ევროსაბჭოს «საკითხავი თემა»

ევროსაბჭოს «საკითხავი თემა»

     საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოში «დიდი ომისთვის» ემზადება. ზურაბ ჟვანიამ და არმაზ ახვლედიანმ,ა პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, სანაქებო ერთსულოვნებით დაიცვეს საქართველოს ინტერესები წინასწარი კონსულტაციების დროს. მოსალოდნელია, რომ პლენარულ სხდომაზე მართლაც დიდი «ჯახი» ატყდება რუსეთის დელეგაციასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის «დაუძინებელი მეგობრები» მარგელოვი (ფედერაციის საბჭოდან) და როგოზინი (სახელმწიფო სათათბიროდან) წარმოადგენდნენ.

    ეს, რა თქმა უნდა, პირველი შემთხვევა როდია, მაგრამ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედება (რკინიგზის გახსნა, პასპორტების დარიგება) მართლაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება. სხვა საკითხია, რომ ყოველივე ევროპის საბჭოს პრეროგატივა არ არის. თუმცა, ქართველ დეპუტატებს მაინც არ გაემტყუნებათ, ვინაიდან ამ ჩვენმა უბედურმა ქვეყანამ, რომელსაც აგრესიულად განწყობილი, ზემძლავრი მტერ-მეზობელი ჰყავს, ყველა (მცირედიც) საშუალება უნდა გამოიყენოს. ოღონდ სრულად უნდა ვაცნობიერებდეთ, რა შეუძლია ევროსაბჭოს და საერთოდ, რა არის მისი ფუნქცია ევროპის ინსტიტუტთა საერთო სისტემაში (ეუთო, ევროკაშვირი, ნატო).
        თავის დროზე ევროპის საბჭო შეიქმნა, როგორც ევროპული გაერთიანების პირველი, წინასწარი, ყველაზე ფართო «წრე», რომელში შესვლის მსურველი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ელემენტარულ დემოკრატიულ მოთხოვნებს, ანუ აქ არ არის ლაპარაკი ეკონომიკის განვითარების დონეზე, არმიის სტრუქტურაზე, არამედ ისმება კითხვა, საერთოდ რამდენად დემოკრატიულია სახელმწიფო.
        სწორედ ამიტომ, ევროპის საბჭომ შეიძლება, რამდენიმე დღე მიუძღვნას ამა თუ იმ ქვეყანაში ერთი პოლიტპატიმრის, მისი ოჯახის წევრთა უფლებების დარღვევას, მაგრამ საერთოდ არ განიხილოს ასეულობით ათასი ლტოლვილის უფლებათა დარღვევის თემა.
        თითქოს, უცნაურია, არა? მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, «კონფლიქტური რეგიონების» საკითხი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის პრობლემაა (ანუ გაეროს, ეუთოს, ნატოს, პრეროგატივას განეკუთვნება) ხოლო ერთი ადამიანის უფლებათა კონკრეტული დარღვევა ევროპას საშუალებას აძლევს, ამა თუ იმ ქვეყანაში თვით ხელისუფლების (რეჟიმის) არსზე იმსჯელოს და მასზე ზემოქმედებაც განახორციელოს.
        მაგალითად, ევროპის საბჭომ ორი კვირა დაუთმო შარშან თურქეთში სამხედროების ბრძანებით დაპატიმრებული სამი ქურთი პოლიტპატიმრის თემას და საერთოდ არ უმსჯელია აღმოსავლეთ თურქეთში საბრძოლო მოქმედებების დროს ერაყში გაქცეული სამასი ათასი ქურთის ბედზე.
        დაახლოებით, ასეთივე ვითარება იქმნება აფხაზეთთან დაკავშირებით. ევროსაბჭოში ამ საკითხების წამოჭრისას გარკვეული სიფრთხილე გვმართებს: სხვა საქმეა, როდესაც რუსეთი ბომბავდა საქართველოს ტერიტორიას (პანკისის ხეობას) – მაშინ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ (როგორც მოგახსენეთ) ევროსაბჭო ამ თემას მხოლოდ ადამიანის უფლებათა დარღვევის ჭრილში განიხილავს (და არა იმ კატეგორიებით, რითაც გაერო ან ეუთო ოპერირებენ - აგრესია, ანექსია) და ა.შ. პროტესტი მაინც ერთმნიშვნელოვანი იყო.
        რაც შეეხება რკინიგზის აღდგენას და პასპორტიზაციას, - აქ რუსულ დელეგაციას დემაგოგიის და უსინდისო ფალსიფიკაციის ფართო ასპარეზი ექნება. როგოზინი და მარგელოვი უეჭველად იტყვიან: ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შესაბამისად, ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომელიც სურს. აფხაზეთში მცხოვრებმა ინდივიდუალური (!) გადაწყვეტილებები მიიღეს და არჩევანი გააკეთეს რუსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ. რა რუსეთის ბრალია, რომ მათი რაოდენობა ასი ათასს აჭარბებს ? - ვითომ არ იციან, რომ აფხაზეთში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, ამიტომ «მოქალაქეობის მიღების» შემდეგ აფხაზეთის მცხოვრებთა იურიდიულ სტატუსში არავითარი ცვლილება არ მოხდება – განსხვავებით თბილისის მცხოვრებლისგან, რომელიც რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს და (ანუ) საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის.
        სეპარატისტებს კი არც ვიზა დასჭირდებათ და არც «ცხოვრების უფლება», ვინაიდან იქ საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
        მაგრამ ევროსაბჭოს ამას ვერ აუხსნი - მას ფორმალურად აინტერესებს მხოლდ ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისუფლად აირჩიოს საქართველოს ან რუსეთის მოქალაქეობა.
        ამასთან დაკავშირებით, დისკუსიისას, რუსეთი დემაგოგიის ისეთ ქარბორბალას დაატრიალებს, დაბნეული ევროპელები პრობლემას თავს და ბოლოს ვერ გაუგებენ. როგორც კი ჩვენი მხარე გლობალურად კონფლიქტის არსზე დაიწყებს საუბარს, ლორდი ჯადი და ლორდი რასელ-ჯინსტონი «მხრებს აიჩეჩენ»: ეს ჩვენი საქმე არ არის - გაერომ, ეუთომ და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატმა გადაწყვიტოსო.
        ზუსტად იმავე დისკურსში განვითარდება მსჯელობა რკინიგზის თაობაზე. გაიძვერა როგოზინი და არანაკლებ გაიძვერა მარგელოვი «ადამიანის თავისუფალი გადაადგილების უფლებაზე» დაიწყებენ ლაპარაკს. ეს ერთ-ერთი ბაზისური უფლებაა,, რომელიც დასავლეთსა და საბჭოთა კაშვირს შორის «ცივი ომის» მთავარი მიზეზი იყო. ქართული მხარის არგუმენტს, ლტოლვილთა ანალოგიური უფლების დარღვევის თაობაზე, მოჰყვება არქიდემაგოგია: ერთის უფლების დარღვევა არ ამართლებს მეორეს უფლებების დარღვევას!

დილის გაზეთი, 15 იანვარი, 2003 წელი