„პლანაქეშების ქვეყანა“

„პლანაქეშების ქვეყანა“

 

პოლიტიკური პარტია (!) „გირჩის“ წინასაახალწლო პერფორმანსმა პირობითი სახელწოდებით  „პლანის დათესვა“, ჯერ-ჯერობით ის შედეგი გამოიღო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  არავინ დაუკითხავთ, მით უმეტეს არავინ დაუკავებიათ, მაგრამ სამართლებრივი რეაქცია ამ „სპექტაკლს“ აუცილებლად მოჰყვება.  შესაძლოა, არც ისე მკაცრი, მაგრამ რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.

სხვა საქმეა ამ რეაგირების შინაარსი და სიმწვავე. გასათვალისწინებელი აგრეთვე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტიურად გააუქმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა „მსუბუქ“ ნარკოტიკებზე. რასაკვირველია, იგულისხმება მხოლოდ მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა. რაც შეეხება გასაღება-გავრცელებას, მით უმეტეს დიდი ოდენობით, კვლავ დასჯადი ქმედება.

 აქვე უნდა აღინიშნოს (რაც ბევრს არ ესმის), რომ მაგალითად „გავრცელებაში“ არა მხოლოდ „გაყიდვა“ იგულისხმება. მეცნიერულად დადასტურებულია: ჰაშიშს, მარიხუანას, „ბანგს“ (ასე ჰქვია ჰიმმალაებში, სადაც გაჩნდა ეს ფენომენი) იგივე „პლანს“, როგორც წესი, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, მარტო არ ეწევიან! ამ ნარკოტიკული საშუალების მოყვარული, მინიმუმ, 1 ადამიანს მაინც „დააგემოვნებინებს“ მას.  ვიმეორებ: როგორც მინიმუმ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება ამ ფენომენისადმი (როცა გავრცელება იგულისხმება) ერთმნიშვნელოვანია.

რაც შეეხება „დეკრიმინალიზაციას, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ „გირჩმა“  სწორედ „დეკრიმინალიზაცია“ მოითხოვა და არა „ლეგალიზაცია“. ანუ, „ციხეში ნუ სვამთ ადამიანს მოხმარებისთვისო“, რაც არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სანქციებს და სხვა სოციალურ შეზღუდვებს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სანამ ამ შესაძლო შეზღუდვათა თაობაზე ვიტყოდეთ, საინტერესოა თვალი გადავავლოთ, როგორ რეგულირდება პრობლემა  სხვადასხვა ქვეყანაში. ნიდერლანდის მაგალითი საყოველთაოდ ცნობილია. ოღონდ ბევრმა არ იცის, რომ მაგალითად მარაზმატულობამდე ტოტალიტარულ, კომუნისტურ  ჩრდილო კორეაში კანაფი (მისი იქაური ნაირსახეობა) სრულიად ლეგალურია,  - ყველგან ზრდიან და ეწევიან. ამისთვის არავინ არავის სჯის!

საინტერესოა არა? ეს იმ არგუმენტის ავტორთათვის, ვინც ჯიუტად ცდილობს ჩაგვინერგოს ცრუ აზრი, თითქოს მარიხუანას მოწევის აკრძალვა „ტოტალიტარიზმის ნიშანია“, ხოლო ლიბერალურ საზოგადოებებში მიდგომა სხვაგვარი უნდა იყოს.

ჩრდილო კორეა ლიბერალიზმის ოაზისია?

ანუ, საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ჩვენებურ, ყველაფრის გამმარტივებელ-გამაპრიმიტივებელ „ექსპერტთა ლეგიონს“ წარმოუდგენია - შავ-თეთრი სქემებით რომ ცდილობს მუდამ ყველაზე რთული სოციალური პრობლემების ახსნას.

ჩრდ. კორეის მაგალითი კი  ადასტურებს: შესაძლოა ასეც ხდებოდეს ბევრგან,  - მარიხუანა იყოს „იარაღი“  რეჟიმის ხელში, - მოსახლეობის საბოლოოდ გამოსათაყვანებლად და მორჩილ ბრბოდ მის გადასაქცევად.

ყველგან და ყოველთვის არა, მაგრამ ასეც შეიძლება ხდებოდეს.

ესტონეთი სულ სხვა „შინაარსის“ ქვეყანაა. იქ მოწევა დაშვებულია, შენახვა კი (ნებისმიერი ოდენობით) - არა. ესე იგი „ადგილზე“ თუ მოწევ - შენი ნებაა. ოღონდ, როგორც კი ჯიბეში ჩაიდებ - კანონს არღვევ.

გერმანიაში, მცირე ოდენობით, ტარებაც  არ ისჯება, არათუ მოწევა. სპეციფიური „კაფე-შოპების“ გასახსნელად კი (როგორც ამსტერდამშია) მთელი მოძრაობაა დაწყებული.

ამერიკის ორ შტატში - კოლორადოსა და ვაშინგტონში (არ აგერიოთ ქალაქ  ვაშინგტონში) მარიხუანა ლეგალიზებულია, არათუ დეკრიმინალიზებული. სხვა რამდენიმე შტატში  რეფერენდუმები ჩატარდა და შესაბამისი იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს. თუმცა შტატების უმრავლესობაში ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია ჯერ-ჯერობით.

