კავკასიური «კვანძის გახსნა»

კავკასიური «კვანძის გახსნა»

  
   

    ბოლო დროს კავკასიაში შექმნილმა ისედაც ურთულესმა ვითარებამ კიდევ უფრო გაურკვეველი და ჩახლართული სახე მიიღო ჩეჩნეთში მიმდინარე უცნაური «თამაშის» გამო. მართლაც, ალბათ არასდროს, არც ერთ ეპოქაში, კავკასიის რეგიონში ერთმანეთს არ უპირისპირდებოდა ამდენი სხვადასხვა შეფერილობის, შინაარსისა და მიმართულების ძალა, როგორც დღეს.

    ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკაში დაფუძნებული საელჩოები თავიანთი ქვეყნების ინტერესთა დაცვასა და განხორციელებას ცდილობენ იმ რეგიონში რომელიც, გეოპოლიტიკურ მიზეზთა გამო, მართლაც იქცევა დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრად.
    ეს ეხება უკლებლივ ყველას: ჩეჩნეთის ელჩიდან - რომის პაპის ნუნციმდე, რომ აღარაფერი ვთქვათ ირანსა და თურქეთზე ან თვით რუსეთზე, - ჯერ-ჯერობით ამ რეგიონის ფაქტობრივ ბატონ-პატრონსა და დომინანტზე.
    ადვილი შესამჩნევია, რომ კავკასიაში არსებულ კონფლიქტთაგან ყველაზე სერიოზულ ყურადღებას ჩეჩნეთისა და აფხაზეთის კონფლიქტები იწვევს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ ორ რეგიონში არსებული სიტუაციის გარეგნული იდენტურობა და რუსეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობის პერსპექტივა უმჭიდროესად უკავშირდება ერთმანეთს. თავის მხრივ, საქართველო პოტენციურად კავკასიის «გულანია» და, ამდენად, მისი ბედი სულაც არ არის მსოფლიოსათვის (მათ შორის დიდი სახელმწიფოებისათვის) მხოლოდ «ჰუმანიტარული» პრობლემა.

    გროზნოში უკვე მეხუთე კვირაა გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასა და ჩეჩენ მეამბოხეთა შორის. მოლაპარაკება მიმდინარეობს ზუსტად იმავე მეთოდით, როგორც ქართულ-აფხაზური დისკუსიები ჟენევაში: იურიდიული კაზუისტიკით ჩეჩნური მხარე ყოველნაირად ცდილობს როგორმე დრო მოიგოს - დუდაევის შეიარაღებულ ფორმირებებს ხომ, ხანგრძლივი ბრძოლებისა და უდიდესი დანაკარგის შემდეგ დასვენება სჭირდებათ. ამჟამად ჩეჩნეთის ჩრდილოეთ რაიონებში მიმდინარეობს აქტიური მზადება მომავალი დიდი ბრძოლებისათვის - ხდება სამხედრო ძალთა გადაჯგუფება, იარაღის შევსება, გეგმების დასახვა და ა.შ.
    მთელი ეს პროცესი დასრულდება მაშინ, როდესაც დუდაევი ჩათვლის, რომ დადგა გადამწყვეტი შეტევის ჟამი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ «გროზნოს მოლაპარაკება» არანაირ რეალურ შედეგს არ გამოიღებს. ისევე როგორც ჟენევაში, ეს არის მოლაპარაკება მხოლოდ მოლაპარაკებისათვის - რომც იქნას გამომუშავებული დასკვნითი დოკუმენტი, ჩეჩნური მხარე უეჭველად მოითხოვს, მას ხელი მოაწერონ «რუსეთისა და ჩეჩნეთის პრეზიდენტებმა», რაც რუსეთისათვის კატეგორიულად მიუღებელია.
    ამრიგად, სიტუაცია საწყის წერტილს დაუბრუნდება. საომარი მოქმედებების განახლება კი რუსეთს ხელს არ აძლევს, ვინაიდან ჯერ ერთი, შემოდგომაზე უნდა გადაწყდეს რუსეთსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ხელშეკრულების გაფორმების საკითხი; ხოლო მეორეს მხრივ (ასევე შემოდგომაზე) წყდება რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ნავთობის ტრანზიტის პრობლემაც.
    ჩეჩნებს კი პირიქით, - მოლაპარაკებათა გაჭიანურება იმისთვის სჭირდებათ, რათა ომი განაახლონ სწორედ მაშინ, როდესაც ორივე ზემოთხსენებული საკითხი დღის წესრიგში დაგება და (რაც მთავარია) მოახლოვდება არჩევნები რუსეთში. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ომის ესკალაციამ შეიძლება რუსეთის დამარცხება ან ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი გამოიწვიოს.
    ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ზუსტად ასეთივე სტრატეგია აქვთ აფხაზ სეპარატისტებსაც - ისინიც ყოველნაირად ცდილობდნენ და ცდილობენ გააჭიანურონ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტა, რათა საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისთანავე ეს პრობლემა რუსეთის შიდაპოლიტიკურ საკითხად აქციონ.
    ოდნავ ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ მაინც იგივე დოქტრინა ხორციელდება ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებზეც, რომელთა ყოველი შემდგომი რაუნდი მხოლოდ კიდევ უფრო «ყინავს» რუსეთის მიერ დროებით დაკონსერვებულ კონფლიქტს.
    ამ ფონზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ედუარდ ბრუნერის ბოლო ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი სიახლით აღინიშნა - როგორც ცნობილია, მან ქართულ მხარეს შესთავაზა განიხილოს აფხაზეთისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში.
    არ არის გამორიცხული, ამ შემთხვევაში ბრუნერი არა რუსეთის, არამედ დასავლეთის ინტერესებს გამოხატავს, რომელიც შესანიშნავად ხვდება, რომ აფხაზეთის ბერკეტი კრემლისათვის მოხერხებული საშუალებაა საქართველოს პრობლემის «საბოლოოდ გადასაწყვეტად»; პრობლემის ასე გადაწყვეტის შემთხვევაში კი, «ჩეჩნეთის ბომბი» დროთა განმავლობაში გაუვნებლებული იქნება.
    «გასაკუთრებული სტატუსი» აფხაზეთისათვის ნიშნავს ასევე «განსაკუთრებულ სტატუსს» ჩეჩნეთისათვის. ამ შემთხვევაში რუსეთი და დასავლეთი ნამდვილად ცდილობენ ერთმანეთს წაგლიჯონ ინიციატივა და თავისი სტრატეგიული ინტერესების შესაბამისი პრეცედენტი შექმნან.
    ამჟამად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ როგორც აფხაზეთის, ასევე ჩეჩნეთის პრობლემა უახლოეს ხანებში არ გადაიჭრება, რადგან ორივე გლობალური ძალა დაინტერესებულია კავკასიაში დაძაბულობის შენარჩუნებით მანამ, სანამ ამ რეგიონის გეოპოლიტიკური კუთვნილება საბოლოოდ არ გადაწყდება.

27 აგვისტო, 1995 წელი.