მართვადი ქაოსი

იმპერიის მეორედ მოდერნიზაციის გეგმა

მართვადი ქაოსი

    დღეს უკვე არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ჩვენი თაობა, რომელიც განცვიფრებისა და მოულოდნელობისაგან პირგამეხებული შესცქეროდა სულ ცოტა ხნის წინათ იმპერიის რღვევისა და დანაწევრების პროცესს, მომსწრე ხდება იმპერიის კვლავ აღდგენისა. ოღონდ, კრემლის გარშემო კვლავ აღორძინებული ის ახალი «დერჟავა» სრულიად განსხვავებულ სოციალურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საფუძველზე იქნება დამყარებული.
    იმპერიის მეორედ მოდერნიზაცია ჩაიფიქრა და  ახორციელებს თვით იმპერიის ანალიტიკურ ცენტრებში ჩამოყალიბებული ელიტარული დაჯგუფება, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხელთ ეპყრა და კვლავაც უპყრია ზესახელმწიფოს მართვის ყველა ბერკეტი.

    მოდერნიზაცია ხორციელდებოდა საზოგადოებაში არსებულ რეალობათა და მიმდინარე პროცესების ღრმა ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით. «ინტელექტუალური ცენტრის» მიერ გაკეთებული დასკვნების ცდომილება თითქმის ნულს უდრის. ყოველ შემთხვევაში, იმპერიის გეოპოლიტიკურ სივრცეზე განვითარებული მოვლენები ნათლად ადასტურებენ, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური პროგნოზების ფენომენალურ სიზუსტესთან.
    მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიტან: რუსული სახელმწიფოებრიობის ძირითადი ქვაკუთხედის შეცვლის პროცესში ადრე თუ გვიან უეჭველად დადგებოდა დღის წესრიგში საბჭოების, როგორც სახელმწიფოებრივი სტრუქტურის დამსხვრევის პრობლემა. ხაზს ვუსვამ - არა თუ უბრალოდ მისი დემონტაჟის ან გაუქმების, არამედ სწორედ დამსხვრევის ანუ ახალი მმართველი ინსტიტუტის (საპრეზიდენტო მმართველობის) ძალადობრივი დამკვიდრება.
    ძალადობა, ამ შემთხვევაში, ისევე აუცილებელი იყო მიმდინარე პროცესის ლოგიკიდან გამომდინარე, როგორც თვით საბჭოების განადგურება, რადგან აუცილებელი გახდა საზოგადოების, რუსი ხალხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებაში ერთგვარი გარდატეხა და ძალაუფლების (ხაზს ვუსვამ - არა ხელისუფლების, არამედ სწორედ ძალაუფლების) ახალი წყაროს ურყევად დამკვიდრება ამ ცნობიერების ყველაზე ღრმა შრეებში. ეს კი საზოგადოებრივი ფსიქიკის ძლიერი შერყევის, მასზე უხეში ზეწოლის გარეშე შეუძლებელია.
    სწორედ ეს გახდა 3-4 ოქტომბრის გრანდიოზული, სისხლიანი სპექტაკლის შინაგანი, ღრმად დაფარული ქვეტექსტი. იმ შემაძრწუნებელმა მიზანსცენამ, როდესაც ტანკებიდან პირდაპირ დამიზნებით ბომბავდნენ «თეთრ სახლს», სულით ხორცამდე შეძრა ერი და მის ცნობიერებაში საბოლოოდ დამკვიდრდა განუყოფელი ძალაუფლების ახალი წყაროს - პრეზიდენტის არსებობა.
    ამრიგად, ეს მოვლნები უეჭველად ზემოთხსენებული გრანდიოზული გეგმის ნაწილია, მაგრამ იმთავითვე არსებობდა დიდი საშიშროება იმისა, რომ ისინი გადაიზრდებოდნენ სამოქალაქო ომში. ეს კი დაუშვებელი იყო და ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად პოლიტიკურ პროცესში ჩადებულ იქნა ისეთი ეთნოფსიქოლოგიური ელემენტი, რომელიც უეჭველად შეასრულებდა დამცავი მექანიზმის ფუნქციას.
