რატომ გვეშინია არჩევნების?

რატომ გვეშინია არჩევნების?

    საქართველოში კვლავ დიდი შიშიანობაა. ახლოვდება! ახლოვდება!!! რა ახლოვდება? არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ არჩევნები - დემოკრატიული რუტინა, ხალხის ნების გამოსავლენი ტექნიკური მექანიზმი, რომლის გარეშეც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია. იმდენად წარმოუდგენელი, რომ ნორმალურ ქვეყნებში მოსახლეობა (ძველი ტერმინოლოგით თუ ვიტყვით, „ფართო მასები“) არჩევნების დღემდე ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ. დასავლეთის სახელმწიფოთა უმრავლესობაში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა ნახევარი არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობს და არც აინტერესებს. სულ ერთია, მის ცხოვრებაში მაინც არაფერი შეიცვლება.
    არ აგვერიოს ეს იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმში, რაც ჩვენთვისაა დამახასიათებელი: არ შეიცვლება არაფერი უკეთესობისკენ, მაგრამ არც უარესობისკენ! ანუ საარჩევნო გულგრილობა თანაბრადაა დამახასიათბელი როგორც სოციალურად უკმაყოფილო, ასევე მშვიდად, ბედნიერად და მდიდრულად მცხოვრები სეგმენტისათვის. პირველებმა იციან, რომ საარჩევნო გზით ვერანაირ რევოლუციას ვერ მოაწყობენ. მეორეთ კი ეჭვი არ ეპარებათ თავიანთი მდგომარეობის სტაბილურობაში.
    გაგიკვირდებათ და ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში არჩევნებს ატარებს . . . . . . . შინაგან საქმეთა სამინისტრო! დიახ, დიახ, სწორედ იგი უწევს ორგანიზებას და რაც ყველაზე საოცარია, ითვლის შედეგესაც. არანაირი „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ არ არსებობს: გამოაცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო შედეგებს და მორჩა: არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს შედეგი ნამდვილია და არა გაყალბებული.
    არადა, ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა ან ატყდება ჩვენში, ვინმემ რომ თქვას: არჩევნები შინაგან საქმეთა სმაინისტრომ ჩაატაროს და შედეგებიც მან დათვალოსო? ამის გაფიქრებაც კი მზარავს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამ სხვაობის მიზეზი იოლი ასახსნელია: ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული რესურსი - სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა! ეს ინსტიტუტები (მათ შორის ნებისმიერი სამინისტრო და თვით არჩევნები, როგორც პოლიტიკური ფენომენი) მრავალწლიან ტრადიციას ეყრდნობა და სტაბილურობასაც სწორედ მათდამი ნდობა განაპირობებს. მეორეს მხრივ, მოქმედებს პოლიტიკური კულტურის ფაქტორი: წაგებულმა ხელისუფლებამ იცის, რომ სკამებს არ უნდა ჩაებღაუჭოს, - ამას არავითარი აზრი არა აქვს. მაგრამ, წაგებული ოპოზიციაც ურიგდება შედეგს და ხალხი ბარიკადებზე არ გამოჰყავს.
    საქართველოს ისტორიული (გადაუჭარბებლად) უბედურებაა, რომ ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ ნორმალური არჩევნების ჩატარება: ყველა ხელისუფლება წინა ხელისუფლების დამხობით მოდიოდა ქვეყნის სათავეში. „გაყალბება“ - მუდმივი ბრალდებაა და რევოლუციური არგუმენტიც. რატომ ხდება „ხავერდოვანი რევოლუციები“ არჩევნების შემდეგ? იმიტომ, რომ სწორედ არჩევნებისას მჟღავნდება სახელმწიფოს ბუნება და არსი, ხელისუფლება კი ყველაზე მეტად მოწყვლადი და სუსტი ხდება: მას ლეგიტიმურობა აკლდება, ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება, რაკი დარწმუნებული არაა, ვინ გაიმარჯვებს და რა ელის ამა თუ იმ პოლიტიკოსის გამარჯვების შემთხვევაში.
    ამგვარი სიტუაცია ტიპიურია ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნისთვის, სადაც ასე თუ ისე წარიმართა პოლიტიკური პროცესი. ბუნებრივია, თურქმენეთსა და უზბეკეთს ან თუნდაც აზერბაიჯანს არ ვგულისხმობ, სადაც პრეზიდენტებს ლამის სიკვდილამდე ირჩევენ, კონსტიტუციაში აფიქსირებენ მათ უცვლელობას ან ძალაუფლება მამიდან - შვილზე გადადის.
