ერი და ინტელიგენცია

ერი და ინტელიგენცია - ეროვნული მოძრაობა

ერი და ინტელიგენცია

ჩვენში ფართოდ დამკვიდრებულია აზრი, რომ ერი არის ინტელიგენცია. შესაძლოა, ეს საკამათო დებულება იყოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, უდავოა ინტელიგენციის როლი ისტებლიშმენტში და მისი განსაკუთრებული ფუნქცია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის ჩამოყალიბებისას.
    ამ კონცეფციას სწორედ ერის ინტელექტუალური ელიტა აყალიბებს. მაგრამ ელიტა არა მხოლოდ ფასეულობებსა და ღირებულებებს ქმნის, არამედ მტკიცედ მართავს ცნობიერ და (ისტებლიშმენტის მეშვეობით) საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში. ოღონდ აქ, რასაკვირველია, სტრატეგიული პროცესები იგულისხმება. ტაქტიკური მნიშვნელობის პროცესებში ელიტა შეიძლება არც ერეოდეს.
    საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიმუშავა 60-იანელთა თაობამ ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით და მოვიდა დრო ითქვას, რომ ეს კონცეფცია (თუმცა იმ პერიოდისათვის ერთადერთი შესაძლო), თავის თავში იმთავითვე უეჭველად შეიცავდა მრავალშრიანი კონფლიქტის შესაძლებლობას, ვინაიდან ცდილობდა განეხორციელებინა პროცესი, რომელიც ვერ განხორციელდა ისტორიული ევოლუციის შედეგად.
    სხვაგვარი კონცეფცია მაშინ ვერც შემუშავდებოდა, ანუ ის, რაც ილია ჭავჭავაძემ შემოგვთავაზა, იყო ერთადერთი შესაძლო (თავისი ეპოქისათვის უაღრესად პროგრესული) ეროვნული კონცეფცია შესაბამისი (გარდაუვალი და იმთავითვე ნაგულისხმევი) შინაგანი წინააღმდეგობებითა და კონფლიქტებით.
    უბედურება კი ის გამოდგა, რომ XX საუკუნის 80-იანი წლებისათვის ქართულმა ელიტამ ვერ მოახერხა ქვეყნისათვის შეეთავაზებინა ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია, რომელიც უფრო მეტად შეესატყვისებოდა გრანდიოზულ ცვლილებებს, რაც მსოფლიოში მოხდა დიდი ილია ჭავჭავაძისა და «60-იანელთა» თაობის შემდეგ.

    უკვე ბევრმა შენიშნა, რომ ქართველი ერის უბედურების სათავე მისი ეთნიკური «არაშეკრებილობაა». დიდწილად სწორედ ეს თვისება იწვევს მრავალ ცნობიერ თუ არაცნობიერ ეთნოფსიქოლოგიურ პროცესს, რაც ესოდენ ძალუმად გამოვლინდა 1988-1993 წლების მოვლენებში.
    იმისათვის, რათა არსებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის ფარგლებში ერის «არაშეკრებილობა» დაეძლია, ქართული ინტელექტუალური ელიტა (ინტელიგენცია) იძულებული გახდა ჩამოეყალიბებინა და გაეძლიერებინა იმგვარი ცნობიერი სტერეოტიპები, რომლებიც საკაცობრიო იდეალთა ევოლუციას არ შეესაბამებოდნენ.
    სანამ მათ შესახებ მსჯელობას შევუდგებოდით, კიდევ ერთი რამ სრული დარწმუნებით უნდა ითქვას: კომუნისტური ეპოქის ქართულმა ინტელიგენციამ პირნათლად განაგრძო ილია ჭავჭავაძის საქმე და კიდევ უფრო გააძლიერა XIX საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის პროპაგანდა.
    ეს გრძელდებოდა მაშინაც კი, როცა, ახალ ეპოქაში, ახალი მოთხოვნებისა და გლობალური რეალიების შესაბამისად, ეროვნული კონცეფციის განახლება-განვითარება იყო აუცილებელი. მაგრამ ამაზე ლაპარაკსაც კი ვერავინ გაბედავდა მთელი გასული საუკუნის განმავლობაში - მათ შორის მის მეორე ნახევარში.
    ნუ მოგვატყუებს ის ფაქტი, რომ კომუნისტურ ეპოქაში ქართველი მწერლები ხოტბას ასხამდნენ ე.წ. «კომუნისტურ იდეოლოგიას», კომუნისტურ რეჟიმს და ა.შ. ეს სრულიადაც არ უშლიდა ხელს ეროვნული იდეის პროპაგანდას. მით უმეტეს, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მართლაც გულმხურვალე პატრიოტი და «ქართველი ნაციონალისტი» იყო.
    შოთა რუსთაველის გრანდიოზული იუბილე სწორედ კომუნისტურ ეპოქაში ჩატარდა. გადავშალოთ იმავე ეპოქაში გამომავალი ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები და ყურადღებით წავიკითხოთ. ყველა მათგანი იწყება პარტიის, ლენინისა და ბრეჟნევის ხოტბა-დიდებით. მაგრამ ამ საფარველქვეშ ინტელიგენცია განაგრძობდა «ქართული იდეის» პროპაგანდასა და ხსენებული კონცეფციის მეშვეობით ერის «შეკრებას» ცდილობდა.