    წარმოიდგინეთ, პატივცემულო მკითხველო, რომ რუსლან ხასბულატოვის ნაცვლად უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, თავის დროზე, რომელიმე რუსი მოღვაწე გამხდარიყო და მას განესახიერებინა საზოგადოებრივ ცნობიერებაში ძალაუფლების ის წყარო, რომელიც გეგმის თანახმად დასამსხვრევად იყო განწირული.
    ეს უეჭველად გამოიწვევდა საზოგადოებრივი ცნობიერების იმგვარ გახლეჩას, რომ სამოქალაქო ომი გარდაუვალი გახდებოდა, მაგრამ ხასბულატოვი Чечен-ი იყო და ეს არგუმენტი ელცინის გუნდმა, თუმცა არაპირდაპირ, ქარაგმულად, მაგრამ მაინც ბრწყინვალედ გამოიყენა თავისი მიზნის განსახორციელებლად.
    შეიძლება ვინმემ თქვას, ეს უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ ასეთი დონის შემთხვევითობისა არ მჯერა. მითუმეტეს, რომ ასეთი, ერთი შეხედვით უბრალო «დამთხვევებით» სავსეა ბოლო რვა წლის განმავლობაში განვითარებული ისტორიული პროცესი.
    თუმცა ეს მხოლოდ ერთი, კერძო მაგალითია. რაც შეეხება თვით პროცესს, იგი შემდეგნაირად ვითარდებოდა: კრემლმა გაითვალისწინა «მოკავშირე რესპუბლიკების» ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ცნობიერი ინტეგრირების დონე და, ყოველგვარი რისკის გარეშე, თავად «გააუქმა» (რა თქმა უნდა, მხოლოდ ფორმალურად) ერთიანი სახელმწიფო. შემდგომ კი, წინასწარ შემუშავებული ეკონომიკური პროგრამა აამოქმედა და რუსეთი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის გზაზე დააყენა.
    მან გაათავისუფლა პიროვნება, მისი კერძო ინიციატივა, რათა ამ პიროვნებას, ობიექტურად არსებულ უპირატესობაზე დაყრდნობით, უკვე სამუდამოდ «აეთვისებინა» იმპერიის გეოპოლიტიკური სივრცე, სამუდამოდ შეეკრა, შეედუღაბებინა იგი მილიონობით მაკავშირებელი ძაფით.
    საბოლოო მიზანი კი იყო და არის რუსეთის გარშემო წარმოშობილი, იმთავითვე უმწეო სახელმწიფოების მაქსიმალური დასუსტება, შემდგომ მათი დეზინტეგრაცია და კვლავ მიერთება ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცესთან.
    მაგრამ ამის განხორციელებას რუსეთი და მისი მმართველი ელიტა ვერ შეძლებდა, რომ არა ის მეთოდი, რომელიც აძლევს მას საშუალებას აკონტროლოს ამ ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესი და წარმართოს იგი გარკვეული მიმართულებით. ეს მეთოდი შეიძლება დავახასიათოთ როგორც «მართვადი ქაოსი». სწორედ ხსენებული დოქტრინა იქცა თანამედროვე რუსული პოლიტიკის გულანად.
    რუსეთის იმპერიამ, საუკუნოვანი არსებობისა და ცხოველმოქმედების განმავლობაში, თავის გეოპოლიტიკურ არსენალში შექმნა ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ცნობიერი სისტემები, რომლებიც ობიექტურად ხელს უწყობდნენ «ნაწილების სწრაფვას ერთიანობისაკენ». თუმცა, ამ პროცესის ყველა მონაწილე როდი აცნობიერებს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური მოძრაობის საფუძველი სწორედ ინტეგრაციული იმპულსია.
    ეს სისტემები იქცნენ იმ ფონად, რომელზედაც კრემლმა დაიწყო «მართვადი ქაოსის» პოლიტიკის განხორციელება.
