რა უნდათ წითლებს?

რა უნდათ წითლებს?

 

    საქართველო ჭეშმარიტად პოლიტიკური ანეგდოტების ქვეყანაა. ერთ-ერთი ასეთი გონებამახვილური «ანეგდოტია» დღევანდელი ალიანსი ქართველ სოციალ-დემოკრატებსა და კომუნისტებს შორის, რომელთა ლიდერებს, - გურამ მუჩაიძესა და იგორ გიორგაძეს, იმდენად თბილი ურთიერთობა აქვთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ლამის სასიყვარულო ქათინაურებზეც გადადიან.
    «სოცდემკომუნისტური» ალიანსი ახლახანს შეიქმნა. როგორც ჩანს, მისი ინიციატორი მუჩაიძე უფრო იყო, ვიდრე გიორგაძე. ამ უკანასკნელის სალდაფონური პირდაპირობა და სიხისტე იუმორს ნამდვილად ვერ აიტანს. სამაგიეროდ, მუჩაიძეს ყველაფერში ეტყობა, რომ სრულად აითვისა ქართული პოლიტიკის უმთავრესი თვისება: ცინიზმამდე მისული გულგრილობა იმ კატეგორიათა მიმართ, რომლებიც ზნეობრივ საზოგადოებაში ამა თუ იმ მოღვაწის წარმატებას განაპირობებენ.
    მუჩაიძემ, რასაკვირველია, შესანიშნავად უწყის (ალბათ გიორგაძისაგან განსხვავებით) რომ სოციალ-დემოკრატებსა და კომუნისტებს შორის «რსდმპ» II ყრილობის შემდეგ (1903 წ) საერთო არაფერია. ვგულისხმობ სოციალური პროგრამის თვალსაზრისით.
      ზოგიერთს ჰგონია, რომ კომუნისტები უბრალოდ «უფრო რადიკალები» არიან, ხოლო სოციალ-დემოკრატები «უფრო ლიბერალები». ეს სტერეოტიპი იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამგვარი ანეგდოტიც კი არსებობდა: გლეხს ეკითხებიან, რა განსხვავებაა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის. იგი პასუხობს: «ჩემი ურმის თვალი რომ ნეხვს გადაუვლის, ზუსტად შუაზე ხომ არ გაიყოფა? - აქეთ მეტი იქნება, იქეთ ნაკლები. აი ასეთი განსხვავებაა». ანუ, ბრძენ გლეხკაცს იმის თქმა სურდა, რომ ორივე ნეხვია. ეს არცთუ ლამაზად და სიმპათიურად გამოუვიდა თუმცა, მაგრამ რას ვიზამთ: ასეთია ხალხური ანეგდოტის თვისება.
    სინამდვილეში, რა თქმა უნდა, განსხვავება გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანია: სოციალ-დემოკრატები მთელს მსოფლიოში სახელმწიფოს როლის გაძლიერებისათვის იბრძვიან. ოღონდ, აუცილებლად უნდა იქნას საგანგებოდ ხაზგასმული: სახელმწიფოს გაძლიერებისათვის საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ანუ, თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა სულაც არ უარყოფს კერძო საკუთრებას. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში აღიარებს კიდეც მის განსაკუთრებულ როლს, მაგრამ ცდილობს, სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პატერნალიზმის გზით დაიცვას დაბალი სოციალური ფენები; ხელი შეუწყოს მათი დეგრადაციის შეჩერებას, შექმნას თანაბარი სასტარტო პირობები ყველასათვის და ა.შ.
    არაფერი საერთო ყოველივე ამას კომუნისტურ სისტემებთან არა აქვს. შეიძლება ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე სოციალ-დემოკრატებს, მაგრამ ვალდებული ხარ აღიარო, რომ სოციალ-დემოკრატია ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკური აზროვნების ნაწილია, იგი საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო პოლიტიკურ სპექტრში.
    არც ერთ ქვეყანაში არავის მოუვა აზრად, სოციალ-დემოკრატებს ანტისახელმწიფოებრივ ან ანტიეროვნულ (ანტინაციონალურ) ქმედებაში დასდოს ბრალი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ზემოთხსენებული პროგრამის განხორციელებას ცდილობენ.
    კომუნისტური მოძრაობა კი სულ სხვა მოვლენაა.
      უპირველეს ყოვლისა, თვით კომუნისტური იდეა ეფუძნება პოსტულატს, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის კერძო საკუთრების უარყოფა პრინციპში, ანუ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
    ვიმეორებ: კერძო საკუთრების უარყოფა კომუნისტური იდეის საფუძველი, მისი უმთავრესი პრიორიტეტია. ამდენად ის, ვინც აცხადებს, რომ არის კომუნისტი და, ამავე დროს, უშვებს კერძო საკუთრების შესაძლებლობას ან ალიანსში შედის ისეთ ძალასთან, რომელსაც საკუთრების ეს ფორმა დასაშვებად მიაჩნია, - ან ელემენტარულად არ იცის რა არის «კომუნისტური მოძრაობა» ან უბრალოდ გაიძვერაა და სხვა არაფერი.
    თანამედროვე «წითლები» ხშირად საკმაოდ «ვირეშმაკულ» ხერხს მიმართავენ ხოლმე ჭეშმარიტი ზრახვების შესანიღბად. ისინი საუბრობენ საკუთრების ყველა ფორმის თანასწორობის შესახებ, მაგრამ ეს წმინდა წყლის დემაგოგიაა: იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სახელმწიფო ეკონომიკური სპექტრის დიდ სეგმენტებს ფლობს (მაგ. დიდ ბრიტანეთში) განმსაზღვრელი მაინც კერძო საკუთრებაა.

