დსთ - მუდმივად მიმავალი

დსთ - მუდმივად მიმავალი

       

        დაახლოებით 1995 წლიდან ჯერ არ ყოფილა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი, რომ დამკვირვებელთა მნიშვნელოვან ნაწილს იგი არ შეეფასებინა, როგორც «უკანასკნელი», «დსთ-ს სიკვდილის მომასწავებელი» და ასე შემდეგ.
        მართლაც, არსებობს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს უკვე ლამის ასობით გადაწყვეტილება, რომელთაგან (გამონაკლისის გარდა) არც ერთი არ შესრულებულა. თუ, რასაკვირველია, არ ჩავთვლით გადაწყვეტილებებს შემდეგი სამიტის ჩატარების შესახებ. სწორედ ეს გახლავთ ყველაზე საოცარი: ყოველი სამიტის შემდეგ (იქნება ეს მოსკოვში, კიშინიოვში თუ მინსკში) კეთდება განცხადებები «თანამეგობრობის აღსასრულის» შესახებ; პრეზიდენტები «გულისტკივილით» ამბობენ, რომ თანამეგობრობა არ მუშაობს, იგი «ვერ იქცა ქმედით მექანიზმად» და ასე შემდეგ, მაგრამ მომდევნო სამიტზეც თითქმის უკლებლივ იკრიბებიან, ისევ ტრიალდება იგივე «კარუსელი», ისევ კეთდება მკაცრი განცხადებები დახურულ სხდომაზე, მაგრამ, ჰოი საოცრებავ - ჟურნალისტთა თანდასწრებით, პრეზიდენტები კვლავ ოპტიზმით არიან გაცისკროვნებულნი, ხოლო მათი «დასკვნითი» განცხადებები სნგს პერსპექტივის რწმენით არის გაჟღენთილი.
        ამ უცნაურობას მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: სინამდვილეში «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» არსებობა ყველას აძლევს ხელს, ვინაიდან მასში აისახება ნაციონალურ ელიტათა ინტერესების ის ბალანსი, რომელიც საბჭოთა კავშირისთვის იყო თვისობრივი.
        ჩვენში დამკვიდრებული სტერეოტიპების მიუხედავად, ის სახელმწიფო, რომელშიც ვცხორვობდით 1992 წლამდე, ეფუძნებოდა არა მხოლოდ ძალასა და იძულებას, არამედ ნაციონალურ ელიტათა ინტერესების გარკვეულ ბალანსს.
        ელიტის ინტერესები კი, უმრავლეს შემთხვევაში, დიახაც გამოხატავდა ეროვნულ ინტერესებს. სნგ იმ ბალანსის გარკვეულ (არც თუ უმნიშვნელო) სეგმენტს ინარჩუნებს. სწორედ ამდენად არის იგი საინტერესო ახლადწარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების იმავე ნაციონალური ელიტებისათვის, რომლებიც ჩვეულ მიმართებებს ინარჩუნებენ ანუ აქ საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ თანამეგობრობის სამიტები ორმხრივი შეხვედრების საშუალებას იძლევა.
        ეს ერთ-ერთი მიმართებაა, მაგრამ არა ერთადერთი: კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რუსეთის ინტერესის დაბალანსება და ამ მხრივ ძალთა გარკვეული გაერთიანება - ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსეთის ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა აუცილებლად გამოიწვევს «ტალღისებურ» ეფექტს და შესაბამის წინააღმდეგობასაც გადააწყდება.
        აქედან გამომდინარე, საქართველოს ყოფნა «თანამეგობრობაში» რუსეთისათვის ერთგვარად შემაკავებელი ფაქტორია, რათა მეტისმეტად აშკარა და უხეში ზემოქმედება (ან პირდაპირი აგრესია) არ განახორციელოს. კრემლი ამ «შემაკავებელი ფაქტორების» დარღვევას ცდილობს, მაგრამ მეტისმეტ აგრესიულობას ვერ ამჟღავნებს და ვერ ახორციელებს, ვინაიდან სხვა ქვეყნების დაფრთხობასა და სტაბილური მიმართებების დარღვევას ერიდება.
        საქართველოს სნგ-დან გამოსვლა კი არა მხოლოდ პრაქტიკულად ვერაფერს მოიტანს, არამედ რუსეთსაც «გაუხსნის ხელ-ფეხს» საქართველოს წინააღმდეგ კიდევ უფრო აგრესიული პოლიტიკის გასატარებლად.
        აქვე უნდა ითქვას, რომ არსებულ «ინტერესთა ბალანსის» დარღვევას თავად რუსეთიც ცდილობდა. შეგახსენებთ (იმ დროს) უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი ივანოვის განცხადებას, რომ რუსეთისათვის სნგ აღარ არის პირველი რიგის პრიორიტეტი, ხოლო მოსკოვი ამიერიდან ორმხრივ ურთიერთობებს მიანიჭებს უპირატესობას.