    ელემენტერული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეის გაძლიერებას, ნებსით თუ უნებლიედ, თვით კომუნისტურმა რეჟიმმაც შეუწყო ხელი - «ერთა გამსხვილების» (Укрупнение народов) პროცესში ქართველური ეთნიკური ჯგუფების (ქართები, მეგრელები, სვანები, აჭარლები, - რომელთა განცალკევებას «მოსკოვური სახელმწიფოს» წინა, «ცარისტული» რედაქცია ცდილობდა), საბოლოო კონსოლიდაცია ძალზე სწრაფად წარიმართა.
    მაგრამ იმთავითვე შესამჩნევი იყო, რომ ერის «შეკრებილობის» შესანარჩუნებლად ინტელიგენცია იძულებული ხდებოდა ჩამოეყალიბებინა ისეთი სტერეოტიპები, რომლებიც იმ დროს დამკვიდრების პროცესში მყოფ საკაცობრიო იდეალებთან და დემოკრატიულ პოსტულატებთან თუ ღირებულებებთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.
    მაგალითად, რას ნიშნავს «ქართველი»? ეს ტერმინი უეჭველად გულისხმობს არა საქართველოს მაცხოვრებელს, არამედ ეთნიკურად ქართველს.
    რასაკვირველია, ისტორიულად «ქართველია» ქართიც, ეგრიც და სვანიც, მაგრამ «ქართველი» არ არის საქართველოში მცხოვრები სომეხი, აზერბაიჯანელი, ან სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი.
    ვიმეორებ: იმისათვის, რათა არსებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის ფარგლებში ერის კონსოლიდირიებისათვის («შეკრებისათვის») მიეღწია, ინტელიგენცია იძულებული გახდა, სწორედ ეთნიკური ნიშნით მკვეთრად გაემიჯნა ქართველები (ეთნიკური ქართველები) და მის მიერვე ეგრეთ წოდებული «არაქართველები». ანუ (ამით) უარი ეთქვა ე.წ. «მრავალეროვანი ხალხის» (ნაციის - ევროპული გაგებით) ჩამოყალიბების პერსპექტივაზე. ეს კი, თავის მხრივ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საკაცობრიო პროცესებს.
    შეგახსენებთ, რა გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდებოდა შესაბამნისი ტერმინოლოგია: «საქართველოს ხალხი» (Народ Грузии); ჟურნალის დასახელება «საქართველოს ქალი» (და არა «ქართველი ქალი»);  და ასე შემდეგ.
    ამ დროს კი, თუნდაც იმავე რუსეთში, უკვე ყალიბდებოდა სულ სხვა კონცეფციის შემცველი ტერმინი: «РОССИЯНЕ-РОССИЯНИН».
    დავაკვირდეთ: ეს ტერმინი არ გულისხმობს ეთნიკურ კუთვნილებას. Россиянин შეიძლება იყოს ეთნიკური რუსიც, ყალმუხიც, თათარიც და ნებისმიერი სხვა ეთნოსის წარმომადგენელი, ვინც რუსეთში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეა.
    ტერმინი «აზერბაიჯანელი» რა თქმა უნდა, კონკრეტული ეთნიკური ერთობის აღმნიშვნელი იყო, მაგრამ პოტენციურად მასშიც დევს აზერბაიჯანის ხალხის (და არა ეთნიკური აზერბაიჯანელების) შეკრების - ნაციად ჩამოყალიბების შესაძლებლობა, ვინაიდან იგი ტერიტორიულ კუთვნილებას აღნიშნავს და არა ეთნიკურს.
    აქ არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: ქართული მენტალიტეტისათვის (რომელიც «ელიტამ» სწორედ ასე აღზარდა) ყოველთვის გაუგებარი იყო, რატომ ამაყობენ მაგალითად თანამედროვე იტალიელები ძველი რომითა და მისი გრანდიოზული კულტურით: «რა შუაშია დღევანდელი იტალიელები-ისინი ხომ ეთნიკური გოთების ანუ გერმანელების შთამომავლები არიან, ხოლო რომის კულტურა ლათინმა ერმა შექმნა, რომელიც დღეს აღარ არსებობს».
    ამ სტერეოტიპის მატარებელთ ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებდი, რომ «ნაციის» («ერი-ქვეყნის») კონცეფცია უეჭველად გულისხმობს ეთნიკური ფენომენისაგან აბსტრაგირებას. თანამედროვე იტალიელს ამ კონცეფციით აქვს სრული უფლება და საფუძველი, იამაყოს რომის კულტურით იმიტომ, რომ ეს ქვეყნის (იტალიის) კულტურაა და არა რომელიმე ეთნოსისა. ასევე, თანამედროვე ეგვიპტელი (ეთნიკური არაბი) სამართლიანად ამაყობს პირამიდებითა და სფინქსით (რომლებიც ძველმა ეგვიპტელებმა შექმნეს), როგორც მისი უძველესი ქვეყნის (ეგვიპტის) კულტურული მონაპოვარით.
