პეტრე ცისკარიშვილის გატაცება

პეტრე ცისკარიშვილის გატაცება

ვისთვის რეკს ზარი?
       

        პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის გატაცებასთან დაკავშირებული იდუმალებით მოცული ამბავი შეიძლება ძალიან სერიოზულ კრიზისში გადაიზარდოს, თუ პოლიცია და სპეცსამსახურები უახლოეს მომავალში ვერ შეძლებენ ამ საქმის გახსნას ან პეტრე ცისკარიშვილი 2-3 დღეში არ დაბრუნდება თბილისში.
        უბრალოდ აღმაშფოთებელია, რომ დეპუტატს იტაცებენ თბილისში (!) და დაუბრკოლებლად მიჰყავთ 220 კილომეტრში მდებარე ხეობაში. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა შეიძლება ელოდოს უბრალო მოქალაქეს, თუ ასე გაგრძელდა.
        ამდენად, პეტრე ცისკარიშვილის პიროვნული უბედურება ყოველ ჩვენგანს ემუქრება.
        ცისკარიშვილი სულ 27 წლისაა. იმ იდიოტური ჭორების გათვალისწინებით, რაც უკვე გავრცელდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იგი შესანიშნავი სპორტსმენია - იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამთო-სათხილამურო სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1997 წელს კი, ამერიკულ კოლორადოში დაამთავრა კოლეჯი და მიიღო ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი, რაც ამერიკაში გაცილებით რთულია, ვიდრე ყოფილ საბჭოთა კაშვირში იყო «მეცნიერებათა კანდიდატის» წოდების მოპოვება.
        მისი სპეციალობაა «საერთაშორისო ურთიერთობები».
        თბილისში ცხოვრობდა საშუალოზე ხელმოკლედ. კარგა ხნის განმავლობაში მუშაობდა კომერციულ მენეჯერად «ქართულ ჯგუფში» და საკმაოდ მაღალი ხელფასიც ჰქონდა (თვეში 300 ლარი), მაგრამ ამ კორპორაციის წევრები კატეგორიულად უარყოფენ, რომ პეტრე ცისკარიშვილს სამოხელეო ინტერესის გარდა, რაიმე სხვა დაინტერესება ჰქონდა. «ქართუში» იგი არ ფლობდა აქციებს და საკუთარი ბიზნესიც არ ჰქონია, არანაირი კონფლიქტი არ მოსვლია. «ქართუდან» წამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო და დეპუტატი გახდა. ანი სურმავაზე დაქორწინებას უახლოეს მომავალში აპირებდა, მას შემდეგ, რაც ბინის პრობლემას მოაგვარებდა.
        პეტრე ცისკარიშვილი, დეპუტატობის გარდა, იყო პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს ხელმძღვანელი. ამ პოსტზე მან ზურაბ ნოღაიდელი შეცვალა. ახლობლების თქმით, პეტრე გვიანობამდე (23 საათამდე) რჩებოდა პარლამენტში, ისევე, როგორც ზურაბ ჟვანია. ორშაბათსაც, დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე დაუკავშირდა საცოლეს და რუსთაველზე (!) გასეირნება შესთავაზა. დილით მას შემდეგ, რაც პეტრე და ანი სახლში არ დაბრუნდნენ, ატყდა განგაში.
        სამშაბათს, მთელი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა განყოფილება ეძებდა დაკარგულ BMჭ-ს, რომელიც გვიან საღამოს ახმეტის რაიონში აღმოაჩინეს, ეგრეთ წოდებულ, «ბახტრიონის ხიდთან», ანუ გამტაცებლებმა (მათი რაოდენობა ზუსტად არავინ იცის, მაგრამ იმავე მანქანაში 4-ზე მეტი ხომ ვერ ჩაეტეოდა?) პეტრე და ანი შინაგანი ჯარის პოსტებამდე რამდენიმე კილომეტრში გადმოიყვანეს მანქანიდან (რაკი პოსტებზე უეჭველად გააჩერებდნენ და მანქანას გაუჩხრეკდნენ) და ფეხით გადაიყვანეს პანკისის ხეობაში.
        ვიმეორებ, ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი ის არის, რომ გატაცება მოხდა თბილისში. გამორიცხულია, პეტრე ცისკარიშვილი ღამის 11 საათზე თბილისიდან ქალაქგარეთ გასულიყო საცოლესთან ერთდა. ეს დილით რომ მომხდარიყო, კიდევ შეიძლებოდა, ასე გვევარაუდა, მაგრამ გვიან საღამომდე ის პარლამენტში იყო.
        მაშასადამე, უკვე მეორე შემთხვევაა (ესპანელი ბიზნესმენების შემდეგ), როდესაც კრიმინალური ბანდები თბილისიდან ადამიანს იტაცებენ, თანაც არა ჩვეულებრივ მოქალაქეს, არამედ პარლამენტის წევრს. მოტივი მხოლოდ ფულის გამოძალვა შეიძლება იყოს, ოღონდ არა ოჯახებისაგან (მათ ბევრი არაფერი აბადიათ), არამედ სახელმწიფოსგან!! მაშასადამე, კრიმინალები უკვე იმდენად გათავხედდნენ, სახელმწიფოს უწყობენ შანტაჟს, რაკი იმედი აქვთ, გამოსასყიდს უშუალოდ სახელმწიფოსგან მიიღებენ.
        პოლიტიკური მოტივი აქ არ ჩანს - ყოველ შემთხვევაში, პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩნებს ამგვარი რამ არ შეიძლება ხელს აძლევდეთ, თუმცა, ხეობა დიდია და იქ მძევლების გადამალვა რთული არ არის. არც ისაა გამორიცხული, იგივე ბანდა მოქმედებდა არა მხოლოდ ესპანელი ბიზნესმენების, არამედ «წითელი ჯვრის» დამკვირვებელთა გატაცების შემთხვევაშიც.
        თუ ვითარება უახლოეს დღეებში მართლაც არ განიმუხტა, ეს ძალზე დაძაბულ ფონს შექმნის იმ პოლიტიკური პროცესებისთვის, რაც უახლოეს მომავალში უნდა განვითარდეს თბილისში. ....

დილის გაზეთი, 10 მაისი, 2001 წელი