კოდორის ხეობა არძინბას უფრთხის

კოდორის ხეობა არძინბას უფრთხის

      

        დალის სვანეთში მომხდარმა ინციდენტმა (კვიციანის მომხრეთა მიერ ნადარეიშვილის ხელქვეითთა ცემამ) საქართველოში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.
        არა და არ წყდება დამკვირვებელთა პროგნოზები და ვარაუდები, თუმცა, მომხდარის არსს, ჯერ-ჯერობით, ვერავინ ამჩნევს - ყველაფრის ახსნას ცდილობენ მხოლოდ დაპირისპირებით «აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასა» და «კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულს» შორის.
        რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება არსებობს, მაგრამ იგი მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული გამოხატულებაა სიღრმისეული პრობლემისა.
        შაბათის ინციდენტი (ამჯერად) უმსხვერპლოდ დასრულდა. ვგულისხმობ ლეტალურ შედეგს, თორემ «მხსვერპლად» ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ ლონდერ ცაავა, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ხელმძღვანელები, რომლებიც მას თან ახლდნენ ხეობაში. ისინი ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს ცემით.
        უეჭველია, რომ ტერორისტული აქტი განახორციელა ადგილობრივმა (სვანურმა) შეიარაღებულმა დაჯგუფებამ. მათ წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი აქცია, რომ «ჭკუა ესწავლებინათ «ნადარეიშვილისა და მისი მომხრეებისათვის».
        ბუნებრივია, ამიერიდან არც თამაზ ნადარეიშვილი, არც ლონდერ ცაავა, ან ნებისმიერი სხვა ფიგურა «ლტოლვილთა ხელისუფლებიდან» აფხაზეთის სვანეთს (კოდორის ხეობას) ახლოსაც არ გაეკარება. ანუ «დამსჯელ-დასაშინებელმა აქციამ» შედეგი ნამდვილად გამოიღო, ოღონდ მიზეზი (ვიმეორებ) უფრო ღრმაა, ვიდრე ზემოთხსენებული დაპირისპირება ორ დაჯგუფებას შორის, რომელთაგან ორივე თბილისიდან იმართება.