    ამრიგად, ქართველი სოციალ-დემოკრატებისა და კომუნისტების თანამედროვე ალიანსი არ ემყარება რაიმე იდეურ საფუძველს - არსებული ხელისუფლების გადაყენებისა და ქვეყნის სათავეში მოსვლის სურვილის გარდა.
    თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიო ისტორიას, შევნიშნავთ, რომ წარსულში ამგვარი ალიანსი (კომუნისტებსა და სოციალ-დემოკრატებს შორის) მყარდებოდა მხოლოდ ე.წ. «სახალხო ფრონტების», ანუ ზეპარტიული გაერთიანებების სახით. ასეთი «ფრონტები» ევროპაში შეიქმნა ოცდაათიან წლებში, მაგრამ ეს იმდენად სოციალ-დემოკრატებისა და კომუნისტების გაერთიანება არ იყო, რამდენადაც ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება - ფაშისტური საფრთხის წინააღმდეგ.
    გურამ მუჩაიძემ ეს ყოველივე, რასაკვირველია, შესანიშნავად უწყის. მაგრამ მან ისიც კარგად იცის, რომ ცალკე აღებულს, მის პარტიას, მომავალ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. იგი ვერ გადალახავდა «ხუთპროცენტიან» ბარიერს და აღმოჩნდებოდა პარლამენტს გარეთ, ანუ ისტორიის სანაგვეზე.
    სწორედ ამით აიხსნება ამ პარტიის ბოლოდროინდელი «შეხმატკბილება» «კომუნისტებთან», რომელთაც იგი, დაწყებული 1989 წლიდან, უმოწყალოდ ლანძღავდა. მუჩაიძემ ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ზუსტად გათვალა - მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ განიცდის ნოსტალგიას «კომუნისტური სამოთხის» მიმართ, უეჭველად დაუჭერს მხარს კომუნისტებს (სწორედ კომუნისტებს და არა «სოც-დეკებს») მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
    ელექტორატის ეს ნაწილი იმდენად დიდია, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა სავსებით შესაძლებელია. ანუ ბლოკი «ერთიანი კომუნისტური პარტია და სოციალ-დემოკრატები», მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან 10-15 დეპუტატით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაა. სავარაუდოა, რომ მუჩაიძე პარლამენტში «დაბრუნებისთანავე» უგანებს თავის «ლოკომოტივს» და კვლავ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას შეუდგება. იგი გაცილებით უფრო მეტად ამჟღავნებს პოლიტიკურ ნიჭსა და ალღოს, ვიდრე მისი «მეგობარი პანტელეიმონი».
    მუჩაიძესა და გიორგაძეს შორის ის განსხვავებაცაა, რომ ეს უკანასკნელი ნამდვილად გულწრფელია; სოციალ-დემოკრატთა ლიდერი კი, პოლიტიკაში გრძნობებს არ ცნობს და მხოლოდ გონებას ემორჩილება.
    და ბოლოს: მაინც რა სურთ წითლებს? ამ შემთხვევაში პასუხი თანაბრად შეიძლება გადანაწილდეს ორივე მხარეზე - წითლებს, ისევე როგორც ყოველთვის, სურთ ძალაუფლება, რათა აწ უკვე საბოლოოდ დეგრადირებული და დამარხული იდეის რეანიმაციით, თავიანთი კერძო მისწრაფებები დაიკმაყოფილონ.

«მსგეფსი», 21 ოქტომბერი», 1995 წელი.