მიშა სააკაშვილი და მისი პროექტი „2020“

მიშა სააკაშვილი და მისი პროექტი „2020“

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 2014 წელს თქვა (მხოლოდ ერთხელ თქვა და მას შემდეგ აღარ გაუმეორებია), რომ „ქართული ოცნების“, მაშასადამე ბიძინა ივანიშვილის „არჩევნებით დამარცხება გამორიცხულია“. „ივანიშვილი არჩევნებით ხელისუფლებას არ დათმობს“ -  ხაზგასმით აღნიშნა მიშამ.

თუ მის მენტალობას და გამოცდილებას (მათ შორის „ვარდების რევოლუციის“ გამოცდილებას გავითვალისწინებთ) იგი უეჭველად გულისხმობდა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ დამარცხება ვერ მოხერხდება არჩევნების გზით, როგორი დემოკრატიულიც არ უნდა იყოს ეს არჩევნები, ვინაიდან ნებისმიერ დემოკრატიულ, გამჭვირვალე, პატიოსან არჩევნებს საქართველოში, როგორც წესი, იგებს „სტატუს-ქვოს“ შენარჩუნების მომხრე ობივატელი! ოღონდ,  თუ ისეთი რამ არ მოხდა, როგორიც იყო გრანდიოზული „ციხის სკანდალი“ 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

 „მიშას პარტია“, რომელსაც სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, 2020 წელსაც  მიიღებს მაქსიმუმ ხმების 25-27%, როგორც მიიღო 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში, ასევე 2016 წლის არცევნებში. „ოცნება“ კიდეც შეიძლება დამარცხდეს, ანუ ბევრად ნაკლები ხმა მიიღოს, ვიდრე ამჟამინდელი 48%-ია, მაგრამ დანარჩენი ხმები  გადანაწილდება სხვა პარტიებზე, რაც ჯამში ქმნის ვითარებას, როცა „ოცნებამ“ კი შეიძლება წააგოს 2020 წელს, მაგრამ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ ყველა სხვა პარტიათა  ჯამთან, ვინც გადალახავს ბარიერს. ზუსტად ასე მოხდა 2003 წელს. ამ ვითარებაში კი, მიშა და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დაიბრუნებენ ხელისუფლებას იმ სტატუსით და იმ აზრით, როგორც მას ესმის ეს „დიადი დაბრუნება“.

სანამ ამ  ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ნიუანსს არ მივხვდებით, ძალიან გაგვიჭირდება გავიგოთ არა მხოლოდ ის, რას გეგმავს სააკაშვილი სამომავლოდ, არამედ ისიც, თუ რატომ იქცეოდა იგი ისე, როგორც იქცეოდა ჩავლილი საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ყველანაირად ცდილობდა გამოეყენებინა ბიძინა ივანიშვილის მეთოდი და „შუა გაეკრიფა“, ესე იგი, 2020 წლის გადამწყვეტი ბრძოლისთვის  დარჩენილიყვნენ მხოლოდ ის და ბიძინა, - მხოლოდ    „ოცნება“  და „ნაციონალური მოძრაობა“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა რომ აკრიტიკებენ: „რატომ დააშინა ხალხი და რატომ მოახდინა შეშინებული ელექტორატის მობილიზება „ოცნების“ გარშემოო“, ვერ ხვდებიან, რომ მიშას მიზანი სწორედ ეს იყო: მან ძალიან კარგად იცოდა, - „ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერად წააგებდა, მაგრამ მისი ტაქტიკა, ბიძინასეული „შუას გაკრეფა“ იყო, რათა არა სამი, ოთხი ან ხუთი (ესე იგი „თავისუფალი დემოკრატები“, „ლეიბორისტები“, „ბურჭულაძისტები“ „ბურჯანაძე“ და ა.შ) არამედ მხოლოდ ორი პარტია დარჩენილიყო პოლიტიკურ სპექტრში; ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ თარხან - მოურავ -  ირმა ინაშვილის „ალიანსი“, მცირერიცხოვნებისა და სხვა ზოგიერთი მიზეზის გამო, ანგარიშში ჩასაგდებად არ ითვლება, მიშამ თავის მიზანს (რომელიც, შესაძლოა, მის ზოგიერთ თანამებრძოლსაც არ ესმოდა) მიაღწია, ანუ „შუა გაკრიფა“ და დარჩა „ერთი-ერთზე“ ბიძინასთან, რაც მისთვის ბევრად კომფორტულია სტრატეგიულ პროექტ „2020“ განსახორციელებლად!

