ნინო ბურჯანაძე იწყებს!

ნინო ბურჯანაძე იწყებს!

    პარლამენტის თავმჯდომარის ბოლოდროინდელი მწვავე განცხადებები უეჭველად იმას მოასწავებს, რომ ნინო ბურჯანაძე იწყებს ნიადაგის შემზადებას (ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ ნიადაგის შემზადებაა, მაგრამ გარდაუვალი შედეგით) საქართველოში ალტერნატიულობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებისათვის.
    ის ვნება და აშკარა გაღიზიანება, რაც ბურჯანაძის გამოსვლაში და განცხადებათა ტონში იგრძნობოდა, სათავეს იღებს ძველი ტრავმიდან - ნინო ბურჯანაძეს დღემდე მიაჩნია: შევარდნაძეს რომ 2 ნოემბრის არჩევნები არ «გაეყალბებინა», ქვეყნის პრეზიდენტი სწორედ იგი გახდებოდა და არა მიხეილ სააკაშვილი.
    რამდენად სამართლიანია ამგვარი რწმენა - სხვა საკითხია. თუმცა ეს სწორედ «რწმენაა» და მისით გამოწვეულ ემოციას ქალბატონი ნინო ვერ ერევა. ბუნებრივია, ასეთი რწმენის პირობებში იგი ნამდვილად ვერ მოითმენს იმას, რომ თუნდაც ის ნომენკლატურა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივად ითვლება (კონტროლის პალატა, ეროვნული ბანკი და ასე შემდეგ) თვალსა და ხელს შუა გამოაცალონ. «ეს უკვე მეტისმეტიაო» - მით უმეტეს, რომ ალექსიშვილის დანიშვნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ფაქტობრივად ამ უწყების სახელმწიფო კანცელარიის განყოფილებად გარდაქმნას მოასწავებდა.
    მაგრამ ეს მხოლოდ «არგუმენტია». სიღრმისეული მიზეზი კი ისევ და ისევ პოლიტიკური პერსპექტივის საკითხია. თავისთავად ნიშანდობლივია, რომ ქართულმა ჟურნალისტიკამ 3 წლის განმავლობაში ვერა და ვერ მიიღო ნინო ბურჯანაძისაგან პასუხი მარტივ კითხვაზე: არის თუ არა იგი «ნაციონალური მოძრაობის» წევრი? 3 წლის წინ «გამაერთიანებელ ყრილობაზე» ყოფილი «ბურჯანაძე-დემოკრატები» - «ნაციონალურ მოძრაობას» შეერწყნენ. თანაც, ეს მოხდა ნინო ბურჯანაძის თანხმობის გარეშე. სწორედ იმ ყრილობიდან დაწყებული, ვერა და ვერ მოხერხდა ამ კითხვაზე პასუხის მიღება: «შეერწყა» თუ არა ყოფილ «ჟვანიას გუნდთან» ერთად ნინო ბურჯანაძე მმართველ პარტიას? რა თქმა უნდა არ შერწყმია, მას ბევრად შორსმიმავალი და ღრმა ამბიცია აქვს, მაგრამ უდავოდ ბურჯანაძის პოლიტიკურ ოსტატობაზე მეტყველებს, რომ იგი რაღაცნაირად თავს არიდებს ამ საკითხს და იმასაც კი ახერხებს (ამას ნამდვილად მოხერხება უნდა!) რომ კითხვას ამის თაობაზე საერთოდ აღარ უსვამენ!
    სარწმუნო წყაროთა ცნობით, მიხეილ სააკაშვილს – ნინო ბურჯანაძესთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა არ განუხილავს. პრეზიდენტმა ეს კანდიდატურა მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან განიხილა ანუ ალექსიშვილი, რომელიც ზურაბ ნოღაიდელის «მარჯვენა ხელია» ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდიდან – სწორედ პრემიერის კანდიდატურაა.
    სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი წინასწარგანზრახულად წავიდა საკითხის გამწვავებაზე, რაკი მას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ კონტროლის პალატის შემდეგ უკვე მეორე «ნომენკლატურული თანამდებობის» შეუთანხმებლობა პარლამენტის თავმჯდომარესთან უმწვავეს რეაქციას გამოიწვევდა.
