რატომ დაიჭირეს სოსო გოგაშვილი?

რატომ დაიჭირეს სოსო გოგაშვილი?

ჰოოოოოო........

ამ ტრაგიკული ისტორიის ახსნა აუცილებელია.

ცოტა დიდი კი გამოვა, მაგრამ მე მგონი ღირს ამად საქმის და პრეცედენტის (!) მნიშვნელობიდან გამომდინარე.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა ჯერ ის უნდა ითქვას, რაც `ზედაპირზე` დევს:

ჟურნალისტებმა ძალაუნებურად (!) ერთმანეთში საუბრისას, გაუფრთხილებლობით (!) თავად გასცეს თუ ვინ იყო ის Whistleblower ანუ Insider, ვინც მათ წლების განმავლობაში აწვდიდა ზე-საიდუმლო ინსაიდერულ ინფორმაციას, რის საფუძველზეც კეთდებოდა ძალიან საინტერესო და სკანდალური (აქ ეს ერთი და იგივეა-დ) `ჟურნალისტური გამოძიებანი`.

როგორც ჩანს, ახლა სახელმწიფო და მისი Deep State სოსო გოგაშვილს ბრალად წაუყენებს ამ ინსაიდერული ინფორმაციის ოფიციალურად არაუფლებამოსილი პირებისთვის გადაცემას, რაც ნებისმიერ შემთხვევაში კვალიფიცირდება დანაშაულად: უკეთეს შემთხვევაში დააკვალიფიცირებენ როგორც `სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბება` ან ბოროტად გამოყენება (თან მოტივის მიუხედავად- ამ კვალიფიკაციისას მოტივს მნიშვნელობა არა აქვს - შესაძლოა სულაც არ იყოს ანგარება) ხოლო უარეს შემთხვევაში ბევრად მძიმე მუხლითაც შესაძლებელია.

აქ ორი მნიშვნელოვანი გარემოებაა:

ა) ჟურნალისტებმა თავად დაადასტურეს ჩანაწერის აუთენტურობა, ანუ წყარო რომც არ დაასახელონ, საუბარი და საუბრისას დასახელებული პიროვნება უკვე ფაქტია.

ბ) აპელირება ჩანაწერის `უკანონობაზე` და შესაბამისად მის სასამართლოზე მტკიცებულებად მიღების დაუშვებლობაზე ეფუძნება იმ დათქმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ექნებოდა კანონიერი ნებართვა, დაეყენებინა მოსასმენი აპარატურა და განეხორციელებინა ე.წ. `ფარული მიყურადება` ოპოზიციური ტელეკომპანიის ნიუს-რუმში.

მერედა, რატომ ხართ ამაში ასე დარწმუნებული?

რატომ გამორიცხავთ, რომ სპეცსამსახურმა მანამდე მოიპოვა სასამართლოსგან ნებართვა ამ `ფარული მიყურადებისა` სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომ უსაფრთხოების სამსახურიდან `ჟონავდა` საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია?

ამის ღიად თქმა და აღიარება ხელისუფლებას პოლიტიკურად დააზიანებს რასაკვირველია (ჟურნალისტებს უსმენდნენო), მაგრამ იურიდიულად ვეღარ შეედავები. ხოლო Deep state გადაწყვეტილება, სამაგალითოდ დასაჯოს `ინსაიდერი`, შესაძლოა გადამწონი აღმოჩნდეს.

ვინც ამას ვერ ხვდება ან (პრიმიტიული სქემით) ``ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ვინ გაბედავდა ამას ბიძინას გარეშე``.... იმან უბრალოდ არ იცის და ვერც გაიგებს, როგორ მუშაობს ბიუროკრატიიული მექანიზმი.

მისი ძალისმიერი შემადგენელი პირველ რიგში.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

სხვათა შორის აქვე უნდა ითქვას: ბევრმა კოლეგამ მოიყვანა ამ დღეებში ანალოგიად ამერიკული `უოთერგეითის` სკანდალი, რასაც პრეზიდენტი ნიქსონი გადაჰყვა.

