მარადიული აგონია

მარადიული აგონია


   

    რაოდენ მოსაწყენად და «დაშტამპულადაც» უნდა მოეჩვენოს ვინმეს, იძულებულნი ვართ ვაღიაროთ: ამჟამად საქართველოსათვის არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი პროცესი, ვიდრე ის, რომელიც ჩეჩნეთში მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, კვლავ და კვლავ ვუბრუნდები ამ საკითხს.
    გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩეჩნეთში ამჟამად წყდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, გარკვეული თვალსაზრისით, მსოფლიოს ბედიც, რადგან კაცობრიობის შემდგომი განვითარება უეჭველად დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა დაემართება რუსეთს - გადარჩება თუ არა ეს სახელმწიფო, შეინარჩუნებს თუ არა იგი ცხოველმყოფელურ ენერგიას? თუ პირიქით - საბოლოოდ განადგურდება, დაიშლება და შეწყვეტს არსებობას?

    ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენები მრავალი თვალსაზრისითაა საინტერესო.
    უპირველეს ყოვლისა, იგი რუსული სახელმწიფოებრიობის გამოცდად იქცა და, იმავდროულად, მოხდა აპრობირება იმ მმართველობითი სისტემისა, რომელიც ელცინისა და მისი გუნდის მიერ, 1993 წლის ოქტომბერში, ცეცხლითა და მახვილით იქნა დამყარებული.
    საბრძოლო მოქმედებებმა დაადასტურეს: დღესაც კი, როდესაც მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა სამხედრო ტექნიკის საოცრებანი შექმნა - ომს მაინც ჯარისკაცის შემართება და პროფესიონალიზმი იგებს. უახლესი ტანკები უმალვე იქცევა რკინის გროვად, თუ არმია, მთლიანობაში, არ არის დარწმუნებული თავისი საქმის სამართლიანობაში და მასში არ ზეობს საბრძოლო სულისკვეთება.
    რუსეთის არმიაში კი (იგი საუკუნეთა განმავლობაში რუსული სახელმწიფოებრიობის «გულანი» იყო) ამჟამად საოცარი რამ ხდება: ირღვევა ერთმმართველობის უმაღლესი პრინციპი - თავდაცვის მინისტრ გრაჩოვს აუჯანყდა მისი სამი მოადგილე (მათ შორის სახელგანთქმული გენერალი გრომოვი), რომლებმაც უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ ჩეჩნეთის ოპერაციის განხორციელებაში, ხოლო ცნობილმა გენერალმა ლებედმა იტალიის ტელეკომპანიას მისცა ინტერვიუ და ლანძღვა-გინებით აიკლო პრეზიდენტიც და თავდაცვის მინისტრიც.
    ლებედი მოითხოვს ჯარების გამოყვანას ჩეჩნეთიდან და დუდაევთან მოლაპარაკების დაწყებას. ეს ყოველივე უმძიმესი სახელმწიფოებრივი კრიზისის მაჩვენებელია - მაჩვენებელია იმისა, რომ რუსეთის არმია დაშლის პირასაა.
    თავისთავად საინტერესოა, რამ მიიყვანა იგი ამ მდგომარეობამდე. ნუთუ ძალის ნაკლებობამ? - არავითარ შემთხვევაში! რუსეთის არმია დღეს ათასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, ასი ათასჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე, ვთქვათ, XIX საუკუნეში, მაგრამ იმ ეპოქებში მთავარსარდლის მოადგილეს, ოფიცერს, აზრადაც არ მოუვიდოდა ეჭვი შეეტანა ბრძანების სამართლიანობასა და მიზანშეწონილობაში: «ბრძანებაზე არ მსჯელობენ - მას უსიტყვოდ ასრულებენ» - ასეთი იყო შეუვალი წესი, რომელსაც უეჭველად ემორჩილებოდა ყველა, უბრალო ჯარისკაციდან - გენერლამდე.
    იმავე გენერალ გრომოვს, რომელიც შესანიშნავი სამხედრო პროფესიონალია, იმ ეპოქებში აზრადაც არ მოუვიდოდა თუნდაც დაფიქრებულიყო პოლიტიკურ საკითხებზე. დღეს კი, მთელი მსოფლიო ძრწოლით შესცქერის ერთ დროს უძლეველი არმიის თვითდაშლისა და განადგურების პროცესს. არმიისა, რომელიც ოცდაათი ათას ატომურ მუხტს ფლობს და შეუძლია მოსპოს მთელი მსოფლიო.
    რამ გამოიწვია ასეთი დეგრადაცია? - ეს ძალზე საინტერესო კითხვაა, რომელსაც უეჭველად მივყავართ ერთმნიშვნელოვან პასუხამდე: რუსული არმიის კრიზისი არის თავისებური გამოხატულება იმ სისტემური კრიზისისა, რომელმაც საერთოდ, რუსული სახელმწიფოებრიობა მოიცვა. ეს სახელმწიფო საუკუნეთა განმავლობაში შენდებოდა როგორც იმპერია, რომლის მთავარი თვისება, საფუძველი იყო ძალის იმპერატიულობა, მისი აბსოლუტურობა, შეუვალობა, უზენაესობა. სამართლიანი იყო მხოლოდ ის, რაც იყო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანობას ამჟღავნებდა: «გამარჯვებულებს არ ასამართლებდნენ».
    მაგრამ როგორც კი რუსული საზოგადოება ჰუმანიზმის «ბაცილით დაავადდა», როგორც კი იგი დაეჭვდა ძალის სამართლიანობაში - არმიამ უმალვე იწყო დაშლა.
    პირველი დარტყმა მის საბრძოლო სულისკვეთებაზე იყო ავღანეთი. არა იმდენად ის, რომ იგი ავღანეთში თითქოს «დამარცხდა», რაც მტკნარი სისულელეა - რუსეთის არმია ავღანეთში (სამხედრო თვალსაზრისით) არ დამარცხებულა: ათი წლის განმავლობაში მან სულ თხუთმეტი ათასი მეომარი დაკარგა და, ამავე დროს, მილიონამდე «მოჯაჰედი» მოსპო.
    თუ საბჭოთა კავშირი, ბოლოს და ბოლოს, იძულებული გახდა არმია გაეყვანა, ეს სრულიადაც არ იყო მისი «დამარცხებით» გამოწვეული. სინამდვილეში, საბჭოთა ხელმძღვანელობა დამარცხდა არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით - იგი სრულ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა.
    ამიტომ, სახელმწიფო იძულებული გახდა, თავად დაემცირებინა საკუთარი არმია და იგი დაპყრობილი ქვეყნიდან გამოიყვანა. შემდეგ კი, «პერესტროიკისა» და «საჯაროობის» განვითარების კვალობაზე, რუსულმა საზოგადოებამ თვითონ «ჩააფურთხა სულში» რუს ოფიცერს, რომელიც უსიტყვოდ ასრულებდა ბრძანებას. მას უთხრეს, რომ იგი «დაუნდობელი მხეცია», რომ ავღანეთის ომი იყო «დანაშაული კაცობრიობის წინაშე» და რაც მთავარია, მაშინ, პირველად რუსეთის ისტორიაში, დაიწყო დამკვიდრება მისთვის აბსოლუტურად მიუღებელმა და უცხო პრინციპმა: «ბრძანება შეფასებას ექვემდებარება» - იგი ჰუმანური უნდა იყოს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კაცობრიობის მიერ გამომუშავებულ ზნეობრივ კანონს.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯარისკაცს (და ოფიცერს) მიეცა მორალური უფლება, ემსჯელა ბრძანების თაობაზე. ეს პრინციპი მიღებულია დასავლურ სამყაროში, მაგრამ რუსეთისათვის იგი უცხოა და მიუღებელი - ამ სახელმწიფოს მთელი ისტორია სწორედ ძალის «ზემორალურობის» აღიარებაა.
    კიდევ ერთი ასეთივე დარტყმა იყო 9 აპრილი.

