რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში?

რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში?

        ბოლო პერიოდის ძალზე სამწუხარო «ძირითადი ტენდენცია» ის არის, რომ ტელეკომპანია «იმედი», რომელიც დაფუძნებისთანავე ყველა მოაზროვნე და გემოვნებიან ადამიანს სწორედ თავისი აკადემიურობით, ინტელექტუალობითა და გაწონასწორებულობით იზიდავდა (განსხვავებით მისი იმდროინდელი კონკურენტისაგან) – სულ უფრო ემსგავსება შევარდნაძის ეპოქის «რუსთავი 2»–ს. იგივე ცალმხრივობა, იგივე არაობიექტურობა, საკუთარი განწყობისა და შეხედულების თავსმოხვევა.
    ამას შეიძლება როგორც სუბიექტური, ასევე კორპორატიული მიზეზები ჰქონდეს. თუ უკანასკნელთ ვიგულისხმებთ და გადაცემა «ღია ეთერის» სარეკლამო ბლოკში მისი მთავარი სპონსორის აბრევიატურას დავაკვირდებით, შეუძლებელია არ გაგვიჩნდეს კითხვა: კი მაგრამ, რუსეთის სახელმწიფო ბანკი («ვნეშტორგბანკი» – იგივე «ვი–თი–ბი») რატომ საკუთარ ქვეყანაში არ აფინანსებს ასეთ გადაცემებს? რაღა მაინცდამაინც საქართველოში ზრუნავს პლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებაზე? იმას რა მოტივი აქვს მეთქი, თორემ თვით გადაცემის ავტორები ამ ინტენციას შეიძლება ვერც აცნობიერებენ და სავსებით გულწრფელნი არიან.
    მავანთა საგულისხმოდ ამასღა შევნიშნავ: «რუსთავი 2»–ის ტრაგიკომიკური ისტორია უეჭველად ადასტურებს, რომ მასის განწყობაზე, ინტერესებზე, გემოვნებასა და ინსტინქტებზე ორიენტირებულ ტელევიზიას დიდი დღე მაინც არ უწერია. მით უმეტეს, თუ იმ მასას პუტინი უფრო მოსწონს, ვიდრე საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი.
   
   

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
   
   

    «ბავშვის ციხეში ჩასმა ანტიჰუმანურიაო» – იმდენი სიცოცხლე გიორგი ზერეკიძეს, რამდენი მისი თანატოლი და მასზე უმცროსიც კი, ჰუმანისტური ცივილიზაციის მექაში – ამერიკის შეერთებულ შტატებში არათუ ჩვეულებრივ ციხეში ჩაუსვამთ, არამედ სიკვდილით დაუსჯიათ! თანაც, ელექტრონულ სკამზე დასმით – თუ შტატის კანონმდებლობა სხვა ფორმას არ ითვალისწინებდა.
    ამისგან ჯვარის სწერია, საამისო არც ჩაუდენია, მაგრამ . . . . «ხომ არ მოუკლავსო». არადა, ის მუხლი, რომლითაც ზერეკიძე გაასამართლეს (და ამ მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელიც გადაუწყვიტეს), სჯის არა შედეგისთვის, არამედ ისეთი მოქმედებისთვის, რომელსაც შესაძლოა(!) ეს შედეგი მოჰყოლოდა. ანუ სჯის სუბიექტის განწყობისათვის(!) უფრო, ვიდრე ობიექტის შემდგარი მდგომარეობისთვის. ასეა ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში.
    თუმცა, 13–15 წლის გოგო–ბიჭები რომ კრიმინოლოგიის ურთულეს პრობლემებზე მსჯელობას დაიწყებენ, იქ საქმე უკვე წამხდარია.
    «მამამ ხომ საკუთარი ხელით მიიყვანაო». არადა, «საკუთარი ხელით» იმიტომ მიიყვანა, რომ (როგორც თავად წამოცდა «ღია ეთერში») იმედი ჰქონდა, ფულს გადაახდევინებდნენ და გაუშვებდნენ. მისდა გასაოცრად, პროკურატურამ ამ შემთხვევაში საპროცესო გარიგებაზე უარი თქვა. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს უარი? უეჭველად იმას, რომ, მოარული აზრის მიუხედავად, როგორც ჩანს, ადეიშვილის პროკურატურა ყოველთვის არ ხელმძღვანელობს ბიუჯეტის შევსების მოტივით. ამ შემთხვევაში მას შესაძლოა ის მოტივი ჰქონდეს, რომ «ზერეკიძის საქმე» ჭკუისსასწავლებლად აქციოს ყველა იმ ყმაწვილისათვის, – პირველი აღგზნებისთანავე რომ დანას სტაცებენ ხელს და ადამიანის მოკვლა ქათმის დაკვლად ეჩვენებათ, რაც მეორე დღესვე მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ დაადასტურა. მაგრამ ამ ტრაგედიისათვის «ვნეშტორგბანკს» საგანგებო გადაცემა რატომღაც არ მიუძღვნია: ჟურნალისტიკის დღეს ჟურნალისტების პასუხისმგებლობაზე მსჯელობდნენ – ჩვეული მენტორული აპლომბით.
    დარწმუნებით იმის თქმაც შეიძლება, რომ შევარდნაძის იმპოტენტი ხელისუფლების დროს ზერეკიძე უკვე «გარეთ» იქნებოდა. ამაში ეჭვი არ მეპარება – «ამ სისულელისთვის» ხელისუფალი აუტკივარ თავს ნამდვილად არ აიტკივებდა. ამასთანავე, გაბრიჩიძის პროკურატურა მამისგან ფულს უეჭველად აიღებდა. ოღონდ არა ბიუჯეტში შესატანად.
    «ამდენი რა ამბავიაო» – თქვენ გგონიათ თავიდან (ოღონდ ახლა კი არა უკვე, არამედ თავიდანვე) 1 წელი რომ მიესაჯათ, იგივე ხალხი არ იტყოდა – 14 წლის ბავშვმა 365 დღე ციხეში დედიკოსა და მამიკოს გარეშე როგორ უნდა გაატაროსო?
    ახლახანს მხეცურად მოკლული 16 წლის «ბავშვის» ბედი ადასტურებს: ხსენებულ კატეგორიას შეგონებით ვერაფერს შეასმენ – ტკივილით, ინსტინქტის დონეზე უნდა ჩაუნერგო! ანგლოსაქსთა საუკუნოვან აღმზრდელობით გამოცდილებას რას დავეძებთ – ჩვენი გურამიშვილი გავიხსენოთ: „ნუ შეგაშინებს ყრმის «წკეპლით ცემით კივილიო“, რომ წერდა.
    სოციუმის მიერ საკითხის აღქმა კი უპირველესად საზოგადოებრივი პრობლემაა და საზოგადოებაშიც, როგორც ჩანს, იმავე მეთოდებით აღსაზრდელია – შესაბამის ღირებულებათა სახით.
    ჩვენი საზოგადოება თავადაც ისეთივე «ინფანტია» ამ მხრივ, როგორც ის ყმაწვილი. არადა, საზოგადოებრივად ღირებული არა მხოლოდ კანონმორჩილებაა, არამედ ჰუმანიზმის სწორი აღქმაც. მათ შორის შესაბამის კოორდინატთა სისტემისა და შეფასებითი «შკალის» ჩათვლით. აზრობრივად ამ ფენომენზე ჯერ კიდევ ჯოვანიოლი წერდა თავის უკვდავ «სპარტაკში», როდესაც საოცარი მხატვრული ელვარებით, ერთი კალმის მოსმით დახატა «ათასობით რომაელი ქალწული, ნაზად რომ ხრიდნენ დაბლა ცერა თითს, რაკი კოლიზეუმის სისხლით მორწყულ არენაზე გართხმული საბრალო მონის უკანასკნელი კრუნჩხვა – ბღავილი უმანკო სიამოვნებად მიაჩნდათ».
    ბოროტისა და კეთილის მათეული აღქმა დიდად განსხვავდებოდა იმ აღქმისაგან, რომელიც «იუდა–ქრისტიანულ» ცივილიზაციაში დაამკვიდრეს. და დაამკვიდრეს, სხვათა შორის, ცეცხლითა და მახვილით!!!

