ინტერვიუ სერგეი შამბასთან

ინტერვიუ სერგეი შამბასთან

    ბატონო შამბა, რა დიპლომატიურ მანევრებსა და პროცედურებს მიმართავთ ამჟამად - მას შემდეგ, რაც რუსეთმა სცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა?

უახლოეს მომავალში გავცვლით ნოტებს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. გარდა ამისა, ვამზადებთ რუსეთ-აფხაზეთის დიდ ხელშეკრულებას. ჩვენ უკვე გავუგზავნეთ მათ ნოტა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების სურვილით. ველით, რომ საპასუხო ანალოგიურ ნოტას ისინიც გამოგვიგზავნიან – რაკი რუსეთის პრეზიდენტმა სცნო ჩვენი დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ კი ხელმოსაწერად მზად იქნება დიდი ხელშეკრულება, რის თაობაზეც თავიდან მოგახსენეთ.
   
   

    რა დონეზე მოხდება ურთიერთცნობის და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ნოტების გაცვლა – მინისტრებისა თუ პრეზიდენტების?
   
   

    დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე ნოტებს საგარეო საქმეთა მინისტრები გავცვლით, ხოლო «დიდი ხელშეკრულება» პრეზიდენტების მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი. მე მოსკოვში გამგზავრებას მომავალ კვირას ვგეგმავ.
   
   

    რუსეთმა უკვე დანიშნა ელჩი აფხაზეთში?

   

    არა. საქმე ჯერ აქამდე არ მისულა – აუცილებელია ყველა დიპლომატიური პროცედურის დასრულება, რომელზეც მოგახსენეთ.
   
   

    თქვენ უკვე განაცხადეთ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ აფხაზეთი რუსეთს სთხოვს მისი ინტერესები წარმოადგინოს სხვადასხვა ქვეყანაში; აპირებთ თუ არა სთხოვოთ რუსეთს ხელი შეგიწყოთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების თვალსაზრისით. ვთქვათ გაეროსა და ფიფა-ში ან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში?

    რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი წარმოადგენს ჩვენს ინტერესებს სხვადასხვა ქვეყანაში – ეს ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. . . . . . დაბეჯითებით რამის თქმა მიჭირს – ამის თაობაზე აუცილებელია მოლაპარაკებათა გამართვა.
    ცხადია, რომ ყველა სახელმწიფოში ჩვენ ელჩი ვერ გვეყოლება – მით უმეტეს, რომ ბევრ სახელმწიფოს ჯერ არც ვუცვნივართ. ამიტომ იმ სახელმწიფოებში, სადაც ინტერესები გვაქვს, სადაც ჩვენი დიასპორა ცხოვრობს, შეიძლება ვთხოვოთ რუსეთს წარმოადგინოს ჩვენი ინტერესები. ასეთი პრაქტიკა და ტრადიცია მსოფლიოში არსებობს.

    დავუბრუნდეთ «დიდ ხელშეკრულებას» აფხაზეთსა და რუსეთს შორის. აქვს თუ არა მას სამხედრო შემადგენელი?

    არა, ეს ჩარჩო-ხელშეკრულებაა, რომლიდან გამომდინარეც შემდგომ შემუშავდება სხვა ხელშეკრულებები.

    ადრე თქვენ საუბრობდით «ასოცირებულ ურთიერთობებზე» რუსეთთან. ეს ხელშეკრულება ასეთ ურთიერთობებს გულისხმობს?

    არა, არანაირ «ასოცირებულ ურთიერთობებზე» აფხაზეთსა და რუსეთს შორის საუბარი არ არის. ეს გახლავთ ჩვეულებრივი ხელშეკრულება ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის.

    იგულისხმება თუ არა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ცალკე ხელშეკრულების გაფორმება სამხედრო ბაზების თაობაზე? სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის ახალი ბაზები არ დაფუძნდება და რუსული ბაზები იქნებიან მხოლოდ გალსა და გუდაუთაში, სადაც ამჟამად იმყოფებიან . . .

    ჩარჩო ხელშეკრულების პროექტში ჩაწერილია, რომ მხარეები მოილაპარაკებენ უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ. იგულისხმება, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები დაფუძნდება იქ, სადაც ამჟამად არიან რუსი მშვიდობისმყოფელები – გალსა და გუდაუთაში. ეს მათთვის საკმარისია, მაგრამ ამას ცალკე ხელშეკრულება დასჭირდება.

    მაგრამ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა არ იქნება?

    არა, ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის.

    საქართველოსაც ხომ არ აპირებთ რაიმე შესთავაზოთ?

    ჩვენ გვესმის, რომ დღევანდელ პირობებში ეს არარეალურია. ადრე თუ გვიან, მომავალში, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად, საქართველო უნდა მიხვდეს, რომ აუცილებელია სცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
    თუმცა, ამჟამინდელი ხელისუფლება ამას რა თქმა უნდა არ გააკეთებს. ამისთვის ქართველი დე გოლი უნდა გამოჩნდეს. დე გოლმა ხომ სცნო ალჟირის დამოუკიდებლობა?! ასეთი დე გოლი კი ქართველებში არ ჩანს. თუ ქართველი დე გოლი გამოჩნდება და იგი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით, საქართველოსთან გავაფორმოთ ხელშეკრულებათა მთელი პაკეტი – ჩვენ ხომ მეზობელი ქვეყნები ვართ. მეზობელმა ქვეყნებმა კი უნდა იმეგობრონ. სულ მუდამ ხომ არ ვუმტრობთ ერთმანეთს? ეს ყოველივე საქართველოს ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული.

    ბატონო შამბა. მართალია თუ არა, რომ აფხაზური ქვედანაყოფები სენაკში იმყოფებოდნენ რუსულ საჯარისო ნაწილებთან ერთად?

    გამორიცხულია!
    ჩვენ ენგურის საზღვარი არ გადაგვილახავს და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარებთან ერთად ოპერაციებში მონაწილეობა არ მიგვიღია.
    შეიძლება ერთი-ორი აფხაზი იქ როგორღაც მოხვდა კიდეც, მაგრამ სრული დარწმუნებით გეუბნებით, რომ ჩვენი არმიის ქვედანაყოფები და სხვა ფორმირებანი სენაკში და საქართველოს სხვა ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ.
    ასეთი გეგმები არ გვქონია, არ გვაქვს და არც გვექნება.