გივი თარგამაძის დაბრუნება

გივი თარგამაძის  დაბრუნება

ქართველ პატრიოტთა თამაშები რუსულ ტელეარხზე

    სამთვიანი „გადაკარგვის“ შემდეგ, გივი თარგამაძე ლიტვიდან დაბრუნდა. პირველივე პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამშობლოდან გადახვეწა არც უფიქრია; უბრალოდ, ლიტველი მეგობრების (როგორც ჩანს, საკმაოდ გავლენიანი და შემძლე მეგობრების) დახმარებით უნდოდა პუტინისთვის ეჩვენებინა, რამდენად უმწეოა ის ყველგან თვით რუსეთის ტერიტორიის გარდა; და რომ ევროპელებს „დერჟავული“ პროკურატურის დადგენილებები სულ ფეხებზე ჰკიდიათ.
    თუ ეს იყო მიზანი, იგი ნამდვილად მიღწეულია, რადგან ინტერპოლის უარი თარგამაძის დაპატიმრებაზე და მისი ძებნილთა სიიდან ამოღება პუტინის რეჟმისთვის გვარიანი სილის გაწვნაა. მოსკოვი არ იმჩნევს (როგორც ყოველთვის იქცევა, როცა ადეკვატური საპასუხო სვლა არა აქვს), თუმცა კი ძალიან „აეწვა“ ეს სილა. მაგრამ სულ ბოლოს გივი თარგამაძემ წარმატება წყალში გადაყარა იმით, რომ დათანხმდა ტელეინტერვიუზე პუტინის „ხელზე მიჩვეულ“ ჟურნალისტ არკადი მამონტოვის გადაცემისთვის, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავიდა РТР-ის არხზე. დათანხმდა და თავიც „გააშავებინა“, ისევე როგორც ქვეყანა.
    საოცარი პრიორიტეტები აქვს გივის. თუ მაინცდამაინც რუსულ საზოგადოებისთის უნდოდა სიმართლის თქმა, უამრავი, მეტ-ნაკლებად ობიექტური და სოლიდური რუსული რესურსი არსებობს, რომელიც თვეებია ეხვეწება ინტერვიუს, არაფერს დაუმახინჯებს და ზუსტად გადასცემს. მან კი არჩევანი პუტინისა და კრემლის „ფეხისალაგზე“ შეაჩერა. შედეგიც შესაბამისი მიიღო. ტელევიზიით ადამიანის გაშავებას რა უნდა? მთავარია „საქმეზე“ გამოცდილი პროვოკატორი გაუშვა, კამერა შესაბამისი რაკურსით დააყენო, მსხვილი პლანები აიღო, ფრაზები კონტექსტიდან ამოჭრა, აქცენტი ჰაბიტუსზე გააკეთო და სპეცსამსახურების იმ ინფორმაციით ისარგებლო, თუ ვილნიუსის რომელ რესტორანში სადილობენ რუსული ოპოზიციის ლიდერები, რათა „კაბაკიდან“ გამოსვლისთანავე იქ დახვდე.
    გაუგებარია სხვას რას ელოდა? რომ „სათქმელს“ ათქმევინებდნენ? მით უმეტეს, რომ ეს წარუმატებელი (გივისთვის წარუმატებელი) ინტერვიუ „ჩასვეს“ საერთოდ გამაოგნებელ კონტექსტში. მაგალითად, აჩევნეს ნაწყვეტი ფრანგული ფილმიდან, რომელშიც, გივი თარგანმაძე და გიგა ბოკერია ტელეკამერების წინ (!) პირდებიან ბელორუს ოპოზიციონერს ფულის გადაცემას მინსკში რევოლუციის მოსაწყობად. და ეს ოპერაციაც მაინცდამაინც ტელეკამერების წინ უნდა განხილულიყო? კი ბატონო, მინსკში პუტინის სპეცსამსახურთა ფარული კამერით ჩაწერილი საუბარი საერთოდ არ მივიღოთ მხედველობაში, მაგრამ ფრანგულ დოკუმენტურ ფილმს რა ვუყოთ? აბა მამონტოვი რის მამონტოვი და პუტინის გოშიაა, არ გამოეყენებინა საქართველოს დასაცინად?
    საერთოდ, ქართველებთან კავშირი ან თუნდაც „შეხება“, რუსეთში ოპოზიციის „დაჩმორების“ მთავარ ინსტრუმენტად და ძირითად პროპაგანდისტულ სვლად იქცა. იმავე გადაცემაში, ყირგიზმა „ენჯეოშნიკმა“ ქალბატონმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის ამბებში დავით უსუფაშვილი და ვახტანგ ხმალაძეც „აფათურებდნენ ხელს“. ახლა რამდენიც არ უნდა იძახონ, „კონსტიტუციის შემუშავებაში ვეხმარებოდითო“ - საქართველოს ახალი ხელისუფლება ძველთა საქმის გამგრძელებლად წარმოჩინდება, რაკი ხმალაძეც და უსუფაშვილიც სწორედ ახალი ხელისუფლების სახეები არიან! რუს (და არა მხოლოდ რუს) ტელემაყურებელს კი უმტკიცდება წარმოდგენა, რომ საქართველო ქვეყანა-პროვოკატორია, რომელიც ამერიკელებმა „დაგეშეს“ პოსტსაბჭოურ სიცრცეზე „მართვადი ქაოსის“ სისტემათა ასამოქმედებლად. რაც, სხვათა შორის, მტკნარი სისულელეა: 2005 წელს, თბილისში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბუშმა „დემოკარტიის შუქურა“ გვიწოდა არა პოსტსაბჭოური სივრცისთვის, არამედ არაბული სამყაროსთვის! ყურადღებით წავიკითხოთ მისი გამოსვლა „თავისუფლების მოედანზე“ და დავრწმუნდებით, რომ ნამდვილად ასე იყო. თუმცა, ეს სიმართლე ჩვენს „რევოლუციონერებს“ დიდად არ ეპიტნავებათ - ისინი მენტალურად არა მაღრიბის, არამედ უფრო იმ სამყაროს ნაწილნი არიან, სადაც ბერლინის კედელი დაინგრა. არადა, 2008 წელს ამერიკელებმა გვითხრეს: „არასწორად გაგვიგეთ ძვირფასო ქართველებო, ჩვენ ეს სულაც არ გვიგულისხმიაო“.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