    იმავე წყაროთა ცნობით, ნინო ბურჯანაძე «მეორე-მესამე» რანგის ჩინოსნებთან იხილავდა ამ საკითხს. თანაც ტელეფონით. საკვანძო საკითხი აქ ისაა, «გავა» თუ არა ალექსიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. ბანკის პრეზიდენტი სწორედ ამ საბჭომ უნდა აირჩიოს. ამრიგად, პარლამენტის შესაბამისი სხდომა გადამწყვეტი გახდება და ნინო ბურჯანაძე ყოველნაირად ცდილობდა ამ სხდომამდე არ მიეყვანა საქმე.
    პრეზიდენტის თანდასწრებით საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე შეიქმნა უცნაური ვითარება, როდესაც ეს ამოდენა კრება თითქოს შეიკრიბა სამთავრობო ცვლილებათა საკითხის განსახილველად, მაგრამ ამის ნაცვლად მოისმინა პრეზიდენტის ერთსაათიანი სიტყვა საქართველოს შემდგომი განვითარებისა და კონფლიქტების გადაწყვეტის თაობაზე.
    მთელი ამ სხდომის განმავლობაში ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი თითქმის უბრად ისხდნენ. არ დასტურდება არც ის ცნობა, თითქოს მათ ცალკე განიხილეს ალექსიშვილისა თუ სხვა მინისტრების საკითხი. მიხეილ სააკაშვილმა უბრალოდ მოახერხა იმის დემონსტრირება, რომ იგი კვლავინდებურად ვითარების ბატონ-პატრონია და ერთგული რჩება პრინციპისა: «ხელისუფლება უნდა ლაპარაკობდეს ერთი ხმით». სწორედ ეს არის საკვანძო პრინციპი, რომელიც პრეზიდენტისთვის უფრო მნიშვნელოვანიცაა, ვიდრე ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშნული კადრის «ნომენკლატურული კუთვნილება». ლექსო ალექსიშვილი «უნდა ლაპარაკობდეს» იმავე ხმით, როგორც მთავრობა - თუნდაც იმიტომ, რომ ხალხის თვალში ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც «მთავრობად» მოიაზრება; ანუ რომან გოცირიძის თეატრალური წიაღსვლები «ხელისუფლებაში არსებულ განხეთქილებად» აღიქმებოდა. რაც, რა თქმა უნდა არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მაგრამ მასობრივი აღქმის პრიორიტეტი და მოახლოებული არჩევნების წინ ხელისუფლების კონსოლიდირების აუცილებლობა მაინც თავისას აღწევს.
    ნინო ბურჯანაძის პრობლემა კი, სტრატეგიული თვალსაზრისით, იმაში მდგომარეობს, რომ მან ვერა და ვერ მიიღო გარანტიები მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ.
    შარშან მან განაცხადა, რომ არ აპირებს იყაროს კენჭი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაგრამ ეს განცხადება არც მაშინ ნიშნავდა და არც, მით უმეტეს, ამჟამად არ ნიშნავს, თითქოს იგი გამორიცხავს ალტერნატიული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის. ამ გადაწყვეტილებაზე უარის სათქმელად მას სჭირდებოდა პირობა იმისა, რომ იგი არა უბრალოდ «პირველი ნომერი» იქნება „ნაციონალების“ მომავალ საარჩევნო სიაში, არამედ საკუთარი მნიშვნელოვანი «კვოტაც» ექნება ამ სიაში – ამგვარი კვოტის მისთვის დათმობის ალბათობა კი, როგორც ჩანს ნულის ტოლია.
    სწორედ ეს განაპირობებს «ნიადაგის შემზადებას», რაკი მხოლოდ «პირველნომრობა» მას წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს: მომავალმა პარლამენტმა უნდა მიიღოს ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ფორმალობად იქცევა, ხოლო რეალური ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს ექნება.
    პრემიერ-მინისტრი კი, 2013 წელს, ის გახდება, ვისაც მძლავრი დასაყრდენი ეყოლება 2008 წლის პარლამენტში. აქედან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძის დემარში მხოლოდ დასაწყისია. და მომავალი ბობოქარი ბატალიების შორეული ნიშანიც.