    ჩვენში კი ამ თვალსაზრისით საქმე ანეგდოტებამდე მიდის. სხვა მაგალითებს არ მოვიყვან, საკმარისია მხოლოდ ერთი: დმანისში აღმოჩენილი «პირველი ევრაზიელით» ნებისმიერი ნაცია იამაყებდა, - მას ქვეყნის უძველესი ფენომენის აღმნიშვნელად და სიმბოლოდ აქცევდა. ჩვენში კი ამას განსაკუთრებული რეაქცია არ გამოუწვევია: ის ხომ მილიონ რვაასი წლის წინ მოვიდა და ქართველი (იგულისხმება ეთნიკური ქართველი) «რანაირად იქნებოდაო?».
    არადა, თანამედროვე ფრანგი სამართლიანად ამაყობს მადლენის (ქვის ხანის) პერიოდის ნახატებით (ნადირობის სცენით) გამოქვაბულში, რაც ხელოვნების პირველ ნიმუშად ითვლება, ვინაიდან ის გამოქვაბული, სადაც უძველესმა ადამიანმა პირველად აიღო ხელში «ფუნჯი» (მაშინ უბრალო ქვა) სილამაზის აღსაბეჭდად, - თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და საფრანგეთის კულტურის განუყოფელი ნაწილია.
    სწორედ ეს განასხვავებს «ქართულ» ეროვნულ-სახელმწიფოებრივ კონცეფციას თანამედროვე ევროპულისაგან, რომელიც (ამ თვალსაზრისით) უნივერსალური გახდა «სოციალისტურ» და «კაპიტალისტურ» ბანაკთა დაპირისპირების ეპოქაშიც კი.
    საყურადღებოა, რომ აფსუათა ელიტას აღმოაჩნდა ინტელექტუალური შესაძლებლობა, რათა ეს მომენტი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში შეენიშნა. სწორედ მაშინ იწყებენ აფსუა მწერლები, პოეტები, საზოგადო მოღვაწეები ტერმინ «Абхазец»-ის დამკვიდრებას (ნაცვლად «Абхаз»-ისა).
    ეს ტერმინიც იმ დროს თითქოს მხოლოდ ეთნოსის აღმნიშვნელი იყო, მაგრამ ისიც შეიცავდა იმის პოტენციურ შესაძლებლობას, რომ აფხაზეთში მცხოვრების (და არა მხოლოდ ეთნიკური აფსუას) დეფინიციად ქცეულიყო.
    ხსენებული ტერმინები ერთმანეთისაგან იმით განსხვავდება, რომ «ც» ნაწილაკი აქ ეთნიკური კუთვნილების შინაარსს აცლის დეფინიციას. ყოველ შემთხვევაში ამის შესაძლებლობას შეიცავს

შედეგიც თვალნათელია:
    80-იანი წლების დამდეგს შემთხვევით ხელში ჩამივარდა თბილისის ერთ-ერთი ქართული სკოლისა და გუდაუთის «აფხაზური» (რუსულენოვანი) სკოლის მეათე კლასელ მოსწავლეთა «რესპუბლიკური საკონტროლო» მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში. თავისუფალი თემა (ალბათ გეხსომებათ, რომ სამი თემიდან ერთ-ერთი ყოველთვის «თავისუფალი» იყო): «ჩემი სამშობლო». გუდაუთის სკოლაში - «Родина моя».
    რასაკვირველია, აფხაზი ბავშვი რუსულად მხოლოდ აფხაზეთზე წერდა და საქართველოს არც ახსენებდა, ხოლო ქართველი - საქართველოზე. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირს არც ერთი მათგანი «სამშობლოდ» არ აღიქვავდა. ყოველ შემთხვევაში აფხაზი მოზარდი გაცილებით ნაკლებად, ვიდრე აფხაზეთს, ქართველზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
    მაგრამ ეს არ არის მთავარი. მაშინვე თვალში მეცა უმთავრესი განსხავება ქართველი და აფხაზი მოსწავლის გულუბრყვილო, ბავშვურად მიამიტ თხზულებებში: ქართველი მოსწავლის ნაწერში სიტყვა-ცნება «ქართველი» («ქართველი ერი») ნახსენები იყო დაახლოებით ოცჯერ. ყოველთვის ეთნიკური ნიშნით («მე ქართველობას ადამიანს ორდენივით მივანიჭებდი» და ასე შემდეგ), ხოლო სიტყვა-ცნება «საქართველო» სულ ორჯერ. ისიც ასეთ კონტექსტში: «საქართველოს მიწაწყალი ქართული სისხლით არის გაპოხიერებული».
    ხოლო აფხაზი ბავშვის ნაწერებში, რომელიც ინტელექტით აშკარად თბილისელი თანატოლის სწორი იყო (არც ჩამორჩებოდა და არც აღემატებოდა), სიტყვა-ცნება Абхазия ნახსენები გახლდათ დაახლოებით თხუთმეტჯერ; «Абхазец»– რვაჯერ, «Абхаз»- სულ ორჯერ.
