რა ელის თენგიზ კიტოვანს?

რა ელის თენგიზ კიტოვანს?

 

    საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ერთ დროს ეროვნული გვარდიის ყოვლისშემძლე სარდლის, თენგიზ კიტოვანის ბედი ძალზე ნიშანდობლივი, ჭკუის სასწავლებელი და მრავლისმთქმელია.
    ვინ იფიქრებდა რამდენიმე თვის წინ, მით უმეტეს 1992 წელს, რომ საქართველოს თითქმის შეუვალი ბატონ-პატრონი ოდესმე ციხის საკანში აღმოჩნდებოდა?! ალბათ თავადაც ვერ წარმოიდგენდა ამგვარ დასასრულს. ორიოდე წლის წინ მისი სიტყვა და საქმე საქართველოში კანონი იყო! მისი «გვარდია» უპირობოდ ბატონობდა ქვეყანაში. იგი თავად, საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად წყვეტდა ადამიანთა ბედს - არავინ იყო შენიშვნის მიმცემი. ხოლო თუ ვინმე მაინც გაბედავდა, - დაუყოვნებლივ იქნებოდა განადგურებული, გასრესილი, აღგვილი პირისაგან მიწისა.
    დღეს კი, წარსულში უკიდეგანო ძალაუფლების მპყრობელი კიტოვანი - ერთი ჩვეულებრივი პატიმარია, რომელიც სულ მალე დაავიწყდება ყველას: არავინ გამოესარჩლება, არავინ დაიცავს, არავის შეეცოდება.
    როგორ, რატომ გახდა ეს შესაძლებელი? რამ დააშრო ძალაუფლების ის წყარო, რომლიდანაც «სვამდა» კიტოვანი და გამუდმებით იკრებდა ძალას?
    პირდაპირ უნდა ითქვას: თენგიზ კიტოვანის ბედი გადაწყდა მაშინ, როდესაც იგი განუდგა პრეზიდენტ გამსახურდიას და რკონში გავიდა რამდენიმე ასეულ მებრძოლთან ერთად. მას იმთავითვე უნდა სცოდნოდა: ის ადამიანებიც კი, რომლებიც მაშინ ტაშს უკრავდნენ და ხოტბა-დიდებას ასხამდნენ - არაფრით არ აპატიებდნენ განდგომას, სამხედრო დაუმორჩილებლობას მას შემდეგ, რაც მისი ხელით, მისი მეშვეობით, თავად მოვიდოდნენ ხელისუფლებაში.
    განდგომილი არავის სჭირდება - ყველას ეშინია მისი. თუკი ერთხელ გაუვიდა, თუკი ერთხელ შეძლო და ერთხელ ჰქონდა უფლება - რატომ არა აქვს უფლება მეორედ, მესამედ, მეხუთედ, მეათედ?
    საზარელი პრეცედენტის შიში ძილსა და მოსვენებას უკარგავდა «ძლიერთა ამა ქვეყნისათა», რომელნიც, თავის დროზე სწორედ ამ «ურჩი მხედართმთავრის» მიერ იქნენ ხელდასმულნი.
    ამან გადაწყვიტა კიტოვანის ბედი! ანუ, მას არ აპატიეს თვით ის ურჩობაც კი, რომლის შედეგად თავად მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, რომლის ინიციატორები და სულისჩამდგმელნი თავად იყვნენ.
    სწორედ ამიტომ მოიშორა შევარდნაძემ კიტოვანი 1993 წლის იანვარში, როდესაც იგი გაათავისუფლა მინისტრის პოსტიდან, რის შემდეგაც გვარდიის ყოფილი სარდლის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: ადრე თუ გვიან, იგი უეჭველად აღმოჩნდებოდა ციხის საკანში, რათა საქართველოს ახალ მეუფეთ თავიანთი მტრებისა თუ არაკეთილმოსურნეთათვის საკუთარი გავლენა და შეძლება ეჩვენებინათ და, იმავდროულად, წინასწარ დაეშინებინათ ურჩობის განმზრახველნი.