        მაგრამ შემდგომ მოსკოვში ყურადღებით აწონ-დაწონეს ასეთი მიდგომის როგორც პლუსები, აგრეთვე მინუსები და მაინც არსებული ბალანსის შენარჩუნება არჩიეს, მით უმეტეს, რომ თუ რუსეთი საბოლოოდ გადაუსვამს ხაზს «თანამეგობრობას», სხვა სახელმწიფოები მაინცდამიანც «კალთებს არ შემოახევენ» ხვეწნით, – არიქა, არ დაგვღუპო და არ მიგვატოვოო, მაგრამ სხვა შემთხვევაში მაინც არსებული ვითარების შენარჩუნებას არჩევენ, ანუ იმ სიტუაციისა, როდესაც სნგ-ს 11 ქვეყანა «აწონასწორებს» რუსეთს და ერთგვარ «კოლექტიურ საპირწონეს» ქმნის სათანადო «შემაკავებელი» მექანიზმებითა და მიმართებებით.
        ბუნებრივია, რუსეთს რომ არანაირი ინტერესი არ ჰქონდეს, იგი სნგ-ს ერთ დღესაც არ შეინარჩუნებდა, მაგრამ ამ ორგანიზაციის მეშვოებით იგი თავის გეოპოლიტიკურ სივრცეს აფიქსირებს (სწორედ ეს არის მისი მთავარი ინტერესი).
        ფორმალურად, რასაკვირველია, დსთ-ის წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, ნატოს წევრიც კი გახდეს, მაგრამ რეალურად ეს შეულძებელია, ვინაიდან დასავლეთიც აღიარებს რუსეთის პრიორიტეტს ამ სივრცეზე.
        ვითარების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ «თანამეგობრობის» სივრცეზე ისეთი ვითარების შექმნით, როდესაც დასავლეთი სისხლხორცეულად იქნება დაინტერესებული, «შემოვიდეს» ამ სივრცეში. სწორედ ამ მიზანს ისახავს ცენტრალური აზია - კავკასია-ევროპის საკომუნიკაციო დერეფნის კონცეფცია, რომელსაც რუსეთმა ჯერჯერობით ბევრი ვერაფერი მოუხერხა.
        «თანამეგობრობაში» თანდათან ყალიბდება «პარალელური» სისტემები. რუსეთ-ბელორუსეთის კავშირი, ცენტრალური აზიის ქვეყნების კავშირი და სუუამი - სწორედ ამ ტენდენციის მაჩვენებლები არიან. ისინი ინტერესთა უფრო ლოკალური თანხვედრის საფუძველზე ცდილობენ გაერთიანებას, მაგრამ დსთ-ს შეცვლას, მისი ფუნქციის შესრულებას მიანც ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს.
        ვიმეორებ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა რუსეთის «გასაწონასწორებლად» შექმნილი სისტემა და ურუსეთოდ იგი ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს. უხეში შედარების სახით, შეიძლება ითქვას: ეს იგივეა, კლასიკურ ჭიდაობაში სპორტსმენი მოწინააღმდეგის წონას რომ იყენებს მის დასამარცხებლად.
        თუმცა, «ალტერნატივის» არსებობა ყოველთვის (თითქმის გამონაკლისის გარეშე) სასარგებლოა - ოთხშაბათს საქართველოს, უზბეკეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას პრეზიდენტები ერთმანეთს ყირიმში შეხვდებიან, რათა გადაწყვიტონ სუუამის ინსტიტუციონალიზების საკითხი.
        სამიტზე დამკვირვებლების სახით (რაც ძალზე საინტერესოა) მოწვეულნი არიან რუსეთი, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი და რუმინეთი. რუსეთის წარმომადგენელმა შესაძლოა, მიწვევა არ მიიღოს და ყირიმში არ ჩამოვიდეს.
        ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სამიტი ყირიმში (იალტაში) ტარდება, სადაც რუსეთს განსაკუთრებული ინტერესები აქვს. გარდა ამისა, რუსი დამკვირვებლის დასწრება სუუამის სამიტზე ამ ორგანიზაციის გარკვეული ლეგიტიმიზებაც იქნება, რაც მოსკოვში სულაც არ ეპიტნავებათ. სუუამი კი მრავალი თვალსაზრისით, დსთ-ს ბედს გაიზიარებს.