    მამონტოვის გადაცემაში ქართველ პატრიოტთა ნამდვილი „დოღიც“ შედგა. ვალერი ხაბურზანიამ განაცხადა, რომ „გივი ვასილიჩს“ თურმე მსუყე ბიზნესი აქვს ბელორუსში. რაც ძალიან ძნელად დასაჯერებელია. სამაგიეროდ, РТР-ის ეთერში სიხარულით აფრიალეს გენერალ წითელაშვილის დოკუმენტები, - ქართული არმიის მიერ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, „კლასტერული ბომბების“ გამოყენების შესახებ. გაიძვერა წამყვანს, რასაკირველია, არ უთქვამს, რომ კლასტერულ ჭურვებს ქართული ჯარი მხოლოდ დაუსახლებელ მთიან რაიონში მოძრავი რუსული სამხედრო კოლონების წინააღმდეგ იყენებდა, ხოლო რუსულმა არმიამ ისინი 13 აგვისტოს გორის ცენტრში გამოიყენა და ათეულობით ადამიანი (მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტი) მოკლა. სამაგიეროდ, გვამცნო, რომ ფასდაუდებელი დოკუმენტები საქართველოს პროკურატურამ (!) გადასცა მათ რესპონდენტს გამოძიების ფარგლებში. გადაცემაში ყოველივე იმდენად ოსტატურად იყო „ჩასმული“, რომ ყველას განუმტკიცებდა აზრს ქართველებისა და საქართველოს „სისხლისმსმელობის“ შესახებ. ეს პროპაგანდისტული დივერსია კი „აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიების“ პირველი შედეგია. თან ჯერ სადა ვართ: მხოლოდ დასაწყისია!
    მართლაც გულისამაჩუყებელი გამოდგა საბჭოთა ეპოქის დისიდენტის, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის ინტერვიუ: პუტინი რომ არა, გივი თარგამაძე რუსეთში რევოლუციის მოწყობას ნამდვილად შეძლებდაო! მართლაც, რა ეშველებოდა რუსეთს პუტინის გარეშე? ან საქართველოს რაღა ეშველებოდა? თუ ამ ლოგიკას მივყვებით, რუსეთში რევოლუციის მომწყობი და პუტინის დამამხობელი ძალა საქართველოშიც ხომ სამუდამოდ განიმტკიცებდა ხელისუფლებას?! ანუ პუტინი ჩვენი ქვეყნის დიდი მოამაგეც ყოფილა: რუსეთში რევოლუცია და\ანუ საქართველოში ნაციონალური ხელისუფლების განმტკიცება არ დაუშვა!
    „დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, აქაურობა ქართულად ყარსო“ - ამბობს ჟურნალისტი ვილნიუსში წარამტებული ვოიაჟის ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა რუს ოპოზიციონერებს წაასწრო „ფაქტზე“. სხვათა შორის, ის ჟურნალისტი გვარად ბუზალაძეა. ალბათ გივიც ამით დაითანხმა ინტერვიუზე.

2013