ზეახალი კოალიცია

ზეახალი კოალიცია

       

        გასულ კვირას კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა პოლიტიკურ ძალთა განლაგება მიმდინარე საარჩევნო ციკლში, რომელიც უკვე დაიწყო და 2003 წელს დასრულდება მორიგი საპარლამენტო არჩევნებით.
        როგორც ჩანს, «საკრალურ იუბილეთა» პერიოდის დომინანტური ზემოქმედების გამო, ყველაზე მეტად ეგრეთ წოდებული «ზვიადისტები» აქტიურობენ. ყოველ შემთხვევაში, «ეროვნულ ძალთა გაერთიანების» თაობაზე საუბარი სწორედ «ზვიადისტურ» კონტექსტში მიმდინარეობს.
        გასული პერიოდის პოლიტიკური პერტურბაციები უეჭველად ადასტურებს, რომ «ზვიადისტური» განწყობისა და შესაბამისი ფსიქოლოგიური მოტივაციის გამოყენებას თითქმის ყველა ძალა ცდილობს, ვინაიდან ეს სერიოზულ არგუმენტად მიაჩნიათ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ასეთი გათვლა გადაჭარბებულია, ანუ საეჭვოა, საქმე «სახალხო ფრონტის» ტიპის საყოველთაო გაერთიანებამდე მივიდეს.
        მით უმეტეს, თუ ხელისუფლება იეშმაკებს და სარიშვილის მოთხოვნის შესაბამისად, 7 პროცენტამდე გაზრდილ «ბარიერს» ისევ 4 პროცენტამდე შეამცირებს.
        ასეთ შემთხვევაში, სულ სხვაგვარად «დალაგდება» პოლიტიკური სპექტრი.
        მაგრამ დავუშვათ, ეს ასე არ მოხდა. რის გარშემო შეიკრიბება ახალი კოალიცია? რასაკვირველია, უპირველესი შანსი ისევ «აღორძინებას» მიენიჭება, ვინაიდან ამ პარტიას, სულ ცოტა, გარანატირებული აქვს 200 000 ხმა აჭარის ავტნომიურ რესპუბლიკაში.
        მართალია, ამჯერად 1999-2000 წლების ალგორითმი ვეღარ იმოქმედებს (2003 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან წელიწადნახევარია მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე), როდესაც პროტესტული და ოპოზიციური ელექტორატის წარმომადგენლებს ეგონათ (ტყუილად ეგონათ), თითქოს ასლან აბაშიძე მართლა აპირებდა, კენჭი ეყარა 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩენვებში და სწორედ ამიტომ უჭერდა მხარს «აბაშიძის კოალიციას».
        რეალურად, 1999 წლის 31 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და არა საპარლამენტო. იგივე ვითარება, ალბათ, აღარ განმეორდება, თუმცა «აღორძინების პარტია» მაინც შეეცდება შეასრულოს ფართო ოპოზიციური კოალიციის პოლიტიკური «გულანის» ფუნქცია.
        ოღონდ აქ არის ერთი ნიუანსი. «ტრადიციონალისტთა» ლიდერმა, კაკო ასათიანმა უკვე განაცხადა, რომ მისი პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას 2001 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ამის მიზეზია ასლან აბაშიძის პოზიცია, რაც კაკო ასათიანმა გაცილებით ადრე იგრძნო, ვიდრე ვახტანგ რჩეულიშვილმა. მით უმეტეს - «ზვიადისტებმა».
        საქმე ის გახლავთ, რომ ასლან აბაშიძე 2001 წლის «ლოკალურ არჩევნებში» დამოუკიდებლად (ანუ ბლოკის გარეშე) მიიღებს მონაწილეობას. Aმას ორი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, აჭარის ლიდერს სულაც არ ეპიტნავება «ბლოკის» სხვა სუბიექტებს გაუყოს ადგილები აჭარის ავტონომიის თვითმმართველობის ორგანოებში, ხოლო თუ «ბლოკი» აჭარის გარეთ ერთიანი იქნება და ავტონომიაში ცალ-ცალკე მიიღებს მონაწილეობას, ეს უკვე მთლად კომიკურად გამოჩნდება. თუმცა საქართვლეოში ალბათ გასაკვირი აღარაფერია.
        გარდა ამისა, ასლან აბაშიძეს უეჭველად ექნება სურვილი, პარტნიორებს დაანახოს (ამით გააფრთხილოს), რამდენად უმწეონი და უბადრუკნი არიან მის გარეშე.
        «აღორძინების პარტია» კრავდა «აღორძინებსი ბლოკს» და მასში შემავალ განსხვავებულ პარტიებს. მაგრამ ამ კოალიციის ეკლექტურობა არჩევნებში მისი დამარცხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა, ვინაიდან ქართული ელექტორატის მენტალიტეტისათვის გუშინდელი მტრების «შეხმატკბილება» მიუღებელი აღმოჩნდა.
        იმავდროულად, ასლან აბაშიძესთან დაკავშირებული ზემოთხსენებული ფაქტორის წყალობით, «აღორძინების ბლოკმა», ყველა მის სუბიექტით, საკმოად ბევრი ხმა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში.