        1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. ასი ათასობით სოხუმელი, ვინც 27 ივლისს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, იძულებული გახდა, გაქცეულიყო; რაკი კოდორის შესართავი აფხაზ სეპარატისტებს ჰქონდათ დაკავებული, ლტოლვილთა უზარმაზარი მასა ხეობას აუყვა, სადაც ადგილობრივმა ყაჩაღებმა (რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ ძალიან ბევრს) ენით აუწერელი, საშვილიშვილო, «ათასწლეული ცოდვა» ჩაიდინეს არა მხოლოდ საქართველოს (ამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია), არამედ ადამიანურობის წინააღმდეგ: პირწმინდად გაძარცვეს უბედური ლტოლვილები, რომელთაც თუ რაიმე სარჩო ჰქონდათ და წამოღება შეეძლოთ - სოხუმიდან მოჰქონდათ.
        სხვა საქმეა, რომ იარაღი წაართვეს გამოქცეულ ჯარისკაცებს - ამას კიდევ შეიძლება მოეძებნოს რაღაც გამართლება, ვინაიდან იარაღი კოდორის ხეობაში უფრო საჭირო იყო - ხეობა ერთადერთი ადგილია აფხაზეთში, სადაც ამჟამად არ ვრცელდება სოხუმის იურისდიქცია.
        რა თქმა უნდა, საქართველოს იურისდიქციაც ხეობაში ფორმალურია, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის ფაქტი, რომ განსხვავებით გალის რაიონისგან, არძინბამ ხეობაზე თავისი გავლენა ვერ განავრცო; თუმცა, სამხედრო თვალსაზრისით, ამის გაკეთება ყოველთვის შეუძლია: კოდორის ხეობას რეალურად იცავს რამდენიმე ასეული მებრძოლისგან შემდგარი, ცუდად შეიარაღებული, გაუწვრთნელი «სახალხო ლაშქარი». არძინბას შეიარაღებულ ფორმირებებს, ქედისგადავლით ძალუძთ განახორციელონ შეტევა ხეობაზე ტყვარჩელიდან, ან ესეც არ არის აუცილებელი, - საკმარისია სეპარატისტთა «რადისტმა», რომელიც საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას ახორციელებს, დაიკავოს პოზიცია, რომელიმე ახლომდებარე მთაზე და ხეობა, ფაქტობრივად, დაკარგულია - საარტილერიო ცეცხლით («გრადითა» და სხვა სარაკეტო დანადგარებით) სეპარატისტები სულ ადვილად «გააქცევენ» ხეობის მოსახლეობას.
        თუ ეს ზაფხულში მოხდა, უბედურმა მოსახლეობამ კიდევ შეიძლება «გაასწროს» უღელტეხილზე, ზამთარში კი მთლიანად ამოწყვეტენ.
        არძინბა თავიდანვე ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს კოდორის ხეობაში მოვლენათა განვითარებას: ხეობას, ყველა თვალსაზრისით, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - იგი აფხაზეთს აკავშირებს ჩრდილოეთ კავკასიასთან; იმავდროულად, ხეობის გავლით შეიძლება ცენტრალურ აფხაზეთში შეჭრა – კოდორის ხეობიდან «ერთი ხელის გაწვდენაა» კელასურსა და სოხუმამდე;
        მიუხედავად ამისა, არძინბა არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან, მისთვის «მეგრულ-სვანური» დაპირისპირების პროვოცირება უფრო მნიშვნელოვანი იყო.
        ამ პრობლემის შექმნით იგი ასუსტებდა მთლიანად ლტოლვილთა მოძრაობას და აფერხებდა საქართველოს სასარგებლო პროცესების განვითარებას სამურზაყანოში.
        ჯერ კიდევ 1992-95 წლებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ არძინბას ხელისუფლება ფარულად კონტაქტებს ამყარებდა კოდორის მოსახლეობასთან; მათ შორის, ყველაზე გავლენიანი შეიარაღებული ფორმირების წევრებთან, რომელთაც აძლევდა ხეობის ხელშეუხებლობის გარანტიას იმ შემთხვევაში, თუ «კოდორელები» არ მისცემდნენ საშუალებას ნადარეიშვილს, «გადაექცია ხეობა პლაცდარმად პარტიზანული მოძრაობისათვის აფხაზეთში».
        სწორედ აქ არის ახსნა იმ ინციდენტის ძირეული, სიღრმისეული მიზეზისა, რომელიც შაბათს აფხაზეთში მოხდა.
        კოდორის ხეობელთა თვალწინ დატრიალდა გალის 1998 წლის ტრაგედია. არძინბამ, რასაკვირველია, შესანიშნავად შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მომხდარის მიზეზი გალში პარტიზანთა აქტიურობა იყო მხოლოდ. ბუნებრივია, ხეობის მოსახლეობასაც მშვიდი ცხოვრება ურჩევნია ომსა და უბედურებას.
        სასაცილოა, მათგან მოითხოვდე თანხმობას, გადააქციონ ხეობა აფხაზეთის დასაბრუნებელ პლაცდარმად და ამით სათუოდ აქციონ საკუთარი მომავალი.
        ამიტომ, ნადარეიშვილისადმი აშკარად გამოხატული სიძულვილი, სინამდვილეში, სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ამ გზით ხეობა ცდილობს, თავი დაიზღვიოს არძინბას ხელისუფლების მძვინვარე შურისძიებისგან.

        ისინი გუმანით გრძნობენ, რომ სწორედ «ნადარეიშვილი და მის მთავრობა» აღიზიანებს სეპარატისტებს ყველაზე მეტად; თუმცა, იგივე ითქმის «პრეზიდენტის რწმუნებულზეც»; აფხაზებმა ეს ინსტიტუტიც შეიძლება აღიქვან, როგორც «აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის მცდელობა» და მიიღონ შესაბამისი ზომები.
        სწორედ აქედან მოდის «თავისუფალი კოდორის ხეობის» მოთხოვნა, ვინაიდან ამ გზით გაემიჯნებიან აფხაზეთის ხელისუფლებას; მასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებასაც და თავს დაიზღვევენ აფხაზ სეპარატისტთა შემოტევისაგან, რომლისაც ძალიან ეშინიათ;
        ანუ მათ არ სჯერათ (მართალნიც არიან), რომ საკუთარი სახლ-კარის დაცვას შეძლებენ და არ იქცევიან ლტოლვილებად - ისევე, როგორც აფხაზეთის დანარჩენი ქართული მოსახლეობა.