    ამ პოლიტიკის ძირითადი მახასიათებელია საზოგადოებაში წინასწარ შექმნილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მასში იმთავითვე «ჩადებული» სოციალური თუ ეთნიკური წინააღმდეგობების ერთდროული აფეთქება. ხოლო შემდგომ, ამ საზოგადოებრივი კატაკლიზმის შედეგად წარმოშობილი ქაოსის მართვა (საჭირო კალაპოტში მის მოსაქცევად) იმ მექანიზმების მეშვეობით, რომლებიც არ ექვემდებარებიან ამა თუ იმ საზოგადოებაში წარმოშობილ დესტრუქციულ პროცესებს და უშუალოდ «ცენტრის» ძალისმიერ ბერკეტებს წარმოადგენენ. ეს ბერკეტებია საინფორმაციო იარაღი, საოკუპაციო ჯარი და საფინანსო სისტემა, როგორც მთლიანი ეკონომიკური მატრიცის საფუძველი.
    გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციული იარაღის, ანუ «საერთო ცნობიერი სივრცის» არსებობის გარეშე «მართვადი ქაოსის» მეთოდი ვერ განხორციელდება. სწორედ ეს იარაღი «აღვიძებს» მანამდე მიძინებულ წინააღმდეგობებს და ერთმანეთს აჯახებს სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ ძალას. გარდა ამისა, იგი აღვივებს ინტერესთა კონფლიქტებს, თითქმის დაუძლეველ ეთნიკურ წინააღმდეგობებს და ამა თუ იმ დაპყრობილ ერში ქვეცნობიერად არსებულ «არასრულფასოვნების კომპლექსს».
    ეს იარაღი მით უფრო ქმედითია, რაც უფრო მაღალია ამა თუ იმ ერის ცნობიერი ასიმილაციის დონე. კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში ეს დონე უაღრესად მაღალი იყო. ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ ისტერიკა, რომელიც ჩვენში მოჰყვა «გარდაქმნის» გარიჟრაჟზე ვიქტორ ასტაფიევის პასკვილს და რუსეთის ტელევიზიის (აგრეთვე «ცენტრალური პრესის») რამდენიმე გადაცემასა თუ პუბლიკაციას.
    ანალოგიური პროვოკაციები, ვთქვათ, ლიტველთა მისამართით ასეთივე დამანგრეველ შედეგს არ გამოიღებდა.
    «საინფორმაციო იარაღის» მეშვეობით დაპყრობილ ერში სულიერი წონასწორობის დარღვევის შემდეგ, მოქმედებას იწყებს მეორე ბერკეტი - საოკუპაციო ჯარი, რომელიც აღრმავებს ამ ფსიქოლოგიურ ფონს და ქმნის საფუძველს პოლიტიკური პროცესის უკიდურესი რადიკალიზაციისათვის.
    სწორედ ამისთვის დასჭირდა კრემლს ცხრა აპრილი და ამ დღეს გამოჩენილი ერთი შეხედვით «უაზრო» სისასტიკე. მეორე მხრივ, რადიკალური პოლიტიკური ძალების გამარჯვება კიდევ უფრო ამწვავებს სოციალურ და ეთნიკურ დაპირისპირებას, ქმნის წინაპირობებს ფიზიკური შეჯახებისათვის. ხოლო როდესაც ასეთი შეჯახება იწყება, იგივე ძალუმი ბერკეტის მეშვეობით იმპერია მტკიცედ მართავს უკვე წარმოშობილ შეიარაღებულ დაპირისპირებას სხვადასხვა ეთნიკურ თუ პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის, არ აძლევს ერთ რომელიმე მხარეს სამხედრო გამარჯვებისა და მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურების საშუალებას.
    ფინანსურ-ეკონომიკური ბერკეტის მეშვეობით კი «იმპერიული ცენტრი» ასევე მტკიცედ მართავს ეკონომიკურ პროცესებს, აღრმავებს ინფლაციას, ანადგურებს ეროვნულ ვალუტას, მიჰყავს მეურნეობა სრული კოლაფსის მდგომარეობამდე.
