რატომ გაუწოდა მიშამ ხელი პუტინს?

რატომ გაუწოდა მიშამ ხელი პუტინს?

     
    ოპოზიციაში დიდი ზარზეიმია მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა თქვა, რომ მზადაა უპირობოდ შეხვდეს რუსეთის ხელმძღვანელობას და განიხილოს ყველა საკამათო საკითხი.
        ეს განცხადება ოპოზიციამ მაშინვე გამოაცხადა «კაპიტულაციად» და «არათანმიმდევრულობად». სინამდვილეში, არათანმიმდევრულობა, ყანყალი და კაპიტულაცია ის იქნებოდა, სააკაშვილს რომ ეთქვა «უპირობოდ მზად ვართ რუსეთთან სახელმწიფოთშორისი ურთიერთობა აღვადგინოთო». მაგრამ მას ეს არ უთქვამს.
        მაგალითად, მას არ უთქვამს, რომ მზად არის დააბრუნოს თბილისში რუსეთის საელჩო მაშინ, როდესაც კვლავ არსებობენ (და ნამდვილად დარჩებიან ჯერ-ჯერობით) რუსული საელჩოები ცხინვალსა და სოხუმში;
        არ უთქვამს, რომ საქართველო მზადაა უპირობოდ დათანხმდეს რუსეთის შესვლას «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში» და მოხსნას მოთხოვნები, რომლებიც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან სავაჭრო ურთიერთობებს ეხება. Eესე იგი, აღიაროს ამ «ქვეყნების» უფლება, რუსეთთან დამოუკიდებლად ივაჭრონ;
        სააკაშვილს არ უთქვამს, რომ მზადაა ხელი მოაწეროს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» უბადრუკ მარიონეტებთან ხელშეკრულებას «ძალის გამოუყენებლობის» შესახებ და ამით, ფაქტიურად, სცნოს მათი დამოუკიდებლობა, დააკანონოს იქ რუსული ჯარები, ანუ დააბრუნოს სიტუაცია (თანაც გაუარესებული) 1990-იან წლებში, როდესაც რუსეთი «მხოლოდ შუამავალი» და «მხოლოდ მშვიდობისმყოფელი» იყო და მას მადლობასაც კი უხდიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები იმის გამო, რომ იტვირთა ესოდენ კეთილშობილი მისია – «დააზავოს მოჩხუბარი ქართველები, ოსები და აფხაზები მაშინ როდესაც რუსეთი მათ შორის მხოლოდ მედიატორი და მშვიდობის მტრედია»;
        მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს, რომ საქართველო უარს იტყვის ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან თანამშრომლობაზე, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტსა და ჩერქეზთა აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნების მხარდაჭერაზე;
        საააკშვილს არ უთქვამს, რომ საქართველო (უკრაინის მსგავსად) სამარცხვინოდ უარყოფს ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას და იანუკოვიჩის მსგავსად, ბრიუსელში გააგზავნის წერილს – «ნატოს წევრობა აღარ გვინდაო»;
        სააკაშვილს არ უთქვამს, რომ უარს იტყვის «ნაბუკოს» პროექტსა და სხვა ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობაზე;
        რომ დააბრუნებს საქართველოში რუსულ ბაზებს;
        რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფ ჯარებს აღარ უწოდებს «საოკუპაციოს»;
        რომ ეუთოს მომავალ სამიტზე თავს დაანებებს რუსეთის კრიტიკას, რისიც, სხვათა შორის, მოსკოვში ძალიან ეშინიათ, რადგან შეიძლება სრულ იზოლაციაშიც აღმოჩნდნენ;
        რომ აღარ დააპატიმრებს რუს ჯაშუშებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        ანუ, მიხეილ სააკაშვილს არაფერი უთქვამს თავისი პოლიტიკის, კურსის შეცვლაზე და რუსეთის პირობათა მიღებაზე. მისი განცხადება სხვა არაფერი იყო, თუ არა დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც დღეს რუსეთ-ამერიკისა და რუსეთ-ევროპის ურთიერთობებში არსებულ სიტუაციას ერგება. რუსები კი უბრალოდ «გაიბლანდნენ» საკუთარ ველიკოდერჟავულ სურვილში, არ აწარმოონ არანაირი მოლაპარაკება საქართველოსთან და, ამავე დროს, მოითხოვონ საქართველოს თანხმობა, მაგალითად, «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის» საკითხში.
        ამიტომ პრეზიდენტი მედვედევი – პრეზიდენტ ობამას ყველა შეხვედრისას ახსენებდა: «ხომ დაგვიპრდით, რომ დაგვეხმარებოდით მსო-ში შესვლისას, დაგვეხმარეთ და ზეწოლა მოახდინეთ საქართველოზეო!»