        თუმცა, იმავე «აფხაზებთან შერიგებისა და თანაცხოვრების» თაობაზეც არა აქვთ განსაკუთრებული ილუზია. თავად შეიძლება კიდეც ჰქონდეთ სურვილი, მაგრამ ათასი წელიც რომ გავიდეს, სეპარატისტები არასდროს აპატიებენ მათ ლათასთან ჩამოგდებულ ვერტმფრენს, რომელშიც (როგორც შემდგომ აღმოჩნდა) ტყვარჩელიდან ბავშვები გადაჰყავდათ.
        ამ რეალიების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლების (მათ შორის, დევნილი ადმინისტრაციის) მხრიდან ყველაზე კეთილგონიერი ნაბიჯი იქნებოდა, ვითარების შემდგომი გამწვავების თავიდან ასაცილებლად საერთოდ მიენებებინათ თავი ამ ხეობისთვის (ყოველ შემთხვევაში, დროებით) და მხოლოდ ყველა სახის დახმარება გაეგზავნათ, რათა საბოლოოდ არ გაწყდეს უკანასკნელი დამაკავშირებელი ძაფი საქართველოსა და აფხაზეთს შორის.
        ზემოთთქმული სიმართლე, ალბათ, ბევრს არ მოეწონება, შესაძლოა, ამის გამო ავტორს უსიამოვნებაც შეხვდეს, მაგრამ აფხაზეთის დევნილმა ხელისუფლებამაც და კოდორის ხეობის «ფორმალურმა თუ არაფორმალურმა» ლიდერებმაც კეთილი ინებონ და ისწავლონ სიმართლის მოსმენა.
       