არგენტინაში საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სს-ს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო,  ანუ დეკრიმინალიზებულია, თუმცა კანონის ფორმა ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ მიუღია.

მექსიკაში იდეალური პირობებია კანაფის კულტივირებისთვის. დასაშვები ნორმა 5 გრამია. უფრო მეტზე - დიდი ჯარიმაა გათვალისწინებული.

ბელგიაში 5 გრამამდე მარიხუანას შენახვაც დასაშვებია. ოღონდ მხოლოდ სრულწლოვანთათვის, ანუ 18 წლის მოქალაქეებისთვის.

კანადა ამ მხრივ გარდამავალ პერიოდში იმყოფება.

პერუში შესანახად დასაშვები ოდენობა 8 გრამია. ჩეხეთში - 15 გრამი. კოლუმბიაში - 20 გრამი. ოღონდ  წარმოება, გავრცელება  და მით უმეტეს გაყიდვა მკაცრად ისჯება.

ხორვატეთსა და ჩილეში პირადი მოხმარება ლეგალიზებულია. მაგრამ, ისევ და ისევ, არა გავრცელება.

შვეიცარიაში დათესვა-მოყვანა-შენახვაც ლეგალურია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სწორედ შვეიცარიის მაგალითია ყველაზე ნიშანდობლივი: „აყვავებული, საათივით აწყობილი ქვეყანაა“. ანუ, თითქოსდა,  მკაფიო ილუსტრაცია არგუმენტისა, რაც მუდამ მოჰყავთ ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზების მომხრეებს: „დაღუპა შვეიცარია (ან იგივე ნიდერლანდი) მარიხუანას ლეგალიზებამ?“ ნამდვილად არა.

მაგრამ ამ არგუმენტის ავტორებს, სამწუხაროდ, ვერაფრით შეაგნებინებ, რომ ისევე როგორც ჩრდილო კორეის შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე უნივერსალური მოდელი, მეთოდი ან გადაწყვეტილება, რომელიც ყველა სოციუმს მიესადაგება. ის, რამაც შვეიცარია ვერ დაანგრია და ვერც დაანგრევდა,  შესაძლოა სრულიად კატასტროფული, გამანადგურებელი აღმოჩნდეს სხვა მენტალობის, სხვა საზოგადოებრივი შინაარსის, სხვა სოციალური „ისტორიის“ ქვეყანაში.

ისტორიას რაც შეეხება, ბევრმა ასაკის გამო არ იცის, არც აინტერესებს (სამწუხაროდ), სხვები კი ცდილობენ „დაივიწყონ“ ან მიჩქმალონ, რა ხდებოდა ამ მხრივ საქართველოში. არადა იმათ, ვინც 50 წელს გადააბიჯა, „კარგად“ უნდა ახსოვდეთ, რა უბედურება ტრიალებდა 1970-იანი წლებიდან დაწყებული: რამდენი ოჯახი დაინგრა, განადგურდა . . . . . C-ჰეპატიტზე აღარაფერს ვამბობ. მთელი თაობა, მთელი სოციალური კატეგორია  გადაგვარდა!

თანაც ის კატეგორია, რომელიც ყველა სხვა შემთხვევაში, ქვეყნის ელიტა უნდა ყოფილიყო, რადგან განვითარების აბსოლუტურად ყველა წინაპირობა ჰქონდა - მატერიალურიც და „სოციალური ლიფტების“ თვალსაზრისითაც. უამრავი მაგალითი შეიძლება დავასახელოთ 1970-იანი წლებიდან, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ოჯახებისა, რომელიც სწორედ ნარკოტიკმა დაღუპა.

შვეიცარიაში, ნიდერლანდში, თუნდაც ჩეხეთში, ამგვარი რამ გამორიცხულია: იქ ნარკომანია სოციალური „კეთრია“ და არა პრესტიჟი. ამიტომაცაა დეკლასირებული ელემენტების ხვედრი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„პლანი შეჩვევას არ იწვევსო“ - ურცხვი ტყუილია! ისევე, როგორც ამ „მსუბუქი“ ნარკოტიკის კავშირის „არარსებობა“ ე.წ. „მძიმე ნარკოტიკებთან“. საქართველოში 1000 „მძიმე“ ნარკომანიდან 999-ს სწორედ „პლანით“ აქვს დაწყებული და არა პირდაპირ მორფინით, კოკაინით ან ჰეროინით.

მეორეს მხრივ, ის არგუმენტი, რომ ადამიანი „პლანის“ მოწევის გამო ციხეში არ უნდა ჩასვა, სერიოზული და ძნელად უარსაყოფია. ასევე, თუნდაც სხვა ნარკოტიკების გამო. ოღონდ თუ არ იგულისხმება გავრცელება, მით უმეტეს გაყიდვა.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხში სრული უკომპრომისობაა. არადა ასეთი მიდგომა არათუ უპერსპექტივო და კონტრპროდუქტიულია, არამედ დამაზიანებელიც. ბევრად გონივრული იქნებოდა იმ მეთოდის გამოყენება, რაც უკვე აპრობირებულია სხვადასხვა  ქვეყანაში. თუნდაც იმავე ნიდერლანდში.

