პრესის წინასაარჩევნო პრესი

პრესის წინასაარჩევნო პრესი

  როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების მოახლოების კვალობაზე «არჩევნების ადმინისტრატორები» დაინტერესდნენ პრესის უფლებებით და ყოველნაირად ცდილობენ მასმედია საკუთარ ინტერესებს მოარგონ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ამას ერთობ ეგზოტიკური მეთოდით აკეთებს. ამის მაგალითია, გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიღებული კანონმდემდებარე აქტი (ესე იგი, ჩვეულებრივი კანონივით აუცილებლად აღსასრულებელი ყველა მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ინსტიტუტის მიერ), რომელიც საარჩევნოდ დაძაბულ და ფეთქებადსაშიშ ვითარებაში დენთის კასრზე კოცონის დანთებას ჰგავს.
        ჩემთვის, პირადად, გაუგებარია, კონკრეტულად ვის მოუვიდა თავში ასეთი დადგენილების მიღება და რეალურად რა მიზანს ისახავს იგი. ჩვენს ხელისუფლებაში რომ იდიოტები მრავლად არიან, არავინ დავობს, მაგრამ მთლიანობაში, ალბათ, არც ისეთი რეგვენია ჩვენი ხელისუფლება, თავად აიფეთქოს თავი ან ყელი საკუთარი ხელით გამოიჭრას.
        თუ ყურადღებით გავეცნობით მიღებულ დადგენილებას, უეჭველად დავრწმუნდებით, რომ იგი ხელისუფლებისთვისაც არანაკლებ წამგებიანია, ვიდრე პოლიტიკური ელიტისა და მასმედიისთვის.
        მაგალითად, დადგენილება კრძალავს არჩევნებამდე თვენახევრის განმალვობაში ხელისუფლების წარმომადგენელთა ვოიაჟებისა და აქციების გაშუქებას, არადა, ეს ხომ, ეგრეთ წოდებული, «ადმინისტრაციული რესურსის» ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელია? მაგალითად, 1999 წელს მმართველი პარტიის გამარჯვება დიდწილად განაპირობა პრეზიდენტის ვიზიტებმა, მისმა ერთმნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ და შესაბამისმა «პიარ»-აქციებმა უშუალოდ ედუარდ შევარდნაძის, ზურაბ ჟვანიასა და ვაჟა ლორთქიფანიძის მონაწილეობით _ იქნებოდა ეს საქართველოს რეგიონებში სტუმრობა თუ საზღვარგარეთ (გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში( მართლაც წარმატებული ვიზიტებიტ, რამაც სათანადო ფონი შექმნა.
        ახალი კანონმდებლობით კი, პრეზიდენტს, მაგალითად (წინასაარჩევნოდ ვიზიტად რომც გაემგზავროს სადმე და ნატოში გაწევრიანების მსგავსი საარჩევნოდ მომგებიანი განცხადება გააკეთოს), აღარ ექნება საშუალება, სახელმწიფო ტელევიზიის მეშვოებით ამ აქციას სათანადო წინასაარჩევნო დატვირთა შესძინოს. უფრო მეტიც, ცსკ-ის დადგენილებით, ეს ვიზიტები საეროთდ არ უნდა გაშუქდეს!
        რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ საკუთარი თავისთვის ნებაყოფლობით აეკრძალა იმ ბერკეტებით სარგებლობა, რაც მას უპირატესობას ანიჭებს კონკურენტებთან შედარებით? მით უმეტეს, რომი იმავდროულად ხელისუფლებას ერთმევა სხვა უპირატესობით სარგებლობის უფლებაც, რასაც მას ფინანსური რესურსების გამოყენება ანიჭებს ისევე, როგორც მდიდარ პარტიებს: ხსენებული დადგენილებით, მასმედია (უპირველესად, ტელევიზია) მკაცრ ჩარჩოებში (შეიძლება ითქვას, მარწუხებში) ექცევა. იგი ვალდებულია, არჩევნებამდე 45 დღით ადრე გამოაქვეყნოს სარეკლამო კამპანიის ნიხრები და ტარიფები. ანუ ის, თუ რა ეღირება ამა თუ იმ არხზე, ამა თუ იმ დროს ერთი საეთერო წუთი ყველა მსურველისთვის.
        ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, სატელევიზიო არხი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაუთმოს საეთერო დრო ყველა პარტიას, ვინც მის სატარიფო მოთხოვნებს შეასრულებს. ესე იგი, უნდა გამოირიცხოს ვითარება, როდესაც «მდიდარი პარტიები» გადაინაწილებენ ეთერს, მაგრამ ამავდროულად, ტელევიზიებს ეკრძალებათ ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობის გაშუქებაც _ სარეკლამო ჩარჩოების მიღმა. ესე იგი, დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებიდან – 2 ნოემბრამდე საქართველოს მედიაში საერთოდ უნდა მოისპოს ის, რასაც ნევს-ი ეწოდება.
        საქართველოს ჩვეულ, ლაღ და თავისუფალ მედია%სივრცეში ეს სასაფლაოს სიმშვიდის დამყარებას ნიშნავს. თუმცა, რასაკვირველია, ეს კანონქვემდებარე აქტი არ შესრულდება და რომც გაატაროს რეგისტრაციაში იუსტიციის სამინისტრომ – ქაღალდზე დარჩება, რამდენიც უნდა იყვირონ მისმა ნამდვილმა ავტორებმა.
        ერთი წუთით დავუშვათ, რომ ნამდვილი ავტორი მთლიანად იზიარებს ევროპის საბჭოს ცნობილ რეკომენდაციებს წინასაარჩევნო პერიოდში მასმედიის მუშაობის წესთა და პრინციპთა შესახებ.
        ამგვარ შეზღუდვებში ევროპისათვის იქნება რაფერი თვისებრივად ახალი არ არის. როგორც გვიმტკიცებენ, დადგენილება თითქმის სიტყვა-სიტყვით გადმოწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცნობილი კანონიდან, რომელიც ბუნდესტაგმა 1976 წელს მიიღო. კანონის მიზანი იყო არჩევნების პერიოდში «მდიდარი» და «ღარიბი» პარტიების გათანაბრება, მათთვის წინასაარჩევნოდ თანაბარი საწყისი პირობების უზრუნველყოფა. იქნებ, ბეიკერის ათპუნქტიანი «დანაბარების» მეექვსე მუხლიც იძლევა ამგვარი ინტერპრეტაციის საფუძველს.
        «სამართლიანი არჩევნების» სქემატურ-ევროპული გაგება უეჭველად გულისხმობს, რომ იმ პარტიებს, რომლებსაც «პიარის» აგორების შესაძლებლობა, გამოცდილება და საშუალება აქვთ, აგრეთვე ის პარტიები, რომლებიც ფინანსური შესაძლებლობებით აღემატებიან კონკურენტებს, აუცილებლად უნდა მოექცნენ «თანაბარზომიერ» ჩარჩოებში ღარიბ და არაპოპულისტურ პარტიებთან, ნაკლებ ანგაჟირებულ და პოპულარულ ლიდერებთან, რომლებიც «პიარ» ტექნოლოგიებს ვერ იყენებენ (ან არ იყენებენ), მაგრამ პროგრამული თვალსაზრისით მომზადებულნი არიან და ამ გაგებით, უნდა ჰქონდეთ საშუალება მშვიდ, არაანგაჟირებულ გარემოში შესთავაზონ ამომრჩევლებს თავიანთი პოზიტიური პროგრამა.
        ამ ლოგიკით გამოდის, რომ არაფერი განსაკუთრებული ამ დრაკონულ, ანტილიბერალურ დადგენილებაში არ არის. ეს გზა თითქოს დიდი ხნი სწინათ, 1976 წელს, განვლო დასავლეთმა, რომლის წარმომადგენლებს არ სურთ გაიგონ და შეიგნონ, რომ მათი «პოლიტკორექტულობა» და პედანტური სამართლიანობა არ შეესაბამება თანამედროვე საქართველოს არც საზოგადო მენტალიტეტს და არც რეალიებს.
        ნებისმიერ შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება მიხვდება, რა გააკეთა.

დილის გაზეთი, 27 აგვისტო, 2003 წელი