«დიდების ზღაპარი» მალე ახდება

«დიდების ზღაპარი» მალე ახდება

 

    სატელევიზიო პროგრამა «დიდების ზღაპარი ზოგჯერ იუმორისა და გონებამახვილობის საკმაოდ მაღალ დონეს აღწევს, - არანაკლებს, ვიდრე «ნტვ»-ს შესანიშნავი «კუკლი»; თანაც გაცილებით მწირი ტექნოლოგიური საშუალებებით და დაფინანსებით.
    დროდადრო გემოვნება მაინც ღალატობთ, მაგრამ ვიმსჯელოთ «უკეთესი» ნიმუშით და არა უარესით. ისევე, როგორც «ნტვ»-ს შემთხვევაში, რომელსაც აგრეთვე ეპარება ხოლმე «უხარისხო პროდუქცია».
    «ზღაპრის» ერთ-ერთ მონაკვეთში, «ბაბუ» «ზურიკოს» სიმღერას ასწავლის.: «ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა...» არა, ასე არა! უფრო მაღალ ტონალობაში: «ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა» . . . . . მაგრამ ჯიუტობს «ზურიკო», - მას სხვა რეგისტრის ხმა აქვს, ამიტომ არჩეულ ტონალობაში აგრძელებს სიმღერას. მიუხედავად ამისა, სიმღერა «ყვავის ჩხავილს» მაინც არ ჰგავს. მღერის თავისი ხმით, ოღონდ «ბაბუს» დირიჟორობით. ამ ეპიზოდში ისიც საკმაოდ მკაფიოდაა ნაჩვენები, რომ ხმის «საკუთარი» რეგისტრის მიუხედავად, «ზურიკო» - «ბაბუს» დირიჟორობას არ ეცილება.
    ალეგორიებითა და ქარაგმებით საუბარი პოლიტიკაში არა მხოლოდ ტირანული ქვეყნებისათვისაა დამახასიათებელი, არამედ დემოკრატიულისთვისაც. «დიდების ზღაპარი» რეალობას საკმაო ზუსტად ასახავს. იგი მიჰყვება პროცესებს და ცდილობს, ამ პროცესთა გამოხატულება შექმნას.
    დავაკვირდეთ უცნაურობას: თბილისში ბოლო დრომდე (ევროსაბჭოში გაწევრიანებამდე) მძლავრად ცირკულირებდა ჭორი, თითქოს ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას შორის რაღაც უთანხმოება ჩამოვარდებოდა.
    ჭორებზე პოლიტიკური ანალიზის აგება სისულელეა, მაგრამ განურჩევლად იმისა, რა არ მოეწონება პრეზიდენტს ან რა ეწყინება პარლამენტის თავმჯდომარეს, არც დირიჟორი (მასწავლებელი) და არც მოსწავლე ემოციებზე ურთიერთობას არ აგებენ.
    პოლიტიკაში ემოცია საერთოდ მავნეა. მოქმედებს მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკური ინტერესი, - ამ ინტერესთა თანხვედრის გათვალისწინებით ირჩევა შესაბამისი პოზიცია. 1995-1996 წლებში ზურაბ ჟვანია გაცილებით ნაკლები მაშტაბის ფიგურა იყო, ვიდრე დღეს.
    ბუნებრივია, პოლიტიკური ზრდის შედეგად იგი დამოუკიდებელ ფიგურად არ ქცეულა და არც იქცევა, - შეუძლებელია იყო ედუარდ შევარდნაძის გუნდში და იყო დამოუკიდებელი; მაგრამ მისი ფუნქცია ამ გუნდში დღითიდღე უფრო გამოკვეთილი და მნიშვნელოვანი ხდება.
    მხოლოდ ერთი მცირე დეტალი: პარლამენტის თავმჯდომარე სულ უფრო ხშირად ესწრება აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში გამართულ «დახურულ» თუ «ღია» თათბირებს. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ესწრება და ხელმძღვანელობს თვით პრეზიდენტი. სხვა ვარიანტი გამორიცხულია. მაგრამ ურთიერთქმედების ამ სისტემის შიგნით ზურაბ ჟვანიას ფუნქცია ევოლუციას განიცდის.
    უკვე შეიძლება, ალბათ, ვისაუბროთ გარკვეულ «ტანდემზე» ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს პოლიტიკური «ტანდემი» განსაკუთრებული თვისებისაა.
    შევარდნაძის გარეშე იგი, რა თქმა უნდა, ვერ იმუშავებს, მაგრამ ჟვანიას გარეშე, - სისწრაფესა და მიმართულებას დაკარგავს.
    ორიოდე წლის წინ (თანამდებობათა და რანგთა მიუხედავად) ტანდემი არ არსებობდა - ამჟამად არსებობს.
    მიუხედავად იმისა, რომ მასში კვლავინდებურად პრეზიდენტია «ძირითადი» - იგი მაინც ერთ მთლიანობად მოიაზრება.
    იგივე შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას: ტანდემის მეორე ნაწილია ის გუნდი, რომელიც ასოცირდება რეფორმათა პროცესთან და უშუალოდ უკავშირდება ზურაბ ჟვანიას.
    პრეზიდენტმა ყოველივე შესანიშნავად იცის. მან ძალიან კარგად უწყის (ეს გახლავთ სწორედ მიზეზთა-მიზეზი ტანდემის შექმნისა), რომ სხვა მიმართულება, სხვა გზა, რადიკალური (თუნდაც უსიამოვნო და პრობლემური) რეფორმების გარდა, ბუნებაში არ არსებობს.
    სწორედ ამიტომ არის შეუძლებელი სხვა ტანდემი - იმავე გზით იგი ვერ იმოძრავებს «ფიგურათა შეუთავსებლობის» გამო.

მერიდიანი, 17 თებერვალი, 1999 წელი