ერთი დრამატურგის ოდისეა

ერთი დრამატურგის ოდისეა

 

    «მხედრიონის» დამაარსებლისა და უცვლელი ლიდერის, ჯაბა იოსელიანის პოლიტიკური კარიერა ამჟამად უკვე დასრულებულია. ჯაბა იოსელიანი ციხეში ზის და საეჭვოა უახლოეს მომავალში ეღირსოს გათავისუფლება.
    მას ალბათ აქვს დრო, წარსულ ცხოვრებას თვალი გადაავლოს და განსაზღვროს, თუ სად, როდის, დაუშვა საბედისწერო შეცდომა, რომლის შედეგადაც ასე უბირად და ტრაგიკულად ამთავრებს «მოღვაწეობას».
    ამ კითხვაზე პასუხი მან იმ სოციალურ ფენასთან დამოკიდებულების ისტორიაში უნდა ეძებოს, რომელმაც განსაზღვრა მისი აღზევებაც და დაცემაც. ვგულისხმობ ე.წ. «ქართულ ინტელიგენციას», «ეგრეთ წოდებულს», ვინაიდან ცნება ზუსტად ვერ ასახავს ამ ფენომენს და ვერ ხსნის მის სოციალურ შინაარს.
    ჯაბა იოსელიანზე ხშირად ამბობდნენ, რომ იგი საბჭოთა სოციალური წყობის პროდუქტია. ეს, რა თქმა უნდა, სწორი, მაგრამ არასრული განსაზღვრებაა - ჯაბა ამავე დროს ქართული ინტელიგენციის პროდუქტიც იყო. ეს «ინტელიგენცია» არასდროს გამოირჩეოდა მყარი ზნეობრივი პოზიციით, ხოლო კომუნისტურ ეპოქაში «შავ სამყაროსთან» ურთიერთობა მისთვის მატერიალური კითილდღეობის წყაროც იყო.
    ე.წ «ცეხავიკებს» ორი «ქოლგა» ჰქონდათ იმ დროს მოქმედი კანონისაგან თავის დასაცავად: ერთის მხრივ, მათ იფარავდნენ ცნობილი მსახიობები, მწერლები, მხატვრები, კინორეჟისორები, რომლებიც ამისთვის კუთვნილ «წილსაც» იღებდნენ; მეორეს მხრივ კი, ცნობილი «კანონიერი ქურდები», რომელთაც «უკანონო რეკეტისა» და «ცეხის» დაცვა ჰქონდათ მინდობილი.
    ჩვენი «ცნობილი ინტელიგენტები» მენტალურად, ფსიქოლოგიურად და მსოფლმხედველობრივად «პატარა ჯაბები» იყვნენ და მათი ეს მსოფლმხედველობა აისახა კიდეც ზოგიერთ «მხატვრულ ნაწარმოებში», რომელშიც კანონიერი ქურდების ცხოვრება იყო ჰეროიზებული.
    მსოფლიო ლიტერატურა არ იცნობს სხვა ამგვარ პრეცედენტს: როდესაც ვიქტორ ჰიუგოს ანალოგიური სახის შექმნა დასჭირდა, მან მხოლოდ ის გაბედა, რომ ჟან ვოლჟანს ფუნთუშა მოაპარინა.
    ასეთმა დამოკიდებულებამ ჯაბა იოსელიანს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის ილუზია შესძინა. მას ეგონა, რომ შეეძლო ინტელიგენცია თავისი ნება-სურვილით ემართა და საკუთარი მიზნების განხორციელების იარაღად ექცია. სინამდვილეში კი (ჯაბას პიროვნული ამბიცია არ აძლევდა საშუალებას ეს სინამდვილე აღექვა) იგი თავად აღმოჩნდა იარაღი ინტელიგენციის ხელში.
    1991-92 წლებში, ჯაბა იოსელიანის მეშვეობით განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება. «მხედრიონის» ლიდერი, ფაქტობრივად, ხელისუფლების სათავეში მოვიდა. მაგრამ მას არ ეყო გამჭრიახობა მიმხვდარიყო, რომ ინტელიგენცია მის აღზევებას დიდხანს არ მოითმენდა.
    ჯაბა 1992 წელსვე უნდა წასულიყო საქართველოდან (მე შენ გეტყვი, მატერიალური შესაძლებლობა არ ჰქონდა), მაგრამ იგი ძალაუფლებას ვერ შეელია და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ციხეში.

«მერიდიანი», 30 აპრილი, 1996 წელი.