელეკამერებს «დიანას მიმართ გამოჩენილი უმოწყალობის გამო», ძალიან იოლად დაავიწყდათ, რა ხდებოდა აჭარაში მთელი ამ წლების განმავლობაში, _ მას შემდეგ, რაც ასლან აბაშიძე «წინაპართა უფლებებში» აღადგინეს ძალზე ახლოს მჭვრეტელმა პოლიტიკოსებმა 1994 წელს.
        მხოლოდ ერთი სახასიათო მაგალითი: 1998 წელს, როდესაც საქართველოს სასაზღვრო გემმა აჭარის აკვატორიაში შესვლა გაბედა და იქიდან სამარცხვინოდ გამოაძევეს («ჩვენს» აკვატორიას ჩვენ თვითონ დავიცავთ და «თქვენ» აქ არაფერი გესაქმებათო»), ასლან აბაშიძემ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე, ასეთუ რამ თქვა: «ჩვენს» საზღვაო აკვატორიაში შემოსვლას ვეღარ ბედავენ და ახლა მოსახლეობას ამშვიდებენ, _ ეკონომიკურ ზონაში დავცურავთო. მაგრამ ეკონომიკურ ზონაში ცურვა საზღვაო აკვატორიაში შემოსვლას არ ნიშნავს და ასე შეუძლიათ ხმელთაშუა ზღვიდანაც გვაკონტროლონ».
        საქმე ის კი არ არის მხოლოდ, რომ ის შხამიანი ირონია არაფრით განსხვავდებოდა არძინბა-შამბა-თარბათა გამონათქვამებისაგან იმავე თემაზე, მაგრამ დავუკვირდეთ, რამდენი სიძულვილი და შეურიგებლობაა აქ არა კონკრეტული ხელისუფლების, არამედ თვით ქართული სახელმწიფოს მიმართ.
        თანაც, იმიტომ კი არა, თითქოს ასლან აბაშიძე ქართველი არ იყო. როგორ გეკადრებათ, _ საქმეც ის არის, თხემით ტერფამდე ქართველი იყო, ოღონდ მთელი მისი პიროვნული კონსტიტუცია ატარებდა სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლებისადმი) თავკერძი რეგიონული მმართველის სიძულვილის გენეტიკურ, ისტორიულ კოდს, რაც უეჭველად არა მარტო პოლიტიკურად, არამედ გენეტიკურადაც გადმოჰყვა «გულგოროზი» წინაპრებისაგან.
        შემთხვევით როდი უსვამდა ხაზს «არგვეთელობას» და ქარაგმულ პარალელებსაც ავლებდა (ადვილად მისაგნები ქვეტექსტებით) ლიპარიტ-ბაგრატიონთა დაპირისპირებებს შორის. თანაც, არც თუ სამეფო დინასტიისადმი კეთილგანწყობით.
        მთლიანობაში, ეს იყო შუა საუკუნეებიდან _ მე-20 საუკუნეში სრულიად შემთხვევით, ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის «ლაღი თანხვედრით» გადმოსული ფენომენი.
        ამითვე აიხსენება კიდევ ერთი საოცარი ფენომენი: კვლავ და კვლავ იმათ გასაგონად, ვინც სენტიმენალური სერიალივით ადევნებდა თვალს «დიანას დევნას»: ასლან აბაშიძეს იანვარში, ასჯერ მაინც შეეძლო კომპრომისზე წასვლა ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
        აშკარა ტყუილია, თითქოს პრეზიდენტი სააკაშვილი მისდამი შეურიგებლად იყო განწყობილი და არანაირი დათმობა არ შეუთავაზებია. აბა კარგად გავიხსენოთ: მიხეილ სააკაშვილმა აბაშიძეს პირადადაც და პრემიერ-მინისტრის თუ პარლამენტის თავმჯდომარის მეშვეობითაც, რამდენჯერმე შესთავაზა როგორც გრძელვადიანი, ასევე ტაქტიკური კომპრომისი. თანაც ისეთი, რაც აჭარის მმართველს არა მხოლოდ სახის, არამედ ძალაუფლების უდიდესი წილის შენარჩუნების გარანტიას უქმნიდა.
