პუტინის დუპლექსი

პუტინის დუპლექსი

         გასულ კვირას ლოგიკურად გაგრძელდა (იმედი ვიქონიოთ, დასრულდა) ინტელექტუალურ-ანალიტიკური მიეთმოეთი (სხვას ვერაფერს უწოდებ) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბაქოში «სენსაციური» ვიზიტის თაობაზე.
        მკითხველს ეხსომება ღრმააზროვანი მსჯელობანი იმის თაობაზე, რა «დიდია» ალიევი, როგორ შეძლო რუსეთის პრეზიდენტის ჩაყვანა აზერბაიჯანში მაშინ, როდესაც პუტინი საქართველოში არ ჩამოსულა, ჩვენი საცივი არ გაუსინჯავს და «დედმამიშვილების სადღეგრძელო» არ შეუსვამს.
        ირწმუნებიან, რომ ყარაბაღის საკითხი უკვე გადაწყვეტილია - ამის დასტურია სწორედ ალიევის ბრძნული პოლიტიკა და მისი ტიტანური ძალისხმევა «რუსეთთან საერთო ენის გამონახვისა», რის შედეგადაც ვლადიმირ პუტინმა ბაქოში ისეთ დეკლარაციას მოაწერა ხელი, სტეპანაკერტის ქვას გახეთქავდა.
        აქედან კეთდებოდა კიდევ უფრო «წიაღსვლითი» დასკვნები იმის თაობაზე, თუ, აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, როგორ ვკარგავთ ჩვენ (ქართველები) აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემათა გადაწყვეტის შანსს, მაშინ, როდესაც საამისოდ საკმარისია გავატაროთ ისეთივე ბრძნული პოლიტიკა, როგორსაც ატარებს ალიევი, ვინც ბაქოში თავშეფარებული ჩეჩნები დააპატიმრა და რუსებს ჩააბარა საკონცენტრაციო ბანაკებში საწამებლად.
        ესოდენ გენიალური ნაბიჯის შემდეგ (როგორიცაა ჩეჩნების გაცემა) რუსეთ-აზერბაიჯანის ახალი დიადი ეპოქა უნდა დაწყებულიყო, რომელიც აუცილებლად დაასრულებდა ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნებას, ან ყოველ შემთხვევაში, ყარაბაღის გარეთ მდებარე 6 აზერბაიჯანული რაიონის დეოკუპაციას და მილიონი აზერბაიჯანელი ლტოლვილის დაბინავებას მშობლიურ სახლებში.
        ამ რწმენის საწინააღმდეგოდ კრინტის დაძვრასა და ეჭვის გამოთქმას აზრი არ ჰქონდა - აქ სწორედ ის ფსიქოლოგიური დომინანტი იგულისხმებოდა, რომლის (უპირველესად) საქართველოში გასაღვივებლადაც ჩავიდა ვლადიმირ პუტინი ბაქოში, რაკი კრემლში შესანიშნავად შეისწავლეს 200 წლის განმალვობაში ქართული ფსიქოლოგია, თორემ «ყარაბაღის საკითხში» ბევრი არაფერი რომ არ შეიცვლებოდა რუსეთის პოზიციის თვალსაზრისით - იმთავითვე ცხადი იყო.
        არ გასულა ვლადიმირ პუტინის ვიზიტიდან 1 თვე, რომ თურქეთში ყოფნისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სენსაციური განცხადება გააკეთა. მან, ფაქტობრივდა, თურქეთს (ანუ ნატოს, შინაარსობრივად) ბაზების დაფუძნება შესთავაზა.
        ამრიგად, ალიევის განცხადება, ფაქტობრივად, თურქეთისა და ნატოსადმი სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსისაკენ მოწოდება იყო, ვინაიდან თურქეთი რეგიონში ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ფორპოსტია.
        სინამდვილეში, პუტინის «ისტორიული» ვიზიტის ერთადერთი შედეგი იყო ქართული პოლიტიკური სოციუმის შემდგომი დაბნევა - ამ თვალსაზრისით იგი მართლაც შეიძლება, მივიჩნიოთ ძლიერ სვლად, თორემ არც პუტინს და არც ალიევს, ისევე, როგორც აზერბაიჯანულ ელიტას (ქართული ელიტისგან განსხვავებით) რაიმე განსაკუთრებული ილუზია ყარაბაღთან დაკავშირებით არ ჰქონია.
        ჩვენ კი, ალბათ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ: ნებისმიერ პოსტსაბჭოურ კონფლიქტში კრემლი აუცილებლად იმას დაუჭერს მხარს, ვინც თვისებრივად (შინაგანი საზოგადოებრივი მისწრაფებებით) მისი სტრატეგიული მოკავშირეა. ვიღაც მეტად, ვიღაც ნაკლებად.
        მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთი ყოველთვის სომხეთის მხარეს იქნება, ვინაიდან «რუსული ორიენტაცია» სომხური საზოგადოების თვისებრივი არჩევანია, ხოლო აზერბაიჯანული საზოგადოება შეიძლება დაეთანხმოს «პრორუსულ» ორიენტაციას არა თვისებრივი არჩევანით, არამედ, ტაქტიკური მოსაზრებებით, იმავე ყარაბაღის პრობლემის გადასაწყვეტად და ასე შემდეგ.
        ზუსტად იმავე ლოგიკით მოქმედებს რუსეთი ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებში და ძნელი მისახვედრი არ არის, რომელ მხარეს აღიქვამს «სტრატეგიულ მოკავშირედ» - ყოველ შემთხვევაში მეორესთან შედარებით.
        ამჯერად, ძალზე საინტერესოა ცნობილი რუსი პოლიტიკოსის, სერგეი ბაბურინის შეხედულება იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მოლდაველი კომუნისტების «პრორუსულმა ორიენტაციამ» დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტაზე.
        თვით სერგეი ბაბურინი არათუ კომუნისტი არ ყოფილა, არამედ, საბჭოთა პერიოდში დაახლოებით აკაკი ბაქრაძის ყაიდის «ზომიერი დისიდენტი» იყო - იგი რუსი ნაციონალისტია.
        მოდით დავაკვირდეთ მის კომენტარს «რადიო როსიისათვის» მიცემულ ინტერვიუში: «მოლოდოვაში პრორუსული ძალების გამარჯვებამ ეიფორია არ უნდა წარმოშვას, თითქოს, დნესტრისპირეთის კონფლიქტი იოლდა გადაწყდება - გააჩნია, რა ნაბიჯებს გადადგამს ვორონინი და მთლიანად მოლდოვას ხელისფლება რუსეთთან დასაახლოებლად. რუსეთ-ბელორუსეთის კავშირში გაწევრიანება საკმარისი არ არის. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება. და საერთოდ, დნესტრისპირეთის პრობლემა არ გადაწყდება, თუ რუსეთი და მოლდოვა სხვადასხვა სახელმწიფოებრივ სუბიექტებად დარჩებიან (!!!- ავტ.), როგორი «პრორუსული» პოლიტიკაც უნდა გაატაროს კიშინიოვის ახალმა ხელისუფლებამ, თუ რუსეთი მას დაეხმარება, სად არის გარანტია, რომ ხვალ არ მოვა ხელისუფლების სათავეში ისევ პროდასავლური ძალა, როდესაც დნესტრისპირეთის პრობლემა უკვე გადაწყვეტილი იქნება?
        გარდა ამისა, დნესტრისპირეთის, აფხაზეთის და სხვა პრობლემიათა გადაწყვეტა (აგრძელებს ბაბურინი) შეიძლება მხოლოდ ეტაპობრივი პროცესი იყოს - ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი, დემოკრატიული, ფედერაციული სახელმწიფოს აღდგენის (!!! - ავტ.) პარალელურად. რასაკვირველია, რუსეთი არასდროს დაეთანხმება, რომ მოლდოვამ ძალით დაიბრუნოს დნესტრისპირეთის ისევე, როგორც საქართველომ აფხაზეთი - როგორი პრორუსული ძალებიც უნდა მოვიდნენ ამ რესპუბლიკების (!) სათავეში, მაგრამ საერთო სახელმწიფოებრივი სივრცის აღდგენის პარალელურად (იგულისხმება ყოფილი სსრკ სივრცე - ავტ.) პრობლემები თანდათან მოიხსნება».
        მკითხველს ბოდიშს ვუხდი ვრცელი ციტატისთვის, მაგრამ სერგეი ბაბურინს მადლობა ეთქმის იმ გულწრფელობისთვის, რომლითაც მან გამოაქვეყნა რუსული (სხვათა შორის, არაკომუნისტური) ისტებლიშმენტის კონცეფცია, რითაც მას ესახება პოსტსაბჭოური კონფლიქტების გადაწყვეტა.
        ვლადიმირ პუტინი ამ ისტებლიშმენტის წარმომადგენელია და ეს უეჭველად მისი კონცეფციაა.
        სხვა კონცეფცია (მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტისა), პუტინს არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.
        ასე რომ, «რუსეთ-ბელორუსეთის» კავშირი მხოლოდ «პირველი წრეა», სიადანაც იწყება დიადი გზა ჩვენს მიერ უარყოფილი ძმური კავშირისა - ოღონდ, რასაკვირველია, კაპიტალისტური სოციალ-ეკონომიკური წყობით და ერთგვარად პლურალისტური ატრიბუტიკით.

დილის გაზეთი, 26 მარტი, 2001 წ.