ამ კოლეგებმა სოსო გოგაშვილი შეადარეს `ვაშინგტონ პოსტის` ჟურნალისტური გამოძიების ინსაიდერს - FBI მაღალჩინოსან მარკ ფელტს, რომელმაც ჟურნალისტებს, - ბობ ვუდვორდსა და კარლ ბერნსტაინს - საქმის გარემოებათა შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ოღონდ.......ვისაც ეს ანალოგია მოჰყავს ახლა, იმ საქმეს კარგად არ იცნობს: მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ნიქსონი გადადგა და ჟურნალისტები დააჯილდოვეს პულიტცერით, მარკ ფელტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ დააპატიმრეს `სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცემის` ბრალდებით (20 წლამდე ციხე), რომ თვით ფელტს არასდროს უღიარებია `მე ვაწვდიდი ამ ინფორმაციასო`. ხოლო ჟურნალისტებს მისი ვინაობა არასდროს გაუციათ. არც ნებით, არც უნებლიედ.

სხვა შემთხვეავში, FBI მარკ ფელტს აუცილებლად დააპატიმრებდა და ყველაფრის მიუხედავად ციხეში მრავალი წლის განმავლობაში მოუწევდა ყოფნა.

და არავინ მას არარ გამოუშვებდა იმ პრიმიტიული, სუფთად `გრუზინული მენტალობის` არგუმენტით, რომ` აბა ნიქსონი ხომ გადადგა, ესე იგი სწორად მოქცეულა და.......`

გვიჭირს რთულად აზროვნება ქართველებს, გვიჭირს.

ნიშანდობლივია ასევე ფელტის ზედსახელი Deep Throat ანუ ღრმა ხახა, რასაც სექსუალური და პორნოგრაფიული შინაარსი აქვს.

გამორიცხულია ასეთი კონოტაციის `ნიკ-ნეიმი` შემთხვევით გაჩენილიყო. იგი საქციელის აღქმითი გამოხატულებაა, თორემ კი უწოდებდნენ სხვა შემთხვევაში `კეთილ თოვლის პაპას` ანუ ინკოგნიტო სანტა კლაუსს.

Deep state, განსაკუთრებით მისი `ძალისმიერი` შემადგენელი, მუდამ მოქმედებს იმ თამაში წესთა შესანარჩუნებლად, რომელიც `ზედანშენის` ხილულ ნაწილში მიმდინარე პროცესებთან მუდამ პირდაპირ არ კორელირებს.

ამას თუ არ გავიგებთ, საერთოდ ვერაფერს გავიგებთ!

ვერც ამ, ვერც მაგალითად 2011 წლის `ფოტოგრაფების` საქმეში.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს რაც შეეხება შედარებით იოლ (ასახსნელად შედარებით იოლ) შრეს გოგაშვილის საქმისა. მაგრამ მას უფრო ღრმა შრეც აქვს.

დავსვათ `გამხსნელი` კითხვა: რამ გაანაწყენა სოსო გოგაშვილი?

არანაირი მატერიალური ინტერესი მას არ ჰქონია.

მისი მოტივაცია მხოლოდ პირადი ინტენცია იყო - გამომდინარე საშინლად მწველი წყენიდან, რომ სისტემა მას უსამართლომ მოექცა, `გასწირა` და `გააგდო`:

შეგახსენებთ: 2017 წლის დეკემბერში, სოსო გოგაშვილმა დაგეგმა და პანკისის ხეობაში განახორციელა სპეცოპერაცია იქ არსებული ე.წ. `ისლამურის სახელმწიფოს` ბუდეთა წინააღმდეგ.

ამ სპეცოპერაციას 18 წლის ბიჭის, თამერლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა.

ბუნებრივია, დაიწყო ზეწოლა და პასუხის მოთხოვნა ოპერაციის მეთაურზე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური მედიის მხრიდან.

