თამაზ ნადარეიშვილის გადადგომა

თამაზ ნადარეიშვილის გადადგომა

  

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ ნადარეიშვილმა გააკეთა «საბოლოო» განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მისი თქმით, რადაც არ უნდა დაუჯდეს, იგი ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ვინაიდან არ ეთანხმება ხელისუფლების პოლიტიკას აფხაზეთის მიმართ.
    ჯერ კიდევ 23-24 მაისს ნადარეიშვილმა კატეგორიულად მოსთხოვა პრეზიდენტს გალში შეიარაღებული ძალების შეყვანა, რადგან პარტიზანები დიდხანს ვერ გაუძლებდნენ აფხაზთა შემოტევას. ბუნებრივია, ხელისუფლება იმ პირობებში ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, რაკიღა გალში შესვლა ენგურის პირას მყოფი რუსეთის კონტიგენტზე «დარტყმას» ნიშნავდა.
    ნადარეიშვილმა პროტესტის ნიშნად «წასვლა» გადაწყვიტა, ვინაიდან მიხვდა, რომ იგი აფხაზეთში ახალი ომის დაწყებას საქართველოს ვერ აიძულებდა. ოღონდ აქ იგულისხმება არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მთელი საზოგადოება და პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელსაც მშვიდი ცხოვრება «გაუტკბა» და ომი, ახალი უბედურება, სისხლისღვრა, ნგრევა ნამდვილად აღარ უნდა.
    მაგრამ თამაზ ნადარეიშვილი ღრმადაა დარწმუნებული (არცთუ უსაფუძვლოდ) რომ აფხაზეთის პრობლემა უსისხლოდ, დიდი მსხვერპლის გარეშე არ გადაიჭრება.
    აფსუები მხოლოდ ძალამ შეიძლება აიძულოს წავიდნენ რეალურ კომპრომისზე, ძალის გამოყენებას კი ხელისუფლება არ აპირებს. მეორე მხრივ, თვით თამაზ ნადარეიშვილმა, რომელიც, როგორც ჩანს, ფარულად ხელმძღვანელობდა პარტიზანულ მოძრაობას, ვერ შექმნა ოთხი წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი და ბრძოლისუნარიანი სამხედრო ფორმირება, რომელიც სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა მტერს.
    ამიტომ გახდა, მისი აზრით აუცილებელი «საქართველოს არმიის რეგულარული ნაწილების შეყვანა გალის ტერიტორიაზე». ვინ იცის, იქნებ ნადარეიშვილს იმედი ჰქონდა: პარტიზანები დაიწყებდნენ და შემდეგ საქართველო ჩაერთვებოდა ომში მთელი ძალებით, მაგრამ აქაც მოტყუვდა (თუ ასეთი განზრახვა ჰქონდა) - ვის ვის და მას ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა ამ ხელისუფლების ავანჩავანი.
    სწორედ ამიტომ, ნადარეიშვილს ისღა დარჩენია, გადადგეს, ვინაიდან თანამდებობაზე მის ყოფნას აზრი არა აქვს. პოლიტიკური თვალსაზრისით იგი დამარცხდა. საქართველოს ხელისუფლება დისკრედიტირებულია თვით ლტოლვილთა თვალში. ამასთან, დევნილები «ბუტაფორიული» უმაღლესი საბჭოს გადადგომასაც მოითხოვენ.
    მაგრამ თამაზ ნადარეიშვილის გადადგომა პოლიტიკური თვალსაზრისით იმას გამოიწვევს, რომ «აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება» საეროთდ ვეღარ იარსებებს. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ამბები დატრიალდება ამ უმაღლეს საბჭოში, თუ იგი ნამდვილად გადადგა. ჯერ კიდევ აფხაზეთში ყოფნისას იქაური ქართველობა ერთმანეთს «ჭამდა» თანამდებობისათვის - იმასაც კი არად აგდებდნენ, რომ ასეთი შიდა კინკლაობით სეპარატისტთა პოზიციებს აძლიერებდნენ.
    როცა აფხაზეთი დაკარგული გვაქვს, ბუტაფორიული სკამისთვის ბრძოლა საერთოდ ტრაგიკულად გადაიქცევა. ამრიგად, ნადარეიშვილის გადადგომა აფხაზეთის ლეგიტიმური ავტონომიური სტრუქტურების გაუქმებასაც ნიშნავს. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გაახარებს არძინბას.
    ყველა მოლაპარაკებისას სეპარატისტები უპირველეს მოთხოვნად სვამდნენ აფხაზეთის ავტონომიურ სტრუქტურათა, შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაუქმებას.
    არძინბას ხროვისათვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია.
    სეპარატისტთა ლიდერმა ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ თქვა: სანამ თბილისში მოქმედებენ «აფხაზეთის ავტონომიის» პარალელური სახელმწიფო სტრუქტურები, ჩვენ არა ვართ დარწმუნებულნი, რომ ხვალ საქართველო კვლავ ომს არ დაგვიწყებსო.
    მართლაც, თუ ქვეყანა გადაწყვეტს, არმიის მეშვეობით დაძლიოს აფხაზეთის პრობლემა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საჭირო გახდება, რათა აფხაზეთში ხელისუფლების ვაკუუმი არ წარმოშვას იურიდიული თვალსაზრისით.
    გარდა ამისა, თუ საქართველო შეძლებდა დაებრუნებინა აფხაზეთის ნაწილი (მაგალითად, გალის რაიონი), მაშინ «ლეგიტიმური ხელისუფლება» აფხაზეთში გადავიდოდა და მოლაპარაკება გაიმართებოდა არა «საქართველოსა და აფხაზეთს», არამედ თამაზ ნადარეიშვილსა და ვლადისლავ არძინბას შორის.
    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არსებობას აზრი არა აქვს, თუ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი აფხაზეთის ძალით დაბრუნების გეგმაზე (საქმეს კი სწორედ ასეთი პირი უჩანს). ამ შემთხვევაში ნადარეიშვილი, მისი გუნდი და «ლეგიტიმური სტრუქტურები» მხოლოდ ხელის შემშლელნი იქნებიან «მოძმე აფხაზ ხალხთან საერთო ენის გამონახვის პროცესში».

მერიდიანი, 1 ივნისი, 1998 წ.