«ჟენევის ფორმატმა» თავი ამოწურა

«ჟენევის ფორმატმა» თავი ამოწურა

            გასულ კვირას თბილისში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართა. თავისთავად ნიშანდობლივია, რომ სეპარატისტებმა საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლა გადაწყვიტეს. თანაც, ეს მოლაპარაკებათა პირველი პრეცედენტია ეგრეთ წოდებული «საპრეზიდენტო არჩევნების» შემდეგ.
            ირიბად მოხდა ახალი პრემიერ-მინისტრის ვიაჩესლავ ცუგბას «პრეზენტაცია». რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს (ზოგიერთმა შეიძლება ასეც გაიგოს), თითქოს ცუგბა რაიმეთი «სჯობია» ან «უარესია» წინამორბედ პრემიერ სერგეი ბაღაფშზე. უბრალოდ, არძინბა თავისი «საპრეზიდენტო უფლებამოსილების» დემონსტრირებას ახდენს, რასაც (აგრეთვე) შიდაპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს მისთვის. ახალი პრემიერის პრეზენტაცია-ლეგიტიმაციისათვის კი იმაზე უკეთესი ასპარეზი, ვიდრე «საკოორდინაციო საბჭოა» - ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია.
            კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთის სახელმწიფოთა («საქართველოს მეგობარი ქვეყნების» - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების) ჩართვა უშუალოდ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების პროცესში მაშინ, როდესაც «მთავარი შუამავალი» ძველებურად რუსეთია – იყო უდიდესი შეცდომა, რამაც მხოლოდ გააძლიერა სეპარატისტთა (აგრეთვე მათ ჩრდილოელ მხარდამჭერთა) პოზიციები.
            დასავლეთის უშუალო ჩართვა ამ პროცესში, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ უკვე სულ სხვა ფორმატის ფარგლებში, როდესაც რუსეთს აღარ ექნება «ექსკლუზიური მშვიდობისმყოფელისა» და «მთავარი შუამავლის» სტატუსი.
            დღევანდელ პირობებში რუსეთისადმი ასეთი დიპლომატიური დათმობა (რაც მისთვის უაღრესად ხელსაყრელია, ვინაიდან ამით დასტურდება კრემლის პრიორიტეტი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების გადაწყვეტისას) საერთოდ გაუგებარი ხდება, ვინაიდან ერთადერთი არგუმენტი, რაც ამართლებდა ადრე ასეთ დათმობას, იყო აფხაზეთის ეგრეთ წოდებული «სახმელეთო ბლოკადა».
            მაგრამ ეს «ბლოკადა» დიდწილად ილუზორული იყო, ხოლო აგვისტოდან (მიაქციეთ ყურადღება, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი უარით უპასუხებდა კრემლის მოთხოვნას, გაეტარებინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი შატილის გავლით, ჩეჩენთა «ზურგში») ვლადიმირ პუტინის (!) ბრძანებით, იგი საერთოდ გაუქმდა. ანუ რუსეთმა თავად მოსპო უკანასკნელი ბარიერი, რაც ჯერ კიდევ «აკავებდა» და «ამართლებდა» აფხაზეთის სამშვიდობო პროცესის «ძველ ფორმატს».
            ეს ფორმატი «გამოიძერწა» 1994-96 წლებში ორმხრივი და მრავალმხრივი კომპრომისის შედეგად. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ იგი ასახავდა იმდროინდელ რეალობას რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში. მაშინ ჯერ კიდევ მოქმედებდა უმეტესწილად ვირტუალური ბალანსი, მაგრამ მას შემდეგ ძალიან ბევრმა წყალმა ჩაიარა «მოსკვა-რეკაშიც», «პოტომაკშიც» და «მტკვარშიც». 1996 წლიდან დღემდე მსოფლიო პოლიტიკაში მოხდა სამი მოვლენა, რომლებიც საბოლოოდ დაამსხვრია იმდროინდელი ბალანსი:
           