სინამდვილეში, ნამდვილ ბრძოლას იგი სწორედ 2020 წლისთვის აპირებს, ოღონდ მისთვის აუცილებელი იყო, პარლამენტში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ დაფიქსირებულიყო ერთადერთ ალტერნატივად და იქ არ ყოფილიყვნენ  სხვა ოპოზიციური პარტიები. სწორედ ამას მიაღწია მიშამ ძალიან ეშმაკურად: ისტერიული ატმოსფეროს შექმნით და შეშინებული „ანტინაციონალი“ ელექტორატის „ოცნების“ გარშემო  დარაზმვით, რაც დასრულდა, ისევ და ისევ „შუას გაკრეფითა“ და „ორპოლუსიანი სისტემის“ ჩამოყალიბებით პარლამენტში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამის შემდეგ კი, სააკაშვილს უკვე შეუძლია შეუდგეს პროექტ „2020 წლის“ განხორციელებას, რომლის არსი არავითარ შემთხვევაში არ არის ივანიშვილისთვის არჩევნებით ხელისუფლების ჩამორთმევა (რაც შეუძლებელია დღესაც და 2020 წელსაც), არამედ მისი მიზანია, ამ ხელისუფლების მისთვის რევოლუციური გზით „გამოგლეჯა!“.

 სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ დემოკრატიული არჩევნებით ის ხელისუფლებაში ვერასდროს მობრუნდება. მისი გათვლა  არა დემოკრატიული არჩევნები, არამედ 2020 წელს ახალი რევოლუციის - „ვარდების რევოლუცია-2“-ის ორგანიზებაა! რასაკვირველია, ისევ და ისევ „არჩევნების გაყალბების“ საბაბით.

ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში ბევრს მსჯელობენ ქართული უახლესი ისტორიის „ციკლურობის“ შესახებ, რომ 1992 წლიდან - დღემდე განვითარებულმა მოვლენებმა დაამტკიცა: დაახლოებით 8-10 წელიწადში ყველა მთავრობა  „ყირჭდება“ ხალხს და მწიფდება სიტუაცია ხელისუფლების შესაცვლელად.

ნამდვილად ასეა. აბა გავიხსენოთ: 1992 წელს დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე, 2002 წლისთვის უკვე სრულიად „ყავლგასული“ იყო; 2003 წელს მოსული მიხეილ სააკაშვილი 2012 წლისთვის „მოყირჭებულად“ ითვლებოდა; 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი ჯერ არ აღიქმებოდა ისე „ყავლგასულად“, რაკი 4 წელი საამისოდ მაინც არ არის საკმარისი. ამიტომაც, ბევრი სერიოზული ბლოგერი თვლის, რომ 2020 წლისთვის, როდესაც მისი ხელისუფლებიდან უკვე 8 წელი იქნება გასული, მას ისევე „გაუვა ყავლი“ (მით უმეტეს ასაკის გათვალისწინებით), როგორც ედუარდ შევარდნაძეს 2002 წლისათვის. ამიტომ, ხელისუფლების შეცვლაც მოხერხდება!

ხოლო რაკი მიშამ ზემოთაღწერილი ეშმაკური ტექნოლოგიით მოახერხა „შუას გაკრეფა“, იმდროისათვის სწორედ ის და მისი პარტია იქნებიან ერთადერთი ალტერნატივა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ ამ ანალიზის ავტორები ერთ ძალიან სერიოზულ სისტემურ შეცდომას უშვებენ: მათ ჰგონიათ, რომ სააკაშვილს „2020 წლისთვის“ დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება ეიმედება. სინამდვილეში,  ამის იმედი სულაც არა აქვს: იცის, რომ როდესაც 2020 წლისთვის „ოცნებას“ ყავლი გაუვა, ჩამოყალიბდება დაახლოებით ისეთი სიტუაცია, როგორიც იყო 2003 წელს, როდესაც შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ დაიშალა, პარლამენტსგარეთ არსებული წვრილ-წვრილი პარტიები გაძლიერდნენ, ხოლო ოლიგარქიულმა ჯგუფებმა საკუთარი ტელევიზიებით შექმნეს მეტ-ნაკლებად გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები. შედეგად,  2003 წლის  2 ნოემბრის არჩევნებში 7%-იანი ბარიერი ექვსმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა.

სააკაშვილს ამგვარი სცენარი სულაც არ ეპიტნავება. მისი მიზანი სრული ძალაუფლების  დაბრუნებაა. ამიტომ, მომავალი 4 წლის განმავლობაში იგი მიზანმიმართულად იმუშავებს (პირველ რიგში „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ მეშვეობით) არსებული ხელისუფლების თანდათან დასასუსტებლად, შემდეგ  „დასაჩმორებლად“, მის გადასაქცევად ისეთივე სასაცილო, აბუჩად ასაგდებ, გასაცოდავებულ ფენომენად, როგორიც 2003 წლისთვის ვიტალი ხაზარაძის და ავთანდილ ჯორბენაძის „მოქალაქეთა კავშირი“ იყო, რათა შემდეგ,  - 2020 წლის არჩევნების „გაყალბების“ მოტივით, - შეუტიოს ხელისუფლებას და „რევოლუციური გზით“ დაამხოს იგი ისევე, როგორც 2003 წელს!

შეძლებს თუ ვერა, სხვა საკითხია. მაგრამ ასეთი გეგმა რომ აქვს - უკვე ცხადია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რატომღაც ითვლება, რომ ხელისუფლების  გადასარჩევად, ესე იგი არჩევნებში დასამარცხებლად, საკმარისია, მას „ყავლი გაუვიდეს“. არადა, სინამდვილეში, თუ ქართველი ამომრჩევლის მენტალობას გავითვალისწინებთ, მთავარი ფაქტორი ეს როდია: მთავარი ისაა, ხელისუფლების აქტიური დამცველი აღარ იყოს აღარავინ - საარჩევნო ყუთთან „შეჩვეულ ჭირსაც“  კი რომ აძლევდნენ ხმას.

მიშას გათვლა ისაა, რომ 2020 წელს  „სისხლიან 9 წელზე“ და „აგვისტოს ომზე“ ლაპარაკი უკვე ყველას მოყირჭებული ექნება, როგორც 2003 წლისთვის მოჰყირჭდა ყველას „გამსახურდიას დიქტატურაზე“ და „სამოქალაქო ომზე“  გაუთავებელი აპელირება, -  მოსახლეობის უმრავლესობა გახდება ზიზღნარევად გულგრილი ხელისუფლების მიმართ; ესე იგი პასიური და ზანტად ხელჩაქნეული ყველაფერზე . . . . .  სწორედ ამ დროს გამოვა კვლავ ასპარეზზე საზოგადოების პასიონარული, ესე იგი აქტიური, რევოლუციური ნაწილი, რომელიც, სინამდვილეში ქმნის ერის ისტორიას ყველგან და ყოველთვის.

განსხვავებით, „ობივატელური უმრავლესობისგან“, რომელმაც შეიძლება 2020 წელსაც „შეჩვეულ ჭირს“ მისცეს ხმა, ოღონდ კი ქვეყანაში არაფერი შეიცვალოს (სწორედ ასე მოხდა 2003 წლის 2 ნოემბერს), ეს პასიონარული, აქტიური, აგრესიული ნაწილი ქუჩაში ნამდვილად გამოვა და ნებისმიერ ყავლგასულ ხელისუფლებას წალეკავს, რა „პროცენტიც“ არ უნდა დაიწეროს მან  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

„პანორამა თბილისი“ და „მთლიანი შიდა პროდუქტის“ ზრდის ტემპი ვერ უშველით. 2003 წელს მშპ- ზრდა 12,5% (!) იყოარასდროს მას შემდეგ ამდენი არ ყოფილამერედარა - ამით?

ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, მიშამ 2016 წელს ყველაფერი გააკეთა, „შუა გაკრეფილიყო“ (ბიძინას  2012 წლის სლოგანით) „ნაციონალური მოძრაობა“ თუნდაც დამარცხებულიყო და უმნიშვნელო უმცირესობა მოეპოვებინა პარლამენტში, სამაგიეროდ,  რაც მთავარია, ქცეულიყო ერთადერთ საპარალმენტო ძალად,  ერთადერთ ალტერნატივად 2020 წლისთვის, რათა  სწორედ ეს „ერთადერთი ალტერნატივა“ გამოიუენოს ყველაფრისგამანგრეველ „რევოლუციურ ტარანად“, როცა ამის დრო დადგება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რეზიუმე: მიშა ყველანაირად ცდილობს დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, ოღონდ დარჩეს იმ ამპლუაში, რომელიც ერთადერთი შესაძლოა მისთვის ნებისმიერ შემთხვევაში -  ყოველთვის წინათ, ახლაც და მუდამ მომავალშიც: რევოლუციონერის და ხელისუფლების დამამხობლისა!

დემოკრატიული არჩევნებით ის ძალაუფლებას ვერასდროს დაიბრუნებს და ეს მან შესანიშნავად იცის! ხოლო „პროექტი 2020“ რომ უკვე ხორციელდება (ჯერ ეს არჩევნებიც კი არ არის დასრულებული ხეირიანად და უკვე . . . . )  მკაფიოდ ჩანს კურსში, რაც „რუსთავი-2“-მა დღესვე აიღო: ხელისუფლების გაბითურების, დაჩმორების, დაცინვის, დაჩაჩაჩანაკების და მისი სრული უმწეობის წარმოჩენისა.

