თამაზ ნადარეიშვილი «პაუზას იჭერს»

თამაზ ნადარეიშვილი «პაუზას იჭერს»

        აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს რუსეთის სამშვიდობო ძალთა მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მისი პოზიცია 1992 წლიდან დღემდე უცვლელია: მას მიაჩნია, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ძალსიმიერი ხერხებით, ან ძალისმიერი და პოლიტიკური მეთოდების შეთავსების, ოღონდ ძალისმიერი კომპონენტის აუცილებელი არსებობით.
       ამჯერადაც, ნადარეიშვილი მანდატის გაგრძელების კატეგორიული წინააღმდეგია. ნიშანდობლივია, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია შეხვედრაში პრეზიდენტსა და ლტოლვილთა წარმომადგენლებს შორის.
       «ნადარეიშვილის მთავრობის» პრობლემა მჭიდროდ უკავშირდება არა მხოლოდ საკუთრივ აფხაზეთის კონფლიქტს, არამედ ამ კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებაში აჭარის ლიდერის, ასლან აბაშიძის მონაწილეობის საკითხს. სიგნალები, რომლებიც ბათუმიდან მოდის, უეჭველად მეტყველებს, რომ ასლან აბაშიძე დაუშვებლად მიიჩნევს «ლეგიტიმური ხელისუფლების» არსებობას, თუკი ზოგადი კურსი აფხაზეთის ფაქტობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას და (ანუ) მის აღიარებას გულისხმობს.
       ასლან აბაშიძის გარემოცვა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ეს ერთადერთი (ან ყოველ შემთხვევაში მთავარი) პრობლემაა, რაც ხელს უშლის აჭარის ლიდერს, ჩაერთოს მოლაპარაკებებში ოფიციალურ სოხუმთან.
       ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის საგანგებო რწმუნებულად დანიშნა ასლან აბაშიძე, აჭარის ლიდერი ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა: დღევანდელ პირობებში მოლაპარაკებათა დაწყება მას აზრადაც არ მოსვლია, მაგრამ ამის ღიად დეკლარირება ხელს არ აძლევს, ამიტომ ხდება (პირდაპირ ან ქარაგმულად) «მიზეზების» დასახზელება.
       რომც წარმოვიდგინოთ შეუძლებელი და საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაშალოს «ნადარეიშვილის მთავრობა», ასლან აბაშიძე, როგორც აჭარის რესპუბლიკის მეთაური, არაფრის დიდებით არ აიღებს თავის თავზე მოლაპარაკებათა დაწყების პასუხისმგებლობას აფხაზეთის საკითხზე. მისთვის ეს «აუტკივარი თავის ატკივებაა», მაშინ, როდესაც სინამდვილეში აბაშიძის უმთავრესი (და ერთადერთი) პრიორიტეტია აჭარის პრობლემატიკა და ბათუმის მიმართება თბილისთან (ცენტრალურ ხელისუფლებასთან).
       რასაკვირველია, «სოხუმი-ბათუმი-თბილისის» პარადგიმა, ანუ «აფხაზური ფაქტორის» შემოტანა თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობებში აბაშიძეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. საკმარისია თუნდაც ერთი დავასახელოთ: სოხუმთან მოლაპარაკების ძირითადი თემა აფხაზეთის სტატუსი უნდა გახდეს. მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ აჭარის ხელმძღვანელის მონაწილეობა ასეთ მოლაპარაკებებში, როდესაც თვით აჭარის სტატუსი არ არის ბოლომდე გარკვეული საქართველოს კონსტიტუციით? მართალია, ქვეყნის ძირითად კანონში გაჩნდა შესაბამისი ჩანაწერი, მაგრამ მოლაპარაკება კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნის, თბილისისა და ბათუმის ერთობივ თუ განსაკუთრებულ კომპეტენციათა განსაზღვრის თაობაზე ჯერაც არ დაწყებულა _ არც პირი უჩანს საამისოდ.
       ასეთ ვითარებაში უდიდესი სიბრიყვე იქნებოდა იმის იმედად ყოფნა, რომ ასლან აბაშიძე «აფხაზეთის სტატუსის» თაობაზე მოლაპარაკებებში ჩაერთვება – ასეთი ილუზია შევარდნაძეს არც ჰქონია, მან უბრალოდ, საზოგადოებაში არსებული ილუზია გაითვალისწინა.
       აი, სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი იმისა, რომ აჭარის ხელიოსუფალი მოლაპარაკებებში ჩართვას არ ჩქარობს, და არა _ მითიური «ბერკეტები» თუ «უფლებამოსილება».
       მეორეს მხრივ, ისიც აბსოლუტურად გამორიცხულია (ვიმეორებ), რომ საქართველოს პრეზიდენტმა «თამაზ ნადარეიშვილის მთავრობა» გააუქმოს. ჯერ ერთი, ეს არაფერს შეცვლის, არძინბას რეჟიმთან მოლაპარაკების თვალსაზრისით (მიუხედავად ამ უკანასკნელთა თვალთმაქცური განცხადებებისა), მეორეს მხრივ კი, ლტოლვილთა იმედგაცრუება ორმაგი იქნება. ამრიგად, თამაზ ნადარეიშვილის ხელისუფლება «ყოველი შემთხვევისთვის» თბილისში იარსებებს, ვინაიდან ომის დაწყების ალბათობა მაინც არსებობს. ომის დროს კი «ნადარეიშვილის მთავრობა» უებარი გახდება.

დილის გაზეთი, 5 თებერვალი, 2002 წელი