        თუმცა, ნურას უკაცრავად: ობამა – სააკაშვილის შეხვედრამ ლისაბონში დაადასტურა, რომ ამჯერად კრემლი ამერიკისგან მეტისმეტს ითხოვს: ამერიკამ აგვისტოს შეურაცხყოფა კი გადაყლაპა, მაგრამ ნამდვილად არ არის მზად, ახლა საქართველოს (თავის ერთგულ მოკავშირეს, რომლის ჯარისკაცები იღუპებიან გარეწარი «ვიქტორ ბუტების» მიერ შეიარაღებულ ტალიბთა ხელით ავღანეთში) «მიაწვეს» და «დაახრჩოს» მედვედევ-პუტინის იმპერიული ამბიციების დასაკმაყოფილებლად.
        ერთადერთი, რაც ობამამ სააკაშვილს სთხოვა, ის იყო, ეგება რუსებთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდე და რაიმე კომპრომისი გამონახოთო. კი ბატონო, სააკაშვილმაც მაშინვე უპასუხა: «დღესვე მზად ვარ მოლაპარაკების მაგიდას მივუჯდე, პუტინსაც შევხვდები და თუ საჭიროა მედვედევსაცო», რასაც მოსკოვიდან აბსოლუტურად იდიოტური პასუხი მოჰყვა: «სააკაშვილთან საქმე არაფერი გვაქვს და მასთან მოლაპარაკებას არ ვაპირებ!».
        ამის შემდეგ იგივე ობამა, კლინტონი, სარკოზი და მერკელიც კი «მხრებს აიჩეჩენ»: «ოჯახაშენებულებო, თუ მოლაპარაკებას არ აპირებთ, ჩვენ რაღას გვთხოვთ, რომ სწორედ სააკაშვილთან დიალოგით გადაგიწყვიტოთ თქვენი პრობლემები? არ აპირებთ მასთან მოლაპარაკებას და კისერიც გიტეხიათ! – ფაქტია, რომ მოლაპარაკებაზე, დიალოგზე და კომპრომისებზე უარს სწორედ თქვენ ამბობთ და არა სააკაშვილი, რომელმაც, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი თხოვნით საკმაოდ მოქნილი პოზიცია დაიკავა».
        ანუ, პრეზიდენტის დიპლომატიურმა განცხადებამ «ხელის გაწვდენის» და «დიალოგისთვის მზადყოფნის» შესახებ პუტინიც და მისი ადგილმონაცვლეც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მათთვის იდეალური იქნებოდა, სააკაშვილს დასავლეთის რჩევაზე სასტიკი უარი ეთქვა ანუ დიალოგი, კომპრომისების ძიება თავიდანვე გამოერიცხა.
        ამ წამგებიან მდგომარეობიდან მოსკოვისთვის გამოსავალი არც არსებობს: თუ სააკაშვილთან დიალოგზე წავლენ და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, ამით მის ლეგიტიმურობას, კანონიერებას აღიარებენ და თავსლაფს თვითონ დაისხამენ: აკი ამბობდნენ, რომ სააკაშვილი «პოლიტიკური გვამია» და მათთვის «აღარ არსებობს საერთოდ?» ჰოდა თუ პოლიტიკური გვამია და აღარ არსებობს, მაშინ რაღას ელაპარაკები?
        თუმცა, მეორეს მხრივ, საქართველოს თანხმობა და პოზიცია ბევრ (არა მხოლოდ «მსო» - ს) საკითხში მათთვის მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, სომხეთთანაც კი საჰაერო მიმოსვლა თურქეთის გავლით აქვთ დამყარებული, რადგან საქართველო უარს ეუბნებათ.
        ამიტომ, რუსეთის «ორთავიანი» მმართველი დასავლეთის ხელით ცდილობდა საქმის გაჩარხვას. დასავლეთი კი, რომელიც ჩვენს გამო რუსეთთან სერიოზული დაპირისპირებისთვის ნამდვილად არ აღმოჩნდა მზად 2008 წელს, დღეს არც იმისთვისაა მზად, რომ რუსეთის გულისთვის საქართველოზე ზეწოლა განახორციელოს და ამით საკუთარი ღირებულებების საბოლოო დისკრედიტაცია მოახდინოს აღმოსავლეთ ევროპელების და მთელი მსოფლიოს თვალში.
        თქვენ წარმოიდგიენთ, ამისთვის პუტინის თვით ისეთი მეგობრებიც კი არ არიან მზად, როგორიც ანგელა მერკელი და სილვიო ბერლუსკონია, თორემ როგორ გგონიათ, ისინი რომ წინააღმდეგნი ყოფილიყვნენ, საქართველოს პრეზიდენტს ან ევროპარლამენტის ტრიბუნა დაეთმობოდა ან ლისაბონის რეზოლუციაში ჩაიწერებოდა, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს?
        სააკაშვილის განცხადება იყო ძალიან ჭკვიანური პოლიტიკური სვლა, რომელმაც ქვეყანას დიდი სარგებლობა უკვე მოუტანა, რაც სრულებით არ ნიშნავს, რომ თბილისი პრინციპულ პოზიციას თმობს რომელიმე ზემოთჩამოთვლილ საკითხში.
        გააჩნია, რუსეთი რას შემოგვთავაზებს: დღეს საქართველო უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ მოსკოვი უნდა გვთავაზობდეს წინადადებებს, ის უნდა იჭყლეტდეს ტვინს, თუ რით შეიძლება მოხიბლოს საქართველო და შეურიგდეს მას. საქართველოს კი ოკუპანტთა სახვეწარი არაფერი აქვს.
        თუ ისინი ადრე თუ გვიან ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებენ, ამას გააკეთებენ არა ხვეწნის, არამედ აუცილებლობის შედეგად. 

2010