        ცენტრალური ხელისუფლება ამაზე მიდიოდა მიუხედავად იმისა, რომ თავად ბევრად ნაკლებაც შეძლებდა სახის შენარჩუნებას (კომპრომისის შემთხვევაში) და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდებდა გუშინდელ პარტნიორებს (თუნდაც იმავე «რესპუბლიკელებს») _ აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობასტან შერიგების შემთხვევაში.
        არადა, ბოლოს და ბოლოს, რას ითხოვდა ცენტრალური ხელისუფლება აბაშიძისაგან? _ მინიმუმზე მინიმუმს, ელემენტარულს: «აჭარის ეკონომიკური საზღვრის ერთობლივ(!) კონტროლს, ასევე ერთობლივ (და არა ექსკლუზიურ) კონტროლს ძალისმიერ სტრუქტურებზე, შემოსავლების ნაწილის (მხოლოდ და მხოლოდ ნაწილის, _ 50-40 პროცენტის) გადმორიცხვას ცენტრალურ ბიუჯეტში იმ პირობით, რომ დანარჩენი ისევ ასლან აბაშიძის განკარგულებაში დარჩებოდა; სთავაზობდა ფაქტობრივად ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმებას ავტონომიურ რესპუბლიკასთან _ იმ დროისათვის არსებული სახელისუფლები სისტემის ხელშეუხებლობლად დატოვებით.
        ვინ იოცნებებდა მაშინ (ბათუმის რევოლუციამდე) ავტონომიის ე.წ. «მეთაურის» პოსტის გაუქმებაზე, ორპალატიანი პარლამენტის ერთპალატიანად გადაკეთებაზე, აჭარაის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თბილისიდან დანიშვნაზე, აჭარის ახალი კონსტიტუციის მიღებაზე და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ?!
        ამის მეასედსაც კი იმ დროს (მარტში და აპრილშიც კი!) ვერავინ წარმოიდგენდა. ანუ, ასლან აბაშიძეს სულ მცირეოდენი დათბომით, ელემენტარული მოთხოვნის შესრულებით შეეძლო თავიც გადაერჩინა და საკუთარი გარემოცვაც (იგი ამჟამად ცნობილ გზას გაუყენეს) ეხსნა, მაგრამ ჭეშმარიტად, ხანგრძლივი, შეუზღუდავი ძალაუფლება გონებას უჩლუნგებს ადამიანს. მით უმეტეს, თუ იგი განსაკუთრებით ძლევამოსილი ინტელექტით ნამდვილად არ გამოირჩეოდა.
        თუმცა, ეს სიჩლუნგეც ისევ და ისევ იმ «გულგოროზობის» გამოვლინებაა, რომელიც ოდესღაც (ასე 4 საუკუნის წინ) პოლიტიკოსს ბევრს არაფერს აკლებდა, უფრო სუვერენობის დადასტურება იყო, მაგრამ მესამე ათასწლეულში უკვე უნიჭობად აღიქმება.
        ახლა კი, მოსკოვში გადახვეწილი, გულგასიებული პოლიტიკური პიგმეი ახალ სქემებს ადგენს «დასაბრუნებლად». ოღონდ, ხელისუფლებამ მართლაც მოახერხა იმის დემონსტრირება (და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საპასუხო «მესიჯი» იყო არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ მთელი «ასლანისტური» კამარილიისათვის), რომ ძველი რეჟიმი უსისხლოდ(!) აჭარაში ძალაუფლებას ვერ დაიბრუნებს.
        როგორც ჩანს, მისთვის ესეც არ იქნება პრობლემა ანუ სისხლის დაღვრას სეპარატისტული რეჟიმი და მისი ნარჩენი არ მოერიდება («მეგობრების» მხარდაჭერით, რომელთაც მისთვის ვერ უპატიებიათ «საქართველოსათვის აჭარის უმსხვერპლოდ ჩაბარება»), მაგრამ ერთხელ მოუწევს «ბეწვის ხიდზე გავლა» აჭარაში.
        აქ შეცდომის დაშევა მართლაც ისტორიული დანაშაულის ტოლფასი იქნება, ამდენად, ხელისუფლებამ, ალბათ (მოკრძალებული და უპრეტენზიო პოლიტოლოგიური ანალიზიდან გამომდინარე დასკვნით) რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მომენტი უნდა გაითვალისწინოს:
        უპირველეს ყოვლისა, უნდა შეწყდეს პროვოკაციულობამდე არა შორსმჭვრეტელი საუბრები ავტონომიის გაუქმებაზე _ ყოვლად დაუშვებელია აჭარული სოციუმის თვალში (იქ კი სოციალურად უკმაყოფილო ელემენტი არ დაილევა) «ავტონომიურობა» გაიგივდეს ასლან აბაშიძესთან და მის კლანურ ფენომენთან. ეს აბაშიძეთა კლანის სრული რეაბილიტაცია იქნებოდა.