        თუ ჰიპოთეტურად წარმოვიდგენთ კოალიციას ასლან აბაშიძის და მისი პარტიის გარეშე, ასეთი «ზეახალი ბლოკის» პერსპექტივა კიდევ უფრო უბადრუკია. ჯერჯერობით საუბარია კოალიციაზე «ზვიადისტების» ბურჭულაძე-ძიძიგურისეულ ფრთას, იმავე «ზვიადისტების» ბოჭორიშვილ-ჯაველიძისეულ ფრთას, კაკო ასათიანის «ტრადიციონალისტებს», ირინა სარიშვილის «ედპ»-სა» და გიორგაძე-კობახიძის «სახალხოს» შორის.
        გოგი თოფაძის «მრეწველებმა» განაცხადეს, რომ მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. ეს ძალზე სერიოზული და მრავალმნიშვნელოვანი განაცხადია. თოფაძე ნებისმიერ კოალიციაზე უარს ამბობს (რაკი მეტისმეტი თავდაჯერებით ჰგონია, რომ ასეთი რამ აღარ სჭირდება) და ყველას სთავაზობს, გაწევრიანდნენ მის პარტიაში.
        ასევე დამოუკიდებლად «ითამაშებენ» ლეიბორისტები. უდავოდ, სწორედ ეს პარტია იგულისხმა ვახტანგ რჩეულიშვილმა, როდესაც გასულ კვირას ისაუბრა «ხელისუფლების მხრიდან მართულ მემარცხენე პარტიაზე». ესეც თავისებური ანეკდოტია - «ლეიბორისტები» არჩევნების შედეგად პარლამენტს გარეთ დარჩნენ, არც თანამდებობა მიუღიათ და მაინც ისინი არიან «ხელისუფლების მიერ მართულები?»
        გარდა ამისა, უახლოეს მომავალში პოლიტიკურ ლანდშაფტზე დაფუძნდება ახალი, ძალიან ძლიერი «მემარცხენე-ცენტრისტული» პარტია, რომელიც უკვე მოიაზრება თემურ შაშიაშვილ-ბაკურ გულუა-ვაჟა ლორთქიფანიძის სამკუთხედში.
        შაშიაშვილი მოუთმენლობას ამჟღავნებს და ადგილობრივ არჩევნებამდე აპირებს პარტიის დაფუძვნებას, რაც აშკარად მეტყველებს მის ნაკლებ პოლიტიკურ ნიჭიერებაზე. რამდენად მიაღწევს წარმატებას შაშაიშვილ-გულუა-ლორთქიფანიძის პარტია (თუ შეძლეს მოლაპარაკება) სხვა საკითხია, მაგრამ ეს პარტია ნამდვილად მოახდენს ზეგავლენას ძალთა განლაგებაზე.
        ყველაზე საინტერესო მაინც «ზეახალი კოალიციის» ბედია. ამ წინადადების ავტორი «ზვიადისტები» (ბურჭულაძე, ძიძიგური და სხვები) ისეთი რიხით აცხადებენ თანხმობას ამა თუ იმ პარტიასთან (ედპ-სთან, «სახალხოსთან») თანამშრომლობის შესაძლებლობაზე, თითქოს ეს მხოლოდ მათ «კეთილ ნებაზე» იყოს დამოკიდებული.
        ამ ხალხს ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებ, რომ მთავარი ის კი არ არის, ისინი შერიგდებიან თუ არა სარიშვილთან, გიორგაძესთან ან რჩეულიშვილთან, არამედ თუ როგორ მოეკიდება ამას მათი ამომრჩეველი.
        ეს ამომრჩეველი კი ასეთ ალიანსებს არ მიიღებს, ვინაიდან შესანიშნავად ახსოვს, ვინ როგორ იქცეოდა და ვინ რას აკეთებდა 1988-1993 წლებში.
        ოპოზიციური ელექტორატი საქართველოში შეიძლება პირობითად დავყოთ «კონსტურქციულად» და «პროტესტულად». უპრინციპო და აბსურდული ალიანსებით «ზვიადისტები» და მათი მოკავშირეები კარგავენ «კონსტრუქციულად ოპოზიციურ» ელექტორატს. ანუ შედეგს მიიღებენ იგივეს, რაც მიიღეს 1999 წელს. ოღონდ უფრო უარესს - «აღორძინების ფაქტორის» გათვალისწინებით.
        ოპოზიციური ელექტორატი გადანაწილდება «ლეიბორისტებზე», «მრეწველებსა» და «შაშიაშვილის პარტიაზე», აგრეთვე «აღორძინებაზე» თუ იგი მარტო მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
        «ზვიადისტების» ამომრჩეველი ხმას მისცემს სხვა «ზვიადისტურ პარტიებს»- მაგალითად, კიკაჩეიშვილის ფრთას, მაგრამ არამც და არამც, მასობრივად ეს ელექტორატი მხარს არ დაუჭერს ეკლექტურ გაერთიანებებს.
        ამას გარდა, პოტენციური «კოალიციის» სუბიექტებს ვერც იმას შეაგნებინებ, რომ გარდა «ოპოზიციური ელექტორატისა», საქართველოში არსებობს საპირისპირო პოზიციის ამომრჩეველი, რომელსაც ეშინია ცვლილებების, არ ენდობა ოპოზიციას და სავსებით გულწრფელად, ყოველგვარი «გაყალბების» გარეშე აძლევს ხმას «სახელისუფლებო პარტიას».
        ოპოზიცია კი იმეორებს: მთავარი და ერთადერთი პრობლემა არის გაყალბება.

დილის გაზეთი, 9 აპრილი, 2001 წელი