რა უნდოდა ვანო ზოდელავას

რა უნდოდა ვანო ზოდელავას

        თბილისის მერის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შეიტანოს, რათა ედუარდ შევარდნაძეს 2005 წელსაც მიეცეს კენჭისყრის უფლება (ძირითადი კანონი ამ უფლებას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ ანიჭებს ნებისმიერ პიროვნებას), პოლიტიკურ ძალთა გამძვინვარება გამოიწვია. მასმედიამ ვანო ზოდელავას გამოსვლა უპირველეს სენსაციად გამოაცხადა.
        არადა, სინამდვილეში, აქ სენსაციური და მოულოდნელი ბევრი არაფერია.
        თუმცა, თავდაპირველად, თვით ვანო ზოდელავას მოტივაციაზეც უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა.
        საქმე ის გახლავთ, რომ დედაქალაქის მერი «თბილისურ ელიტაში» (ამჯერად პოლიტიკურ ელიტას არ ვგულისხმობ) საკმაოდ დიდი პოპულარობითა და გავლენით სარგებლობს. ამ პოპულარობას არ შეიძლება პოლიტიკური გამოხატულება არ შესძენოდა. მოსახდენიც მალე მოხდა და ერთ-ერთმა გაზეთმა ვანო ზოდელავას «საპრეზიდენტო ამბიცია» ივარაუდა. ეს ვარაუდი არც პრეზიდენტს, არც მოქალაქეთა კავშირის ელიტას მხედველობიდან არ გამორჩებოდათ. ვანო ზოდელავა ამას შესანიშნავად მიხვდა, ამიტომ შთაბეჭდილების «გასანეიტრალებლად» გააკეთა განცხადება ედუარდ შევარდნაძის მესამე ვადით არჩევის შესახებ – ამით თითქოს აგრძნობინა ყველას, რომ არც შევარდნაძის, არც ჟვანიას კონკურენტი არ არის.
        2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ შევარდნაძეს რეალური მოწინააღმდეგე არ ეყოლება – ამის შესახებ ქართული ისტებლიშმენტი უკვე შეთანხმდა.
        2005 წელი თითქოს ძალზე შორსაა, მაგრამ იმ პოლიტიკოსებისათვის, ვინც მომავალზე ფიქრობს, «პრეზიდენტობის თემა» მარად აქტუალურია. ვანო ზოდელავა არც ისე სულელია, როგორც ზოგიერთს შეიძლება ეგონოს. მან შესანიშნავად უწყის, რომ დღეს არა, მაგრამ 2-3 წლის შემდეგ ეს საკითხი «მაინც» აქტუალური გახდება უკვე არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების ან იმავე ისტებლიშმენტისთვის, არამედ საზოგადოდაც.
        თუ ამ კუთხით შევხედავთ და გავაანალიზებთ მის განცხადებას, მაშინ ნათელი გახდება, რომ სჯობდა ეს თემა «აჟღერებულიყო» 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებამდე, ვიდრე ამ არჩევნების შემდეგ, ვინაიდან სამ თვეში ედუარდ შევარდნაძე, უეჭველად გახდება საქართველოს პრეზიდენტი ხელმეორედ – კენჭისყრის შედეგი კი «ირიბად» დაადასტურებს ვანო ზოდელავას შორსმჭვრეტელობას.
        მიუხედავად ამისა, ნაკლებ სავარაუდოა, განცხადების იდეა თვით პრეზიდენტისაგან მოდიოდეს, ვინაიდან ვანო ზოდელავას განცხადებამ მას ნამდვილად შეუქმნა გარკვეული (დროებითი) უხერხულობა და პრობლემები.
        არადა, წარმოუდგენელია, ეს პრობლემა (ვთქვათ) 2003 წლისათვის დღის წესრიგში არ დადგეს. ედუარდ შევარდნაძეს ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ანუ როგორც ჩვენში იტყვიან, «ჯირკივით» არის.
        2000 წლის 9 აპრილის არჩევნების შემდეგ, რაც უფრო მოახლოვდება შემდეგი არჩევნები, პრობლემა მით უფრო აქტუალური გახდება.
        ეს გარდაუვალია. გარკვეულწილად, ამ გარემოებამ ედუარდ შევარდნაძე შეიძლება აიძულოს უფრო სწრაფად და ქმედითად გადაწყვიტოს პრობლემები, რომელიც დღემდე გადაუჭრელია; მათ შორის იგულისხმება არაპოპულარული, მკაცრი ზომების გატარება კორუფციის, არგადამხდელი საწარმოების წინააღმდეგ, ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარება (ამის ერთადერთი საშუალებაა ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ გადამხდელებისათვის და არავითარ შემთხვევაში - არგადამხდელებისათვის) და ა.შ.
        თუ თეორიულად ვიმსჯელებთ, ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერის შემთხვევაში, დღევანდელ პარლამენტს (ძალთა რეალური განლაგების გათვალისწინებით) სავსებით ძალუძს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა.
        საკუთრივ «მოქალაქეთა კავშირს» საკონსტიტუციო უმრავლესობამდე ოციოდე ხმა აკლია. ამ ხმების ოპოზიციისაგან დამატება რთული ნამდვილად არ არის. საკმარისია «აღორძინებაში» შემავალ თუნდაც ერთ ან (მაქსიმუმ) ორ პარტიას მოელაპარაკო და კონსტიტუციაში «საპრეზიდენტო» ცვლილებასთან ერთად, შეიტანო ცვლილება (პაკეტში) საარჩევნო კვოტის 4 ან 3 პროცენტამდე შემცირების შესახებ.
        ასეთ შემთხვევაში «სოციალისტები» და «ტრადიციონალისტები» მიიღებენ საშუალებას, ნორმალურად, «ბათუმში სირბილის» გარეშე, ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
        ასე რომ, ტექნიკურად ეს საკითხი არცთუ ისე ძნელად გადასაჭრელი იქნება.
        მთავარია, ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა, ისტებლიშმენტი შეთანხმდეს ამ საკითხზე.
        რეალურად, ეს საკითხი დღეს, მართლაც არ არის აქტუალური. პოლიტიკისათვის (მით უმეტეს, ქართული პოლიტიკისათვის) 3-4 წელი ძალიან დიდი ვადაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ვანო ზოდელავამ დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ნიჭი და ეშმაკობა არ აკლია.

მერიდიანი, 10 იანვარი 2000 წელი