„ოცნების“ დღევანდელი სიტუაცია კი ძალიან  ჰგავს 1999 წელს, როდესაც შევარდნაძის პარტიამ მოიგო, იმღერეს „გიხაროდენ“, მაგრამ ოთხიოდე წლის შემდეგ სამარცხვინოდ გაქრენ, როგორც შარშანწინდელი თოვლი.

რა შეიძლება ამ საკმაოდ ჭკვიანურ სტრატეგიას დაუპირისპიროს „ქართულმა ოცნებამ?“ მხოლოდ ერთი: ისეთივე „დრაივი“, ისეთივე აგრესიული „PR-კამპანია“ და ძლიერი გუნდი (რიცხოვნება არ იგულისხმებარომლის შეყვანა მიშამ მოახერხა პარლამენტში.

თუმცა, ჯერ-ჯერობით ამის ნიშან-წყალი არ ჩანს: „ოცნების“ დეპუტაცია სავსეა „ნაცრისფერი“, უსახური აპოლიტიკური პერსონაჟებით. ასეთი  „ჭკვიანი“, „მშვიდი“, „დასავლეთში ბრწყინვალე განათლებამიღებული“, „გაწონასწორებული“, „ობივატელურ უმრავლესობაში პოპულარული“ და „სტაბილურობის სიმბოლო“ ფიგურები ედუარდ შევარდნაძესაც მრავლად  ჰყავდა ბლოკ „ახალ საქართველოში“, რომელიც 2003 წლისთვის შექმნა და ისტორიაში ჩაირეცხა კიდეც - ჰარვარდის  თუ ტაფტ-სტენფორდის დიპლომანტებთან ერთად „ვარდების რევოლუციის“ შედეგად!

სინამდვილეში, მიშას დამარცხება და მმართველი პარტიის განუხრელი  „დაჩმორების“ თავიდან აცილება შესაძლებელია არა ძალისმიერი მეთოდებით, არა „რუსთავი-2“ -ის წართმევის მცდელობით, არა სრულიად უსარგებლო და სულელური საკონტიტუციო ცვლილებებით, რასაც არანაირი აზრი არა აქვს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ „დრაივით“, „ლიდერშიპით“, მიშასეული „ფეთქებადი ენერგიით“, საზოგადოებაში მუდმივი განვითარებისგანახლების ატმოსფეროს (!) შექმნითყოველგვარი „დაჭაობების“  კატეგორიული გამორიცხვით . . . . .  არა მხოლოდ საქმის კეთებითშენებითარამედ გაკეთებულისაშენებულის,  ზეაგრესიული „გაფიარებით“, ყოველდღიური სიახლითკრეატიული ინოვაციებით პოლიტიკაშისოციალურ სფეროში და .და ..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვს კი ამის შნო და უნარი იმ უზარმაზარ „ნაცრისფერ მასას“ (ჯერ - ჯერობით ასეთად ჩანს), რომელიც 2016 წლის არჩევნებით მოვიდა პარლამენტში „ოცნების“ სახელით? თუ  გადაიქცევა ერთ კოლექტიურ „ვიტალი ხაზარაძედ“ 2020 წლისთვის? ამას უახლოესი 100 დღეც   გვიჩვენებს.

მეტისმეტად „მშვიდი“ და „გაწონასწორებული“ ირაკლი კობახიძის თუ  სხვა ამგვარი „ყოველმხრივ სანიმუშო“, „სამაგალითო“, „ბრწყინვალედ განათლებული“,   მრავალ ენაზე მოლაპარაკე,  თუმცა „დრაივისაგან“, ქარიზმატული  ენერგიისგან  და „ლიდერშიპისგან“ სრულიად  დაცლილი ფიგურების წინა პლანზე წამოწევით, „ოცნება“ ამ სტრატეგიულ მიზანს ნამდვილად ვერ მიაღწევს.

ისევე, როგორც ედუარდ შევარდნაძეს ვერ უშველა ვაჟა ლორთქიფანიძემ და მისმა ყბადაღებულმა „სიდინჯემ“ 2003 წელს მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს „სიდინჯე“, ეს „გაწონასწორებულობა“ მოსწონდათ იმ „ობივატელებს“, ვინც 2003 წლის 2 ნოემბერს ვაჟა ლორთქიფანიძე-ბადრი პატარკაციშვილის ბლოკს მართლა მისცა ხმა; ოღონდ შემდეგ გულგრილად, ტელევიზორით ადევნებდა თვალს, როგორ დაამხო ეს მრავალპარტიული პარლამენტი თავზე შევარდნაძესაც და ლორთქიფანიძე-პატარკაციშვილის ტანდემსაც ფეთქებადად ენერგიულმა  მიშამ, - როცა პარლამენტში შეიჭრა ვარდით ხელში და ამერიკული ჯავშანჟილეტით ქურთუკის ქვეშ.

2016