ნოემბრის ტკბილი სულისკვეთება

ნოემბრის ტკბილი სულისკვეთება - ეროვნული მოძრაობა

ნოემბრის ტკბილი სულისკვეთება

1988 წლის 25 ნოემბერია. «მთავრობის სახლის» წინ მესამე დღეა მიმდინარეობს უპრეცედენტო საპროტესტო აქცია. ასეულობით ადამიანი შიმშილობს. დამსწრენი გაკვირვებითა და სიხარულით შესცქერიან არნახულ მოვლენას: ანტირუსული და ანტისაბჭოთა ლოზუნგები, ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნა, რუსეთისა და კრემლის ლანძღვა - გინება.
    ჰაერში «აკრძალული ხილისა» და თავისუფლების ტკბილი სურნელი ტრიალებს. ამ სურნელით არის გაჟღენთილი ირგვლივ ყველა და ყველაფერი. მომიტინგეები სიხარულითა და მოულოდნელობით მთვრალნი არიან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კომუნისტური რეჟიმისადმი ზიზღმა, პიროვნული თავისუფლებისადმი სწრაფვამ მიიყვანა აქციაზე, მაგრამ (მიაქციეთ ყურადღება) ანტიკომუნისტური ლოზუნგები თითქმის არ ჩანს. ძირითად ლოზუნგებს ანტირუსული და ანტიიმპერიული მიმართულება აქვს.
    მერაბ კოკოჩაშვილი გია ჭანტურიას ინტერვიუს ართმევს მომავალი დოკუმენტური ფილმისათვის.
    გია ჭანტურია: «გარდაქმნის დაწყება განაპირობა არა გორბაჩოვის კეთილმა ნებამ, არამედ პრეზიდენტის ინიციატივამ კოსმოსური თავდაცვითი სისტემის შექმნის შესახებ».
    «პრეზიდენტში», რასაკვირველია რონალდ რეიგანი იგულისხმება.
    ალბათ ბევრს ახსოვს ის ტკბილი, დამათრობელი ატმოსფერო. შეიძლება ითქვას, ნოემბრის აქციამ ადამიანებს თავისუფლების ღირსება შესძინა. ამ ტკბილი შეგრძნებით მთვრალნი, ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ თვით მიტინგის მიმართულებას, მის ასე ვთქვათ «იდეოლოგიას». მაგალითად, ორგანიზატორი პარტიის მიერ დღეს მორცხვად მიჩქმალულ საუბრებს ე.წ. «თეოდემოკრატიაზე».
    ნოემბრის აქცია მართლაც პირველი და აკრძალული ხილი იყო. მიტინგებს ათეულობით ათასი ადამიანი ესწრებოდა. . . . «საქართველოს დამოუკიდებლობა. . . . მოდერნიზებული რუსეთის იმპერია. . . საბჭოთა რუსეთის აგრესია. . . რუსო ოკუპანტებო გაეთრიეთ საქართველოდან! . . . ოკუპაცია. . . ანექსია. . . დეოკუპაცია. . . . დეკოლონიზაცია. . . . ეროვნული დამოუკიდებლობა. . . .»
    ახლა კი წარმოვიდგინოთ (წარმოსახვა ხომ გვაძლევს ამის უფლებასა და საშუალებას), რომ იმ მიტინგის რომელიმე რიგითი მონაწილე (არა აქციის ორგანიზატორი, არა მოშიმშილე, არამედ სწორედ რიგითი მონაწილე, თვითმხილველი, ვისაც სიხარულით უძგერდა გული «აკრძალულით ტკბობისას»)  დროის მანქანის მეშვეობით გადმოვიყვანეთ მყოფადში სულ 5 წლით.
    1993 წლის 25 ნოემბრამდე, რა თქმა უნდა, აქციის მონაწილეთა და თვითმხილველთა უმრავლესობამ იცოცხლა. მაგრამ მათ ამ ისტორიული პერიოდის ყველა პერიპეტია თანდათანობით გაიარეს და ამდენად, მათთვის 1993 წლის 25 ნოემბერს შექმნილი ვითარება მოულოდნელი ან განსაცვიფრებელი არ იქნებოდა.
    ანუ, საინტერესო სწორედ ის არის (ჰიპოთეტური წარმოსახვისას), თუ რას იგრძნობდა 1993 წლის 25 ნოემბერს ადამიანი, რომელსაც ხსენებული «ევოლუცია» არ გაუვლია და 1988 წლის საქართველოდან პირდაპირ 1993 წლის საქართველოში აღმოჩნდა.
