დსთ ჩვენი ბედისწერისა

დსთ ჩვენი ბედისწერისა

    1994 წლის 1 მარტს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, ყოფილი დისიდენტი, „კარდენახელ ჟანა დ,არკად“ წოდებული ლუიზა შაკიაშვილი მერხზე დადგა და საბჭოთა კავშირის ჰიმნი იმღერა. აი ის - «Союз нерушимый республик свободных, сплотила навеки великая Русь . . . . .» რასაკვირველია ირონია იყო - ედუარდ შევარდნაძისა და იმდროინდელი მმართველი უმრავლესობის ჯინაზე, რომლებმაც 1 მარტის სხდომაზე „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წესდება დაამტკიცეს, რის შემდეგაც საქართველო ოფიციალურად გახდა ამ პოსტსაბჭოური გაერთიანების წევრი. შევარდნაძემ ამით დაიწყო თავისი „ბალანსირების პოლიტიკა“: ორიოდე დღის შემდეგ იგი ამერიკაში გაემგზავრა პირველი „ისტორიული ვიზიტით“.
   იმიერიდან აბრევიატურა „СНГ“ ლამის საქართველოს ბედისწერად იქცა: 14 წლის განმავლობაში გამოვდიოდით ამ ორგანიზაციიდან (შევარდნაძე ვითომ სულ ამას აპირებდა, თუ რუსები აფხაზეთს და „სამხერთ ოსეთს“ არ დაგვიბრუნებდნენ) და, ბოლოს, ძლივს „გამოვეტიეთ“ მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს, როცა რუსებმა გორს კასეტურჭურვიანი „ისკანდერი“ ესროლეს.
    ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ახალი ხელისუფლება, რომელიც არჩევნებში „რუსეთთან ურთიერთობათა დალაგების“ დაპირებით მონაწილეობდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგებოდა ამ არჩევანის წინაშე. უფრო ზუსტად, რუსები დააყენებდნენ, რაკი მათთვის „დსთ“ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა: ამით ხდება რუსეთის „პრიორიტეტულ ინტერესთა“ და გავლენის ზონის „შემოსაზღვრა“, რათა ამ ზონაში „გარედან“ არავინ ჩაერიოს. ისედაც არ ერევიან მაინცდამაინც (როგორც იმავე 2008 წელმა დაადასტურა), მაგრამ ქვეყნის „ნებაყოფლობითი“ სურვილი, თვითონ დააფიქსიროს თავი ხსენებულ „ზონაში“, მაინც სულ სხვაა. მეტი არანაირი ფუნქცია ყბადაღებულ „თანამეგობრობას“ არა აქვს და არც რაიმე განსაკუთრებულ ვალდებულებას აკისრებს წევრ სახელმწიფოებს.
    აქედან გამომდინარე, ნამდვილად არავის უნდა გაკვირვებოდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „დსთ“ - ს საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიხეილ ევდოკიმოვმა საცდელი სვლა გააკეთა და აშკარად იცრუა, თითქოს ივანიშვილის ხელისუფლებასთან რაღაც კონტაქტები და კონსულტაციები ჰქონდა ამ თემაზე. სინამდვილეში, ჯერ (!) არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, მაგრამ სანამ იმას გავხსნით, თუ რაში დასჭირდა ევდოკიმოვს ეს პროვოკაცია, დავაკვირდეთ საინტერესო პროცესს, რომელიც მმართველ კოალიციაში განვითარდა:
    ოპოზიციის სახელით, გიორგი ბარამიძემ დღის წესრიგში დააყენა სპეციალური კანონი „საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის თაობაზე“. ანუ, მოითხოვა საკანონმდებლო გარანტიები, რომ საქართველო არასდროს იტყვის უარს „ნატო“ - ზე, ევროკავშირზე და არ გაწევრდება „დსთ“-ში, ისევე როგორც „ევრაზიულ კავშირსა“ და „საბაჟო კავშირში“. ამ წინადადებას „ოცნების“ დეპუტატთა გულმხურვალე მოწონება ხვდა წილად: ერთმანეთს ასწრებდნენ მხარდაჭერით ისევე, როგორც მანამდე მიკროფონებთან რიგში იდგნენ მიხეილ ევდოკიმოვის „გაუგონარი და აღმაშფოთებელი“ წინადადების დასაგმობად.
    ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც ბრძანა: „თანახმა ვართ კანონის ან დეკლარაციის მიღებაზე და ვისაც „დსთ“ უნდა მისი ადგილი კოალიციაში არ არისო“. სინამდვილეში ვისი ადგილი აღარ იქნება სულ მალე კოალიციაში, რამდენიმე თვეში ვიხილავთ, მაგრამ დღის ბოლოს, მთელი ამ გნიასის მონაწილეებს (უპირველესად „კოლიციის“ წევრებს და პირადად უსუფაშვილსაც) ცივი წყალი გადაასხა უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ: „ყველა გზის მოჭრას არ ვაპირებთ“- თქვა მან და აშკარად ბიძინა ივანიშვილის აზრი გაახმოვანა. თან ისიც დაამატა: „რაღაც არ მახსოვს, გია ბარამიძეს ასეთი წინადადება მაშინ დაეყენებინა, როცა მმართველი პარტიების ერთ-ერთი ლიდერი იყოო“. ანუ 1995 წლიდან - 2012 წლამდე.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, „დსთ“-ს თემა ხელისუფლებაში „პერსპექტიული ბირთვის“ კრისტალიზების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება, თორემ 2013 წლის ოქტომბრამდე რომ ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგმება, აბსოლუტურად ცხადია. მერე რა იქნება, აი ეს კიდევ საკითხავია.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ახლა, რაც შეეხება ევდოკიმოვის განცხადებას. გასაგებია, რომ კონსულტაციები არ ყოფილა და ეს დემარში ლავროვის უწყებამ სპეციალურად გააკეთა რამდენიმე დღით ადრე ღვინის, ბორჯომის და სხვა ქართული პროდუქციის „დაბრუნების“ თაობაზე მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებემდე. ამაზე „მსხვილი ნამიოკი“ დიპლომატიაში წარმოუდგენელია! რასაკვირველია, პუტინს არ აწყობს პირდაპირ გვითხრას: „თუ გინდათ თქვენი მწვანილი და ვაშლი შემოვუშვათ, ჯერ დსთ-ში შემოდითო“. ეს მთელს მსოფლიოში „ზეწოლად“ იქნება აღქმული და ზემოთხსენებულ „ნებაყოფლობითობასაც“ ახდის ფარდას. მაგრამ იგივეს ქარმულად გვეუბნებიან, თანაც ისე, რომ ჩვენებურად თუ ვიყვით, „მეტისმეტად გაუგებარი ხალხისთვისაც“ („Для особо непонятливых“) გასაგები გახდეს. აბა რაფინირებული და „ტონკი ნამიოკებით“ ჩვენს პოლიტელიტას 20 წელია ვერაფერი გააგებინეს და რა ქნან? ხომ უნდა მიახვედრონ როგორმე, რა უნდათ პირველ რიგში?
    თუმცა, მაინც ვერ გააგებინეს: „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებიდან გამომდინარე რუსეთს სხვა გზა არა აქვს, ჩვენი პროდუქცია მაინც უნდა დააბრუნოსო“. ამაზე მეტი სიბრიყვე თეორიულადაც წარმოუდგენელია!!! ჩვენმა საცოდავმა ქვეყანამ კი არა, WTO-ში ჩივილით ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი ვერაფერი გააწყო, როდესაც იმავე ონიშჩენკომ ამერიკული ხორცის იმპორტი აკრძალა. და საერთოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ WTO მხოლოდ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს არეგულირებს, მაგრამ მისი წესდების არც ერთი პუნქტი არ უკრძალავს ნებიმსიერ წევრ სახელმწიფოს, შემოიღოს შეზღუდვები, თუ ისინი სანიტარული და ჯანდაცვის მოსაზრებებითაა ვითომ ნაკარნახევი. შეიძლება დაისვას საკითხი დისკრიმინაციის შესახებ, მაგრამ ამ საქმის გარჩევას წლები დასჭირდება საერთაშორისო არბიტრაჟებსა და იმავე WTO-ში.
    როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ წევრებს ჰგონიათ, რომ რაც უფრო მრისხანე და შეურიგებელ განცხადებებს გააკეთებენ ევდოკიმოვის პასუხად, მით უფრო წარმატებული იქნება 4 თებერვლისთვის დაგეგმილი მოლაპარაკება ონიშჩენკოსთან. კი ბატონო, ამას სულ მალე ვნახავთ: ონიშჩენკო, რა თქმა უნდა, ქართველებს ტკბილად და გულთბილად მიიღებს, მოილაპარაკებენ, რომ რუსეთის სანიტარული სამსახურის წარმომადგენლები ჩამოვლენ საქართველოში „საკითხის ადგილზე შესასწავლად“, მერე ისევ მოსკოვში დაბრუნდებიან, ატყდება დოკუმენტების მრავალთვიანი გაცვლა-გამოცვლა, დაზუსტებები, შეჯერებები, მაგრამ რეალურად საქმე ადგილიდან არ დაიძვრება: ანუ ქართული პროდუქცია (ციტრუსი, ხილი, ბოსტნეული, ღვინო) არსებითი და სერიოზული ოდენობით (!) რუსეთში არ დაბუნდება. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება ისევ „ბორჯომი“ გახდეს და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მიხეილ ფრიდმანის Alfa Group-მა იყიდა. ანუ, ვინც კიდევ ვერ მიმხვდარა რა მოხდა: „ბორჯომი“ უკვე რუსული მინერალური წყალია! და ნურავის გაუკვირდება, თუ „ბრენდირებული“ ქართული წარწერა ბოთლებზე სულ მალე „სტილიზებული“ რუსულით შეიცვლება.

2013