პუტინი ომის `გაყინვას` ცდილობს

პუტინი ომის `გაყინვას` ცდილობს

24 თებერვლიდან - დღემდე პუტინმა ვერ მიაღწია პროგრამა მაქსიმუმს: ვერ ჩამოშალა უკრაინის სახელმწიფო, ვერ დაიპყრო კიევი და ვერ დასვა იქ საკუთარი მარიონეტი.

კრემლის ამ დამარცხებას ორი ფუნდამენტური მიზეზი აქვს:

ა) დასავლეთის კოლოსალური დახმარება და ასევე მხარდაჭერა! (სხვადასხვა რამაა - რეალურად არც ერთი არ ყოფილა 2008 წელს საქართველოს შემთხვევაში - ცალყბა განცხადებები არ ითვლება)

ბ) უკრაინა არ არის საქართველო.

არც ერთი თვალსაზრისით!

აქ აღარ გავშლი.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მას შემდეგ, რაც ეს დამარცხება იწვნია (რაშიც ათეულობით სულმნათი ქართველი გმირის წვლილიცაა), პუტინი გადავიდა გეგმა B-ზე, რაც გულისხმობს `პროგრამა-მინიმუმით` მიღწეულის შენარჩუნებას.

`პროგრამა-მინიმუმს` კი მან ნამდვილად მიაღწია 2014 წლიდან - დღემდე: დაიპყრო ყირიმი, გაჭრა მასთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზა და მოახდინა დონბასის ინდუსტრიული ნაწილის (ეს უკრაინის მარგალიტი იყო), ასევე შავმიწა ნიადაგიანი რეგიონების (ეს მსოფლიოს მარგალიტია და არა მხოლოდ უკრაინის) ოკუპაცია.

ასევე, დაიპყრო ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.

თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ობიექტი, ამის საილუსტრაციოდ საკმარისია ითქვას, რომ მისი სიმძლავრე საკმარისია თითქმის მთელი საფრანგეთის მოსახლეობის მოსამარაგებლად ელექტროენერგიით.

მას შემდეგ, რაც მარცხი იწვნია, დღეს პუტინის მიზანი უკვე კიევის აღება და `პროგრამა მაქსიმუმის` განხორციელება კი არ არის, არამედ `პროგრამა-მინიმუმით` მიღწეულის შენარჩუნებაა.

მობილიზაცია, რომელიც მან გამოაცხადა, სწორედ ამ მიზანს ისახავდა და არა შეტევის განახლებას ამ ეტაპზე.

ანუ..... ახლა უკვე კრემლს სურს `ჩააბეტონოს` ზღუდე `პროგრამა-მინიმუმით` მიღწეულ ხაზთან და არ მისცეს უკრაინის არმიას საშუალება, გაარღვიოს ეს ხაზი, რათა გაათავისუფლოს დონბასი.

გავითვალისწინოთ, რომ შემტევ ძალას სამჯერ მეტი ჯარისკაცი სჭირდება - ეს სამხედრო საქმის ანაბანაა.

სავარაუდოდ, რუსულ გენშტაბში იციან. მობილიზაცია ამიტომ სჭირდებოდათ და არა (ვიმეორებ) მთელი უკრაინის დასაპყრობად.

და ამან `იმუშავა` როგორც ვხედავთ - ეს გენერალმა ზალუჟნიმ უკვე აღიარა.

ხოლო იმ მიზნით, რათა ხანგრძლივად (წლობით უკვე) `გაყინოს` სიტუაცია ამ ზღუდესთან, პუტინმა დაიწყო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება, რათა შექმნას ცხოვრების გაუსაძლისი პირობები, გატეხოს უკრაინელები, მილიონობით უკრაინელი კვლავ მიაწყდეს ევროპას და ა.შ. და ა.შ.

შესაძლოა დროებით შეწყვიტოს (ხოლმე) ეს დაბომბვები, თუ უკრაინელები არ შეუტევენ `პუტინის ხაზს` დონბასზე და ყირიმში.

ოღონდ თუ შეუტევენ, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას და ქალაქების უსინათლო-უწყლოდ დატოვებას გააგრძელებს მთელი ზამთარი.