პრაგმატიზმი ებრაელებისაგან უნდა ვისწავლოთ
       

        გასულ კვირას, პრეზიდენტის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მოხდა უაღრესად ნიშანდობლივი ფაქტი, რომელიც ძალზე ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ზოგადად ქართული პოლიტიკის თავისებურებათა გათვალისწინებით:
        ქართველმა (ებრაელმა) მწერალმა გურამ ბათიაშვილმა ედუარდ შევარდნაძეს სთხოვა, შეეფასებინა ირანის ხელისუფალთა მოქმედება ებრაელებთან დაკავშირებით.
        როგორც ცნობილია, ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფალნი ბოლო დროს ახორციელებენ ადგილობრივ ებრაელთა საწინააღმდეგო აქციებს. რამდენიმე ებრაული ოჯახი დააპატიმრეს საკმაოდ მძიმე ბრალდებებით; თუმცა, მეორე მხრივ, გასაკვირი უფრო ის არის, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ორთოდოქსალ-ფუნდამენტალისტური, ტოტალიტარული რეჟიმი დღემდე არ ახორციელებდა ამგვარ აქციებს ებრაული მოსახლეობის მიმართ. არადა, ეს ქვეყანა ისრაელის (ებრაული სახელმწიფოს) ყველაზე შეურიგებელი, მძვინვარე და დაუძინებელი მტერია.
        ირანის ისლამური რესპუბლიკის პროპაგანდა ისრაელს ბრალად სდებს ათასობით პალესტინელი არაბის უმოწყალო განდევნას მშობლიური მიწაწყლიდან, ანუ ფაქტობრივად, არაბული (მაჰმადიანური) მოსახლეობის გენოციდს;
        ასეა თუ ისე, პრესკონფერენციაზე კითხვის ავტორს ნამდვილად სურდა, საქართველოს პრეზიდენტს ერთმნიშვნელოვნად დაეგმო ირანის ხელისუფალთა საქციელი, აშკარად გაელაშქრა «ანტისემიტური პოლიტიკის» წინააღმდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ შევარდნაძემ (ალბათ, კითხვის ავტორისთვისაც მოულოდნელად) საკმაოდ თავშეკავებული, ზომიერი და «გაწონასწორებული» პასუხი გასცა. მისი თქმით, იგი მართალია, «შეშფოთებას გამოთქვამს», ირანში მიმდინარე პროცესების გამო, მაგრამ, იმავდროულად, აღიარებს, რომ «ეს ირანის საშინაო საქმეა».
        რა თქმა უნდა, ასეთი პასუხი არ დააკმაყოფილებდა მათ, ვისაც ნამდვილად სურდა, საქართველოს უმაღლეს ხელისუფალს ერთმნიშვნელოვნად დაეგმო «ანტისემიტური პოლიტიკის» გამოვლენა.
        მათთვის საერთოდ დამახასიათებელია სხვებისთვის იმ პასუხისმგებლობის დაკისრება, რასაც თავად ნურას უკაცრავად - არასდროს კისრულობენ.
        გავიხსენოთ, როგორ მოიქცა შარშან შემოდგომაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. საქართველოში მას გულწრფელად ელოდნენ «ებრაელთა დიასპორის დაფუძნების 26 საუკუნოვანი იუბილეს» აღსანიშნავ ზეიმზე, მაგრამ უკანასკნელ მომენტში თქვა უარი - როდესაც თბილისის აეროპორტიდან მომავალი გზები უკვე მთლიანად გადაკეტილი იყო, ხოლო ცხოვრებით ისედაც გატანჯულ თბილისელები, რომელიღაც რეგვენი ჩინოვნიკის ბრძანებით, მრავალსაათიან «საცობებში» იტანჯებოდნენ.
        იოტისოდენა ეჭვი არ შეეპაროს ვინმეს, რომ ნეთანიაჰუს «ავადმყოფობა» გათამაშებული სპექტაკლი იყო; სინამდვილეში თბილისში არ ჩამოვიდა, რათა არ გაეღიზიანებინა რუსეთი, ვინაიდან ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში უეჭველად პოლიტიკური აქცია იქნებოდა.
        რა თქმა უნდა, «ზეიმის» ქართველი ორგანიზატორებიც უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ (ოღონდ არა მხოლოდ საგარეო-პოლიტიკურ) მიზნებს ისახავდნენ. ამდენად, ბენიამინ ნეთანიაჰუ, როგორც პრაგმატული პოლიტიკოსი (პოლიტიკა თუ პრაგმატული არ არის - მისი ფასი კაპიკია), ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა. ესე იგი, რეალურად, საქართველოში მისი ჩამოსვლის 1 პროცენტი ალბათობაც არ არსებობდა.
        შემდგომ (გაზაფხულზე) კი თბილისში იგი თითქოს შემთხვევით შეჩერდა, როდესაც რუსეთიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მისი ჩამოსვლა საქართველოში უფრო «ტექნიკური შეჩერების» ხასიათისა იყო, როდესაც იძულებული ხარ, თვითმფრინავი სადმე დასვა საწვავის მარაგის შესავსებად, გამოიძინო და გზა შემდგომ განაგრძო.
        ამგვარი საქციელი ებრაელი ერის წინამძღოლის მხრიდან მხოლოდ ქართული მენტალიტეტისათვის შეიძლება იყოს გასაკვირი. არადა, გაუგებარია, რატომ უნდა მოქცეულიყო იგი სხვაგვარად? რატომ უნდა გაეხადა საეჭვოდ (თუნდაც, იოტისოდენად) რუსეთთან ურთიერთობა - საქართველოსთან ურთიერთობის გამო?
        ის, რომ რუსეთში საუკუნეთა განმავლობაში ანტისემიტიზმი მძვინვარებდა, ხოლო საქართველოში (არა აქვს მნიშვნელობა, რატომ - ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით) ამის ნასახიც არსად იყო - რა თქმა უნდა, უეჭველია, ანუ უეჭველი ფაქტია, მაგრამ ეს რეალურ პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს იმ უბრალო მიზეზით, რომ საწყალი, დამარცხებული და დაბეჩავებული საქართველო არანაირ სერიოზულ, ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფაქტორს არ წარმოადგენს.
        ერთი სიტყვით, ისრაელის ხელისუფალი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როდესაც საქართველოს გამო რუსეთის გაღიზიანებას მოერიდა. ჭკვიანი, პატრიოტი პოლიტიკოსი სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო და ამგვარი საქციელი მხოლოდ ისეთ «იდიოტ რომანტიკოსებს» შეიძლება გაკვირვებოდათ, როგორებიც ქართველები ვართ.
        გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, განა მხოლოდ «კულტურული ღონისძიება» იყო ზეიმი, რომელიც შემოდგომაზე გავმართეთ? განა არ ვისახავდით პოლიტიკურ მიზნებს, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს ვიწვევდით თბილისში? რა თქმა უნდა! მაშ, ნუღარ გვწყინს, თუკი ნეთანიაჰუმ პრაგმატიზმის მწარე გაკვეთილი მოგვცა (უსასყიდლოდ).
        ანუ აქ ყველაფერი სწორია, ყველაფერი გამართლებულია, ნათელია, მაგრამ. . . . . . . . მაგრამ თუ ასეა, მაშინ ერთგვარი წყენანარევი ტონით, საჯაროდ ჩემგან რატომღა მოითხოვ, რომ შენი გულისათვის ზემძლავრ მეზობელ სახელმწიფოსთან (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან შედარებით ზემძლავრია) - ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან გავიფუჭო ურთიერთობა?
        ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მეტისმეტად «მკვახე» განცხადებები უმალვე ჩააღწევდა თეირანამდე. საბედნიეროდ, ედუარდ შევარდნაძეს შეცდომა არ მოუვიდა და, ჰოი, საკვირველებავ, ჩვენს ბრძენ ინტელიგენციასაც ამჯერად ეყო ჭკუა, ანტიირანული გნიასი არ აეტეხა ებრაელთა გამო.
        მართლაცდა, რატომ, რის გულისთვის უნდა გავიფუჭო ურთიერთობა ირანთან (ისევე, როგორც შენ არ გინდოდა ურთიერთობის გაფუჭება რუსეთთან), მით უმეტეს, თუ არც ატომური ბომბი მაქვს და არც მრავალმილიონიანი, ზღაპრულად მდიდარი და გავლენიანი დიასპორა მყავს მთელს მსოფლიოში?!