    დღეს თენგიზ კიტოვანი ყველამ მიატოვა: ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც 1991 წელს, ზვიად გამსახურდიასადმი შიშითა და სიძულვილით აცახცახებულნი, მის ზურგს აფარებდნენ თავს, მას სთხოვდნენ დაცვასა და შემწეობას «ტირანისაგან» - დღეს მედიდურად, გულცივად მსჯელობენ იმის თაობაზე, რომ «პარლამენტს არ შეუძლია იგი დაიცვას, რადგან ყოველმხრივ დამნაშავეა».
    ზოგიერთი ეროვნული მოღვაწე კი ამასაც ამბობს: რატომ უნდა გამოვიდოთ თავი კიტოვანისათვის - იგი ხომ რუსეთთან აწარმოებდა რაღაც საიდუმლო მოლაპარაკებას და რუსეთის ძალით აპირებდა საქართველოს პრობლემათა გადაწყვეტასო. თითქოსდა არ იცოდნენ მაშინ, 1991-92 წლებში, რა როლს ასრულებდა რუსული სამხედრო მანქანა სამოქალაქო ომში და სახელმწიფო გადატრიალებაში. თითქოს არ უწყოდნენ, რომ სწორედ რუსულმა ტანკებმა მიართვეს მათ ხელისუფლება.
    კიტოვანის დაცემა უახლოეს მომავალში თენგიზ სიგუას საბოლოო დაცემასაც მოასწავებს. მიზეზი (საბაბი) მოიძებნება. მაგალითად: სამართალდამცავი ორგანოების ერთმა მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ კიტოვანისადმი წაყენებული ბრალდების კონტექსტში შეიძლება «ამოტივტივდეს» იმ ფინანსური მაქინაციების საკითხიც, რომელიც (მისი მტკიცებით) თავდაცვის სამინისტროში წარმოებდა 1992-93 წლებში. და თუ ასეა, (მისივე თქმით) მაშინდელ პრემიერ-მინისტრსაც მოუწევს აგოს პასუხი. საკითხის ამგვარი დასმა არც უნდა გაგვიკვირდეს: მას, ვისაც ძალიან ეშინია კიტოვანის, არანაკლებ ეშინია მისი განუყოფელი და თანამებრძოლისაც.

    რაც შეეხება თვით თენგიზ კიტოვანის ამჟამინდელ «ლაშქრობას აფხაზეთში» - ეს ყოველივე ძალიან ჰგავს პროვოკაციას. საინტერესოა, თუკი «ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი» უკანონო ფორმირება იყო, მაშინ რატომ მოხდა მისი რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში? «ფრონტის» წესდებაში ხომ იმთავითვე ეწერა, რომ მას აქვს უფლება «ძალით აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა».
    ძნელი წარმოსადგენია ისეთ გამოცდილ იურისტს, როგორიც თედო ნინიძეა, ეს გარემოება მხედველობიდან გამორჩენოდა. საქართველოში ყველამ ძალიან კარგად იცოდა «ფრონტის» ადგილსამყოფელი (პასტერის ქუჩაზე) - რატომღა მიიყვანეს სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე?
    კიდევ ერთი, ძალზე საყურადღებო ფაქტი: «ფრონტის» მებრძოლთა დასავლეთში გამგზავრებამდე ორი საათით ადრე, პასტერის ქუჩაზე მივიდა რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვლადიმირ ზემსკი, რომელიც მთელი საათის განმავლობაში რაღაცას ეჩურჩულებოდა თენგიზ კიტოვანს, თენგიზ სიგუასა და იმ ვინმე ფისტუნს, რომელიც სულ ცოტა ხნის შემდეგ პროვოკატორად აღიარეს.
    რა უნდოდა რუსეთის ელჩს პასტერის ქუჩაზე - «ფრონტის» შტაბ-ბინაში? ისიც გასარკვევია ვისი აგენტია ფისტუნი? - რუსეთის სპეც-სამსახურთა თუ იმ ხალხის (საქართველოში), რომელსაც კიტოვანის მოშორება და განადგურება უნდოდათ.
    რაც შეეხება სასამართლოს, თენგიზ კიტოვანი მხოლოდ უფალმა შეიძლება გაასამართლოს, მხოლოდ მან შეიძლება შეაფასოს «უცდომელ სასწორზე» მისი ქმედება და სამართლიანი განაჩენიც გამოუტანოს, რომელიც, იმავდროულად, ისტორიის სასჯელიც იქნება, ვინაიდან უფლისა და ერის განაჩენი ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს.
    «მსგეფსი», 27 იანვარი, 1995 წელი.