    რაკი პირველი 25 ნოემბერი აღვწერეთ, ისიც გავიხსენოთ, რა ხდებოდა 1993 წლის 25 ნოემბერს: აფხაზეთი და «სამაჩაბლო» დაკარგულია; ენგურზე ახლახანს აფხაზური ტანკი «ცეკვავდა»; სეპარატისტები ზეიმობენ საქართველოს ისტორიულ დამარცხებას; სამეგრელოში სამოქალაქო ომი გიზგიზებს; დასავლეთ საქართველოს სოფლები არტილერიითა და ავიაციით იბომბება; თბილისის ცენტრი დამწვარი და დანგრეულია; ქვეყანაში რუსის ჯარი შემოდის «რათა სამოქალაქო ომი შეაჩეროს»; პურზე უკიდეგანო რიგები დგას; თბილისი და მთელი საქართველო ჩაბნელებული და გათოშილია; ფაქტობრივად შიმშილი მძვინვარებს; შეიარაღებული ბანდები მოსახლეობას მოურიდებლად და უმოწყალოდ ძარცვავენ; ქვეყნის ბედს «კანონიერი ქურდები» წყვეტენ და ასე შემდეგ.
    როგორ გგონიათ, ის ადამიანი, ვინც 1988 წლის 25 ნოემბერს «აკრძალული ხილის» ტკბილი, დამათრობელი სურნელით იყო გაბრუებული და სიხარულს ვერ მალავდა, - რა ხასიათზე დადგებოდა, რას მოიმოქმედებდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო სულ რაღაც ხუთიოდე წლით გადმოგვეყვანა დროში და ისევ უკან დაგვებრუნებინა?
    რა თქმა უნდა, მიტინგზე არ გამოვიდოდა და «ლიდერების» ლანძღვას არ დაიწყებდა (ვერ გაბედავდა), მაგრამ «მოძრაობისადმი» ყოველგვარ სიმპათიას დაკარგავდა და იქაურობას მხრებაწურული გაეცლებოდა.
    ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსათვის საკმაოდ ხშირ პათოლოგიურ მოვლენასთან არ გვექნებოდა საქმე და ნორმალური, არაპარანოიდული ინდივიდი შეგვხვდებოდა საექსპერიმენტოდ.
    ისიც საგულისხმოა, რომ თვით «ლიდერთა» დამოკიდებულება, განწყობა, ტაქტიკა და სტრატეგია ამით მაინც არ შეიცვლებოდა, ვინაიდან (ვიმეორებ) მათ «უღირდათ» ამ ფასად.

    1988 წელს საქართველოში «პოლიტიკის კანონთა გათვალისწინების აუცილებლობაზე» საუბარი გაღიზიანებას ან სრულ გაუგებრობას აწყდებოდა. არადა, ელემენტარული რაციონალური განსჯით სავსებით შესაძლებელი და სულ იოლი იყო მაშინვე გაგვეთვალა, რას - რა მოჰყვებოდა, რომელ ბერკეტებსა და «კოზირებს» გამოიყენებდა კრემლი საქართველოში «მოძრაობის» საწინააღმდეგოდ, რომელ «შეყოვნებული მოქმედების ნაღმებს» აგვიფეთქებდა.
    იმ დროს კრემლი სხვადასხვა რესპუბლიკაში სხვადასხვა ხარისხისა და სიმძლავრის ბერკეტებს ფლობდა ვითარებაზე ზემოქმედების მოსახდენად. მაგალითად, ლიტვაში მისი პოზიციები ყველაზე სუსტი იყო და ამ რესპუბლიკამ სწორედ ამიტომ გამოაცხადა პირველმა დამოუკიდებლობა.
    «კრემლის ბერკეტებში», რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებს არ ვგულისხმობ (ამის ნაკლებობა არც ლიტვაში იგრძნობოდა). საბჭოთა არმია, რასაკვირველია, ყველგან იდგა, მაგრამ იმ ვითარებაში მისი გამოყენება არაეფექტური იქნებოდა - რაც დადასტურდა კიდეც 1991 წლის იანვრის მოვლენათა შედეგად.