რაც მთავარია, პუტინი ახლა ელის, რომ თუ დამყარდება უკრაინაში ამგვარი `მშვიდობა` და `ცეცხლის შეწყვეტა` თვეების და წლების განმავლობაში `ზღუდესთან`, უკრაინელი პოლიტიკოსები `უძრაობით` და `ჭაობით` დაიღლებიან და...... უმწიფარი დემოკრატიის პირობებში კვლავ დაიწყებენ `ერთმანეთის ჭამას`, მოსახლეობაში ამ `ჭმით` ნიჰილიზმის გაღვივებას, ერთმანეთზე კომპრომატების ნთხევას, მედია-ომებს, სახელმწიფო გადატრიალება-გადმოტრიალებებს, ანუ ყველაფერ იმას, რასაც აკეთებდნენ არათუ 2014 წლამდე, ესე იგი ყირიმის ანექსიამდე, არამედ 7 წლის განმავლობაში ყირიმის ანექსიის შემდეგაც:

დიახაც, `ერთმანეთს ჭამდნენ` მთელი ამ ხნის განმავლობაში, კორუმპირებული და გახრწნილი უკრაინული ელიტები!

პუტინი ახლა დაელოდება უკრაინაში `მოსაწყენი რუტინის` და `მოჩვენებითი მშვიდობის` დამყარებას, ხელჩაქნევას და 2-3-4 წლის შემდეგ განაახლებს შეტევას `პროგრამა-მაქსიმუმის` მისაღწევად.

მაგრამ რამდენჯერაც უკრაინა, ამ წლების მანძილზე, შეტევას განაახლებს `პუტინის ზღუდეზე`, იმდენჯერ ენერგეტიკულ ინფასტრუქტურას გაუნადგურებს ხელახლა - სარაკეტო დარტყმებს განაახლებს და ა.შ.

თუ არ შეუტევენ, აღარ დაბომბავს, რათა უკრაინის ნებისმიერ ხელისუფლებასაც და ზოგადად უკრაინულ ელიტებს შეუქმნას მოტივაცია, შეინარჩუნონ ის მყიფე მშვიდობა (მაინც), რაც გადაარჩინეს.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

რა შეიძლება დაუპირისპიროს ამ სტრატეგიას უკრაინამ? მხოლოდ ერთი: დაუყოვნებელი შეტევა `ზღუდეზე`, სანამ იქ რუსები საბოლოოდ `ჩაბეტონებულან`. მით უმეტეს, ინიციატივა მათ მხარესაა ხერსონის გათავისუფლების შემდეგ.

ეს კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას ექნება არა მხოლოდ `მხარდაჭერა`, არამედ სამხედრო `დახმარება` დასაველთისგან იმ მაშტაბით, რაც არა მარტო შემდგომი თავდაცვისთვისაა საკმარისი, არამედ.... დონბასის გათავისუფლებისთვის, რის შემდეგაც პუტინი ძალაუფლებას ნამდვილად ვეღარ შეინარჩუნებს და რუსეთი სისტემურად შეიცვლება!

საამისოდ კი...... უკრაინას სჭირდება ტანკები, ჯავშანმანქანები, თვითმფრინავები (რასაც არ აწვდიან), `პეტრიოტის` რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები (რასაც ჯერ მაინც არ აწვდიან), `ჰაიმარსის` შორსმწვდომი (!) რაკეტები (რასაც არ აწვდიან) და ასევე, მაგალითად, ინგლისური შესანიშნავი `შტორმ შედოუს` შორსმწვდომი რაკეტები (რასაც არ აწვდიან).

აი ამ ნიუნსით (ანუ, მიაწვდის თუ არა დასავლეთი უკრაინას ასეთ შემტევ იაარღს ვითარებაში, როცა იქ უკვე ყველას ესმის: პუტინი ამ ეტაპზე კიევს აღარ შეუტევს!) გამოჩნდება, რამდენად გულწრფელია დასავლეთი და რამდენად არის იგი (ს ი ნ ა მ დ ვ ი ლ ე შ ი) მზად ისტორიულად არ შეარჩინოს პუტინს `პროგრამა-მინიმუმით` დაპყრობილი.

თუ დასავლეთი დე-ფაქტო (`საქმე ლაპარაკის ნაცვლად`) ამისთვის მზადაა, უკრაინაში სტატუს-კვო გაიყინება რამდენიმე წლით, სანამ კრემლი `სულს მოითქვამს`.

ისტორიულად, პუტინი უკრაინას არ შეეშვება: კიევი რუსული სახელმწიფოებრივი იდენტობის ფუნდამენტური ფაქტორია, ხოლო ზბიგნევ ბჟეზინსკის მოარული გამონათქვამი ჩვენში არასწორად ესმით: ბჟეზინსკის ის კი არ უგულისხმია, რომ უკრაინის გარეშე რუსეთი ვერ იქნება `იმპერია`, არამედ ის, რომ უკრაინის გარეშე რუსეთი საერთოდ არ იქნება ანგარიშგასაწევი ევროპული და გლობალური აქტორი.

17 დეკემბერი 2022 წ.