იმიტომ, რომ 18 წლის ბიჭი დაიღუპა, რომლის ბრალეულობა დადასტურებული არ არის, ხოლო არაპროფესიონალურ გადაცდომაზე, დემოკრატიულ მსოფლიოში არსებული პრაქტიკით, არა (მხოლოდ) უშუალოდ სპეცდანის ჯარისკაცი, არამედ ოპერაციის დამგეგმავი აგებს პასუხს.

ოღონდ ეს ძლიერ დემოკრატიებში.

სუსტ და ქვიშაზე მდგარ თოხლო სახელმწიფოებში, ხელისუფლებას ეშინია შემსრულებლის(!) დასჯა, რათა ძალისმიერი საყრდენი არ ჩამოეშალოს, ამიტომ ოპერაციის დამგეგმავს სჯის მხოლოდ.

თავის მხრივ ამის სხვა მაგალითია მტკვრის სანაპიროზე, კორტებთან ვაზაგაშვილის დახვრეტა.

შემსრულებლების დასჯა ვერ გაბედეს. არადა იმ უბედურების მიზეზი პირველ რიგში მათი არაპროფესიონალიზმი იყო.

არავის მათთვის არ უბრძანებია `ვაზაგაშვილი დახვრიტეთო`.

ბუნებრივია სოსო გოგაშვილს მისდამი ასეთი დამოკიდებულება (გაწირვა, მსხვერპლად შეწირვა) უსამართლოდ მიაჩნდა.

მით უმეტეს, რომ მას, როგორც პროფესიონალს, იოტისოდენი ეჭვი არ ეპარებოდა არასდროს ყველა პანკისელი ეჭვმიტანილის ბრალეულობაში როგორც ზოგადად, არამედ მომენტალურადაც ანუ კონკრეტულად სროლის ეპიზოდშიც.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

აი სწორედ აქ გამოვლინდა კიდევ უფრო ღრმა სისტემური პრობლემა:

საქმე ის კი არაა, რომ ქართულმა დემოკრატიამ, ოპოზიციურმა მედიამ, არასამთავრობიო სექტორმა აიძულა(!) ხელისუფლება, მათთვის `გადაეგდო`, `გაეწირა` კონკრეტული ფიგურა - სოსო გოგაშვილი.

არა. საქმე ბევრად უარესადაა: გოგაშვილის აღქმით, იგი ხელისუფლებამ და ძალისმიერმა ბიუროკრატიამ ვერ დაიცვა(!) და არ დაიცვა მუდმივი ბულინგისგან, რისი ვალდებულებაც ყველგან აქვს ხელისუფლებას ძალისმიერი და ნებისმიერი სხვა ბიუროკრატიის მიმართ.

სწორედ ამაზე გაბრაზდა და განაწყენდა უფრო მეტად, ვიდრე თანამდებობის დაკარგვაზე.

შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება ვერ იცავს ბიუროკრატიას ბულინგისგან, ეს ხელისუფლება იძულებული ხდება გადადგას ნაბიჯები, რომლებიც მის აღსასრულს აახლოვებს.

იმიტომ, რომ `ვერდაცული` სულ იოლად ხდება მისი მოსისხლე მტრების მეგობარი და ერთად იწყებენ ბრძოლას.

ამ შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდებას.

ახლა კი უკვე შესაძლოა მოხდეს ისე, რომ გოგაშავილის დაპატიმრებამ ხელისუფლებას იმაზე დიდი ზიანი მიაყენოს (აკი იმუქრებოდა `ავლაპარაკდებიო`) ვიდრე მისი გარეთ ყოფნა აყენებდა.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ხელისუფლება იყო არჩევანის წინაშე ცუდსა და უარესს შორის.

და ზუსტად ამ კონტექსტში, ძალიან საინტერესო საკითხია, რეალურად ვინ მიაწოდა `უცნობს` ეს ჩანაწერი.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც ვიზამთ: რთულია ყველაფერი, რაც ეხება Deep State იდუმალ ფენომენს.

პრიმიტიული განმარტებები აქ არ მუშაობს.

და..... თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ `ოკამის სამართებელიც` კი ვერ ჭრის

დათო