    აქვე უნდა აღინიშნოს: რა თქმა უნდა, ყველა ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ აგენტურულ ქსელს, რომელიც კრემლს ყველა სოციალურ ფენასა და შრეში (მათ შორის ვითომდაც «ეროვნულ», ვითომდაც «ანტიიმპერიალისტური» თუ «დემოკრატიულ») ძალებში ჰყავდა და ჰყავს. ისიც უნდა ითქვას, რომ თავად კრემლს არ სჭირდება წარმოშობილ ანტაგონიზმში ყოველდღიური ჩარევა - პროცესთა საერთო მიმართულების კორექტირების მიზნით, რადგან ერთხელ ამოქმედებული სისტემები უკვე თავისთავად, ავტომატურად მოქმედებენ და პროცესი მიჰყავთ მისთვის წინასწარ გაჭრილი «კალაპოტით».
    «მართვადი ქაოსის» მეთოდი, არსობრივად, იმპერიული ძალაუფლების განუჭვრეტელობას ეყრდნობა. ეს ამ მეთოდის ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა. ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ ის სასაცილო კამათი, რომელიც ჩვენში მიმდინარეობს ელცინის ფიგურასთან დაკავშირებით. გავიხსენოთ აგრეთვე ისიც, რომ სწორედ ამ ხერხის გამოყენებით (იგი შეიძლება დავახასიათოთ აგრეთვე, როგორც იმპერიული პოლიტიკის მოჩვენებითი ირაციონალობა), რუსეთმა საქართველო ოთხგზის მოატყუა და ოთხგზისვე ერთი და იმავე ფორმით.
    «მართვადი ქაოსი», როგორც პოლიტიკური დოქტრინა, იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ კრემლი ამჟამად ცდილობს, იგი განახორციელოს არა მარტო ყოფილი «საბჭოთა კავშირის» სივრცეზე. არამედ ამ სივრცის საზღვრებს გარეთაც. ამის მაგალითია იუგოსლავია.

    ბუნებრივად ისმის კითხვა: შეეძლო თუ არა საქართველოს წინააღმდეგობა გაეწია ამ მეთოდისათვის? ძნელი სათქმელია. იქნებ არც შეეძლო, მაგრამ იგივე კითხვა შეიძლება სხვაგვარად დავსვათ: არსებობს თუ არა რაიმე «კონტრმეთოდი», რომელიც თეორიაში მაინც უტოვებს შანსს ამა თუ იმ საზოგადოებას, წინააღმდეგობა გაუწიოს «მართვადი ქაოსის» დოქტრინას?
    თუ კითხვა ასე დაისმება, მაშინ პასუხი ერთმნიშვნელოვანია: რა თქმა უნდა, ასეთი კონტრმეთოდი არსებობს და იგი მოკლედ შეიძლება დახასიათდეს ერთი სიტყვით - სტაბილურობა.
    საქმე ის გახლავთ, რომ მრავალ იმ სისტემათაგანს, რომელთა მეშვეობით და რომლებზე დაყრდნობითაც ხორციელდება «მართვადი ქაოსის» დოქტრინა, ეფექტური მოქმედება ძალუძს მხოლოდ დესტაბილიზაციის პირობებში. რაც უფრო დიდია საზოგადოებრივი თუ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დესტაბილიზაციის დონე, მით უფრო ძალუმად მოქმედებენ ეს სისტემები და - პირიქით.
    თუ ქართველებს არ გვსურდა კვლავ აღმოვჩენილიყავით იმპერიულ მახეში, ყველა ღონე უნდა გვეხმარა, რათა არაფრის დიდებით, არავითარ შემთხვევაში არ დაგვეშვა საქართველოში დესტაბილიზაცია! მაგრამ ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის, აგრეთვე ელიტის უზნეობისა თუ გონებრივი სიჩლუნგის წყალობით, ჩვენ ეს ვერ შევძელით. რის გამოც, უახლოეს ხანში, ჩვენი სამშობლო, ვაითუ კიდევ უფრო სასტიკად დაისაჯოს.

«ივერია-ექსპრესი», 21 ნოემბერი 1993წ.