ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობა

ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობა

        გუშინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, «თვითმკვლელობამდე მიყვანის» მოტივით, - ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის გამო. არის ასეთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ძალიან იშვიათად გამოიყენება, ვინაიდან შესაბამისი მოტივაციის დამტკიცება უაღრესად ძნელია.
        შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობა საერთო დაძაბული სიტუაციისა და გაუთავებელი პოლიტიკური ინტრიგების გამოხატულება გახდა, რაც იმთავითვე «გადაიხლართა» ყველა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პროცესში: პანკისიდან – ბათუმამდე.
        როგორც ცნობილია, ბორის კაკუბავამ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასა და ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში დაადანაშაულა. ამ უკანასკნელ ფანტასტიკურ ბრალდებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, თუმცა საჯაიასთვის ესეც მტკივნეული და აღმაშფოთებელი იქნებოდა.
        ოფიციალური მონაცემებით, ნუგზარ საჯაიამ გუშინ დილით ჩვეულებრივი თათბირი ჩაატარა და, თვითმხილველთა თქმით, «საამისო არაფერი ეტყობოდა». მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერზე მეტყველებს: სუიციოლოგია ადასტურებს, რომ ასეთ შემთხვევაში, მომავალ თვითმკვლელებს სუიციდამდე რამდენიმა საათით ადრე ბევრი არაფერი ეტყობათ.
        დაახლოებით 11 საათსა და 15 წუთზე მისი კაბინეტიდან გასროლის ხმა გაისმა. ნუგზარ საჯაიას მაგიდაზე რამდენიმე გაზეთი ეწყო, ცნობილი ინტერვიუებით და ცნობილი ბრალდებებით (სექსუალური ორიენტაციის თაობაზე), რასაც, ახლობლების თქმით, ძალიან განიცდიდა. სხვათა შორის, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტიდან და ქცევის სტილიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, პიროვნულ ბრალდებებსა და სხვა ამგვარ პრობლემებს იგი წონასწორობიდან გამოეყვანა. შესაძლოა, მისი ფსიქოლოგიური წყობა გამორიცხავდა სასამართლოებში სირბილს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც არ აღიქვამდა სრულ კომპენსაციად.
        როგორც ჩანს, მან თვითმკვლელობა ჩათვალა უკანასკნელ არგუმენტად. ჰიპოთეზას სრულებითაც არ ეწინააღმდეგება ის გარემოება, რომ ნუგზარ საჯაია ძალიან სერიოზულ და გავლენიან ფიგურად ითვლებოდა პრეზიდენტის გარემოცვაში. «რუხი კარდინალი» საჯაია არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, იმ უბრალო მიზეზით, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე ასეთ ფიუგრას თავის გარემოცვაში ვერ მოითმენდა.
        ამდენად, ნუგზარ საჯაია დიდხანს შერჩა ამ თანამდებობაზე ერთადერთი მიზეზით: იგი ძალიან ძლიერი მოღვაწე იყო და თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებდა. შემთხვევითი არ არის, თუ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო პოსტებზე პიროვნებები ინიშნებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან. მათ შორის უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და ასე შემდეგ.
        ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ნიჭიერებაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ იგი მტკიცედ აკონტროლებდა ყველა ძალისმიერ სტრუქტურას, ხელისუფლების ყველა ბერკეტს, რომლითაც სახელმწიფო ძალაუფლება ხორციელდება და, იმავდროულად, სრულებით არ ყოფილა «ანგაჟირებული» _ ამის მიღწევა კი არც თუ ისე ძნელია.
        კიდევ უფრო ძნელი იქნება მისი შემცვლელის პოვნა, რომელიც ასევე შეძლებს შეუნარჩუნოს «არპოლიტიზირებულობის» იმიჯი. «პოლიტიკურად ანგაჟირებული» უშიშროების საბჭოს მდივანი კი ძალიან სერიოზულ პრობლემას შექმნის. მომხდართან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას: ყველაზე ადვილია მასმედიის დადანაშაულება, მაგრამ პრესა საზოგადოებაში არსებული ფასეულობების სარკეა. საკმაოდ საფუძვლიანად უნდა ჩაითვალოს აზრი, რომ ჭეშმარიტ დემოკრატიას (მათ შორის სიტყვის თავისუფლებას) სჭირდება შესაბამისი ეროვნული მენტალიტეტი. ჩვენ ასეთი მენტალიტეტი არ აღმოგვაჩნდა. მაშასადამე, ან დემოკრატიას დავანებოთ თავი, ან მენტალიტეტი შევიცვალოთ.
        საქინფორმი იუწყება, რომ გუშინ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. როგორც სხდომაზე ითქვა, გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 115-ე და 148-ე მუხლებით. ამავე დროს, გამოითქვა ერთმნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ საჭიროა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა იმგვარ დანაშაულობათა წინააღმდეგ, რომლებიც მიმართულია პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვისა და დამცირებისაკენ.
        საბჭოს წევრთა შეფასებით, მომხდარი ტრაგედია შემადგენელი ნაწილია შორსგამიზნული კამპანიისა, რომელიც საზოგადოების მორალურ ტერორს ისახავს მიზნად და რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა საქართველოს პრეზიდენტის ფიზიკური განადგურების მცდელობათა ჩაშლის შემდეგ. ამ კამპანიის საბოლოო ამოცანას კი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საძირკვლის მოშლა და მისი დისკრედიტაცია წარმოადგენს.

დილის გაზეთი, 26 თებერვალი, 2002 წელი