    გარდა ამისა, აფხაზი ყმაწვილის თხზულებაში გვხვდებოდა ტერმინი «Народ абхазии». ზედმეტიც კია იმის აღნიშვნა, რომ არათუ კონკრეტული თბილისელი მოსწავლის, არამედ ყველა ქართულ სკოლაში აკრეფილი თავისუფალი თემები რომ გადაგეთვალიერებინათ, «საქართველოს ხალხის» მსგავსს ვერაფერს აღმოაჩენდით.
    ვითომ ეს იმაზე მეტყველებს, რომ აფსუათა ელიტა ეთნონაციონალური იდენტობის შენარჩუნებას არ ცდილობდა? – არავითარ შემთხვევაში! აფხაზეთის ტრაგედია სწორედაც აფსუათა მძვინვარე ეთნონაციონალიზმმა განაპირობა, მაგრამ მათი ელიტა ჯერ კიდევ მაშინ (70-იან წლებში) ჩასწვდა ამ თვალსაზრისით მსოფლიოს ძირითად ტენდენციას და შესაბამისი ზომებიც მიიღო - ქართული ელიტისაგან განსხავებით, რომელიც კვლავინდებურად ოპერირებდა იმ დროისათვის უკვე მოძველებული სქემებით.

    ოღონდ აქ მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ არსებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის ფარგლებში, ხსენებული პლანეტარული ნოვაციის გაზიარება ძნელიც იქნებოდა, ვინაიდან უმთავრესი ამოცანა ისევ და ისევ «ეთნიკური შეკრება» იყო.
    თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩლუნგი კონსერვატიზმი უფრო მეტ როლს ასრულებდა, ვიდრე რაიმე ცვლილების და განახლების ობიექტური შეუძლებლობა.
    ისევ და ისევ: დილემა თვით კონცეფციაშიც იყო ჩადებული. ქართული ინტელიგენცია კი ვერ მიხვდა, რომ იმ პერიოდში (XX საუკუნის მიწურულს) აუცილებლობად იქცა ალტერნატიული კონცეფციის შემცველი ტერმინის მიგნება და მისი მიზანმიმართული დამკვიდრება - ისევე, როგორც ამას აკეთებდა აფსუათა ელიტა ტერმინ «Народ абхазии» და «Абхазец»-თან დაკავშირებით. აბა ხომ არ გვგონია, რომ 16 წლის გუდაუთელ აფსუას ეს ტერმინები თავად მოუვიდოდა თავში?
    ასეთივე შინაარსის შემცველი ტერმინი იქნებოდა, მაგალითად, «ივერიელი» (ანუ «საქართველოელი»), რომელიც შეიძლებოდა ქცეულიყო საქართველოს ყველა მოქალაქის აღმნიშვნელად. ამის მცდელობა კი იყო, მაგრამ ინტელიგენციამ «ჩანასახშივე ჩაახშო», როგორც «ანტიეროვნული» და «კომუნისტურ-ინტერნაციონალისტური».
    ანუ, ქართველებისა და ე.წ. «არაქართველების» კატეგორიული გამიჯვნის უკომპრომისო, ეთნონაციონალისტურმა სურვილმა მაინც თავისი გაიტანა, რაშიც, ელემენტარულად, იმ სოციალური ფენის ინტელექტუალური სიმწირე გამომჟღავნდა, რომელიც ჯანსაღ ტენდენციებს ეწინააღმდეგებოდა და საკუთარი ბრიყვული ფობიებით ეროვნულ ცნობიერებასაც აავადებდა.
    იმავე კატეგორიიდან კიდევ ერთ ფაქტს შეგახსენებთ, რომელიც ძალზე ნიშანდობლივია: 70-იან წლებში ქართულმა ინტელიგენციამ საშინელი ისტერია ატეხა ტერმინ «საბჭოთა ხალხთან» დაკავშირებით. ეს გამოაცხადეს «ხალხთა ათქვეფის იდეოლოგიურ მომზადებად», თითქოსდა «საბჭოთა ხალხი» გულისხმობდა, რომ ყველა არარუსი ხალხი უნდა გარუსებულიყო და ა.შ.
    ბუნებრივია, ამას ჩვენში ისეთი «მასათა მძვინვარება» მოჰყვა, ქართული პარტიული ნომენკლატურაც კი (აქვე უნდა ითქვას, იგი მეტისმეტად მაღალი წარმოდგენისა იყო საკუთარი ქვეყნის ინტელექტუალურ ელიტაზე და მეტისმეტ ანგარიშს უწევდა მის მოსაზრებებს) იძულებული გახდა, ამ ტერმინის წინააღმდეგ «მკერდმოღეღით» გაელაშქრა მოსკოვურ ფორუმებზე.