    საქართველოს კი დასავლელი ექსპერტები „გარდამავალი დემოკრატიის“ სახელმწიფოებს შორის მოიხსენიებენ, სადაც თურქმენული მოდელი, რა თქმა უნდა არ ხორციელდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერც ბალტიის სახელმწიფოთა დონემდე გავიზარდეთ, სადაც ევროპულმა საარჩევნო კულტურამ მყარად მოიკიდა ფეხი - თითქოს ყოველთვის არსებობდა. არადა, ხომ არ არსებობდა? თუ არ ჩავთვლით 1920-1940 წლების მცირე ისტორიულ პერიოდს, ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს არც ისე დიდი დემოკრატიული ტრადიცია აქვთ, რაკი ბოლო საუკუნეების განმავლობაში მუდმივად რომელიმე იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ.
    იძულებული ვარ დავასკვნა, რომ პოლიტიკური კულტურის ცნება არ დაიყვანება მხოლოდ საარჩევნო ტრადიციაზე. მისი განუყოფელი შემადგენელია პოლიტიკურ აქტორთა პასუხისმგებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების წიაღში შეიძლება იშვას.
    საქართველოში ასეთი საზოგადოება არ არსებობს! ესე იგი, არ არსებობს სოციუმი, რომელსაც პოლიტიკურ აქტორთა გაკონტროლება შეეძლოს, ხოლო ჩვენთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმი, საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობა და გულარხეინობა, პირველ რიგში, სწორედ პოლიტიკოსთა ეგოიზმში და უპასუხისმგებლობაში მჟრავნდება, რამაც ამ ქვეყანაში ერთხელ სამოქალაქო ომის კალოც კი დაატრიალა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    იოლი სათქმელია, რომ ერთადერთი წამალი მხოლოდ ხელისუფლებათა პერიოდული ცვლა შეიძლება გახდეს. ანუ, თითქოსდა, საკმარისია ერთხელ შეიცვალოს ხელისუფლება არა რევოლუციით, არამედ არჩევნებით და ძვირფას ტრადიციასაც ჩაეყრება საფუძველი. ასე მარტივად და პრიმიტიულად არ არის საქმე: განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, სანამ ხესლისუფლებათა ცვლის მექანიზმი ჩამოყალიბდებოდა, საზოგადოება და მისი ელიტა ისტორიულად შეთანხმდა ძირითად ღირებულებებზე, ანუ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პრიორიტეტებსა და ინტერესებზე.
    სწორედ ამითაა განპირობებული ამომრჩეველთა გულგრილობა - მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ დიდი საზოგადოებრივი შეთანხმება არ დაირღვევა, რომელმა პარტიამაც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში. უფრო ზუსტად, ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს ისეთი ძალა, რომელიც მისი ცხოვრების ფუნდამენტურ შეცვლას შეძლებს.
    იქნებ ვინმეს ჰგონია, ამერიკაში, საფრანგეთში ან ინგლისში მხოლოდ ორად - ორი პარტია არსებობს, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან ხელისუფლებაში არჩევნების შედეგად? სინამდვილეში პარტიები იქ იმაზე მეტიც კია, ვიდრე საქართველოში. დაწყებული კომუნისტებიდან და ტროცკისტებიდან, დამთავრებული შენიღბული ნაცისტებითა და ფაშისტებით. მაგრამ მათ კანდიდატებს არჩევნებში არანაირი შანსი არა აქვთ: ისტორიული ტრადიცია და ელიტის პასუხისმგებლობა იქცა იმ ფილტრად, რომელიც ასეთი კატეგორიის ხელისუფლების სათავეში მოსვლას არ დაუშვებს.
    ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2002 წელს ფრანგი ნაცისტების მეთაურის, ლე პენის წარმატებას, თუმცა მან მხოლოდ 20 პროცენტი მიიღო ჟაკ შირაკმა კი - 80! ანუ დემოკრატიამ თავდაცვითი მექანიზმები აამუშავა. გვაქვს ასეთი მექანიზმი საქართველოში? - რა თქმა უნდა არა. ამიტომ შიშნეულობა არჩევნებისადმი ბუნებრივია: მართლაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
    მაგრამ რატომ, თუკი რეფორმები ესოდენ წარმატებულია და ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს? ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს მკაფიო პასუხი აქვთ: იმიტომ, რომ რეფორმები არასდროს, არსად არ ყოფილა უმტკივნეულო, ისინი აუცილებლად გულისხმობენ მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი სოციალური ფენების განაწყენებას, ცხოვრების წესის შეცვლას, ხშირ შემთხვევაში მათი სოციალური სტატუსის ნიველირებას და ასე შემდეგ.