        ქართველებს რომ ებრაული ჭკუისა და პრაგმატიზმის მეათასედი გვქონდა, უკანასკნელ წლებში ამდენი საბედისწერო შეცდომა არ მოგვივიდოდა და ასეთ სავალალო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით. უფრო მეტიც, ყველა ჩვენი მტერი და დუშმანი (აფსუა-ოს სეპარატისტთა ჩათვლით, რომლებმაც სწორედ ჭკუითა და პრაგმატიზმით გვაჯობეს) დღეს სულ სხვა ხასიათზე იქნებოდა.
        ამიტომ, დიდი ებრაელი ხალხის ბრძენი შვილის, ბენიამინ ნეთაინაჰუს გაკვეთილი კიდევ 26 საუკუნეს უნდა გვახსოვდეს, რათა აღარასოდეს გავიმეოროთ საუკუნის მიწურულის საბედისწერო შეცდომები, აღარასოდეს ვიყოთ გულწრფელნი, აღარასოდეს გადავიღოთ «მონანიება», აღარასოდეს ვაღიაროთ ეგრეთ წოდებულ «საერთო-საკაცობრიო ფასეულობათა» აღმატებულობა ეროვნულ ინტერესებზე; ყველგან და ყოველთვის ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ ცივი, სატანური ეშმაკობით, მევახშის ბოროტი, მაგრამ შეუმცდარი «სულისკვეთებით».
        სხვა გზა, როგორც ჩანს, არ არსებობს.

დილის გაზეთი, 12 ივლისი, 1999 წელი