        გარდა ამისა, ერთხელ და სამუდამაოდ უნდა შევურიგდეთ აზრს, რომ აჭარის ავტონომია შემთხვევითი, ან მხოლოდ რუსულ-იმპერიალისტური ინტენციით წარმოშობილი რეალობა არ ყოფილა _ მას ნამდვილად ჰქონდა და აქვს ობიექტური საფუძვლები. ამ აზრით, ყოვლად დაუშვებელია რელიგიურ თემატიკასტან (იგივე ცეცხლთან) თამაში. თუ მოსახლეობის ნაწილს აჭარაში გაქრისტიანება სურს _ იგი ამას ისედაც გააკეთებს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ რა საჭიროა ამის «შოუდ» ქცევა და მოსახლეობის მეორე ნაწილის გაღიზიანება.
        მესამე: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიზანშეწონილია შეუნარჩუნდეს ყველა ის საგადასახადო პრივილეგია, რაც კანონით იყო მისთვის მინიჭებული, რათა არ მოხდეს მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი(!) გაუარესება.
        თუმცა, ასლან აბაშიძის სეპარატისტული პრეფერენციების გაუქმების შემდეგ, გარკვეული გაუარესება მაინც გარდაუვალია და ამას «ყოფილთა კამარილიის» იდეოლოგები კარგად ითვალისწინებენ, როდესაც რუსული ჟურნალ-გაზეთებისათვის მიცემულ ინტერვიუებში აცხადებენ: საზღვარზე და პორტში ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის დამყარების შედეგად აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობა უეჭველად გაუარესდებაო.
        მეოთხე: დამანგრეველი შედეგის მომტანია ამჟამინდელი აშკარა დაპირისპირება (მით იმეტეს, საჯარო ცემა-ტყეპით) ყოფილი «ანტიასლანისტური» ოპოზიციის სეგმენტებს შორის. სამწუხაროდ, ჩვენებურ «პროვინციელ დემოკრატებს» კვლავინდებურად ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებ: ქართული მენტალიტეტი ისეთნაირად არის მოწყობილი და იმგვარი თვისებების მატარებელია, რომ ამგვარი დაპირისპირებით «განსხვავებული პოზიციისადმი» პატივისცემის ჩვევას კი არ ჩაუნერგავენ, არამედ წარსულ სიმშვიდესა და პროგნოზირებადობას მოანატრებენ.
        და ბოლოს: ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი სტერეოტიპი, რასაც აქტიურად იყენებდა ასლან აბაშიძე თავისი ძალაუფლების იდეოლოგიურ საფუძველთა შესაქმნელად, ის იყო, რომ «ასლან აბაშიძემდე აჭარლებს აჭარაში თანამდებობებზე არ ნიშნავდნენ, _ მხოლოდ ასლანის წყალობით ეღირსნენ აჭარლები თანამდებობებს».
        რამდენად სამართლიანია ეს სტერეოტიპი _ სხვა საკითხია, მაგრამ გარწმუნებთ, იგი არსებობს და ცენტრალურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საკადრო გადაწყვეტილებათა მიღებისას. ყოველ შემტხვევაში «კოგნიტიური დისონანსი» მაინც შეუქმნას მის მატარებლებს, თუ მთლიანად ნიველირებას ვერ შეძლებს.
        ამ პირობათა დაცვის და აჭარის ელიტისადმი (ეს რეგიონული ელიტა ტრადიციულად ძალზე გავლენიანია) მოქნეული პოლიტიკის შემთხვევაში, ასლან აბაშიძე მართლაც ქიცევა «გუშინწინდელ დღედ» და მას უეჭველად «ჩამოუწერენ» მისი ოდინდელი პატრონები, ისევე, როგორც იგორ გიორგაძე ჩამოწერეს, როდესაც მის უსარგებლობაში საბოლოოდ დარწმუნდნენ.

2004 წელი
        24 საათი