    არც ერთ სხვა რესპუბლიკაში (ბალტიის ჩათვლით) ანალოგიური რეაქცია ამას არ მოჰყოლია, ვინაიდან ყველა ეროვნული ელიტა მიხვდა, რომ ტერმინი «საბჭოთა ხალხი» («Советский народ») იყო არა «ხალხთა ათქვეფის» დასაწყისი (რასაც მოსკოვი მაშინ უკვე ვეღარაფრით მოახერხებდა, ძალიანაც რომ მოენდომებინა - აკი მოგახსენეთ, საბჭოთა იმპერია ეფუძნებოდა არა მხოლოდ ძალას და იძულებას, არამედ ეთნონაციონალურ ელიტათა ინტერესების გარკვეულ ბალანსს), არამედ, ისევ და ისევ «ნაციის» დეფინირებისა და ეთნიკური ელემენტისაგან აბსტრაგირების მცდელობა - მსოფლიო ტენდენციათა შესაბამისად.
    ანუ «საბჭოთა ხალხი», შინაარსობრივად ისეთივე ნეიტრალური ტერმინი იყო, როგორც «ბრიტანელი ხალხი» და სრულიად მტკნარი სისულელეა იმის მტკიცება, თითქოს ამით მოსკოვი ერთა «გარუსებას» ცდილობდა. სინამდვილეში ეს ტერმინი იმას ნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქე, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, შეადგენს ერთ «მრავალეროვან ხალხს», - ნაციას – საბჭოთა კავშირის ხალხს, «საბჭოთა ხალხს». ისევე, როგორც ბრიტანეთის ნებისმიერი მოქალაქე, მისი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად (ინგლისელი იქნება იგი, უელსელი თუ შოტლანდიელი), შეადგენს «ბრიტანელ ხალხს».
    სრულიად სხვა საქმეა, რამდენად გვაძლევდა ხელს ქართველებს ასეთ «ნაციაში» ინტეგრაცია, მაგრამ ამას არავითარი კავშირი არა აქვს «ეთნიკურ ასიმილაციასთან» და ეთნიკური იდენტობის დაკარგვასთან, რასაც ზემოთხსენებული დუჟმორეული ფსევდოინტელიგენტები გულისხმობდნენ - ტანისამოსს რომ იხევდნენ და თმებს იგლეჯდნენ ამ თვალსაზრისით სრულიად უწყინარი ტერმინის საწინააღმდეგოდ.
    სხვათა შორის, ტერმინი ქართვ-ელ-ი ეტიმოლოგიურად იგივეა, რაც სა-ქართველ-ო-ელ-ი, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ეთნიკური ინტეგრაციის პროცესში ინტელიგენცია იძულებული გახდა, ამ ტერმინისათვის თავდაპირველი შინაარსი გამოეცალა და მხოლოდ ეთნიკური საწყისი დაეტოვებინა. ობიექტურად მაშინ ალბათ სხვა გზა არც ჰქონდა - სხვაგვარად ქართველური ეთნიკური ჯგუფების კონსოლიდაციის პროცესი შეფერხდებოდა.
    რუსები, სომხები ან თუნდაც იგივე აფსუები ეთნიკური თვალსაზრისით უკვე შეკრებილ, კონსოლიდირებულ ერთობებს წარმოადგენდნენ. უხეშად თუ ვიტყვით, მათ შემადგენლობაში უკვე აღარ იყვნენ ისეთი ეთნიკური ჯგუფები, რომელთ შემდგომი კონსოლიდირება იქნებოდა აუცილებელი (როგორც მეგრი და სვანი ქართველურ ერთობაში). ეს გარემოება, რა თქმა უნდა, გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდათ. მეორე ათასწლეულის მიწურულისათვის ეთნიკური კონსოლიდირების პროცესი დასრულებული იყო აგრეთვე გერმანელებში, ყალმუხებში, უზბეკებში, ფრანგებში და ა.შ.
    სამწუხაროდ, ქართველი ერი ამ თვალსაზრისით იმავე პერიოდისათვის ბოლომდე «შეკრებილ» ეთნოსადაც კი  ვერ ჩამოყალიბდა. ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის შედეგად, «შეიკრიბა» მხოლოდ საკუთრივ ქართის ერთობა, მაგრამ ყველა ქართველური ტომის შეკრების პროცესი დასრულებული არ იყო და ვგონებ, აღარც დასრულდება უახლოეს ისტორიულ პერსპექტივაში.
    ეს გარემოება, გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ტრაგედიის ერთ-ერთი (არა უმთავრესი და არა ერთადერთი) მიზეზი გახდა.
    ამ რეალობამ, განსახილველ პერიოდში, სრულიად გადაულახავი პრობლემები შექმნა, რაც კიდევ უფრო ართულებდა «ნაციის» კონცეფციის შემუშავებას.
    გახსოვთ ალბათ, როგორ წერდა ბრიტანელი ქართველოლოგი ჯორჯ ჰიუითი «ვერ გამიგია, რატომ ითვლებიან მეგრელები-ქართველებად, როდესაც მათ საკუთარი დედა ენა აქვთ?» ამ თემაზე მეც მომიხდა საუბარი ერთ საკმაოდ განათლებულ ინგლისელთან. როდესაც შოტლანდიისა და უელსის მაგალითი მოვუყვანე, მან ასე მიპასუხა: «მომიტევეთ სერ, მაგრამ შოტლანდიელებზე არავის არასდროს უთქვამს, რომ ისინი ინგლისელები არიან (ეთნიკური გაგებით); ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი არიან ბრიტანელები - ინგლისელები, შოტლანდიელები და უელსელები ერთად შეადგენენ ბრიტანელ ხალხს, ბრიტანელ ნაციას».