    მათი შეხედულებით, რეფორმების გასატარებლად დემოკრატია საუკეთესო გარემო არ არის, - მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მათ ეწინააღმდეგება, რაკი არ ესმის, რომ გაბედნიერებას უპირებენ, ხოლო მტკივნეული რეფორმა ის „მწარე წამალია“, რაც მას გამოაჯანმრთელებს.
    ამ მოსაზრებასთან კამათს აზრი არა აქვს - ერთადერთი რელევანტური პასუხი ისაა, რომ თუკი რეფორმატორები მოქმედებენ პრინციპით „გამარჯვებულებს ვერ სჯიან“, მაშინ იმასაც უნდა შეურიგდნენ, რომ დამარცხების შემთხვევაში ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. სოციალურად უკმაყოფილო მასა შეიძლება უმცირესობაც იყოს, მაგრამ იგი ყოველთვის ბევრად უფრო პასიონარული და აქტიურია, ვიდრე გულგრილი ან კმაყოფილი უმრავლესობა. ამ შემთხევვაშიც კი მას შეუძლია სერიოზული პრობლემები შექმნას.
    ხოლო თუკი რეფორმები წლობით გრძელდება და გაუთავებლად იქცევა, თუკი საშუალო ფენას, რომელსაც მშვიდი და სტაბილური ცხოვრება სურს, საამისოდ არც გარემო ექმნება და არც მატერიალური პირობები, მაშინ სოციალურად ფეთქებადი მასა თანდათან იზრდება და სულ მალე აღწევს კრიტიკულ ზღვარს. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იგრძნოს ეს ზღვარი და გადაანაწილოს ძალაუფლება ელიტის შიგნით, რათა იგი უფრო დაბალანსებული გახდეს. ბალანსი, ამ შემთხვევაში, სისტემის დამცავი მექანიზმი ხდება. ისევე, როგორც ოპოზიციის უნარი, წამოაყენოს რეალური, სერიოზული და არსებითი ალტერნატივა.
    თუკი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პასუხისმგებლობის დიდი წილი ოპოზიციასაც ეკისრება. ყველაზე ადვილია დამარცხების „არჩევნების გაყალბებით“ ახსნა. ბევრად უფრო ძნელია რეალური, არსებითი ალტერნატივის შექმნა და ამომრჩეველთა მასის დარწმუნება, რომ ეს ალტერნატივა სჯობია არსებულს, რომ მისი განხორციელება გამოიწვევს მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა კიდევ უფრო გაუარესებას, რომ ოპოზიციის მოსვლა ხელისუფლებაში არ ნიშნავს ქონების ხელახალ გადანაწილებას, არ ნიშნავს დესტაბილიზციას.
    თუ ოპოზიცია ამას მოახერხებს, ვერანაირ გაყალბებას ხელისუფლება ვერ შეძლებს. თუ ვერა, მაშინ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, ყოველგვარი გაყალბების გარეშე მისცემს ხმას იმას, ვისაც იცნობს, ვინც მისთვის „შეჩვეული“ და გასაგებია - თუნდაც არ უყვარდეს და ანტიპატიით იყოს განწყობილი. ამის შემდეგ საკუთარი ხალხის ლანძღვა და მისი „შტერად“ გამოცხადება ისევე უაზრო იქნება, როგორც დამხობილი ხელისუფლების მხრიდან „კრემლის პროვოკაციებზე“ აპელირება.
    რეფორმებს უნდა ჰქონდეს დასაწყისი და დასასრული. „პერმანენტული რეფორმები“ ლევ ტროცკის „მუდმივ რევოლუციას“ ემსგავსება. პოსტსაბჭოური მენტალობის ერთ ერთი მახასიათებელია რწმენა იმისა, რომ ცხოვრება უნდა ნიშნავდეს კიდევ რაღაცას, - ბევრად უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ცხოვრებაა. მაგრამ ბოლოს და ბოლოს დგება მომენტი, როდესაც სავსებით ლეგიტიმური ხდება კითხვა: ხალხია შტერი და ავადმყოფი თუ პოლიტიკური ელიტა?
    მანამდე კი, სანამ ეს კითხვა მრისხანედ დაისმება, გულის ფანცქალით ველით მორიგ „საბედისწერო არჩევნებს“

2012