საერთო ფორმულა შემდეგია: ლეგალიზება გნებავთკი ბატონომაგრამ ლეგალიზება პირველ რიგში ნიშნავს დეკლარირებას!!!“

„ლეგალიზება“ ჩვენში ასე ესმით, რომ თუ პოლიციამ გაგაჩერა, მარიხუანა აღმოგიჩინა გარკვეული ოდენობით, თუმცა სხვა ნარკოტიკი არ აღმოგაჩნდა, „მოწეულშიც“ რომ იყო, ბოდიშს მოგიხდის და დაგემშვიდობება.

 სინამდვილეში, ლეგალიზება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი კანონით ვალდებულია, განაცხადოს და სახელმწიფოს აცნობოს თავისი ჩვევის შესახებ. თუ განაცხადებს და ლეგალიზდება, - მისი ნებაა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მას დაეხმარება, თავად მოამარაგებს ნარკოტიკით (შესაძლოა არა მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკით), რაკი ადამიანი მართლაც თავად წყვეტს საკუთარ ბედს.

ოღონდ „ლეგალიზება“ იმასაც გულისხმობს, რომ რაკი ეს ადამიანი სოციალური რისკის შემცველია, იგი მუდამ მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და, რაც მთავარია,  არავითარი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ კანონმდებლობა აღარ დაიცავს მის ანონიმურობას: ნურას უკაცრავად, თუ ნარკომანი ხარ, ამის თაობაზე ინფორმაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. შესაბამისად, ვერც საზღვარგარეთ წახვალ, ვერც სამსახურში მოეწყობი და სხვა სოციალური ბარიერებიც გექმნება როგორც ობიექტურად, ასევე სუბიექტურად ანუ კანონმდებლობით.

 ხოლო დეკლარირებაზე უარის თქმა, ავადმყოფური ჩვევის მიჩქმალვა,  კვლავინდებურად გამოიწვევს სანქციებს და იძულებით აღრიცხვაზე აყვანას - იგივე სოციალური შედეგებით.

 არგუმენტი „ამ ერთხელ მოვწიე, ნარკომანი კი არა ვარ“ - ვერსად ჭრის, რადგან ჯერ ერთი, იოლი დასადგენია, ადამიანი რეგულარულად „ეწევა“ თუ მართლა „იმ ერთხელ მოწია“ და „ერთხელ მოწევაც“ იწვევს ბევრ ქვეყნაში აღრიცხვაზე აყვანას. უბრალოდ, ეს აღრიცხვა შედარებით მსუბუქია და ნაკლებ შემზღუდავი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კი ბატონო,  „ადამიანის პირადი საქმეა, რას უზამს საკუთარ ორგანიზმს“, მაგრამ სხვა ადამიანის უფლებაა იცოდეს, მაგალითად, ვის იყვანს სამსახურში, ან ვის ატანს ცოლად ქალიშვილს და ხომ არ არის იგი აღრიცხვაზე აყვანილი, როგორც ნარკომანი.

ეს საჯარო ინფორმაციაა და არა პრივატული! ასეა ძალიან ბევრ სახელმწიფოში. 

მეორეს მხრივ,  სამუდამო სტიგმაც არაა (თუმცა „გამოსწორებული“ ანუ „განკურნებული“ ჰეროინ-მორფ მომხმარებელი არ არსებობს - არ დაიჯეროთ!): ადამიანმა შეიძლება ლეგალურად იმკურნალოს და მოიხსნას აღრიცხვიდან; შესაბამისად, ამოვარდეს მონაცემთა ბაზიდანაც, მაგრამ თუ ამის შემდეგ კვლავ აღმოუჩენენ ნარკოტიკს, მაშინ ბევრად უფრო მკაცრი „აღრიცხვისა“ და მეთვალყურეობის ობიექტი ხდება - რეგულარული კონტროლის ვალდებულებით, ქვეყნის შიგნითაც კი ნებისმიერი გადაადგილების შესახებ სახელმწიფოს ინფორმირების აუცილებლობით, უცაბედი ჩხრეკებით ბინაში, უამრავი სხვა სოციალური შეზღუდვით და ა.შ.

თუკი ის „გირჩელები“, ვინც მარიხუანას ლეგალიზებას ან დეკრიმინალიზებას  მოითხოვს, ამასთანავე არ დაეთანხმებიან პრინციპს, რომ ლეგალიზებაც და დეკრიმინალიზებაც აუცილებლად უნდა გულისხმობდეს დეკლარირებას, მაშინ სრული უფლებით შეგვეძლება დავასკვნათ, რომ ნებსით თუ უნებლიეთ საშინელი რისკის წინაშე აყენებენ ამ ჩვენს ისედაც დავრდომილ და მრავალი სოციალური მანკით დაავადებულ საზოგადოებას.

2016