                 1. «ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში» ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის მიღება. აგრეთვე დასავლეთის უაღრესად პრინციპული და სამართლიანი პოზიცია, რომ «ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება» (როგორც რუსეთში უწოდებენ), ანუ «ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში» ახალი წევრების მიღება (შინაარსობრივად ეს უფრო ზუსტი განსაზღვრებაა) არის არა დასავლეთ-რუსეთის გარიგებისა და კომპრომისის, არამედ თვით აღმოსავლეთ ევროპელ ხალხთა თავისუფალი არჩევანის საკითხი. მე ვიტყოდი, რომ ამ პოზიციით დასავლეთმა დიდწილად დაამტკიცა თავისი გულწრფელობა და ერთგულება საკუთარი ლიბერალური იდეოლოგიისადმი.
            რამდენს არ ეცადა რუსეთი (განსაკუთრებით, გაიძვერა პრიმაკოვი), რა არ შესთავაზა დასავლეთს სანაცვლოდ, ოღონდ, ხელი აეღო «აღმოსავლეთით გაფართოებაზე» - სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება «გოსდუმაში», ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კოსმოსში გაშლის ნებართვა (ამას კრძალავს ამერიკა-საბჭოთა კავშირის ფუნდამენტური ხელშეკრულება, რომელიც ჯერ კიდევ 70-იან წლებში გაფორმდა) და ასე შემდეგ.
            ერთი სიტყვით, კრემლმა დასავლეთს შესთავაზა ადრე მისთვის «საოცნებო» დათმობები, ოღონდ კი უარი ეთქვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ნატოში გაწევრიანების თხოვნაზე.
            რუსები ამ შემთხვევაში «ფსონს დებდნენ» ამერიკულ (ზოგადად დასავლურ) პრაგმატიზმზე. მაგრამ, მათთვის მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ თანამედროვე მსოფლიოში (ეს კაცობრიობის უდიდესი მორალური გამარჯვებაა) საკუთარი იდეოლოგიური მრწამსის თავისუფლებისა და სამართლიანობის პრინციპთა ერთგულება იქცა სწორედ უდიდეს პრაგმატიზმად.
            ამიტომ «ნატომ» და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არც კი განიხილეს რუსეთის «პრაგმატული» (უაღრესად ხელსაყრელი) წინადადებები და ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ «ნატოს კარი ღიაა ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელმაც თავად უნდა გადაწყვიტოს ალიანსში გაწევრიანების საკითხი».
            Aანუ, ეს საკითხი თითოეული ქვეყნის თავისუფალი არჩევანის საგანია. თუმცა, აქვე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ, რომ თვით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმაც დაიკავეს ძალზე პრინციპული პოზიცია და აგრძნობინეს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ დასავლეთსაც, რომ არ დაუშვებდნენ ახალ «მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს», არ დაუშვებდნენ მათ ზურგს უკან ნებისმიერ გარიგებას და მათ ნაცვლად გადაწყვეტილებათა მიღებას.
            ამიტომ, სწორედ იმ დღეს, როცა პარიზში ხელი ეწერებოდა «საგანგებო პაქტს» რუსეთსა და ნატოს შორის, უკრაინის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის პრეზიდენტები შეიკრიბნენ, იმისათვის, რომ უკვე თვით შეხვედრის ფაქტით გამოეხატათ პროტესტი.
            ამრიგად, რუსეთი დამარცხდა და იმასაც კი ვერ მიაღწია, რომ ნატოსაგან მიეღო გარანტიები არათუ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების, არათუ ბალტიის ქვეყნების, არამედ თვით ამჟამინდელი «დსთ»-ს წევრი სახელმწიფოების ნატოში «შეუსვლელობის» თაობაზე პერსპექტივაში.

            რუსეთსა და დასავლეთს შორის «პოსტპერესტროიკისდროინდელი» ბალანსის დარღვევის მეორე მიზეზი გახდა ომი ფაშისტური იუგოსლავიის წინააღმდეგ – როდესაც ნატომ, ფაქტობრივად, გაანადგურა მილოშევიჩის რეჟიმი და აიძულა იგი, კოსოვოში «მშვიდობისადმი იძულების» ოპერაციას შერიგებოდა.
            რუსეთში «სლავური სოლიდარობა» გაიხსენეს და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომზეც კი ალაპარაკდნენ. საოცარია, მაგრამ სწორედ იმ ხალხს, ვინც ყოველნაირად ეხმარებოდა აფსუა და ოს სეპარატისტებს საქართველოში, ვინც ყველაფერს აკეთებდა საქართველოს, აზერბაიჯანისა თუ მოლდოვას დასანაწევრებლად (მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი, სომხეთისაგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მომხრე იყო) – ბალკანეთზე ომის დროს მოულოდნელად «გაახსენდათ», რომ თურმე, ნუ იტყვით, «დაუშვებელია სეპარატიზმის გამოყენება სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის გასაშლელად». დასავლეთმა რუსეთი ამჯერადაც სასტიკად დაამარცხა და აიძულა, «ნატოს» პირობებს დათანხმებულიყო.