    კვლავ დავაკვირდეთ სხვაობას «ბრიტანელსა» და «ქართველს» შორის. ყველაფერთან ერთად, პირველი გეოგრაფიული ტერმინიდან (ტოპონიმიდან) მომდინარეობს და ისევე ვერავის გააღიზიანებს, როგორც «ევროპელი» ან «ამერიკელი».
    სწორედ ეს გარემოებები გახლავთ საწყისი ურთულესი პრობლემებისა, რომლებიც წარმოიშვა ჯერ კიდევ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის შემუშავებისა და ჩამოყალიბების პროცესში.
    ამავდროულად, უსამართლობა იქნებოდა იმის მტკიცებაც, თითქოს ილია ჭავჭავაძესა და 60-იანელებს, აგრეთვე შემდგომი ეპოქის ქართულ ინტელიგენციას, თავი უნდა ენებებინათ ერის ეთნიკური ნიშნით შეკრების მცდელობისათვის და თვისებრივად სხვა კონცეფცია შეემუშავებინათ - დაახლოებით ისეთი, როგორიც ბრიტანელებმა შეიმუშავეს. ამით თითქოს აფხაზებისა და ოსების, როგორც არაქართველი წარმოშობის ეთნიკური ჯგუფების პრობლემაც მოიხსნებოდა.
    ნუ დავივიწყებთ განსხვავებას ბრიტანეთსა და საქართველოს შორის: დიდი ბრიტანეთი საუკუნოვანი, უწყვეტი ტრადიციის ერთიანი ძლევამოსილი სახელმწიფო იყო. ლონდონის სუვერენიტეტი უეჭველად ვრცელდებოდა კუნძულის მთელს ტერიტორიაზე. მაშინ, როდესაც საქართველო, XIX საუკუნეში ორ გუბერნიად დანაწევრებული ტერიტორია გახლდათ არათუ სახელმწიფოებრიობის ან პოლიტიკური ავტონომიის, არამედ კულტურული ავტონომიის გარეშე.
    ამიგად, სულმნათი ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ კონცეფციას მაშინ ალტერნატივა არ გააჩნდა. ანუ ილია ჭავჭავაძემ, რომელიც სამართლიანად იწოდება «ქართველი ერის სულიერ მამად», შეიმუშავა იმ დროისათვის ერთადერთი შესაძლო ეროვნული კონცეფცია - ობიექტურად მისი თანამდევი წინააღმდეგობებით და პოტენციური კონფლიქტებით.

უბედურება მართლაც ის გახლავთ, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართულ ინტელექტუალურ ელიტას, XX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც თანდათან თვალნათელი გახდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის განახლებისა და შეცვლილ რეალიებთან ადაპტირების აუცილებლობა, - საამისოდ ინტელექტუალური ძალა და მოქალაქეობრივი გამბედაობა არ აღმოაჩნდა.
      
        სწორედ კონსოლიდირების დაბალი დონიდან ანუ «არაშეკრებილობიდან» (რისი აღმოფხვრაც თვით დიდი ილიას კონცეფციის ფარგლებშიც ვერ მოხერხდა) და ჩვენი ერის შინაგანი სტრუქტურის სირთულიდან გამოდინარეობს ეროვნული არასრულფასოვნების ქვეცნობიერი შეგრძნება და ის ფენომენი, რასაც პირობითად შეიძლება «ეროვნული ნევროზი» ვუწოდოთ.
        სწორედ ამ ქვეცნობიერი კომპლექსის გამო რეაგირებდა და რეაგირებს ქართული ცნობიერება ესოდენ მტკივნეულად და არაადეკვატურად გარეშე გამაღიზიანებლებზე.
    აქედანვე მომდინარეობს იმის რწმენა, რომ საქართველო და ქართველი ერი მხოლოდ ობიექტია, ხოლო მის ისტორიულ წარმატება-წარუმატებლობას გარეშე ფაქტორები (ამერიკის დახმარება, რუსეთის მტრობა და ა.შ.) განსაზღვრავენ უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი ძალა, ბრძოლა და შემართება.
    შეგახსენებთ: «რუსეთი დაგვიბრუნებს აფხაზეთს!»; «ამერიკა დაგვიბრუნებს აფხაზეთს!»და სხვა.

        წინა თავებში უკვე მოგახსენეთ, რა გავლენა იქონია რუსეთის ტელევიზიამ 1991-1992 წლებში ქართული ცნობიერების «ლიბანიზაციაზე». კიდევ ერთხელ გავიხსენოთ უფრო ადრეული მაგალითებიც - ყველას გვახსოვს საშინელი ისტერიკა, რაც მოჰყვა ვიქტორ ასტაფიევის «ნიჭიერ პასკვილს» 1986 წელს.