    ამჯერად «ზემოქმედების ბერკეტებში» ვგულისხმობ ისეთ ფაქტორებს, რომელთა მეშვეობით იმპერიას შეეძლო შეფარული, შენიღბული, არაპირდაპირი ზეწოლა და აგრესია განეხორციელებინა ამა თუ იმ რესპუბლიკის წინააღმდეგ.
    ამ მხრივ ლიტვას შესანიშნავი საწყისი პოზიციები ჰქონდა: რესპუბლიკა რუსეთის ძირითად ტერიტორიას უშუალოდ არ ესაზღვრებოდა (სტრატეგიულად ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ); მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (ლატვიისა და ესტონეთისაგან განსხვავებით) ლიტველები წარმოადგენდნენ; დასავლეთს საბჭოთა კავშირში ლიტვის ინკორპორაცია იურიდიულად არასდროს უცვნია; ამერიკასა და ევროპაში ლიტველებს მძლავრი, მრავალრიცხოვანი და უაღრესად გავლენიანი დიასპორა ჰყავდათ; ლიტვურ-პოლონურ წინააღმდეგობებზე თამაშიც შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან პოლონეთისა და ლიტვის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ამდენად, «ვილნოს ოლქის» კუთვნილების საკითხი არც ერთ მხარეს არ გაუმწვავებია და ლიტვაში მცხოვრებმა პოლონურმა უმცირესობამაც ლოიალობა შეინარჩუნა.
    ამრიგად, ლიტველთა დასამარცხებლად კრემლს არც ისე ბევრი კოზირი გააჩნდა. «ძალისმიერი ბერკეტი» კი, ვიმეორებ, არაეფექტური გამოდგა.
    ახლა კი ვნახოთ, 1988 წლისათვის რა მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით საქართველოში. ანუ, რამდენი ისეთი (სტრატეგიული) პრობლემა არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უეჭველად იქცეოდა ზემოქმედების მძლავრ და ეფექტურ იარაღად იმავე კრემლის ხელში:
    ჯავახეთი - სომხური უმრავლესობით კომპაქტურად დასახლებული მხარე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სომხეთს. მოსახლეობას თითქმის არაფერი აკავშირებს საქართველოსთან სოციალ-ეკონომიკური და ცნობიერი თვალსაზრისით. იგი თავს თვლის «სომხეთის მთიანეთის» ანუ სომხეთის მაცხოვრებლად და რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ორიენტირებულია სომხეთზე, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა კავკასიაში.
    ქვემო ქართლი - მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ აზერბაიჯანელები. რეგიონი უშუალოდ ესაზღვრება აზერბაიჯანს. ცნობიერი და სხვა თვალსაზრისით აგრეთვე აბსოლუტურად არაფერი (არავითარი აუცილებლობა) არ აკავშირებს საქართველოსთან. მოსახლეობა თავს მიიჩნევს «დიდი თურქული ერთობის» განუყოფელ ნაწილად.
    «თურქი მესხების» პრობლემა - 1944 წელს, სტალინისა და ბერიას ბრძანებით მესხეთიდან აყარეს და ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს ამ მიწის ძირძველი მკვიდრნი, - გათურქებული მესხები (ქართველები), რომელთაც საერთოქართული ცნობიერება თითქმის მთლიანად დაკარგული ჰქონდათ.
    «პერესტროიკის» დაწყებისთანავე, არა მხოლოდ რუსული, არამედ ევროპული და მსოფლიო საზოგადოება უდიდეს უსამართლობად თვლიდა იმ ფაქტს, რომ გამომდინარე საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, საქართველოს არ სურდა დაებრუნებინა «თურქი-მესხები» მესხეთში, - მათ ისტორიულ სამშობლოში, ვინაიდან ამით უეჭველად წარმოიშობოდა კიდევ ერთი კერა ანტიქართული მოძრაობისათვის. მაგრამ ევროპულ საზოგადოებას ეს არ აინტერესებდა და არ აინტერესებს: «სტალინმა დაარღვია მთელი ხალხის უფლება, სამართლიანობა უნდა აღდგეს და «თურქი-მესხები» სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ ისევე, როგორც დაბრუნდნენ 1944 წელს გასახლებული ვაინახები, ბალყარელები და ვოლგის თათრები, ხოლო 1986 წლიდან - ყირიმელი თათრები».
    ანუ, ეს სტრატეგიული პრობლემაც, კრემლს შეეძლო აქტიურად გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ.
    «სამხრეთ ოსეთი» - ოსური უმრავლესობით კომპაქტურად დასახლებული ტერიტორია, ავტონომიური სტატუსით, რომელიც ესაზღვრება «ჩრდილოეთ ოსეთს». თვით ავტონომიის სახელწოდებაც კი იმთავითვე ქმნის ანტიქართული მოძრაობის შესაძლებლობასა და საფუძველს. ესეც ძალიან მძლავრი კოზირია კრემლის ხელში.
    აფხაზეთი - აფსუანური უმცირესობით დასახლებული რეგიონი ავტონომიის მაღალი სტატუსით - არათუ «ნაღმი», არამედ «ატომური ბომბი», რითაც მოსკოვს სულ ადვილად, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეეძლო საქართველოს აფეთქება.
    დავუმატოთ ამ პრობლემებს ქართველი ერის ეთნიკური არაკონსოლიდირებულობა (საერთოეროვნული ცნობიერი მატრიცის სისუსტე), ანუ, დათო ბერძენიშვილის ტერმინოლოგიით, «არაშეკრებილობა», რაც ესოდენ ძალუმად გამოვლინდა 1992 წლის შემდეგ; ამასთანავე, პოლიტიკური კულტურის უმდაბლესი დონე; სოციალური დისჰარმონია, ანუ საზოდადოების შინაგანი სტრუქტურის სიმყიფე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
    ამ ზერელე ჩამონათვალითაც თვალნათელია (დღესაც და მაშინაც მზესავით ნათელი უნდა ყოფილიყო), თუ რა ბერკეტები გააჩნდა კრემლს საქართველოს დასასჯელად.

 

 სხვათა შორის, ამას საქართველოს «დაუძინებელი მეგობრები» (რომლებიც კრემლის ერთგულ სამსახურში იდგნენ), არც მალავდნენ ოდესმე.
    მაგალითად ანდრანიკ მიგრანიანი ჯერ კიდევ 1990 წელს წერდა: «Грузия – внутренне рыхлое и слабое образование».
    ხოლო მიხეილ გორბაჩოვმა 1995 წელს, ინტერვიუში გაამხილა, რომ მისი აზრით «Грузия, по сути, изначально очень хрупкое оброзование».
    კი მაგრამ, განა შეიძლებოდა ქვეყანას, რომელსაც ამდენი (და ასეთი) სტრატეგიული პრობლემა ჰქონდა, არათუ ისეთივე, არამედ ბევრად უფრო რადიკალური და შეურიგებელი პოლიტიკა ეწარმოებინა, ვიდრე იმავე ლიტვას?
    როგორ არ შეიძლებოდაო - იტყვიან - შეიძლებოდა კი არა, აუცილებელიც იყო, რათა როგორმე თავი დაგვეცვა და კრემლისათვის ამ ნაღმების აფეთქების საშუალება არ მიგვეცა. «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების იდეაში» ხომ იმთავითვე იდო მათი აფეთქების გეგმა?
    კეთილი და პატიოსანი - ჩავთვალოთ, რომ სერიოზული კონტრარგუმენტია. ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით სერიოზული ჩანს.
    მართლაც, თუ ობიექტურნი ვიქნებით და ამჟამინდელ ემოციას ან დღევანდელ კონიუნქტურას არ გამოვეკიდებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ხსენებულ ნაღმთაგან ბევრი ნებისმიერ შემთხვევაში აფეთქდებოდა როგორი პოლიტიკაც არ უნდა გაეტარებინა საქართველოს 1988 წლიდან. მაგრამ, ისევ და ისევ, ჭკვიანური, ფრთხილი, მიზანშეწონილი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში მაინც შესაძლებელი იყო ამ ნაღმთა გარდაუვალი აფეთქების დამანგრეველი ეფექტის შერბილება.
    ამის სანაცვლოდ ქართული ელიტა განსაცვიფრებელ არაკომპეტენტურობასა და უპასუხისმგებლობას ამჟღავნებდა.
    ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ: როგორც ცნობილია, 1989 წლის აპრილის აქციის უშუალო მიზეზი (საბაბი) გახდა ლიხნის თავყრილობა, რომლის დროსაც აფსუა სეპარატისტებმა აშკარად მოითხოვეს საქართველოს შემადგენლობიდან გასვლა.
    აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: ლიხნის თავყრილობა (იმ ფორმითა და შინაარსით) არ გაიმართებოდა, რომ არა ნოემბრის აქცია (მისი ფორმითა და შინაარსით) თბილისში. როგორც ზემოთ ითქვა, აფსუებმა მოსკოვის გაღიზიანებაზე ოსტატურად ითამაშეს.
    თავდაპირველად, აპრილის აქციის დროს  თბილისში, მიტინგზე, სეპარატისტთა საწინააღმდეგო ლოზუნგები დომინირებდა, მაგრამ შემდეგ, «ჭკუისკოლოფი» ლიდერების მოთხოვნით, აქციის მიმართულება კარდინალურად შეიცვალა. სეპარატისტთა საწინააღმდეგო ლოზუნგები მოხსნეს და მხოლოდ (ხაზს ვუსვამ: მხოლოდ) ანტირუსული ლოზუნგები გამოიტანეს («ძირს რუსეთის დამპალი იმპერია» და ა.შ.).
    ბუნებრივია, ანტიმოსკოვური ლოზუნგები შეიძლებოდა ყოფილიყო. თუნდაც ძალზე რადიკალური, მაგრამ პოლიტიკური ტექნოლოგია მოითხოვდა, დაფიქსირებულიყო, რომ კრემლის საწინააღმდეგო მოძრაობის მიზეზი გახდა სეპარატისტთა თავყრილობა ლიხნში და მათი მხარდაჭერა მოსკოვიდან «გარკვეული ძალების მიერ».
    ასეთ შემთხვევაში, გარწმუნებთ, ვერც კრემლი და ვერც მისი ადგილობრივი სალდაფონები თუ სატრაპები აპრილის აქციის დარბევას ვერ გაბედავდნენ, - რაკი ლიხნის თავყრილობა არ დაარბიეს. სწორედ ამას ვგულისხმობ «პოლიტიკური ტექნოლოგიის დაცვაში».
    სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზე გამოსვლისას თამაზ გამყრელიძეს ყოველ მეორე ფრაზაში უნდა გაემეორებინა: აფხაზმა სეპარატისტებმა მოახდინეს აპრილის აქციის პროვოცირება - მათი თავხედური მოთხოვნები გახდა იმის მიზეზი, რომ ექსტრემისტულმა, ნაციონალისტურმა ძალებმა თბილისში ხალხის აყოლიება შეძლეს და ა.შ.
    თუმცა, ამას აბა ვინ «იკადრებდა» - ჯერ «ლიდერების» და ე.წ. «საზოგადოებრივი აზრის» შიშით, აგრეთვე ჩვეული ქართული ამბიციით: აფსუებს თავს ხომ არ გავუყადრებთ და მათთვის გადაბრალება რა საკადრისიაო.
    ეს ხომ «არავაჟკაცური» იქნებოდა - ქართველებს აფსუები მოსკოვთან «დაგვებეზღებინა». მერე რა, რომ ისინი ამას არასდროს თაკილობდნენ - ჩვენ ხომ «ვაჟკაცები» ვართ, ხოლო ისინი - კრემლის ლაქიები და (ანუ) «არავაჟკაცები» - რაკი ჩვენ გვაბეზღებენ, ხოლო მიტინგებს ლენინის სურათებითა და წითელი დროშებით ატარებენ.
    სინამდვილეში, ვინ უფრო «ვაჟკაცია» - ომის დროს გამოჩნდა, როდესაც იარაღით ხელში ბრძოლა იყო საჭირო.
    სახელმწიფოებრივად კულტურულმა ერმა შესანიშნავად იცის, რომ მიტინგზე გამოტანილი ლოზუნგებითა და პოლიტიკური ტაქტიკით ერის «ვაჟკაცობისა» და ბრძოლისუნარიანობის განსაზღვრა ელემენტარული სისულელეა. «ვაჟკაცობა» მხოლოდ ბრძოლაში ვლინდება, ხოლო ლოზუნგი, მიტინგი, პოლიტიკური ტაქტიკა - პოლიტიკოსთა საქმეა, რომლებიც, ეროვნული ინტერესების დასაცავად, ნემსის ყუნწში უნდა გაძვრენ, ყველაფერი იკადრონ და «ყველაფერზე ხელი მოაწერონ».
    სწორედ ასე იქცეოდა აფსუანური ელიტა ათწლეულების განმავლობაში და ამით თავისი ერისათვის იოტისოდენი ჩრდილი არ მიუყენებია.
