ევროპის გამოცდა ლიბიაში

ევროპის გამოცდა ლიბიაში

        ბავშვობიდან ნაცნობ ფილმში «გაზაფხულის 17 გაელვება»- ბერლინში «მომუშავე» რუსი «მზვერავის» შესახებ, - ერთი ასეთი ეპიზოდია: გერმანელი გენერალი ამერიკელთა საბრძოლო ტაქტიკას აფასებს და ამბობს: «ეს იდიოტები ფიქრობენ, რომ ომის მოგება მხოლოდ საჰაერო დარტყმებითაა შესაძლებელიო».
        ის, რაც დღეს ლიბიაში ხდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დასავლეთს, პირველ რიგში კი იმავე ამერიკის შეერთებულ შტატებს, ტაქტიკა არ შეუცვლია. მიიღეს გადაწყვეტილება ლიბიის სამოქალაქო ომში ჩარევის შესახებ, პოლკოვნიკი მუამარ კადაფი «პირსისხლიან დიქტატორად» გამოაცხადეს, მაგრამ მხოლოდ საჰაერო დარტყმებისათვის აღმოჩნდნენ მზად.
        ესე იგი, ოღონდ სახმელეთო ოპერაციებში არ მიიღონ მონაწილეობა, ოღონდ ჯარი არ გააგზავნონ, ოღონდ არც ერთი კჯარისკაცი არ დაიღუპოს და თუნდაც წლობით გაგრძელდეს ომი.
        როგორც ვხედავთ, ქალაქები ხელიდან-ხელში გადადის. ლიბიელმა რევოლუციონერებმა არ გათვალეს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევე როგორც არმია (განსხვავებით ეგვიპტისგან) კვლავინდებურად პოლკოვნიკს უჭერს მხარს. ესე იგი, ომი შეიძლება დაუსრულებლადაც გაჭიანურდეს და საბოლოო გამარჯვებას ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწიოს. ან ლიბია გაიყოს ორ ნაწილად - დასავლეთ რეგიონები კადაფის დარჩეს, ხოლო აღმოსავლეთი – მეამბოხეებს. თუმცა ესეც არ იქნება საბოლოო მშვიდობა და ნავთობით მდიდარ ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობა შენარჩუნდება.
        ზუსტად ასეთია სქემა, რომელიც კრემლში შეიმუშავეს: მოსკოვმა, ერთის მხრივ, ვეტო არ დაადო გაეროს რეზოლუციას, რომელიც ნატოსა და ამერიკას საჰაერო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობას აძლევდა. მაგრამ მეორეს მხრივ, იმავე რეზოლუციით აკრძალულია კადაფის მოწინააღმდეგეებისათვის იარაღის მიწოდება და არაფერია ნათქვამი ნებისმიერი სახის სახმელეთო ოპერაციის შესახებ. გარადა, ამის გარეშე მთელი ეს სიხლიანი მარაზმი შეიძლება წლობით გაგრძელდეს.
        შესაბამისად, ნავთობის ფასი 100 დოლარზე ქვემოთ კარგა ხანს აღარ ჩამოვა და ეგ არის – აშენებულა რუსეთი!
        როგორც კი ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს: ჩვენს ჯარისკაცებს ვერ გავაგზავნით, მაგრამ ამბოხებულებს იარაღს მივაწვდითო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მაშინვე თქვა: «ეს გაეროს რეზოლუციის დარღვევა იქნება!». უფრო მეტიც. ლავროვის თქმით, გაეროს რეზოლუციით, ამერიკას და ნატოს კადაფის ჯარების დაბომბვის უფლებაც არ აქვთ – მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ არ დაუშვან ავიაციის მიერ მეამბოხეთა პოზიციების განადგურება.
        თუმცა, საბედნიეროდ, ნატოს ძალები ლავროვის დემაგოგიას ყურადღებას არ აქცევენ: ჭკუიდან შეშლილი პოლკოვნიკის რეზიდენციასაც ბომბავენ და მისი ჯარების პოზიციებსაც. მაგრამ ეს «ცოფიანი ძაღლი» (როგორც თვით არაბები უწოდებენ) ისეთ ბუნკერშია ჩამძვრალი, იქ ვერანაირი ბომბი ევრ მიწვდება ატომურის გარდა. ასეთი ბუნკერებიც რუსებმა აუშენეს თავის დროზე.
        როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაციაშიც ხვდებიან, რომ რაც უფრო გაიწელება ლიბიიდან კადაფის მოშორების ოპერაცია, მით უფრო ძნელი იქნება შემდეგ სისხლისღვრის შეჩერება, რადგან საქმეში ადგილობრივი არაბულ ტომები, მათი ბელადები და სისხლის აღების ტრადიცია ჩაერთვება.
        ამიტომ, პრეზიდენტმა ობამამ ამერიკულ სპეცსამსახურებს (ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს) და არმიის სპეციალური დანიშნულების რაზმებს დაავალა აფრიკულ ქვეყანაში საგანგებო ოპერაციების განხორციელება. ესე იგი, პირველ რიგში იმავე კადაფისა და მისი უშუალო გარემოცვის ლიკვიდაცია.
        მართლაც, კადაფის გასტუმრება საიქიოს ომს მაშინვე დაამთავრებს. ლიბიის რეჟიმი მხოლოდ ამ «პოლკოვნიკის» ფიგურას ეყრდნობა და მეტს არაფერს. მაგრამ ეს რუსებმაც ხომ იციან?! პუტინიც უეჭველად დაავალებდა თავის ძველ მეგობრებს «კგბ» - დან, ლიბიელი დიქტატორი სპეცოპერაციისგან გადაარჩინონ და საგულდაგულოდ დამალონ ან ფიზიკურად დაიცვან.
        მოსკოვში იციან, რომ თუ ლიბიის ომი კიდევ 1 წელიწადს გარძელდა და ნავთობზე ფასი დღევანდელ დონეზე შენარჩუნდა, გლობალური ფინანსური კრიზისი ისევ გარდაუვალია. თანაც, რუსეთისათვის ხელსაყრელ პირობებში, როდესაც მისი სავალუტო რეზერვი ნავთობდოლარებით იქნება გაბერილი.
        ანუ, მთლიანობაში, ის, რაც ერაყში ხდება, დასავლეთის ქმედუნარიანობის ძალზე სერიოზული გამოცდაა. ბოლოს და ბოლოს, თუ ნატოს იმის უნარიც არა აქვს, მეზობელ ქვეყანაში ელემენტარული წესრიგი დაამყაროს, მაშინ საერთოდ რისი მაქნისი გამოდის ეს ორგანიზაცია?

2011