            მესამე და უმთავრესი მიზეზი გახდა ომი ჩეჩნეთში. დასავლეთის ამჟამინდელი პოზიცია (მივაქციოთ ყურადღება) კარდინალურად განსხვავდება «ჩეჩნური კამპანიისას» დაკავებული პოზიციისაგან. უეჭველი ფაქტია, რომ დასავლეთი აღარ ურიგდება რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდს, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა რუსეთ - დასავლეთის ურთიერთობა და (ჩვენდა საბედნიეროდ) შესამჩნევად გაზარდა ინტერესი ზოგადად კავკასიის რეგიონისადმი, რასაც თან დაერთო «დიდი საკომუნიკაციო პროექტები» და ასე შემდეგ.
            ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს, რომ «მომწიფდა ვითარება», საქართველომ უარყოს ძველი, ეგრეთ წოდებული, ჟენევის ფორმატი აფხაზეთის სამშვიდობო პროცესისა, ვინაიდან ეს ფორმატი 5-6 წლის წინანდელ «გეოპოლიტიკურ ბალანსსა» და რეალიებს ასახავს. იგი აღარ შეესაბამება თანამედროვე რეალიებს, რაკი 1994-96 წლებიდან გეოპოლიტიკურ ძალთა განლაგება, მათი ურთიერთმიმართება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე კავკასიის გარშემო – კარდინალურად შეიცვალა.