    პოლიტიკა თვალთმაქცობის გარეშეც წარმოუდგენელია. როგორი ბინძური და თვალთმაქცური პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს ელიტამ ეროვნული ინტერესების დასაცავად, - იოტისოდენ ჩრდილს ვერ მიაყენებს ერს, თუ, საბოლოოდ, ამგვარი პოლიტიკით ერი გაიმარჯვებს და ძირითადი ეროვნული ინტერესის განხორციელებას შეძლებს.
    მაგრამ ამას მაშინ ვის შეაგნებინებდი საქართველოში?
    1988 - 1989 წლებში ქართულ პოლიტიკას ელემენტარული რაციონალური საწყისი რომ ჰქონოდა, ელიტას მართლაც აუცილებლად უნდა დაეფიქსირებინა (ეს შესაძლებელი იყო), რომ მთლიანად, ანტირუსული მოძრაობის გაძლიერება საქართველოში სეპარატისტთა აქტიურობით იყო განპირობებული.
    გარწმუნებთ, თუ ქართული პოლიტიკა ამის დაფიქსირებას მოახერხებდა, დღეს შამბები, ოზგანები, არძინბები, ჯერგენიები და მათი ვირთხები სულ სხვა ხასიათზე იქნებოდნენ.
    არადა, სინამდვილეში, პირიქით მოხდა: აფსუა სეპარატისტებმა შეძლეს დაეფიქსირებინათ (ჭკვიანური და ფრთხილი პოლიტიკით), რომ ანტიქართული გამოსვლები ვითომდაც «ქართველების ნაციონალისტური, ანტისაბჭოთა, ანტირუსული აქტიურობით იყო განპირობებული» და არა პირიქით. რაკი ამის დაფიქსირება შეძლეს, მათი სრული გამარჯვება გარდაუვალი გახდა.
    უგუნურობა იქნებოდა იმის თქმა, თითქოს საქართველოს შეეძლო (თუნდაც კავშირის შემადგენლობაში, მით უმეტეს დამოუკიდებლობის შემთხვევაში) საერთოდ თავიდან აეცილებინა «აფხაზური ბომბის» აფეთქება. მაგრამ ნამდვილად შესაძლებელი იყო, შეგვერბილებინა დამანგრეველი შედეგი.
    უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ პოლიტიკა, რომელიც ტარდებოდა 1988 წლიდან საქართველოში (მუდამ ვიმეორებ: მიტინგზე გამოტანილი ლოზუნგიც პოლიტიკაა!!!) არ შეესაბამებოდა პოლიტიკური ტექნოლოგიის მოთხოვნებს. ამ ტექნოლოგიის იგნორირებას კი უეჭველად მოჰყვებოდა უმძიმესი შედეგი და მოჰყვა კიდეც.

    80 იანი წლების დამდეგს, თბილისში, ჩემს მეზობლად ერთი საინტერესო პიროვნება ცხოვრობდა, რომელიც, ამავე დროს, მთელს «კლასს» განასახიერებდა.
    კომკავშირის ცკ-ში მუშაობდა რომელიღაც განყოფილების გამგედ. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია. ხანდახან შევდიოდი ხოლმე მასთან, რადგან გრამფირფიტების შესანიშნავი კოლექცია ჰქონდა - «ფირმა დისკები» კი მაშინ დიდი იშვიათობა იყო.
    წყნარად და უპრეტენზიოდ ცხოვრობდა, უამრავი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც «თან ჰყვებოდნენ» და ესეც ამით პასუხობდა. ვაკეში «ელიტარული» სკოლა ჰქონდა დამთავრებული და ასეთივე პრესტიჟული «უმაღლესი». საოცრად განათლებული და, რაც მთავარია, ჭკვიანი კაცი იყო. ეს კი ყოველთვის ერთი და იგივე არ არის - მით უმეტეს საქართველოში.
    «მოძრაობის» დაწყებისა და კომკავშირის გაუქმების შემდეგ ბიზნესს მოჰკიდა ხელი და ამაშიც (ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია) წარმატებას მიაღწია. სადღაც 1989 წლის მიწურულს მოსკოვში გადასახლდა და მას შემდეგ, კარგა ხანს, მასზე არაფერი მსმენოდა.