        იმ აზრით, რომ ყოველთვის იქნება საუბარი მის «მკვდრადშობილებაზე», «უუნარობაზე», «უმაქნისობასა» და «უსარგებლობაზე», მაგრამ სუუამი (ისევე, როგორც «თანამეგობრობა»), არა და არ მოკვდება, ვინაიდან მასაც აქვს მაცოცხლებელი ფუნქცია: შეასრულოს «სათადარიგო აეროდრომის», «უკანასკნელი საპასუხო არგუმენტის» როლი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მაინც გადაწყვეტს, დაარღვიოს პოსტსაბჭოური ბალანსი, რომელიც გაფორმდა «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» სახით.
        ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციები იმთავითვე არიან მრავალი შესაძლებლობის შემცველნი: ეკონომიკური თანამშრომლობიდან სამხედრო ალიანსამდე, უკვე გაფორმებული და ლეგიტიმიზებული (ამდენად, საერთაშორისო აღიარებული) რეგიონული ან სუბრეგიონული ორგანიზაციის ახალი შინაარსით შევსება (საჭიროების შემთხვევაში) ხომ ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე სასწრაფოდ მისი შექმნა.
        იგივე შინაარსი იდო» შავი ზღვის ქვეყნების გაერთიანებაში, მაგრამ ეს საკმოად სუსტი ორგანგიზაცია აღმოჩნდა. უმთავრესად იმის გამო, რომ მასში თურქეთმა ვერ შეასრულა (რაც ბუნებრივია) იგივე როლი, რასაც რუსეთი ასრულებდა და სრულებს სნგ-ში.
        მინსკის მორიგი სამიტი საქართველოსთვის დასრულდა ერთადერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით - აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებს კიდევ 6 თვით გაუგრძელდათ მანდატის ვადა. ესეც ხსენებული «ბალანსის» შემადგენელი ნაწილია, რის გარეშეც იგი დაირღვევა.
        ახალი ალტერნატივები ჩანასახის მდგომარეობაში იმყოფებიან და იგივე ფუნქციას ვერ შეასრულებენ. თუმცა (მიაქციეთ ყურადღება) საერთაშორისო პოლიტიკური ტრადიციისა და პრაქტიკის შესაბამისად, საერთაშორისო სამხედრო ძალისხმევის გაერთიანება (ვთქვათ, ამა თუ იმ რაიონში საომარ მოქმედებათა შესაჩერებლად) და სამშვიდობო ძალების შეყვანა ხორციელდება სწორედ რეგიონულ ორგანიზაციათა ეგიდით - იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური ორგანიზაცია (გაერო) ამ მისიას ვერ ასრულებს ამა თუ იმ მიზეზის (მაგალითად, რუსეთის ვეტოს) შედეგად.
        მინსკის სამიტზე რამდენიმე ძალზე საინტერესო მომენტი იყო. მაგალითად, თურქმენეთის პრეზიდენტი - საფარმურად ნიაზოვი, «დაჟინებით» არ ესწრება უკვე მეორე სხდომას. მაგრამ დსთ-სა და პოსტსაბჭოური სივრცის ერთ-ერთი თავისებურება ისიც გახლავთ, რომ ამგვარი «დაჟინებით» ალტერნატიულ რეალობას თურქმენეთი ვერ დააფიქსირებს. ან კი როგორ შეძლებს ამას, როდესცა გვერდით ავღანეთი ჰყავს, ხოლო ენერგომატარებლების მსოფლიო ბაზარზე დამოუკიდებლად გატანას ვერ ახერხებს აზერბაიჯანთან მწვავე უთანხმოების გამო (კასპიის ზღვის სტატუსთან დაკავშირებით).
        ამდენად, თურქმენეთი უფრო ის «გამონაკლისია», რომელიც ადასტურებს წესს. აქვე უნდა ითქვას «თალიბებისა» და მათი ავღანეთის შესახებ. ისლამისტები ამჯერად ავღანეთის დაახლოებით 80 პროცენტს აკონტროლებენ და სულ ახლოს არიან საბოლოო მიზანთან - გააკონტროლონ ქვეყნის მთელი ტერიტორია. რუსულ პრესაში ხშირია სპეკულაცია იმის შესახებ, თითქოს თალიბების ზურგსუკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას (ეს მაშინ, როდესაც ამერიკის ¹1 მტერი, უსამა ბენ ლადენი სწორედ თალიბებმა შეიფარეს), რომ თითქოს ამერიკა აიარაღებს თალიბანს და ასე შემდეგ.
        ეს ყოველივე, რასაკვირველია, მტკნარი სისულელეა თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკას ცეცხლივით ეშინია ტერორიზმისა და ტერორისტების. სინამდვილეში, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თალიბანს საიდუმლოდ სწორედ რუსეთი აიძულებს, რათა ფუნდამენტალიზმის საფრთხით დააშინოს ცენტრალური აზიის სეკულარისტული რეჟიმები და აიძულოს ისინი, აქტიურად ითანამშრომლონ რუსეთთან.
