რა იცოდა ჯაბა იოსელიანმა?

რა იცოდა ჯაბა იოსელიანმა?

 

    უკვე თვეზე მეტია, რაც «მხედრიონის» ყოფილი ლიდერი, ჯაბა იოსელიანი დაპატიმრებულია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციზოლატორში იმყოფება. იგი ყოველდღიურად დაჰყავთ დაკითხვებზე. ჯაბა იოსელიანს ბრალი ჯერ-ჯერობით ედება ნარკოტიკული ნივთიერებების დიდი ოდენობით და უკანონოდ შენახვაში. როგორც ცნობილია, 1995 წლის 31 აგვისტოს პარლამენტის შენობაში პროკურატურის მუშაკებმა ჩაატარეს ჩხრეკა და ამ ორი დანაშაულის მტკიცებულებანიც მოიპოვეს იოსელიანის კაბინეტში.
    თუმცა, არავის ეპარება ეჭვი, რომ ბრალდება ჯაბა იოსელიანის წინააღმდეგ ამით არ შემოიფარგლება, რადგან მის დაპატიმრებას სულ სხვა პერიპეტიები უძღოდა წინ. ამრიგად, «ბებერი მოჯაჰედინის» კარიერა საბოლოოდ დასრულდა და მას აქვს საშუალება თვალი გადაავლოს განვლილ ცხოვრებას.

    მიუხედავად ჯაბა იოსელიანის ბობოქარი წარსულისა, მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 1989 წელს დაიწყო, როდესაც «მხედრიონის» ბირთვი ჩამოყალიბდა.
    ჯაბა იოსელიანი, რომელსაც შეთავსებელი ჰქონდა საზოგადოებრივი პრესტიჟი და რენომე - დიდ კრიმინალურ ავტორიტეტთან, ადვილად «მოერგო» ახალ ორგანიზაციას; ეს უკანასკნელი, კი თავის მხრივ, ასევე ადვილად შეუთავსდა ახალ სიტუაციას.
    1991-1992 წლების მოვლენების - სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ჯაბა იოსელიანმა და თენგიზ კიტოვანმა ხელისუფლება გაიყვეს. იმ პერიოდში საკვანძო პოლიტიკური მომენტი იყო საქართველოს უმაღლესი ხელისუფალის საკითხის გადაწყვეტა. ამ პოსტზე ორი ძირითადი კანდიდატურა განიხილებოდა - თენგიზ სიგუასი და ედუარდ შევარდნაძისა.
    კიტოვანი, რა თქმა უნდა, თავის ძველ «მეგობარს» უჭერდა მხარს. ჯაბა იოსელიანმა კი, ბევრისათვის მოულოდნელად, ედუარდ შევარდნაძეს დაუჭირა მხარი. თუმცა, ჯაბას არჩევანი შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა - იგი მყარ სოციალურ საფუძველს და რაციონალურ გათვლას ეფუძნებოდა. საქმე ის გახლავთ, რომ იოსელიანი, სოციალური თვალსაზრისით, «ელიტარული ინტელიგენციის» პროტეჟე, მისი ერთგვარი «იარაღია». ამდენად, ჯაბას მხრიდან ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერა განპირობებული იყო ამ სოციალური დაჯგუფების მხარდაჭერით - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და «ახალი აზროვნების» არქიტექტორის მიმართ.
    თამამად შეიძლება ითქვას: ჯაბა იოსელიანის მხარდაჭერის გარეშე «ელიტარული ინტელიგენცია» ვერ მოახერხებდა თავისი გმირის საქართველოში ჩამოყვანას, რადგან სიგუა და კიტოვანი ძალისმიერი მეთოდებით შეძლებდნენ თავიანთი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
    მიუხედავად იმისა, რომ 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჯაბა იოსელიანი, ფაქტობრივად, საქართველოს ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი ძალაუფლების არეალი შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ დღითი-დღე მცირდებოდა. «მხედრიონის» ლიდერი ამას ხედავდა და შესაძლოა საკუთარ აღსასრულსაც ჭვრეტდა, მაგრამ რეალურად არაფრის გაკეთება არ შეეძლო, ვინაიდან სახელმწიფოს მეთაურმა და მისმა მხარდამჭერმა ელიტამ ეს პროცესი ძალზე ოსტატურად წარმართეს.
    1994 წლის ბოლოდან ჯაბა იოსელიანს ფაქტობრივად არანაირი რეალური ძალაუფლება აღარ ჰქონდა - არა თუ საქართველოს მაშტაბით, არამედ თვით «მხედრიონშიც» კი. იგი იქცა ბუტაფორიად, რომელსაც სინამდვილეში ანგარიშს არავინ აღარ უწევდა - ბოლო დროს გიგა გელაშვილი უფრო მეტი გავლენით სარგებლობდა ამ ორგანიზაციაში, ვიდრე თვით მისი შემოქმედი. 1995 წლის ზაფხულისთვის კი შეიქმნა განსაკუთრებული ვითარება, როდესაც შევარდნაძემ ძალზე ფრთხილი, «შემოვლითი» ოპერაცია დაიწყო «მხედრიონის» წინააღმდეგ. ხოლო «მხედრიონის» ფაქტობრივი ლიდერი, გიგა გელაშვილი, იძულებული იყო პასუხი გაეცა თავისი სოციალური წრის წარმომადგენლის პრეტენზიებისათვის.
    ამრიგად, სრულიად არ არის გამორიცხული, რომ ჯაბა იოსელიანს პირდაპირი მონაწილეობა არ მიიღო შევარდნაძის მკვლელობის ორგანიზებაში, მაგრამ მას, როგორც ნომინალურ ფიგურას, შეიძლებოდა სცოდნოდა ამის შესახებ. ისევე როგორც შეიძლებოდა სცოდნოდა, თუ ვინ მოკლა გია ჭანტურია, გია გულუა და სოლიკო ხაბეიშვილი.

«მიმომხილველი», 23 დეკემბერი, 1995 წელი.