– –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

    და მაინც, დღეს რატომ არ გამოდის «ხალხი» ქუჩაში? თავს ნუ მოვიტყუებთ, – ამის მიზეზი მაღალი შეგნება როდია. «მაშინ» (2003 წელს) მასა ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ სუსტის სუნი იკრა! ხაზს ვუსვამ: არა «სისხლის», არამედ «სუსტის».
    მხოლოდ ლიტერატურული ტრადიცია როდია თეზისი, რომ მასა სწორედ სუსტთან არის «ამაყი» და «გულადი», თორემ ძლიერთან ჩასვრილი კურღელივით მხდალია. აკი დღევანდელი ხელისუფლება თითქოს არ ამჟღავნებს ამგვარი «სურნელის» დაყენების უნებობას. . . . თუმცა, აქაც არის ზოგიერთი ავისმომასწავებელი სიმპტომი – ორმაგი სტანდარტის სახით.
    მაგალითად, ანალოგიური დანაშაულისათვის მეშვიდედ დაკავებულს  30 დღით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო (თუ გახსოვთ) სასამართლო დარბაზში ჩადენილი ასეთივე ქმედებისთვის, «მოჭიდავეთა» ზოგიერთი ის მეგობარიც, რომელთაც თავად არაფერი დაუმტვრევიათ, – მხოლოდ ყვიროდნენ და სკამებზე ხტებოდნენ – პირველად ჩადენისთანავე სამი წლით ციხეში ჩასვეს. მიზეზი გასაგებია: ის ბიჭები «კუნთმაგარნი» კი იყვნენ, მაგრამ არც ინგლისური იცოდნენ და არც კომპიუტერი, ნიუ–იორკში წერილი გაეგზავნათ – ვაშინგტონში ზუსტად გადასამისამართებლად. ხოლო «ინგლისური და კომპიუტერი რომ არ იცის» ის ნაკლებად საშიშია.
    იმავე დისკურსში:  რუსთაველის გამზირის გადაკეტვა «მხოლოდ ადმინისტრაციული დარღვევაა», ხოლო ლილოს ბაზრობაზე ლუკმა–პურის მშოვნელი საცოდავი მოვაჭრეების მიერ, «სალარო აპარატების» საწინააღმდეგოდ იმ ბაზრობაზე მიმავალი რომელიღაც საურმე გზის გადაკეტვა – სისხლის სამართლის დანაშაულია და (გინდ დაიჯერეთ გინდ არა) «პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისათვის» დღემდე ციხეში სხედან.
    ზემოთხსენებული შეფასებითი შკალა კი ნამდვილად არ ითვალისწინებს იმ კრიტერიუმს, თუ ვის უფრო მეტი (ან ნაკლები) პრობლემის შექმნა შეუძლია ხელისუფლებისათვის.
    «კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია!»