ჟვანიას სვლა

ჟვანიას სვლა

        გასულ კვირას, ყველა თანამდევი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ენერგეტიკულ-კრიმინალური პერიპეტიის მიუხედავად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან ძლიერი პოლიტიკური სვლა გააკეთა განცხადებით «საპარლამენტო რესპუბლიკის» დაფუძნების თაობაზე.
        სხვა საქმეა, რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი სახელმწიფოებრივი მოდელი ან რამდენად გულწრფელია თვით პარლამენტის თავმჯდომარე, რომ არ სურს 2005 წელს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა (ეს განცხადება სწორედ ამას ნიშნავს), მაგრამ ანალიზი ცხადყოფს მთავარს: «მიმდინარე პოლიტიკის» პრიორიტეტთა გათვალისწინებით, მისი ინიციატივა მართლაც ძალიან ძლიერი სვლა გამოდგა, ვინაიდან ისევე, როგორც ყველა ძლიერ სვლას საჭადრაკო დაფაზე ერთდროულად რამდენიმე შესაძლო ხიფათის თავიდან აცილება და პოტენციურ შესაძლებლობათა შექმნა მოჰყვა.
        უპირველეს ყოვლისა, ზურაბ ჟვანიამ ამით განმუხტა ერთგვარი «გაუცხოების» ატმოსფერო პრეზიდენტთან ურთიერთობათა ზოგიერთი მიმართულებით, რაც იმდენად რეალური მიზეზებით არ იყო გამოწვეული, რამდენადაც სხვა «გარეშე» ფაქტორებით. მან ამით დადაფიქსირა, რომ 2005 წლამდე პრეზიდენტის უფლებამოსილება უეჭველი იქნება დღევანდელი ფორმატით.
        ეს იყო ერთგვარი «საპასუხო რეაქცია» იმ შემთხვევით გამოწვეულ შესამჩნევ გაღიზიანებაზე, რაც «მინისტრთა კაბინეტის» თაობაზე ხელმოწერების შეგროვებას მოჰყვა.
        კვლავინდებურად ურყევად დარწმუნებული ვარ: ზურაბ ჟვანიას, შესაძლოა კიდეც მოსწონდა «მინისტრთა კაბინეტის აღდგენის» იდეა, მაგრამ იმ კონკრეტულ ვითარებაში, იგი არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ამ იდეის მომხრე (ინიციატორი) სწორედ იმის გამო, რათა არ გამოეწვია პრეზიდენტის მხრიდან ის რეაქცია, რაც ამ «ხელმოწერებს» მოჰყვა.
        მეორე შედეგი, რაც არანაკლებ საინტერესოა: «საპარლამენტო რესპუბლიკის» იდეა შესამჩნევად ასუსტებს «აღორძინების ბლოკს», ვინაიდან მის სუბიექტებს (თბილისურ პარტიებს) უჩნდებათ იმედი, რომ მომავალ არჩევნებში აღარ დასჭირდებათ «ორთქმავალი». საპარლამენტო რესპუბლიკა უეჭველად გულისხმობს შედარებით დაბალ საარჩევნო კოვტას (3-4 პროცენტი) და პარტიათა ფართო წარმომადგენლობას, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
        აქედან გამომდინარე, დღევანდელ პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს «ახალ კონსტიტუციაზე» მუშაობის პროცესში ჟვანიასთან თანამშრომლობა უფრო სჭირდებათ, ვიდრე ბათუმთან.
        ამ ახალი კონფიგურაციის შედეგი სულ მალე გამოჩნდება და უკვე ჩანს კიდეც: ხშირ-ხშირად გაისმის საყვედურები იმასთან დაკავშირებით, რომ «კოალიცია არ ითვალისწინებს ინტერესებს, არ იცავს ვალდებულებებს» და ასე შემდეგ.
        გარდა ამისა, ჟვანიას განცხადებამ, გარკვეული აზრით, დააცხრო მზარდი მღელვარება და მოუთმენლობა «პარლამენტს გარეთა» პარტიებშიც და თქვენ წარმოიდგინეთ, «მოქკავშირის» მტრებიდან ისინი პოტენციურ მოკავშირეებადაც აქცია.

დილის გაზეთი, 13 ნოემბერი, 2000 წელი