მეორე ტერაქტი შევარდნაძეზე

მეორე ტერაქტი შევარდნაძეზე

  

    საქართველოს «ისტორიის დასასრული» არ შედგა. ისტორია გრძელდება და სულ უფრო შემზარავ სახეს იღებს. 29 აგვისტოს ტერაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამჯერად ორი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გუშინწინდელი ტერაქტიც ბოლო არ იქნება. ის ძალები, რომელთაც შევარდნაძე უკვე ნერვებს უშლით, არ მოისვენებენ, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ.
  გაუთავებელი პროვოკაციები შევარდნაძის წინააღმდეგ გარკვეულწილად მეტყველებს იმ სახელმწიფოებრივი კურსის მართებულობაზე, რაც ბოლო პერიოდის საქართველოში ტარდება - წინააღმდეგ შემთხვევაში ტერაქტები არ შედგებოდა.
    საქართველოც ძალიან ბევრს უშლის ნერვებს - რაც უფრო სტაბილური გახდება ქვეყანა, მით უფრო გაძლიერდება წნეხი, ვინაიდან სამხრეთ კავკასიაში საქართველოს სახით მძლავრი (ანუ სტაბილური), მდიდარი, აყვავებული სახელმწიფოს დაფუძნება სრულიად ახალ რეალობას ქმნის მთელს კავკასიაში.
    ამ რეალობით უკმაყოფილო გეოპოლიტიკურ სუბიექტთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, მაგრამ ანალიზის შედეგად მათი წრე ვიწროვდება. დივერსიის ადგილას აღმოჩენილია ვინმე ჩეჩენი მალსაგოვის გვამი, მაგრამ ეს თითქმის არაფერს ნიშნავს. წინასწარი მონაცემებით, მალსაგოვი ჩეჩნეთში არ ცხოვრობდა - იგი დაღესტნის მკვიდრია. ეს საბჭოური პერიოდის სპეცსამსახურთა ნაცნობი ფანდია. ზემოაღნიშნულ ფანტომს კვალის არევასთან ერთად საკმაოდ შორსმიმავალი ფუნქცია - საქართველო-ჩეჩნეთის დაპირისპირების პროვოცირება უნდა შეესრულებინა. სხვა შემთხვევაში ძნელი საფიქრებელია, ამგვარ მნიშვნელოვან ოპერაციაში მონაწილე პირს ისეთი გულუბრყვილო შეცდომა დაეშვა - დავალებაზე პირადობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი გაჰყოლოდა.
    ნიშანდობლივია, რომ მას რუსეთის პასპორტი ჰქონდა. ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის შევარდნაძის სიკვდილი ძალზე არახელსაყრელია, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ მას არაერთგზის აგრძნობინა პოლიტიკური ვექტორის შეცვლა რუსეთთან დამოკიდებულებაში.
    მაშასადამე, დამკვეთი ისევ და ისევ მოსკოვში უნდა ვეძებოთ. ერთადერთი, ვინც შექმნილ ვითარებაში შევარდნაძის სიკვდილით მოიგებდა, არის რუსეთი. სხვა «მოთამაშენი» მომგებიან სიტუაციაში არ აღმოჩნდებოდნენ - უფრო პირიქით.
    პრეზიდენტმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ესენგეს უმაღლესი დონის სამიტში და კიდევ ერთხელ გამოხატოს პროტესტი მოსკოვში იგორ გიორგაძის თავშეფარების გამო. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დაუშვებელია შევარდნაძემ განაგრძოს მისთვის დამახასიათებელი ფამილარული დამოკიდებულება საკუთარი უსაფრთხოებისადმი. პრეზიდენტის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ მისი პირადი საქმე - ეს საქვეყნო პრობლემაა. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ერთ პიროვნებაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.
    საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება ფარული ომი. იგი არც არასდროს შეწყვეტილა. საზოგადოება ამას ვერ ამჩნევს და ჰგონია, რომ სხვებიც ისეთივე გულგრილობით ეკიდებიან საქართველოს პრობლემებსა და შესაძლებლობებს, როგორც მას თავად აღიქვავს. არადა, სინამდვილეში ასე არ არის. სინამდვილეში საქართველოს თითოეული ნაბიჯი (მით უმეტეს რაიმე წარმატება) საგარეო თუ საშინაო ასპარეზზე ძალიან მტკივნეულად აღიქმება იმ ძალების მხრიდან, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ხელისუფალთა მიერ უფლებამოსილნი არიან ყოველნაირად ეცადონ არ დაუშვან საქართველოს გაძლიერება და სახელმწიფოებრივად განმტკიცება. ეს მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ასეთი პოლიტიკა, უეჭველია, მომავალშიც გაგრძელდება.
    რაკი სახელმწიფო გადატრიალების, არეულობის, მასობრივი დესტაბილიზაციის პროვოცირება არ ხერხდება, უცხო სპეცსამსახურები ღია ტერორზეც გადადიან. ტერაქტები კი იმის მაჩვენებელიცაა, რომ სხვა საშუალება ქვეყნის დესტაბილიზაციისა უკვე აღარ არსებობს. ოპოზიციამ და პოზიციამ ჭკუა ისწავლეს - ეს კარგია, თუ შეიძლება ამ საქმესთან დაკავშირებით რამე «კარგი» იყოს.

მერიდიანი, 11 თებერვალი, 1998 წ.