    ისტორია ზოგჯერ საოცარ პარალელებს გვთავაზობს: XIX საუკუნეში, 1840 წელს, კავკასიის დიდი ომის დროს, იმპერიულმა ხელისუფლებამ ზუსტად ისეთივე ულტიმატუმი წაუყენა მთიელებს, როგორც 1994 წელს: მათგან მოითხოვდნენ იარაღის ჩაბარებას. თუმცა, იმთავითვე ნათელი იყო, რომ ჩეჩნები იარაღს ვერ შეელეოდნენ, ამიტომ ეს ულტიმატუმი მხოლოდ მომავალი აგრესიისა და გენოციდის ფორმალური გამართლება იყო და სხვა არაფერი.
    მაგრამ მაშინ, რუსულ საზოგადოებაში ვის მოუვიდოდა აზრად, ვინ გაბედავდა, ემსჯელა მრისხანე იმპერიის უზენაესი ნების სამართლიანობაზე?! თვით უდიდესი რუსი ჰუმანისტის, ლევ ტოლსტოის გენიალურ «ჰაჯი მურატში», ისევე როგორც მისი წინამორბედის, ომის უშუალო მონაწილის, მიხეილ ლერმონტოვის შესანიშნავ ლექსებში, აშკარად იგრძნობოდა, რომ ისინი კავკასიის ომს აღიქვამდნენ, როგორც ღვთაებრივი ნების გამოხატულებას, რომელიც «სამართლიანობისა» და «უსამართლობის» კატეგორიათა გარეთ ძევს . . . ისევე, როგორც ამ კატეგორიებს არ ემორჩილება თვით იმპერიული ძალაუფლება.
    თუმცა, ამავე დროს, პატივს მიაგებდნენ მთიელთა ვაჟკაცობას და ერთგვარი სინანულითაც წერდნენ თავიანთი «პატარა სამშობლოსადმი» მათ უსაზღვრო სიყვარულსა და ერთგულებაზე.
    დღეს კი, როდესაც ვაკვირდები რუსული საზოგადოების რეაქციას პრეზიდენტ ელცინის მოქმედებაზე, არ შეიძლება არ შევნიშნო, რომ ჰუმანისტურმა იდეოლოგიამ აშკარად დაძლია იმპერიული ინსტინქტი - დაამსხვრია და გააცამტვერა ძალის იმპერატიულობის სისხლხორცეული პრინციპი.
    თუკი სახელმწიფოს მოქმედებაზე საზოგადოების რეაქციამ პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა - პოლიტიკური უფლება შეიძინა აგრეთვე მანამდე უტყვმა რუსმა ოფიცერმაც! მასაც მიეცა უფლება, თავად განსაჯოს - ღირს თუ არა ბრძანების შესრულება.

    «ივერია-ექსპრსი», 10 ივნისი, 1995 წელი.