მეტყველი ციფრები

მეტყველი ციფრები

    გასულ კვირას, ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისმა 2012 წლის საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოქვეყნა. პრეზენტაცია, როგორც ყოველთვის დიდი პომპეზურობითა და ერთვარი „ელიტური ბრწყინვალებით“ ჩატარდა სასტუმრო „რედისონში“.
    ბუნებრივია, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“, რომელიც ამერიკის დემოკრატიული პარტიის „ინტელექტუალური ცენტრია“, საკუთარ პრესტიჟს ძალიან უფრთხილდება. მით უმეტეს, რომ საქართველოშივე ჰყავს ძლიერი კონკურენტი „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სახით, რომელიც რესპუბლიკური პარტიის საერთაშორისო კვლევით ცენტრს წარმოადგენს. ლოგიკურად წარმოიშობა კითხვა: რამდენად რეპრეზენტატიულია, ზოგადად, ამ ორი ამერიკული ორგანიზაციის (თანაც პარტიული ორგანიზაციის) მიერ ჩატარებული კვლევები, ანუ უბრალო ენით თუ ვიტყვით, რამდენად ზუსტად ასახავენ ისინი ქართული საზოგადოების შეხედულებებს მნიშვნელოვან საკითხებზე?
    ამ თემაზე ეჭვების გამოთქმა საქართველოში ისევე ძველი და ჩვეულებრივი ნარატივია, როგორც თვით კვლევები, რომლებიც 1992 წლიდან ტარდება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ იჭვნეულობა ამერიკელთა მიმართ (განურჩევლად მათი პარტიული კუთვნილებისა), როდესაც საქმე სოციოლოგიურ კვლევებს ეხება, ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია: სოციოლოგია, როგორც მეცნიერება და მისი კვლევითი დარგი საერთოდ ამერიკელების მოგონილია. კონკურენცია კი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ იმას განაპირობებს, რომ ორივე ინსტიტუტი თვალის ჩინივით უფრთხილდება პრესტიჟს. მათი მხრიდან რაიმე მიზანმიმართულ გაყალბებაზე საუბარი კომიკურია - ბოლოს და ბოლოს, ჩვენში დამკვიდრებული მოსაზრების შესაბამისად, თუ დემოკრატები მმართველი პარტიაა, გაუგებარია რესპუბლიკელებს მაინც რა „რეზონი„ აქვთ საქართველოში შედეგები გააყალბონ?
    ბევრი კითხვა არსებობს პარტნიორებთან დაკავშირებით: უშუალოდ გამოკითხვას არა ამერიკელები, არამედ მათ მიერ დაქირავებული ქართული სოციოლოგიური ჯგუფები აწარმოებენ. შეიძლება თუ არა აქ იყოს გაყალბება? თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისევ და ისევ, ამერიკელები იქნებიან ამაში დაინტერესებულნი, ანუ შემკვეთნი.
    სხვა საქმეა, რომ სოცილოგიური კვლევისას კითხვა შეიძლება ათასნაირად დაისვას. მაგრამ როდესაც წლის განმავლობაში კვლევას რამდენიმე დამოუკიდებელი ორგანიზაცია ატარებს, აქ ტენდენციურობა იოლი შესამჩნევი იქნება. ანუ, ისევ და ისევ, ორგანიზაციის პრესტიჟი შეელახება. მაინც, რა უნდა უღირდეს ან IRI-ს ან NDI-ს ეს ჩვენი პატარა საქართველო, რომ მის გამო მთელს მსოფლიოში თავისი სახელი დააყენონ ეჭვქვეშ?
    მაშასადამე, ქართული პოლიტიკური სპექტრის მუდმივი ეჭვიანობა გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით უფრო საკუთარი სისუსტის გამოვლინებაა. არ მოსწონთ შედეგები! და რაკი არ მოსწონთ, მიზეზებს საკუთარ პოლიტიკურ სისუსტეში, რეალური ალტერნატივის შექმნის უუნარობაში კი არ ხედავენ, არამედ რაღაც მისტიურ „შეთქმულებებში“.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ბოლო გამოკითხვა რომ ნამდვილად რეპრეზენტატიული იყო, თუნდაც იმ შედეგებიდან ჩანს, რაც პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგს პირდაპირ არ ეხება. ამ მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავინდებურად ინარჩუნებს პოზიციებს, რისი ძირითადი მიზეზიც ოპოზიციური ალტერნატივის სისუსტეა. ოპოზიცია ვერა და ვერ უმტკიცებს ხალხს საკუთარ ძალას, სერიოზულობას, მიზანმიმართულობას, არსებითობას, კონსოლიდირებულობას (ანუ, მთიანობაში ლეგიტიმურობას) და შემდეგ უკვირს, რატომ აქვს მმართველ პარტიას უფრო მაღალი რეიტინგი. სინამდვილეში პირიქით - მათ აქვთ დაბალი რეიტინგი.
    შედეგების თანახმად, მოსახლეობა უმთავრეს პრობლემად კვლავ უმუშევრობას მიიჩნევს. საოცარია ციფრია: გამოკითხულთა 70 პროცენტი თავს „უმუშევარს“ უწოდებს. რაზე მეტყველებს ეს მშრალი და ერთგვარად ჯიუტი ციფრი? გამოკითხვის ორგანიზატორებს ვერაფერში დავადანაშაულებთ: რაც უთხრეს ის დააფიქსირეს. კომენტარს ისინი არ აკეთებენ. თითქოს გვეუბნებიან: „ინებეთ ფაქტი, ხოლო ინტერპრეტაცია თქვენთვის მოგვინდიაო“.
    ჰოდა ჩვენც ვცადოთ, გავბედოთ და ვთქვათ, რომ „70 პროცენტიანი უმუშევრობა“ სრული აბსურდია! უმუშევრობის ასეთი დონე ალბათ მხოლოდ სომალიში თუ იქნება. საქართველო კი, საბედნიეროდ, სომალი არ არის. შრომისუნარიანი მოსახლეობის 70 პროცენტი რომ მართლა უმუშევარი იყოს, ამ ქვეყანაში დიდი ხანია სამოქაალქო ომი იქნებოდა გაჩაღებული და თბილისის ქუჩებში მხრჩოლავ ბარიკადებს ვიხილავდით, - გარშემო (უფალო შეგვიწყალე!) მიმობნეული გვამებით.
    და თუ ასეა, საიდან გაჩნდა ეს კოლოსალური ციფრი? რა თქმა უნდა უმუშევრობის ცნების არასწორი გაგებიდან. ჩვენში ჯერ კიდევ გაბატონებულია ძველი მენტალობა, რომლის თანახმად, სამუშაო მხოლოდ ის არის, სადაც დილით უნდა მიხვიდე და საღამოს წამოხვიდე, სადაც „შრომის წიგნაკი“ გაქვს გახსნილი, გყავს უფროსობა, კოლეგები და ა.შ.
    თიტქოსდა, რა არის ამგვარ აღქმაში არასწორი? ნებისმიერ ამერიკელს, ფრანგს ან გერმანელს ზუსტად ასეთი წარმოდგენა აქვს „სამუშაოზე“. პრობლემა ისაა, რომ სანამ დღევანდელ მდგომარეობას მიაღწევდნენ, „ველური კაპიტალიზმის“ ეტაპი გაიარეს, როდესაც შრომის ბაზარმა, თავისი მსახვრალი უხილავი ხელით „დაალაგა“ სოციალური ურთიერთობები და ყველას საკუთარი ნიშა მიუჩინა.
    ჩვენ კი ამ პერიოდს მხოლოდ ახლა გავდივართ: კვალიფიციური ინჟინერი ტაქსის მძღოლად მუშაობს, პროფესორი ქალბატონი კი - ფუნთუშების გამყიდველად. ბუნებრივია, ორივეს თავი უმუშევრად მიაჩნია და, გარკვეული აზრით, მართალიცაა. რაც შეეხება ხელისუფლების მცდელობას, შექმნას (ნოლიდან) პროფესიული გადამზადების სისტემა, მენტალური თვალსაზრისით ეს პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რადგან მთავარი საზოგადოებრივი ცნობიერებაა, რომელიც მხოლოდ ხანგრძლივი ზემოქმედებს შედეგად ტრანსფორმირდება.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სწორედ საზოგადოებრივი აღქმის თვალსაზისით, ძალიან საინტერესოა რესპოდენტთა დამოკიდებულება რუსეთისა და ნატოს მიმართ. დავაკვირდეთ: გამოკითხულთა 70% ემხრობა „ნატო“ - ს წევრობას, მაგრამ 88% არ მოსწონს ქვეყნის ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან. კითხვაზე, „როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი“, გამოკითხულთა 59% პასუხობს, რომ „არ იცის“, 23% იმედოვნებს „2014 წელს ან მის შემდგომ“. ამასთან, გამოკითხულთა 74%-ს სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
    აქ სრულიად აშკარა ინფანტილიზმთან გვაქვს საქმე, რომელიც, იმავდროულად, მეტისმეტად მკაფიოდ გამოხატულია, რომ ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემას არ უქმნიდეს: ნათელია, რომ მოსახლეობა ვერ ახერხებს „მიზან-შედეგობრივ ბმას“ ნატოსკენ სწრაფვასა და რუსეთთან დაძაბულ ურთიერთბებს შორის. ანუ, ერთის მხრივ „ნატოს“ აღიქვამს საბოლოო მიზნად, მაგრამ „შესვლა“ ისე სურს, რომ მოსკოვთან ურთიერთობაც არ დააზარალოს.
    ერთადერთი, ძალიან არაპოლიტკორექტული და უსიამოვნი დასკვნა, რაც ამ ციფრებიდან გამომდინარეობს ისაა, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი „ფასი“ გადაიხადოს - რუსეთის გარდაუვალი რეაქციის სახით. მაშასადამე, ეს ჯერ არ არის ჩვენი საზოგადოების გაცნობიერებული, თანაც ღირებულებითი არჩევანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება აუცილებლად გააცნობიერებდა ამ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.
    ამერიკულ ორგანიზაციას ეს კითხვა არ დაუსვამს, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ რესპოდენტებს კითხავდა, „რამ განაპირობა რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა და პასუხის ვარიანტებსაც შესტავაზებდა, გამოკითხულთა იგივე 88 პროცენტი მთავარ მიზეზად სააკაშვილის მიერ პუტინის „ლილიპუტინად“ მოხსენიებას დაასახალებდა და არა პროდასავლურ ორიენტაციას, რომელიც, როგორც ცნობილია, ამჟამინდელი პრეზიდენტის მოგონილი სულაც არ არის.
    იმავე დისკურში დავაკვირდეთ მეორე მონაცემსაც: ევროკავშირში წევრობის მსურველთა რიცხვი აღემატება ნატოსკენ მსწრაფთა ოდენობას. ესეც იმ ბოლომდე გაუცნობიერებელი სურვილის გამოხატულებაა, რომ „ბედნიერი ოჯახის“ წევრები უმტკივნეულოდ და უპრობლემოდ გავხდეთ: არც რუსეთთან გავიფუჭოთ ურთიერთობა, არც საფრთხეები მოვიმრავლოთ, არც აუტკივარი თავი ავიტკივოთ, მაგრამ პარიზსა და ლონდონში უვიზოდ კი ვიმოგზაუროთ.
    სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ განვითარების არც ერთ ეტაპზე ბალტიელებს (ანუ ესტონელებს, ლატვიელებსა და ლიტველებს) ნატოს, ევროკავშირის და რუსეთის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება არ ჰქონიათ. ბოლოს და ბოლოს, შეუძლებელია ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ მანამდე ნატოში არ გაწევრიანდა: გზა ევროკავშირისკენ გადის მხოლოდ და მხოლოდ ნატოზე! უკლებლივ ყველა (გამონაკლისის გარეშე) პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყანა მხოლოდ მას შემდეგ გახდა ევროკავშირის წევრი, რაც ჯერ ნატოში გაწევრიანდა.
    სრულიად გაუგებარი და გარკვეულწილად პროვოკაციულიცაა NDI-ს კითხვა: „რამდენად მისაღებია თქვენთვის ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის შეთავაზება, რომ საქართველომ უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ?“, რაც გამოკითხულთა მხოლოდ 26%-სთვის აღმოჩნდა მისაღები. 33% პასუხი უარყოფითია, 40% კი აცხადებს, რომ არ იცის ანუ ვერ მიხვდა რას ეკითხებიან.
    პასუხებიც ისეთივე აბსურდულია, როგორც კითხვა. მთელი 1990-იანი წლების განმავლობაში რას აკეთებდა პრეზიდენტი შევარდნაძე თუ არა სწორედ ამგვარი „გაცვლის“ მცდელობას? განა რუსეთმა არ დაამტკიცა, რომ გამორიცხავს ყოველგვარ გარიგებას, გაცვლას, ვაჭრობას ამ თემაზე? „არ იყიდება რუსეთის სურვილი, დასაჯოს დამოუკიდებელი საქართველო სეპარატიზმის მხარდაჭერით“ - ასეთი იყო მოსკოვის პასუხი ყოველთვის და ასეთი იქნება მომავალშიც.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ქართველი პოლიტიკოსებისთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელი უნდა იყოს იმ რესპოდენტთა რიცხვის ზრდა, რომლებიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ: 36%, ნაცვლად შარშანდელი 24 პროცენტისა! ეს არის ოპოზიციური უნიათობის და იმედგაცრუების პირდაპირი შედეგი
    გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ საქართველო „ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება’. რესპონდენტთა 14% ფიქრობს, რომ „ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება’; 8% თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება; 7% - „ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება’, ხოლო 4% - „ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება’. გამოკითხულთა 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
    რესპონდენტთა ასევე 55% ნაწილობრივ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. ნაწილობრივ არ ეთანხმება – 14%; სრულად ეთანხმება - 13%; საერთოდ არ ეთანხმება - ასევე 13%; 4%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
    აი, ეს 55 პროცენტი კი საეჭვოდ უახლოვდება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს. სხვათა შორის, ბევრი სოციოლოგი თვლის, რომ კარდინალური საზოგადოებრივი განწყობები ძალიან ნელა, „ისტორიული ტაატით“ იცვლება და საქართველო ამ დებულების თვალსაჩინო ნიმუშია.
    კითხვაზე „არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?“, - გამოკითხულთა 49% დადებითად პასუხობს. 34%-მა კი უარყოფითი პასუხი გასცა. ამ საკითხს ცოტა არ იყოს ირონიულადაც უნდა შევხედოთ: საეჭვოა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის “მესვეურებს საფრანგეთში ან თვით ამერიკაში გამოკითხვისას რესპოდენტებისთვის ასეთი კითხვა დაესვათ
    პოლიტიკურად ყველაზე აქტუალური მაინც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული თემაა:
    გამოკითხულთა 65% არ ეთანხმება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, 13%- ეთანხმება, 21%-მა – არ იცის; მისთვის მოქალაქეობის აღდგენას კი გამოკითხულთა 70% ემხრობა.
    როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ივანიშვილის მოქალაქეობის თემა სულ უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს. ზემოთ მოგახსენეთ, რომ NDI არასდროს აყალბებს შედეგებს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს კითხვა შემთვევით არ აღმოჩნდებოდა კითხვარში და არ დაემთხვეოდა ამერიკის როგორც აწ უკვე ყოფილ ელჩ ბასის, ასევე მომავალ ელჩ ნურლანდის განცხადებებს კონგრესში Hearing-ისას.
    მუშაობენ ლობისტური ჯგუფები, ითვალისწინებენ ინტერეს-დამოკიდებულებათა მთელს კომპლექსს, მათ შორის ამერიკა-რუსეთის ე.წ. „გადატვირთვის“ ინტერესებს. განა ვინ თქვა, რომ უცხო ქვეყანაში ამერიკის ინტელექტუალური ცენტრები თავისი სახელმწიფოს, მათ შორის საკუტარი პარტიის ინტერესებს არ ატარებენ? ეს ერთია და კვლევათა შედეგების გაყალბება - სულ სხვა.
    ხოლო ის, რომ ივანიშვილთან დაკავშირებით პოზიცია მკვეთრად გამოხატული მაინც არ არის, უდავოდ იმაზე მეტყველებს, რომ თვით ეს ფიგურა აღიქმება ვაშინგტონში გარკვეულწილად გაუგებრად და წინააღმდეგობრივად.
    და ბოლოს: ქალაქ „ლაზიკას“ მშენებლობას მხარს უჭერს 59%, 27% კი - არა, 14%-მა არ იცის რაზეა საუბარი. ლაზიკას მშენებლობის "მოწინააღმდეგეთაგან" 33% მიიჩნევს, რომ სოციალური საკითხების მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია; 32% - არსებული ქალაქების განვითარება უფრო საშურია; 22% ფიქრობს, რომ გაუმართლებელი ხარჯებია; 9%-ის აზრით კი საფრთხეს უქმნის გარემოს.
    ამგვარი პროექტისთვის 59 პროცენტი მაინც ძალიან დიდი ციფრია! იმდენად დიდი, რომ ეს მონაცემი მთელი ამ კვლევის უმთავრეს შედეგად შეიძლება ჩაითვალოს: იგი მეტყველებს, რამდენად ძლიერია ქართულ საზოგადოებაში სოციალური ოპტიმიზმის რესურსი. თანაც, უმძიმესი ომისა და სოციალური სიდუხჭირის ფონზე.
    „ლაზიკა“, გარკვეული აზრით, „მზის ქალაქია“. ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ მე 17 საუკუნის ევროპელმა მოაზროვნემ, თომაზო კამპანელამ ეს იდეა ახლადშობილ რენესანსულ სულისკვეთებას მოარგო და სწორედ ამიტომ ჰპოვა მან „ბირთვული რეზონანსი“ იმდროინდელ ევროპაში: საზოგადოება ოპტიმისტური იდეებისადმი მიდრეკილი აღმოჩნდა. „ლაზიკაც“, ამ აზრით, სწორედ ოპტიმისტური ტრენდის გამოხატულებაა და მისი 59 პროცენტიანი მხარდაჭერაც იმაზე მეტყველებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქართული საზოგადოება იმედითა და რწმენით შეჰყურებს მომავალს.
    ეს იმდენად ძვირფასი თვისებაა (კვლავ ვიმეორებ: მიუხედავად ყველაფრისა, რაც ბოლო წლებში გადავიტანეთ), რომ მხოლოდ ამ შედეგის მისაღებად ღირდა კვლევის ჩატარებაც და საჯარო ოცნებაც „სხივმოსილ ქალაქზე“.
    პრეზიდენტის ოცნება ბიძინა ივანიშვილის ოცნებისგან რადიკალურად განსხვავებულია: იგი აბსტრაქტულია, თუმცა, როგორც ამოჩნდა, მოსახლეობის თითქმის ორი მესამედისთვის მისაღები! მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ჯერ ჯერობით ვერც საგნობრივს და ვერც საოცნებოს მოსახლეობას ვერაფერს სთავაზობს. პარტიულმა რეიტინგებმა ეს რეალობა მკაცრად დაადასტურეს კიდეც და მომავალი საარჩევნო მარათონის მთავარ კითხვასაც გასცეს პასუხი: ვინ გაიმარჯვებს? - ის, ვინც უკეთ იცნობს ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიას.

2012