    1994 წელს მოსკოვში მომიწია წასვლა. დედამისმა მასთან რაღაც გამატანა და ჩასვლისთანავე შევეხმიანე ტელეფონით. გულწრფელად გაუხარდა, მანქანით გამომიარა, რესტორანში დამპატიჟა და გულღიად გამომესაუბრა.
    მცირე ხნის შემდეგ ვკითხე: ეს რა დღეში ჩავარდით, რა უბედურება დაგვემართა, რა საშინელება დატრიალდა საქართველოში, - შენი აზრით რისი ბრალია მეთქი.
    საერთოდ ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო. რაზეც არ უნდა ელაპარაკა (ფეხბურთიდან - საერთაშორისო პოლიტიკამდე), შენთვის უცნობ ფაქტს მოიყვანდა, უეჭველ დასკვნას გააკეთებდა და ორიგინალურად განაზოგადებდა.
    კამათი არ უყვარდა, მაგრამ თუ იკამათებდა, - უემოციოდ, მხოლოდ არგუმენტებზე დაყრდნობით. როცა ჯიუტად არ დაეთანხმებოდი, არ დაიჟინებდა, კამათს შეწყვეტდა, მხრებს აიჩეჩდა და მეგობრულად გაგიღიმებდა. შემდეგ თავად მიხვდებოდი და საკუთარ თავს გამოუტყდებოდი, რომ მართალი იყო.
    ჩემს კითხვაზე ჯერ არაფერი მიპასუხა, ვითომ ვერ გაიგონა. გავუმეორე, მაინც ყური მოიყრუა: აბა რა გითხრაო და საუბარი უმალ სხვა თემაზე გადაიტანა.
    მაინც ჩავაცივდი, - მისი აზრი მართლა მაინტერესებდა, ვინაიდან 1983 წელს (ათი წლით ადრე) მეც გვარიანი «ეროვნული ილუზიები» მქონდა და ამ თემაზე (გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავთან დაკავშირებული ამბების ფონზე) ხშირად გვიკამათია. მაშინ ისეთი არგუმენტები მოჰყავდა («გვიან შუა საუკუნეების იმერეთ-ოდიშ-გურია-რაჭის ისტორია ყურადღებით წაიკითხეო»), - ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო.
    მესამედ რომ ვკითხე, საოცარი რამ დაემართა: სრულიად მოულოდნელად და მისთვის უჩვეულოდ გაცხარდა, თვალები აუელვარდა და საოცარი სიძულვილით, კბილებში გამოსცრა: «აბა ამათ («მოძრაობის» ძველი ლიდერები დაასახელა «ზვიადისტობა-კონგრესისტობის» განურჩევლად, რომელთა ნაწილს 70-იან წლების უნივერსიტეტიდან იცნობდა) რომ ერი გაჰყვება, ის ერი სხვას რას ელის?!»
    არც იმდროისათვის «ძველი» და იმდროინდელი «ახალი» ხელისუფლება არ უხსენებია. მხოლოდ ის «ლიდერები» ახსენა, რომლებმაც «საზოგადოებრივ - ფსიქოლოგიური დომინანტები» შექმნეს ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან.
    ამ თემაზე მეტი არ გვისაუბრია. კეთილად დავშორდით, ძმურად მიმასპინძლა საკუთარ სახლში და ერთი კვირის შემდეგ გამომისტუმრა.
    დღესაც მოსკოვში ცხოვრობს მისთვის ჩვეულად - წყნარად და უპრეტენზიოდ. ნათესავებს უხვად ეხმარება (მშობლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ). საშუალებაც აქვს - კომპიუტერული მომსახურების ფირმისა და ორი მაღაზიის მფლობელია. თანამშრომლები და პარტნიორები (რუსები, ესტონელები და ებრაელები) აღმერთებენ. მოსკოვის მერიაში დიდ პატივს სცემენ. რუსეთის დედაქალაქის შემაძრწუნებელი «შავი სამყაროც» უბატონოდ ხმას ვერ სცემს. ორი შვილი ჰყავს: ქალ - ვაჟი. ქალიშვილმა ლომონოსოვის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. ვაჟი კი ამერიკულ სტენფორდს გაგზავნა კერძო school-ში, რომელიც ჰარვარდს ბევრად არ ჩამოუვარდება. ისიც იქვე დარჩა და ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. თუმცა მოსკოვში, რამდენადაც ვიცი, ხშირად სტუმრობს.

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა