რას ატრამპებს ტრამპი

რას ატრამპებს ტრამპი

 

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ჯეი ტრამპი ნამდვილად არ ხუმრობს. „აღარ ხუმრობსო“ ვერ ვიტყვით, რადგან როგორც აღმოჩნდა, არც წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ხუმრობდა“:

განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ჰპირდებიან ამომრჩეველს და არ ასრულებენ, ან, კიდევ უარესი, არც ცდილობენ დანაპირების შესრულებას, ტრამპს, როგორც დადასტურდა (დადასტურდა მათთვის, ვისაც  არ სჯეროდა და მისი ფენომენი ვერ ამოიცნო) სულაც არ მიაჩნია, რომ „პოლიტიკოსის საქმიანობა არის დაპირება და შემდეგ იმის ახსნა, თუ რატომ ვერ შეძლო მან ამ დაპირების შესრულება“.

ინაუგურაციიდან ორიოდე საათში, ამერიკის ახალმა  პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რამდენიმე ისტორიულ ბრძანებულებას და გააკეთა განაცხადი ღრმა რეფორმის შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით: ჯანდაცვიდან - ეკოლოგიამდე. 

პირველ ყოვლისა, მან აკრძალა (უფრო ზუსტად, 120 დღით შეაჩერა) ემიგრაცია 7 მაჰმადიანური ქვეყნიდან. მათ შორისაა ერაყი, სირია, ირანი, სუდანი, ლიბია, სომალი და იემენი.

ტრამპის აზრით, ამ ქვეყნებში (და ამ ქვეყნებიდან) განსაკუთრებით დიდია ტერორიზმის საფრთხე.  სიაში ვერ მოხვდა, მაგალითად, საუდის არაბეთი მიუხედავად იმისა, რომ 19 ფანატიკოსიდან, ვინც 2001 წლის 11 სექტემბრის „ათასწლეულის ტერაქტი“ მოაწყო ნიუ იორკსა და ვაშინგტონში, 15 სწორედ საუდის არაბეთის მოქალაქე იყო!  არც ერთი ირანელი მათ შორის არ ყოფილა.

თუმცა, ხსენებული ბრძანებულებით ტრამპი, როგორც ამერიკელები ამბობენ „მკაფიო მესიჯს“ უგზავნის მუსლიმურ სამყაროს არადეკლამირებული, თუმცა ნაგულისხმევი სლოგანებით: „ისჯება ის, ვინც სათანადოდ არ თანამშრომლობს ან ვერ თანამშრომლობს (!) ამ საკითხში ამერიკასთან“ და „ყველა მუსლიმი არ არის ტერორისტი, მაგრამ 9/11 შემოქმედი ყველა ტერორისტი  მუსლიმია“.

ეს ფორმულა იმეორებს გენიალური ებრაელი (პოლიტკორექტულად თუ ვიტყვით „ისრაელელი“) მედია-ტექნოლოგების ცნობილ PR-მიგნებას, რომელსაც ძალიან ძნელია შეედავო რადიკალურად პოლიტკორექტული პოზიციებიდანაც კი: ყველა არაბივინც ისრაელში ტერაქტებს აწყობს,  არ არის ტერორისტითუმცა ყველა ტერორისტივინც ამას ჩადის - არაბია!“

ფაქტია? ფაქტია! ფაქტი კი, როგორც ბულგაკოვისეული ვოლანდი ამბობდა  „ძალიან ჯიუტი რამაა“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბუნებრივია, ტრამპის  ბრძანებულებას ლიბერალური საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. „ტრამპის მხარდამჭერი ამერიკელი ლიბერალი“ იგივეა, რაც „ხის რკინა“. ამიტომ არც რობერტ დე ნიროს „სფიჩია“ გასაკვირი და არც მადონას დედის . . . . . . . .ს  გინება მიტინგზე - თეთრი სახლის აფეთქების მოთხოვნით.

მათი არგუმენტიც გასაგებია და ბუნებრივი: ამერიკა ემიგრანტების ქვეყანაა! განა ამას არ გამოხატავს Miss Liberty - თავისუფლების ჩირაღდნით ხელში რომ ეგებება ემიგრანტებს მანჰეტენის სრუტესთან? ამაზე ტრამპი პასუხობს, რომ საეჭვოა ხსენებულ ქალბატონს იმ ჩირაღდნით „ტყუპი ცათამბჯენების“ დამანგრეველთათვის გაენათებინა გზა.

ოღონდ  ამ ისტორიაში ყველაზე ნიშანდობლივი მაინც ისაა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ეს „მგრგვინავი“ ბრძანებულება, რომელმაც უამრავი პრობლემა შექმნა მთელ მსოფლიოში (რაკი ავიაკომპანიები უარს აცხადებდნენ ამერიკული ვიზის მქონე მოქალაქეების თვითმფრინავში შეშვებაზეც კი) ნიუ იორკის „რაიონულმა სასამართლომ“, ადგა და . . . .  . გააუქმა!

რა იღონოს საპასუხოდ ტრამპმა? მოსამართლე ქალბატონის ბიზნესმენ ქმარს „საგადასახადო“ მიუგზავნოს, როგორც „ზოგიერთი“ სხვა ქვეყნის ხელისუფლება მოიქცეოდა? რა თქმა უნდა არა: ამერიკული დემოკრატია ნებისმიერ პრეზიდენტზე ძლიერია. მაგრამ ტრამპმა ნამდვილად სცადა და ნაწილობრივ შეასრულა კიდეც დაპირება, ხოლო თუ მისი ბრძანებულება კონგრესში კანონად იქცევა, მაშინ „რაიონული სასამართლოც“ ვერაფერს შეძლებს.

მეორე არსებითი გადაწყვეტილებაა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება. ამ საზღვრის სიგრძე 3000 კილომეტრია. მესამედი უკვე დაცულია სხვადასხვა სახის ზღუდეებით, მათ შორის მავთულხლართით; მაგრამ სრულფასოვანი კედლის აგებას ათეულობით მილიარდი დოლარი დასჭირდება. საარჩევნო კამპანიისას ტრამპი ამერიკელებს პირდებოდა, რომ კედლის საფასურს მექსიკას გადაახდევინებდა. მექსიკის პრეზიდენტმა   ამაყად უპასუხა: „არაფერსაც არ გადავიხდითო“ და ამერიკაში ვიზიტი გააუქმა.

მაგრამ ტრამპი ბიზნესმენია. ეს არავის დაავიწყდეს: მან უმალ შეახსენა მექსიკელებს, რომ სავაჭრო დეფიციტი ამერიკასა და მექსიკას შორის 60 მილიარდი დოლარია - მექსიკის სასარგებლოდ. მაშასადამე, საკმარისია ამერიკამ თუნდაც 1 წლით დააწესოს საბაჟო გადასახადი მექსიკურ საქონელზე და საჭირო თანხა იოლად მოგროვდება.

რას მოიმოქმედებს მექსიკა? ვერც ვერაფერს. „კედლის“ საბაჟო გადასახადი ხომ დროებითი იქნება, ხოლო ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობის ტოტალურ გაწყვეტაზე, ესე იგი საპასუხო ზომებზე მეხიკო ვერ წავა - სრული ეკონომიკური კატასტროფის შიშით.

გამოდის,  დონალდ ჯეი ტრამპი არც ამაში ხუმრობს (თურმე)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მესამე: ტრამპმა შეწყვიტა „ობამაქეარის“ ანუ (ჩვენებურად თუ ვიტყვით) „საყოველთაო ჯანდაცვის“ დაფინანსება, ვინაიდან ამ პროგრამამ ჯანდაცვაზე ღარიბი ფენების წვდომა კი გაზარდა, თუმცა გააუარესა მილიონობით პროფესიონალი ექიმის მდგომარეობა და შელახა ჯანდაცვის ხარისხი.

ტრამპი  აქ მოქმედებს იმ ფილოსოფიის შესაბამისად, რომელმაც შექმნა ამერიკული ცივილიზაცია: ყოველი ადამიანი თავისუფალია, მაგრამ თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობასაც: „ჯანმრთელობაზე გადასახადი“ დაუშვებელია, თუ დასაქმებულ ადამიანს თავად არ სურს დაეზღვიოს. ეს ბრძანებულება საშუალო კლასის ინტერესებზეა გათვლილი, ანუ ზუსტად იმ სოციალური ფენისა, ვინც მოიყვანა  ტრამპი ხელისუფლების სათავეში.