        რაც უფრო მეტად მიუახლოვდება მძვინვარე ისლამური ფუნდამენტალიზმი სნგ-ს საზღვრებს, მით უფრო აცახცახდებიან შიშით ყოფილი შუა აზიის «მოკავშირე რესპუბლიკათა» მმართველი ნაციონალური ელიტები და უფრო მიეკრობიან რუსეთს.
        ყოველ შემთხვევაში, ასეთია მოსკოვის გეგმა, თუმცა, თვალის ასახვევად რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მარშალი სერგეევი ოდესღაც საბჭოთა ჯარების დაუძინებელ მტრებს - «ჩრდილოეთის» (ტაჯიკურ-უზბეკური) კოალიციის მესვეურებსაც კი შეხვდა.
        ამ პარადიგმას ნაწილობრივ დღეს მხოლდ უზბეკეთი თუ ცდილობს შეწინააღმდეგებას - მინსკის სამიტზე, გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას, უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ დოკუმენტები «ცენტრალურ აზიაში ტერორიზმის საფრთხის» შესახებ არ აზუსტებდნენ, თუ რომელი ქვეყანაა დაავადებული ძირითადად ამ სენით - ტაჯიკეთი თუ... ისლამ კარიმოვმა ეჭვი გამოთქვა, ხომ არ ისახავს მიზნად მთელს ცენტირალურ აზიაზე ყურადღების გამახვილება ინვესტორთა დაფრთხობას? რა თქმა უნდა, ამ მიზანს ისახავს, მაგრამ უკვე გვიან არის - რუსეთმა საწადელს მიაღწია და «ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა» აქცია მძლავრ არგუმენტად სხვადასხვა ხასიათისა და «ჟანრის» გეოპოლიტიკური განზრახულობების სისრულეში მოსაყვანად. საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციებიდან - ცენტირალურ აზიაში ინვესტორთა დაფრთხობამდე.
        კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი იყო მომავალი საიუბილეო სამიტის ადგილისა და ვადის განსაზღვრა. თავდაპირველად, ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი (რომელიც ცენტრალურ აზიაში ლიდერობისთვის იბრძვის) ყველანაირად ცდილობდა, დაეთანხმებინა კოლეგები, ეს სამიტი ალმა, ათაში ჩაეტარებინათ ორგანიზაციის შექმნის 10 წლისთავზე.
        მართლაც, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა სრული სახით სწორედ ალმა-ათაში ჩამოყალიბდა 1991 წლის მიწურულს. ამით ნაზარბაევი, ერთის მხრივ, თავის ლიდერობას დაადასტურებდა, მეორეს მხრივ კი დააფიქსირებდა, რომ სნგ წარმავალი ორგანიზაციაა, ვინაიდან ალმა-ათა აღარ არის ყაზახეთის დედაქალაქი.
        მაგრამ პრეზიდენტთა საბჭოს დახურულ სხდომაზე ვლადიმირ პუტინმა მაინც თავისი გაიტანა და საიუბილეო სამიტი 2001 წლის ნოემბრისათვის მოსკოვში დაინიშნა.
        ამის მიუხედავად, დიპლომატიური ტექნოლოგიის დაცვით, გაფართოებულ სხდომაზე პუტინმა მიანც განაცხადა, რომ მოსკოვში სამიტი სწორედ ყაზახეთის პრეზიდენტ ნაზარბაევის ინიციატივით ტარდებოდა. და ბოლო შტრიხი: სნგ - ს სამხედრო თანაშმრომლობის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა ვლადიმირ იაკოვლევი, რომელიც მანამდე რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო-თერმობირთვული ჯარების სარდალი იყო.
        პუტინის თქმით, «გენერალი გლობალურ აზროვნებას არის მიჩვეული და ამით დაეხმარება თანამეგობრობას~. როგორც ჩანს, მოსკოვში სნგ-ს საწინაამღდეგო კონცეფციამ მიანც კრახი განიცადა, ხოლო კრემლი «მოდერნიზების» თეორიას არა და არ ეშვება. პუტინს ნამდვილად სურს შევიდეს ისტორიაში «რუსული მიწების შემკრებად», თუმცა რადიკალურ ნაბიჯებს (თუ არ ჩავთვლით სავიზო რეჟიმს) მაინც არ დგამს, რათა არსებული «ინტერესთა ბალანსი» დროზე ადრე არ დაარღვიოს.
        როგორც ჩანს, უახლოესი 1-2 წელი, ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტი იქნება. ეს პერიოდი წარმოაჩენს, დარჩება თუ არა სნგ «მარად მიმავალ», მაგრამ მარად არსებულ ორგანიზაციად.

დილის გაზეთი, 4 ივნისი, 2001 წელი