        დავუშვათ, ეს პასკვილი მართლაც შეურაცხმყოფელი იყო, მაგრამ საზოგადოების აშკარად არაადეკვატური რეაქცია ეროვნული არასრულფასოვნების ღრმად დაფარულ კომპლექსზე მიუთითებდა იმთავითვე.
    წარმოვიდგინოთ, ასტაფიევს იგივე პასკვილი ესტონელებზე დაეწერა - იქაც ასეთივე რეაქცია იქნებოდა? რა თქმა უნდა არა! ესტონელები წაიკითხავდნენ, გულგრილად განაცხადებდნენ პროტესტს (უფრო ზუსტად, ერთს «ზრდილობიანად შეუკურთხებდნენ» ასტაფიევს) და უმალვე დაივიწყებდნენ ამ ოპუსს.
    საქმეც ისაა, რომ ჩვენი შინაგანი სისუსტის «წყალობით» უაღრესად დამოკიდებული აღმოვჩნდით გარეშე ფაქტორებზე. საბჭოთა პერიოდში, ყოველივე ქართულის ხოტბა-დიდება რუსული ინტელიგენციის მიერ (ლიხაჩოვები, ევტუშენკოები, ახმადულინები და ა.შ) ქართულ ინტელიგენციას ერის კონსოლიდირებაში ეხმარებოდა. ამიტომ ერი ამას ნარკოტიკივით მიეჩვია და როდესაც რუსული ფენომენის მხრიდან დამოკიდებულება შეიცვალა, რეაქცია საშინლად მტკივნეული აღმოჩნდა.
    ამავდროულად, ქართული ინტელიგენცია, აცნობიერებდა რა თავის მისიას ერის შეკრების (კონსოლიდირების) თვალსაზრისით, ყურადღებას არ აქცევდა იმ გარემოებას, რომ შედეგად, ერის ცნობიერებაში თანდათან ყალიბდებოდა მეტად საშიში სტერეპტიპები.
            დასავლეთისა და რუსეთის ეთნოლოგიურ და პოლიტოლოგიურ წრეებში 80-იანი წლების მიწურულიდან ფართოდ დამკვიდრდა ტერმინი «ქართული ქსენოფობია», როგორც საკაცობრიო მნიშვნელობის ეთნოფსიქოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური ფენომენი, რომელიც განსაკუთრებულ შესწავლას საჭიროებს. არადა, ეს ქსენოფობია იყო იმ ეთნონაციონალისტური ისტერიის გარდაუვალი შედეგი, რასაც ქართული ინტელიგენცია აწარმობდა მთელი XX საუკუნის განმავლობაში (საბჭოთა პერიოდის ჩათვლით), რათა ერის კონსოლიდირებისათვის მიეღწია.
        «ამით ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ვცდილობდითო». კი მაგრამ, ბატონებო (და ქალბატონებო), რატომ გგონიათ, რომ ამას მხოლოდ თქვენ ცდილობდით, ხოლო ლიტველ, ყირგიზ, უკრაინულ ინტელიგენციას ეს არ აღელვებდა?
    ოღონდ ისინი ამ თვალსაზრისით მტკიცედ მართავდნენ ეთნოფსიქოლოგიურ პროცესებს, რათ არ დაეშვათ საშიში და ნეგატიური ტენდენციების განვითარება ეროვნულ ცნობიერებაში. ამ მიზნით კომუნისტურ რეპრესიულ მანქანასაც იყენებდნენ როცა საჭირო და გარდაუვალი იყო. ასეთი პოლიტიკის კეთილისმყოფელი შედეგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამომჟღავნდა.
    ჩვენში კი, XX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულისათვის საბოლოოდ ყალიბდება სტერეოტიპი «ქართველის» როგორც განსაკუთრებული, ღვთაებრივი ფენომენის, ლამის ღმერთკაცის შესახებ, რომლის ბადალი მეომარი ან ნებისმიერი სხვა ნიჭიერების მატარებელი ადამიანი არც ერთ ერში არ მოიძევება - «ქართველი კაცი» უბადლოა ყველაფერში. ისევე, როგორც «ქართველი ქალი» რაღაც განსაკუთრებული თვისებების მატარებელი.
        (ყველამ ზეპირად ვიცით მუხრან მაჭავარიანის შესანიშნავი ლექსი: «. . . . . და მოდიოდა და მოდიოდა და მოდიოდა - ქვევრიდან ხაპში, ხაპიდან დოქში. . . . გამოიარა დავითის გული, გამოიარა თამარის გული. . . . ქართული სისხლი. . . .»
    წააკითხეთ ხსენებული ლექსი ნებისმიერ განათლებულ ევროპელს. მას თმები ყალყზე დაუდგება და უეჭველად გეტყვით, რომ ეს არის ნაცისტური ბოდვა, რომლის მსგავსი თვით ჰიტლერულ ლიტერატურაშიც არ შეხვედრია.