მეოთხე: ტრამპმა გააუქმა ყოველგვარი შეზღუდვა კანადა-ამერიკის დამაკავშირებელი ორი დიდი ნავთობსადენის მშენებლობაზე, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტმა ობამამ დაბლოკა „გაზპრომთან“ ფარულად დასაკვშირებული  ეკოლოგიური ორგანიზაციების მოთხოვნით.

„ფიქალის გაზის“ მოპოვებასაც აკრძალავდნენ, მაგრამ ეს არ გაუვიდათ.

გარდა ამისა, ტრამპი ათავისუფლებს საოკეანო შელფზე ნავთობის მოპოვებას - ესეც სერიოზული დარტყმაა „გაზპრომისთვის“, რაკი ნავთობზე ფასების კლებას გამოიწვევს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ „ხმაურიან ბრძანებულებებთან“ შედარებით, თითქოს, „წყნარი ოკეანის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებიდან“ გამოსვლა არც ისე მნიშვნელოვანი ჩანს. ბოლოს და ბოლოს,  არსებობს WTO და ის არეგულირებს საერთაშორისო სავაჭრო წესრიგს. მაგრამ ბევრი დამკვირვებელი ტრამპის ამ გადაწყვეტილებაში ხედავს პირველ სიმპტომს იმ წეს-წყობილების სრული დანგრევისა, რასაც დღემდე ეფუძნებოდა მსოფლიო ვაჭრობა:

TTIP-დან გამოსვლისთანავე, ტრამპმა „თეთრ სახლში“ ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი მიიღო და განაცხადა, რომ აშშ ბრიტანეთთან განსაკუთრებულ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს. ამერიკულ-ბრიტანული სავაჭრო  პაქტი, შესაძლოა, იქცეს წინაპირობად გლობალური ვაჭრობის ახალი მოდელისა, როდესაც თავისუფალი ვაჭრობა და კონკურენცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ თანასწორთა შორის: ჩინეთის ადგილი იქ ნამდვილად არ არის, რადგან ტრამპს არაერთგზის უთქვამს: ელემენტარული ცრუპენტელობაა „თანასწორუფლებიანი კონკურენცია“ ამერიკასა და ჩინეთს შორის, როდესაც ჩინეთში არც პროფკავშირი არსებობს, არც პლურალისტური დემოკრატია, არც დამოუკიდებელი სასამართლო, ხოლო ვალუტის კურსს იქაური კომპარტიის პრეზიდიუმი ადგენს თავისი დადგენილებით.

აქ ის კი არ იგულისხმება, რომ ჩინეთში (თუ ჩინელებს აწყობთ) „ეფლის“ ქარხნები არ აშენდეს, მათ  ჩინეთის ბიუჯეტში გადასახადები არ გადაიხადონ და პროდუქცია, ვთქვათ, მალაიზიაში ან რუსეთში არ გაიტანონ: ტრამპი იქ წარმოებული  პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე (!) შეტანას დაბეგრავს, რათა შანსები „გაათანაბროს“. ამერიკაში წარმოებულ „ეფლზე“ ფასის გარდაუვალ ზრდას კი  გადასახადების შემცირებით დააბალანსებს.

აქ მხოლოდ ჩინეთზე როდია საუბარი: იგივე ეხება დემოკრატიულ იაპონიასაც, რადგან იაპონიაში (მაგალითად) შვებულება წელიწადში 5 დღეა, ხოლო ამერიკაში - 30. იაპონურ პროფკავშირთა უფლებები და პრაქტიკა კი ვერ შეედრება ამერიკულს!

ტრამპი (ვიმეორებ) ბიზნესმენია, ეს ყოველივე თავად აქვს „ნაწვნევი“, ამიტომ აქაც სრულ თანასწორობას მოითხოვს და თუ ეს მართლა მოახერხა, ესე იგი WTO-სა და „ბრეტონ-ვუდსის“ ალტერნატიული სისტემა შექმნა, მაშინ ყველაზე დიდ რეფორმატორად შევა ამერიკის ისტორიაში ფრანკლინ რუზველტისა და რონალდ რეიგანის შემდეგ.

2017