თედო ჯაფარიძის ახალი ვექტორი

 თედო ჯაფარიძის ახალი ვექტორი

        ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის დანიშვნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად თავიდანვე ნიშანდობლივი იყო: ელჩის ნებისმიერი გადაადგილება პოლიტიკური მოვლენაა და ეს სწორედ ამ კუთხით განიხილება. ვაშინგტონში ჯაფარიძის დანიშვნა აღიქვეს ოფიციალური თბილისის «პროამერიკული» კურსის დადასტურებად და არცთუ უსაფუძვლოდ.
        თედო ჯაფარიძემ, როგორც ჩანს, სერიოზული წვლილი შეიტანა ბოლოდროინდელ «გარღევვაში», ანუ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მოვლინებაში. ეს ურთულესი დიპლომატიური ოპერაცია დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში ხორციელდებოდა, სპეცსამსახურთა ტექნოლოგიით. მაშასადამე, ჯაეფარიძისთვის ეს სფერო უცხო ნამდვილად არ არის და ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, თითქოს «დიპლომატი სპეცსამსახურთა ხელმძღვანელობას ვერ შეძლებს», ამ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია.
        უახლოეს მომავალში თედო ჯაფარიძეს პირველი «გასვლა» აქვს სოჭში, სადაც დსთ-ის ქვეყნების უშიშროების საბჭოთა ხელმძღვანელების სამიტია დაგეგმილი. ბუნებრივია, უმთავრესი თემა «ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება». ამ ევფემიზმის ქვეშ რუსეთი ნიღბავს ჩეჩნეთის ომში მის მიმართ «პოზიტიური ნეიტრალიტეტის» მოთხოვნას, ოღონდ ეს ყველა რესპუბლიკისთვის, საქართველოს გარდა. საქართველოსგან უფრო მეტს მოითხოვენ - აქტიურ მხარდაჭერას და ჩეჩნების სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებას. მხოლოდ ეს შეიძლება ჩათვალონ «რუსეთის ეროვნული უშიშროების გარანტიად». შეძლებს თუ არა თედო ჯაფარიძე მას დაუპირისპიროს «ამერიკული კოზირები»? რასაკვირველია, ერთადერთი სერიოზული კოზირი მხოლოდ ეს შეიძლება იყოს, ვინაიდან, სავსებით ობიექტური მიზეზის გამო, საქართველოს სხვა ეკონომიკური, პოლიტიკური ან სამხედრო არგუმენტი არ გააჩნია, რათა გაუძლოს რუსეთის შენიღბულ თუ «მცოცავ» აგრესიას.
        ძალიან სერიოზული სიმპტომი იქნება ის, დადასტურდება თუ არა ინფორმაცია ვლადიმირ პუტინთან თედო ჯაფარიძის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი ინფორმაციის «გაჟონვა» უკვე თავისთავად ბევრისმეტყველია. პუტინის შეხვედრა ჯაფარიძესთან იმის დადასტურება გახდება, რომ მოსკოვშიც სერიოზულად აფასებენ ამ ფიგურას და იციან იმ როლის შესახებ, რაც მან შეასრულა «გარღვევაში». ეროვნული უშიშროების საბჭოს ახლად დანიშნული მდივნის უმთავრესი ფუნქციაა «დააბალანსოს» საქართველოს პოზიცია სამი ქვეყნის სპეცსამსახურთა ურთიერთქმედების «სამკუთხედში». საეჭვოა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა საქართველოს წარმომადგენელს დააკისრონ მედიატორობა ორი ზემძლავრი სახელმწიფოს სპეცსამსახურთა ურთიერთობებში. ამერიკული და რუსული სპეცსამსახურები დიდი ხანია ცვლიან ინფორმაციას (ეს საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა) – საქართველოსთან და პანკისთან დაკავშირებით.
        ჯაფარიძის ოსტატობა იმაში გამოვლინდება, თუ იგი მოახერხებს მაქსიმალური სარგებლობის მიღებას ორივე მხრიდან. ოღონდ ისე, რომ არ დაუშვას მათი «სეპარატული» გარიგება საქართველოს ხარჯზე. რუსული პრესის მონაცემებით, არასდროს, ცივი ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთისა და ამერიკის სპეცსამსახურთა ხელმძღვანელებს ისეთი ინტენსიური კონტაქტები არ ჰქონიათ, როგორც ამჟამად. «სამკუთხედში» არსებული ვითარების კატალიზატორად განიხილება ისევ და ისევ პანკისისა და (უფრო კონკრეტულად) რუსლან გელაევის პრობლემა. არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დღეებში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორიგი დემარში განახორციელა, და საქართველოს ხელისუფლებას გელაევის დაპატიმრება-ექსტრადირება მოსთხოვა. თედო ჯაფარიძის პირველი სერიოზული წარმატება იქნება, თუ იგი მიაღწევს შეთანხმებას პრობლემის შედარებით უმტკივნეულოდ გადაწყვეტის შესახებ.
        გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს: ამერიკელები იღებენ გარანტიას, რომ «ალყაიდას» არანაირი სერიოზული დაჯგუფება პანკისის ხეობაში არ იმყოფება. საქართველო იგებს დროს, რათა აწარმოოს მოლაპარაკება რუსლან გელაევთან – ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შესახებ. ამერიკა ითანხმებს თავის მოკავშირეს წყნარი ოკეანის აუზში - მალაიზიის ისლამურ რესპუბლიკას, შეიფაროს გელაევი ისევე, როგორც მრავალი სხვა ნაკლებად ცნობილი «ბოევიკი» შეიფარა.
        იმავდროულად, მალაიზიაც და საქართველოც იღებენ ორმხრივ გარანტიას (რუსეთისა და აშშ-საგან), რომ ასეთ შეთანხმებას არ მოჰყვება დიპლომატიური ან სხვაგვარი გართულება.

დილის გაზეთი, 27 მარტი, 2002 წელი