    არადა, მე ვერ წარმომიდგენია ნორმალური ქართველი, ეს ბრწყინვალე ლექსი (მხატვრული, პოეტური თვალსაზრისით ჭეშმარიტი შედევრი!) არ უყვარდეს. მაშასადამე, ის, რაც ჩვენთვის ნორმაა, არანორმალურია ცივილიზებული კაცობრიობისათვის. აი აქ, ამ წინააღმდეგობაშია საწყისი და ძირისძირი ჩვენი უბედურებისა.)
        არავის ეგონოს, თითქოს მუხრან მაჭავარიანი «ზვიადისტობის» გამო შევარჩიე. მისი «ანტიზვიადისტი» კოლეგების შემოქმედებაში არანაკლები მარგალიტები შეგხვდება.
    აქვე უნდა ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას «ქსენოფობია» ქართული სინამდვილისათვის სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა. მას უბრალოდ პოლიტიკური ნიჭი და ჭკუა არ ეყო, ეს თვისება დაემალა. ამ თვალსაზრისით, ზვიად გამსახურდიას ფენომენი ქართული ინტელიგენციის შექმნილია - ისევე, როგორ მთელი «მოძრაობა». სინამდვილეში იგი სწორედ ამ ინტელიგენციის «მებრძოლი კოჰორტა» იყო თავისი არსით და სწორედ იმ სტერეოტიპებით, საზოდაგო მოტივაციებით, იდეოლოგემებით და სქემებით ხელმძღვანელობდა, რომელიც ინტელიგენციამ შექმნა.
    ასე რომ, შემდგომ როგორც არ უნდა «აებზუებინათ» ცხვირი ამრეზით, მაინც იძულებულნი იქნებიან საკუთარი სისხლი და ხორცი, საკუთარი შემოქმედების ნაყოფი შეიცნონ ამ «მოძრაობაში».
    ისევე, როგორც ზვიად გამსახურდიას არ გაუკეთებია არაფერი, რაც «მოძრაობის» იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა, ასევე თვით ეს «მოძრაობაც» ინტელიგენციის სულიერი და იდეოლოგიური პირმშო იყო.
    (არ დამავიწყდება: ქუჩაში მოვდივარ, ნაცნობი მეცნიერებათა დოქტორი გამომეცნაურა, მოვიდა და პირდაპირ ყვირილი დაიწყო: «ჰუჯაბიიიიი, ჰუჯაბიიიიი».
    მერე ხელები მხრებში ჩამავლო, დასისხლიანებული თვალები გადმოკარკლა, პირიდან დუჟი წამოუვიდა: «ჰუჯაბიიიიიი! ჰუჯაბიიიიიი!!!......»
    ნამდვილად შემეშინდა - რა იყო შე ოჯახაშენებულო, რამ გაგაგიჟა, პირჯვარი გადაიწერე თუ რამე გელანდება მეთქი. მერე გავარკვიე, რომ იმ დღეებში ჰუჯაბის ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით რომელიღაც სომეხ პროვოკატორ-ფსევდომეცნიერს რომელიღაც გაზეთში რაღაც წამოუროშავს და ჩემს ნაცნობ მეცნიერებათა დოქტორს შემთხვევით ყური მოუკრავს «სადღაც რაღაც წერიაო». თუმცა გარწმუნებთ, ის ეკლესია თვალით არ უნახავს არასდროს.
    არის ასეთი რუსული (უთარგმნადი) სიტყვა: Озабоченный. სხვა კომენტარისაგან თავს შევიკავებ.)

        თუმცა, მეტისმეტს ხომ არ მოვითხოვთ ჩვენი «ზეპური საზოგადოებისაგან?». ის სოციალური ფენა, რომელიც ცოტათი კიდევ პასუხობდა «არისტოკრატიის» განსაზღვრებას, ბოლშევიკებმა 20-იან – 30-იან წლებში თითქმის მთლიანად მოსპეს ფიზიკურად და სრულიად მოსპეს სოციალურად. 

        80-იანი წლების მიწურულისათვის კი ერის «ელიტარულ ინტელიგენციას» ის ადამიანები შეადგენდნენ, ბავშვობაში ტყემალს რომ ჭყლეტდნენ ფეხის თითებით სოფლის შარაზე.
    არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჭეშმარიტი არისტოკრატი მხოლოდ სასახლეში შეიძლება დაიბადოს.
   

         (რა ამის პასუხია და მახსოვს, 1983 წელს ერთი მთიელი პროფესორი მიყვებოდა: «ზაფხულობით სოჭიდან რუსი «ბასიაკი» ჩამომყავს ხოლმე, ფულს ვპირდები, ცოტას ვაჭმევ და ეზოში ვამუშავებო.»
    «მერე?» მეთქი.
    - «რაღა მერე, შემოდგომა რომ მიიწურება, იქვე ხევში გადამყავს და ვუშვებ «რასხოდში».

    თავიდან ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. მერე ვიფიქრე, ალბათ ხუმრობს მეთქი, ან კი ეს რა ხუმრობა იყო? თვალებში შევხედე და. . . . თმები ყალყზე დამიდგა - აშკარად არ ხუმრობდა პროფესორი!)

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა