მთავარი სამიზნე

მთავარი სამიზნე

    პუტინის ყულფი

      

         სანამ ქართველი პოლიტიკოსები «უალტერნატივო» ლიდერის გამოსავლენად კომიკურ ძიძგილაობას აგრძელებენ და არჩევნებისთვის ემზადებიან, საქართველოს გარშემო მდგომარეობა ისე იძაბება, როგორც არასდროს.
        თვით 2008 წლის აგვისტოს რუსულ პროვოკაციამდეც კი არ იყო სიტუაცია ისე გამწვავებული, როგორც ამჟამად. არავინ მოატყუოს რუსული მედიის მოჩვენებითმა გულგრილობამ ქართული პრობლემების მიმართ ან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარების შედარებით სტაბილიზაციამ. რუსული მედია უცნაურად და ავისმომასწავებლად დუმდა 2008 წლის ზაფხულშიც (ბუნებრივია 7 აგვისტომდე), მაგრამ როცა პუტინის «სპეცოპერაცია» დაიწყო, ერთბაშად აფეთქდა.
        სინამდვილეში, პუტინის გეგმებზე საქართველოს წინააღმდეგ მის მიერ სხვა რეგიონებში განხორციელებული «ოპერაციები» მეტყველებს. კრემლი თანდათან ავიწროვებს ყულფს ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმედი აქვს მაის-ივნისისათვის ამ ყულფს (ქართული ოპოზიციის მეშვეობით) საბოლოოდ ჩამოგვაცვამს კისერზე.
        მაშინ ბიშკეკი მართლა «მოგვენატრება».
        უკრაინაში პრეზიდენტის შეცვლა (თუნდაც მინიმალური უპირატესობით) კრემლის ტრიუმფი იყო. აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ძირითადად რუსული და რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რიცხვმა 100 პროცენტს მიაღწია. ესე იგი, ხდებოდა ბიულეტენების «ჩაყრა», ანუ არჩევნების გაყალბება და ამით გეოპოლიტიკური გამარჯვების მოპოვება. შედეგად, უკრაინის ახალი ხელისუფლება არ გამორიცხავს ყირიმში რუსული ფლოტის დატოვებას ან, როგორც მინიმუმ, ქართული პროდუქციის წინააღმდეგ რუსულ ემბარგოსთან მიერთებას.

პუტინის სპეცოპერაციები

    თანაც, მოსკოვი მოქმედებს აშკარად, დაუფარავად და თავხედურად. საკმარისია გავიხსენოთ, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა დიოქსინით მოწამლეს ვიქტორ იუშენკო, ხოლო მზარეული და მიმტანი, რომლებიც ამ დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი, სრულიად აშკარად ცხოვრობენ მოსკოვში, პერსონალური პენსია დაუნიშნეს და თავს ევლებიან.
        უკრაინის პროკურატურისთვის მათ გადაცემაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია - ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან! ამის შემდეგ დონბასში არჩევნების გაყალბება და ამაში რუსეთის აქტიური მონაწილეობა გასაკვირია? თუკი ლონდონის ცენტრში, პიკადილიზე მოწამლეს ადამიანი (ყოფილი აგენტი ლიტვინენკო), კიევში ვერ მოახერხებდნენ? ან არჩევნებში იანუკოვიჩის გასამარჯვებლად მილიონობით დოლარის დახარჯვას მოერიდებოდნენ?
        სულ სხვა მეთოდები იყო გამოყენებული ყირგიზეთში. უეჭველია, რომ ესეც პუტინს სპეცოპერაცია იყო – პრეზიდენტ ბაკიევის დასასჯელად, რომელმაც ამერიკული ბაზა არ გააძევა ყირგიზეთიდან.
        მოსკოვში უკვე ღიად ამბობენ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე მხოლოდ რუსული ბაზები უნდა იყოს და იქ ამერიკელებს არაფერი ესაქმებათ. რუსული სპეცოპერაცია ყირგიზეთში გულისხმობდა დამშეული, უმუშევარი და გაუბედურებული ხალხის გამოყენებას.
        მერედა, რომელ ქვეყანაში არ არის ასეთი ჯგუფი? მით უმეტეს იქნებოდა ყირგიზეთში, რომელსაც არც ნავთობი აქვს და არც ფინანსური რეზერვი. Mმოსკოვმა სიტუაციის გამწვავებაში დიდი წვლილი შეიტანა იმით, რომ ყირგიზეთი ეკონომიკურად და ენერგეტიკულად «მოახრჩო». ანუ, ნიადაგი შეამზადა მასის აფეთქებისთვის. ამის შემდეგ ყველაფერი უკვე «ტექნიკის საქმე» იყო - რუსული ბაზიდან უკმაყოფილო დემონტრანტთა მასაში აქტიურად იგზავნებოდა აგენტურა: სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი, ვიწროთვალებიანი ჯეელები, რომლებიც მომიტინგეებს გავდნენ, მაგრამ სინამდვიელში ფსბ-სა და გრუ-ს აგენტები იყვნენ.
        სწორედ მათ ხელში აღმოჩნდა საიდანღაც «კალაშნიკოვები», დაიღვარა პირველი სისხლი. ისინი მოუწოდებდნენ ბრბოს, წასულიყვნენ პრეზიდენტის სასახლის შტურმზე და ასე შემდეგ.
        ეს ტექნოლოგიები, ასეულობით ამგვარი პროვოკატორის მონაწილეობით, რუსულ სპეცსამსახურებს კარგად აქვთ დამუშავებული მოსკოვის მიმდებარე უკიდეგანო მინდვრებზე წლობით ვარჯიშისას.
        მთავარია, ამგვარი პროვოკატორი მასაში ჩაიმალოს, მასას გავდეს, საჭირო მომენტში გაისროლოს ან გადამწყვეტ მომენტში იყვიროს – «სასახლის შტურმზე წავიდეთო» და ასე შემდეგ.
        სინამდვილეში, არც ისე რთულია, - მთავარია სიტუაცია წინასწარ მოამწიფო, შეამზადო, ოპოზიციის ლიდერებს შორისაც იპოვო საყრდენი, რათა უკვე გადატრიალების შემდეგ გეოპოლიტიკური სარგებელი მათგან მიიღო.
        ასეც ხდება: ყირგიზეთის ახალი ხელისუფლება მოსკოვში ატარებს თათბირებს. მანასის ბაზიდან ამერიკული ტრანზიტი შეჩერებულია და, ნებისმიერ შემთხვევაში, ყირგიზული სახელმწიფო სამუდამოდ დისკრედიტირებულია მსოფლიოს თვალში.

ახალი კატინი

    პუტინის მესამე სპეცოპერაცია კატინის თავზე განხორციელდა. პოლონეთის პრეზიდენტის სიკვდილმა და პოლონური ელიტის დიდი ნაწილი განადგურებამ შეუძლებელია გავლენა არ იქონიოს ამ ქვეყნის პოლიტიკაზე თუნდაც ყოფილი სსრკ ქვეყნების მიმართ.
        როგორც მინიმუმ, ვარშავაში პოლიტიკური სიტუაცია ნამდვილად «აიჭრება». Pპოლონელი პოლიტიკოსები უკვე ადანაშაულებენ პრემიერ-მინისტრ ტუსკს, რომ მან მონაწილეობა მიიღო პუტინის სპექტაკლში, როდესაც დათანხმდა კატინში ცალკე მგზავრობას მაშინ, როდესაც მოსკოვმა პრეზიდენტ კაჩინსკის ძირითად ღონისძიებაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა(?!!!).
        სულ მალე, როდესაც პირველი შოკი გაივლის, ბრალდებას – ბრალდება მოყვება და ასე შემდეგ.
        გარდა ამისა, პოლონეთი არც ისე დიდი ქვეყანაა, ამდენი გამოჩენილი ფიგურის დაღუპვამ მის პოლიტიკაზე ზეგავლენა არ მოახდინოს. მათი შემცვლელების პოვნა იოლი არ იქნება.
        სულმნათმა ლეხ კაჩინსკიმ ძალიან კარგად იცოდა, ვისთან და რა ურჩხულთან ჰქონდა საქმე. 12 აგვისტოს, თბილისში ყოფნისას მან თქვა კიდეც: საქართველოს შემდეგ უკრაინის ჯერი დადგება, მერე კი პოლონეთისო. იგულისხმება: «სანამ ევროპას ძინავს და სანამ ევროპელი ლიდერები «გაზპრომში» გადადიან სამუშაოდ, - წელიწადში 2 მილიონ ევროდ».
        მაგრამ პუტინის მთავარი ოცნება, მისი ცეცხლოვანი ვნება, კბილთა ღრჭიალი და უძილო ღამეები მაინც საქართველოა. იგი მანამ არ მოისვენებს და მანამ არ ჩათვლის რუსეთს გამარჯვებულად «ვარდების რევოლუციით» დაწყებულ ბრძIოლაში, სანამ საქართველოს არ დაამხობს.

ოპოზიციური დეტონატორი

        აქ მისი მიზანი არა იმდენად ხელისუფლების დამხობაა, რამდენადაც სწორედ ქვეყნის დამხობა. პრორუსული პოლიტიკოსის ხელისუფლებაში მოყვანაც კი არ უნდა მაინც და მაინც, რაკი კარგად იცის: ვინც არ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, იძულებული იქნება ილაპარაკოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. რუსეთი მას, რა თქმა უნდა, არაფერს «დაუბრუნებს» და საბოლოო შედეგი იქნება იგივე.
        მაშასადამე, ქართული ოპოზიცია პუტინს სჭირდება არა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაცვლელად, არამედ ქვეყანაში ახალი სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად. მხოლოდ საქართველოს დამხობის შემდეგ ჩათვლის პუტინი, რომ დაამარცხა ამერიკა – მანასის ბაზის შეჩერება ამ მხრივ საკმარისი არ არის.
        მთავარი სამიზნე საქართველოა!
        ახლოვდება 2012 წელი, როდესაც პუტინი აუცილებლად იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე. გასამარჯვებლად კი მას პირველ რიგში საქართველოს საბოლოო განადგურება სჭირდება. დასავლეთი ჩაფლულია ისლამურ სამყაროსთან ომში და ჯერ-ჯერობით ჰაერივით სჭირდება მოსკოვის დახმარება. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება აღარც დასჭირდეს.
        აგვისტოს ომმა დაადასტურა, რომ დასავლეთი თვალს დახუჭავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიაზე, მაგრამ არ შეურიგდება რუსული ჯარის მიერ საქართველოს სრულ დაპყრობას, მარიონეტული ხელისუფლების პირდაპირ დასმას.
        ამიტომაც, პუტინს უფრო ეშმაკური გეგმა აქვს შემუშავებული. დაახლოებით ყირგიზულის მსგავსი, როდესაც რუსული არმია არ «გამოჩნდება», მაგრამ ქუჩაში გამოსულ ბრბოს საჭირო მიმართულებით «ქართველებად გადაცმული» მისი აგენტურა წაიყვანს.
        ზოგიერთ მათგანს შეიძლება ქართული გვარიც ჰქონდეს.

2010