მშვიდობით აფხაზეთო?!

მშვიდობით აფხაზეთო?!

 

    აფხაზეთის კონფლიქტის დაკონსერვებამ, სამწუხაროდ, ყველა პირობა შექმნა, რათა საქართველომ ეს ტერიტორია სამუდამოდ დაკარგოს. თანაც, არა მხოლოდ ფაქტობრივი, არამედ იურიდიული თვალსაზრისითაც.
    ფართო საზოგადოებრივ ცნობიერებაში რატომღაც დამკვიდრებულია აზრი, თითქოს «აფხაზური კვანძის» ძალით გადაჭრას მხოლოდ რუსეთი უშლის ხელს. ხოლო დასავლეთი (რეგიონში მისი ფორპოსტის, - თურქეთის ჩათვლით) უეჭველად დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - სამხედრო ძალის გამოყენებით.
    სწორედ ამიტომ, ქართველი პოლიტიკოსები უფრო მეტად მოსკოვში ცდილობენ «ჩააწყონ» აფხაზეთის დაბრუნება და იმას კი არ ითვალისწინებენ, რომ ეს უკვე მხოლოდ მოსკოვზეც არ არის დამოკიდებული. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, თუ რა გეოპოლიტიკური ვითარება შექმნა კავკასიის უმნიშვნელოვანეს რეგიონში აფხაზეთის ფაქტობრივმა დამოუკიდებლობამ და რამდენად აძლევს ხელს თვით დასავლეთს ამ ვითარების შეცვლა, ან ომამდე არსებული სტატუს-ქვოს აღდგენა.
    ვაშინგტონში, ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა სტამბულის აზრს ითვალისწინებენ. სტამბულში კი შესანიშნავად ხედავენ იმას, რასაც ვერა და ვერ ამჩნევენ თბილისში: არძინბა სინამდვილეში სრულიადაც არ არის პრორუსული პოლიტიკოსი და, სათანადო პირობების შექმნისას, იგი აფხაზეთის სრულ დამოუკიდებლობას უფრო დაუჭერს მხარს, ვიდრე მის შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
    თუ გულწრფელნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ: თურქეთმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს მიერ აფხაზეთის დაკარგვაში. მართალია თურქეთიდან არძინბას იარაღი არ მიეწოდებოდა, სამაგიეროდ მიეწოდებოდა სურსათი, საწვავი, ფინანსური დახმარება და ა.შ. აფხაზები დაუბრკოლებლად სარგებლობდნენ თურქეთის არხებით - ინფორმაციის გავრცელებისათვის. დღეს თურქეთი უხვად ამარაგებს არძინბას რეჟიმს «ჰუმანიტარული დახმარებით». საკმარისია აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აფხაზეთი ხორბალს მთლიანად თურქეთიდან იღებს. ამ დახმარების აფიშირება არძინბას ხელს არ აძლევს, რადგან ეს რუსეთის დაეჭვებასა და გაღიზიანებას გამოიწვევდა. ამავე დროს, საქართველოს არ შეუძლია პირდაპირ განუცხადოს პროტესტი თურქეთის ხელისუფლებას, რადგან სტამბული ასჯერ უფრო მეტ დახმარებას (მაშტაბთა გათვალისწინებით) საქართველოს უწევს (ასი მილიონი დოლარის კრედიტი, ელექტროენერგია, საბაჟო და ა.შ.).
    გარდა ამისა, ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რომ «გაერთიანებული ერების ორგანიზაციის» უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ამერიკის წარმომადგენლის პოზიცია სულაც არ ყოფილა ისე ერთმნიშვნელოვნად «პროქართული», როგორც თავდაპირველად მოგვეჩვენა - იგი საუბრობდა «მხარეთა თანასწორუფლებიანობასა» და კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ხერხებით გადაწყვეტის აუცილებლობაზე. არადა, ვაშინგტონში ხომ არ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა ფაქტობრივად შეუძლებელია. არძინბა ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს (ვერც დაიხევს) თავისი პოზიციებიდან.
    არ არის გამორიცხული, დასავლეთისთვის მიუღებელი იყოს შევარდნაძის გეგმა რუსეთის მეშვეობით (მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ბაზების დაკანონების გზით) დაიბრუნოს აფხაზეთი. თუ რუსეთი მოინდომებს საკუთარი სამხედრო ძალით აიძულოს არძინბა, წავიდეს დათმობებზე თბილისის მიმართ - აფხაზები უეჭველად გაუწევენ რუსეთის არმიას შეიარაღებულ წინააღმდეგობას და პოლიტიკურ მხარდაჭერასაც ჰპოვებენ დასავლეთის მხრიდან.
    ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, აამოქმედოს ქართული შეიარაღებული ძალები აფხაზეთში იურისდიქციის აღსადგენად, დასავლეთისაგან კვლავ უარყოფითი რეაქცია მოჰყვება - დასავლური საზოგადოებისათვის ჰუმანიზმი იმდენად ყოვლისმომცველ სოციალურ ინსტიქტად იქცა, რომ იგი უკვე პოლიტიკური დომინანტის ფუნქციას ასრულებს.
    «ლტოლვილთა ინტერესების დაცვის» არგუმენტი არ იმუშავებს, ვინაიდან დასავლეთი ამავე ლტოლვილებს დიდ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს იქ, სადაც ისინი იმყოფებიან, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე.
    მაგრამ ომის განახლების შემთხვევაში დასავლეთის პოზიცია იქნება ისეთივე, როგორც ჩეჩნეთის წინააღმდეგ რუსულ აგრესიასთან მიმართებაში.
    ამ დისკურსში საქართველოს ისტორიის ვრცელი კურსის მოყოლა ან იმ გარემოებისადმი აპელირება, რომ «ჩეჩნეთი სხვაა და აფხაზეთი სხვა» - დასავლეთს ვერ დაარწმუნებს.
    ქართულ პრესაში უკვე გაიჟღერა ფრთხილმა წინადადებამ იმის თაობაზე, რომ საქართველოსათვის გაცილებით უფრო ხელსაყრელია ეძებოს «კონდომინიუმი» არა რუსეთთან, არამედ დასავლეთთან და თურქეთთან. ოღონდ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის (ფსოუდან - ღალიძგამდე) ან აფხაზეთში ლტოლვილთა დიდი ნაწილის დაბრუნების ურყევი პირობით.
    სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველოსთვის შესაძლებელია გაცილებით უფრო მომგებიანიც იყოს დამოუკიდებელი აფხაზეთი - ეთნიკური სტატუს-ქვოს თუნდაც ნაწილობრივი აღდგენით, ვიდრე იმ მარაზმატული მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც დღეს არსებობს რეალურად.

«მიმომხილველი», 29 დეკემბერი, 1995 წელი.