            შეცვლილ ვითარებაში კი სავსებით შესაძლებელია საუბარი «ახალ ფორმატზე», რომლის ფარგლებშიც რუსეთსაც და დასავლეთსაც თვისებრივად განსხვავებული უფლებამოსილება და როლი ეკისრებათ.
            მაგრამ ჯერ აუცილებლად უნდა განისაზღვროს «მთავარი პარტნიორი» ამ პროცესში.
            რაოდენ მოულოდნელადაც უნდა მოეჩვენოს მკითხველს, მთავარი «პარტნიორი» უნდა იყოს არა დასავლეთი ან რუსეთი, არამედ... არძინბას სეპარატისტული ხელისუფლება!
            ჩვენ უნდა შევურიგდეთ აზრს, რომ სწორედ ეს ხელისუფლება გამოხატავს აფხაზეთის მოსახლეობის სეპარატისტული ნაწილის მისწრაფებებს.
            ასევე უნდა შევურიგდეთ აზრს, რომ აფხაზეთის პრობლემის «ძალით» გადაწყვეტა უკვე გამორიცხულია. საქართველოს რომ შესწევდეს ძალა – ამის უფლებას არც დასავლეთი მოგვცემს და არც რუსეთი.
            ამიტომაც, დათო ბერძენიშვილისა და «რესპუბლიკელების» კონცეფცია პრინციპულად მართებულია და ამ «მართებულობას» ნამდვილად ვერაფერს დააკლებს მძვინვარე (თუმცა, ემოციურად გასაგები) რეაქცია, რომელიც მას მოჰყვა.
            თუ ჩვენ აფხაზური მხარე (ანუ არძინბას რეჟიმი მოგვწონს თუ არა) ვერ დავარწმუნეთ, რომ ახალი «ფორმატის» ფარგლებში თვისებრივად ახლებურად მივუდგებით პრობლემას და არ შევეცდებით, ნატოსა და დასავლეთის მეშვეობით, ძალით გადავწყვიტოთ საკითხი (ისევე, როგორც დღემდე ამას ვცდილობდით რუსეთის მეშვეობით) – ისინი ყველაფერს იღონებენ «ძველი» ფორმატის შესანარჩუნებლად და არ მიიღებენ მონაწილეობას «ახალ ფორმატში».
            მაგრამ თუ სოხუმში დარწმუნდებიან, რომ საქართველო მზად არის, ნამდვილი (ძალზე რთული და მტკივნეული) კომპრომისებისათვის, ოღონდ საპასუხო კომპრომისების (ვთქვათ, ლტოლვილთა დაბრუნების) სანაცვლოდ - ისინი უეჭველად «ჩაერთვებიან» ახლებურ დიალოგში.
            ძალიან ცდება ის, ვისაც ჰგონია, თითქოს არძინბა ან თუნდაც მთელი აფხაზური ელიტა დღენიადაგ ოცნებობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე. სინამდვილეში, აფსუა სეპარატისტთა ეროვნულ აღქმაში (ჩვენდა საუბედუროდ) რუსეთი «ნაკლები ბოროტებაა» - საქართველოსთან შედარებით.
            რუსეთი სჭირდებათ, რუსეთი ეხმარებათ (საქართველოს წინააღმდეგ) და ოსტატურადაც იყენებენ, მაგრამ «საქმე საქმეზე» თუ მიდგა, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა აზრადაც არ მოუვათ.
            ნუ დავივიწყებთ, რომ თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ცხოვრობს 300 ათასი ეთნიკური აფსუა, რომლებიც სწორედ რუსეთის იმპერიამ გააძევა სამშობლოდან.
            მაშინ ისინი მიემგზავრებოდნენ «მოჰაჯირებად» სულთნის ისლამურ თურქეთში. დღეს თურქეთი არასრულფასოვანი, არასრულყოფილი, მაგრამ მაინც ევროპული ყაიდის სახელმწიფოა, რომელიც ევროკავშირში შესვლას ესწრაფვის.
            იმავდროულად, თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფორპოსტია რეგიონში.
            მაშასადამე, შეცვლილ საერთაშორისო ვითარებაში, საქართველოსგან უკვე სავსებით ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნება «ახალი ფორმატის» მოთხოვნა.
            მაგალითად, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ უკვე რამდენჯერმე «ფრთხილად» შენიშნა, რომ არ არის გამორიცხული საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა აფხაზეთის პრობლემის თაობაზე.
            ამ კონფერენციის ფარგლებში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთმიმართება უკვე პრინციპულად განსხვავებული უნდა იყოს.
            შევადაროთ, მაგალითად, «ჟენევის ფორმატი» - ყარაბაღის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად შექმნილ «მინსკის ჯგუფს», რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის თანხმობით. «მინსკის ჯგუფის» თანასწორუფლებიანი თავმჯდომარეები არიან საფრანგეთი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
            ბუნებრივია, 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხელისუფლებისგან რაიმე «მკვეთრი მოძრაობა» გამორიცხულია; სავსებით გასაგები მიზეზის გამო, მაგრამ 9 აპრილის (ანუ ედუარდ შევარდნაძის თითქმის უეჭველი გამარჯვების) შემდეგ, იარსებებს «ხუთწლიანი კარტ-ბლანში» და, რაც მთავარია, საქართველოს საზოგადოებრივი აზრიც თანდათან უახლოვდება იმ მართებულ პოზიციას, რომ უნდა დარჩეს ყოველივე ისე, როგორც არის (რაც არავის აკმაყოფილებს) ან რაღაც უნ და შეიცვალოს მტკივნეული დათმობების ფასად.
            მაგალითად, ძალზე მტკივნეული იქნება, რასაკვირველია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადოს თვითდაშლა (საქართველოს ხელისუფლებისა და პრეზიდენტს მისი დაშლის არანაირი არც იურიდიული, არც პოლიტიკური და არც მორალური უფლება არა აქვთ) – მაგრამ ეს აუცილებელი იქნება, თუ გვინდა, რომ სოხუმის ხელისუფლება დაეთანხმოს ახალ ფორმატს და არ «ჩაებღაუჭოს» ძველს. ახალი ფორმატის ფარგლებში, რომელშიც პრიორიტეტი მიენიჭება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას (მაგრამ არა რუსეთს - როგორც ამჟამად) და მისი სახით, დასავლეთს – შესაძლებელია მოლაპარაკება ისევ და ისევ «თანასწორსუბიექტურობის» პრინციპის საფუძველზე, რაც დღემდე (ძველი ფორმატის ფარგლებში) კატეგორიულად მიუღებელი იყო.
            იმავე პრინციპის ფარგლებში შესაძლებელია დიალოგი რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე.
            მაგალითად, გალის რაიონის დემილიტარიზაცია და «დროებითი სტატუსი» გარდამავალ პერიოდში ერთობლივი ადმინისტრაციით, აგრეთვე, შეთანხმება «აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეობის» შესახებ, რომლითაც ეს ორი ცნება ერთმანეთისაგან გაიმიჯნება, ანუ (ვთქვათ) სოხუმში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს ექნება უფლება, მუდმივად იცხოვროს აფხაზეთში, აღზარდოს ბავშვები ქართულად, ქართულ სკოლაში, მაგრამ არ ექნება მიწათმფლობელობისა და აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

            რა თქმა უნდა, მტკივნეული დათმობაა, მაგრამ ყველაფერი სჯობია იმას, რაც დღეს გვაქვს.

დილის გაზეთი, 24 იანვარი, 2000 წელი