კონკორდატი გარდაუვალია?

კონკორდატი გარდაუვალია?

      

        გუშინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ საბოლოოდ შეთანხმებულია ყველა დაინტერესებულ მხარესთან ხელშეკრულება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.
        ევროპული ტრადიციის შესაბამისად, ასეთ ხელშეკრულებას «კონკორდატი» ეწოდება. სწორედ ამ «ტრადიციულობაშია» პირველი სხვაობა. ევროპაში (ანუ ყველა იმ სახელმწიფოში, სადაც ხელშეკრულებით არეგულირებენ ურთიერთობებს ეროვნულ ეკლესიასთან) არსებობს ასეთი ურთიერთქმედების საუკუნოვანი ტრადიცია: იმ სახელმწიფოებში ეკლესია დომინანტურ როლს ასრულებდა: მეფეებს ნიშნავდა და ამხობდა, იმპერატორები კისერზე საბმელმობმულნი მიდიოდნენ მღვდელმთათვრებთან (არა მხოლოდ კანოსას-პაპთან), რათა შენდობა ეხთოვათ.
        გარდა ამისა, ეკლესია ევროპაში განუზომლად მეტ ზეგავლენას ახდენდა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების რეგლამენტაციაზე, ვიდრე საქართველოში.
        ანუ ამ თვალსაზრისითაც სხვაობა უდიდესია.
        სხვაგვარად რომ ვთქვათ, კონკორდატი ევროპაში სახელმწიფოს - ეკლესიისგან გამოყოფის საბოლოოდ დადასტურება იყო და არა პირიქით. საქართველოში ამგვარი ვითარება არასდროს ყოფილა, ამიტომ ჩვენში «კონკორდატის» იდეა აღიქმება არა როგორც სახელმწიფოსა და ეკლესიის საბოლოოდ გამიჯვნის დადასტურება, არამედ პირიქით, მათი გარკვეულწილად გაერთიანების და ურთიერთრეგლამენტირების ცდა.
        ხოლო ვინაიდან ეკლესია საერო რეგლამენტირებას პრინციპში არ ექვემდებარება და არც შეიძლება ექვემდებარებოდეს, გამოდის, მან უნდა გააძლიეროს თავისი ზეგავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე - სხვა შედეგი ამ ხელშეკრულებას არ შეიძლება მოჰყვეს.
        ხელშეკრულების იდეა საპატრიარქოში გაჩნდა, ხოლო საერო ხელისუფლებამ, იმის შიშით, ვაითუ «ანტიეროვნულობა დაგვწამონო», მას მხარი დაუჭირა.
        არადა, ასეთი ხელშეკრულების გაფორმებას ძალზე ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს: საზოგადოების შიგნითაც იზრდება დაპირისპირება და მწვავდება დისკუსია, მაგალითად რესტიტუციის, აგრეთვე ქონების დაბეგვრის (მიწის რენტა და ა.შ.) საკითხებზე;
        რომ აღარაფერი ვთქვათ, სამუზეუმო ქონების იურიდიული კუთვნილების (თუნდაც არა ფაქტობრივი ადგილმდებარეობის) შეცვლაზე.
        კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა წარმოიშობა საზღვარგარეთ. საქართველოს აქვს ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები ევროსაბჭოს მიმართ: არც ერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფომ გააფორმა ხელშეკრულება ეკლესიასთან, ეს ხელშეკრულება არ უღიარებიათ «კონსტიტუციურ აქტად», ანუ არ დაუყენებიათ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მაღლა.
        გარდა ამისა, ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ განურჩევლად იმისა, რა ჩაიწერება ხელშეკრულებაში, მისი გაფორმებით ირღვევა მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი: ხელშეკრულება ხომ ფორმდება არა საპატრიარქოსთან (ანუ საეკლესიო ადმინისტრაციასთან საეროთ გაგებით), არამედ ეკლესიასთან მთლიანობაში.
        მაშასადამე, ეკლესიის მრევლთანაც.
        გამოდის, სახელმწიფო აღიარებს, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ ორი ხარისხის მოქალაქეები: ის ქართველი, ვინც განეკუთვნება მართლმადიდებელ ეკლესიას, - პირველხარისხოვანია, ხოლო (ვთქვათ) ათეისტი ქართველი - მეორეხარისხოვანია.
        არადა, როგორ შეიძლება ნორმალურ სახელმწიფოში ათეიზმი დანაშაულად და მანკად ეთვლებოდეს მოქალაქეს? თუ ლოგიკურად გავყვებით «ხელშეკრულების» იდეას, სწორედ ასე გამოდის.
        სხვა საქმე,ა ხელშეკრულება რომ გაფორმებულიყო (დავუშვათ) კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის, რითაც სახელმწიფო აღიარებდა ეკლესიის უდიდეს კულტურულ როლს ქვეყნის ისტორიაში, მოაწესრიგებდა ურთიერთობას ძეგლთა დაცვის საკითხებში და ა.შ.
        თუ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, ცივილიზებულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, აქ შეძლებელია სხვა ლოგიკა არსებობდეს. ხელისუფლებას უბრალოდ არ სურდა ეწყენინებინა ეკლესიისთვის, რომლის მისწრაფება სავსებით გასაგებია, მაგრამ არსებობს გარკვეული ზღვარი.
        ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღეს ვინმე ათეისტმა საკონსტიტუციო სასამართლოში რომ შეიტანოს სარჩელი ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, ექნება თუ არა საფუძველი? ბოლოს და ბოლოს ეკლესიამ საფრანგეთში (ვთქვათ) არანაკლებ დიდი ეროვნული მისია შეასრულა საუკუნეთა განმავლობაში, მაგრამ საფრანგეთის დიდი რევოლუციის ტრადიციისამებრ, ეკლესია და სახელმწიფო მკვეთრად არიან ერთმანეთისგან გამიჯნულნი. ფრანგი ათეისტი არ მიიჩნევა მეორეხარისხოვან მოქალაქედ ფრანგ კათოლიკესთან შედარებით.
        ეკლესიას სახელმწიფომ ნება რომ დართოს, იგი ათეისტს ციხეშიც ჩასვამს. ვინაიდან მიიჩნია, რომ ათეისტი სატანას ემსხაურება - ასე ინკვიზიციას ავაღორძინებთ მაშინ, როდესაც ევროპაში (რომლისკენაც მივისწრაფით) იგი უკვე შუასაუკუნოვანი უკუნეთის მწარე მოგონებაა.

დილის გაზეთი, 9 მარტი, 2001 წელი