გია ჭანტურიას მკვლელობა

გია ჭანტურიას მკვლელობა

შემდგომი ეტაპი - ჭანტურიას გარეშე

    3 დეკემბერს, უცნობმა პირებმა, საკუთარ სახლთან, უცნაური სითავხედით, დღისით, მზისით, ათეულობით მოწმის თვალწინ მანქანაში ჩაცხრილეს გიორგი ჭანტურია. ამით, არა მარტო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, არამედ სრულიად საქართველოს ისტორიაში მთელი ეპოქა დასრულდა.

    ეპოქა დაიწყო 1988 წლის 12 ნოემბერს, იპოდრომზე გამართული  მანიფესტაციით, რომელსაც წინ უძღოდა უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მსვლელობა უნივერსიტეტიდან - ჭავჭავაძის პროსპექტის გავლით.
    როგორ შეიცვალა ქვეყანა მას შემდეგ სულ რაღაც ექვსი წლის განმავლობაში! ამ ხანმოკლე პერიოდმა დაიტია ეროვნული რევოლუცია, ხელისუფლების სამგზის შეცვლა, სამოქალაქო ომი, სამხედრო გადატრიალება, სამამულო ომი და მრავალი სხვა, ნაკლებმნიშვნელოვანი, მაგრამ საგულისხმო მოვლენა. გიორგი ჭანტურია იმ მართლაც «ქარცეცხლიანი» ეპოქის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო. ამიტომ, მისი სიკვდილი უეჭველად შეიძენს ისტორიული მოვლენის მნიშვნელობას და, შესაძლოა, გარკვეულ ტეხილადაც იქცეს საქართველოს ახალი ისტორიის დროით ღერძზე.
    * * *
    ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში სიტუაცია ქვეყანაში დღითიდღე იძაბებოდა. პოლიტიკური ატმოსფერო იმდენად იყო ამ დაძაბულობით გაჟღენთილი, რომ თვით პარლამენტში გამართულმა მასშტაბურმა დებატებმა და სახელისუფლებო კრიზისის გამწვავებამაც კი ვერ შეძლო საერთო ფონის შერბილება. იგრძნობოდა რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მოვლენის მოახლოება . . . .
    პირველი და უმთავრესი კითხვა, რომელიც ბუნებრივად ისმის: ვინ მოკლა გიორგი ჭანტურია? ეს არის კვინტესენცია ყველა სხვა საკითხისა, ესაა კითხვა, რომელშიც ყველა სხვა პრობლემა იყრის თავს და რომელზეც პასუხის გაუცემლობა უეჭველად შეიძენს იმდენად მძლავრ, დამანგრეველ პოტენციალს, რომ იგი ქართული სახელმწიფოებრიობის მარადიულ ხინჯად იქცევა.
    შემზარავია იმის გააზრება და წარმოდგენა, როგორ მზადდებოდა მკვლელობა. ვიღაც, ჩვენთვის უცნობი, ან პირიქით - საკმაოდ ნაცნობი და საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გეგმავდა მკვლელობას . . . . შემაძრწუნებელია წარმოდგენა, როგორ იხაზებოდა გეგმა, ითვლებოდა წამები, მუშავდებოდა მარშრუტი. . . . როგორი გულმოდგინებით არჩევდნენ მკვლელებს - ცივსისხლიან, უგრძნობ ნაძირალებს, რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლე მორფინის ერთ დოზადაც არ ღირს; როგორ ელოდნენ შედეგს, ტელეფონის ზარს საიდუმლო ნიშნით, წინასწარ შეთანხმებული პაროლით. . . . .
    ერთი რამ ცხადია: უშალო შემსრულებლები ამჟამად საქართველოში აღარ იმყოფებიან - შესაძლოა მკვლელობის ჩადენის მეორე დღესვე ისინი თითო-თითოდ, უწყინარი ტურისტის ან ბიზნესმენის იერით გაემგზავრნენ მოსკოვში, სტამბულში, ბერლინში, ჰონკონგში, ნიუ-იორკში ან ვინ იცის სად - ოღონდ შორს საქართველოდან, თბილისიდან, ხილიანის ქუჩიდან, მკვლელობის ადგილიდან. . . . ისინი აღარასოდეს დაბრუნდებიან საქართველოში - მათ თავისი «საქმე» უკვე მოილიეს, დიდძალი თანხა ჯიბეში ჩაიდეს და «ახალ ცხოვრებას» იწყებენ . . . მაგრამ დანაშაულის ავტორი, «სულის ჩამდგმელი», «საქმის მიმცემი», «ფულის გადამხდელი», «შემკვეთი», ანუ ის, ვინც ჩაიფიქრა და გადაწყვეტილება მიიღო, უეჭველად საქართველოში დარჩა, - ჩვენს შორის იმყოფება, მდუმარედ ადევნებს თვალყურს სავსებით ბუნებრივ პოლიტიკურ ისტერიას, რაც გიორგი ჭანტურიას მკვლელობას მოჰყვა.
    შესაძლებელია კიდეც წარმოვიდგინოთ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა - გადაწყვეტილების მიმღებმა ან ნამდვილმა მკვლელმა ხომ შესანიშნავად იცის: მას ეძებენ, მის მხილებას უეჭველად ცდილობენ. ფეხზე დგას ყველა, ვისაც კი ამ სფეროსთან რაიმე შეხება აქვს. . . . ყველაზე გამოცდილ, ყველაზე კომპეტენტურ პროფესიონალებს დაევალათ დანაშაულის გამოძიება - ისინიც დღე და ღამეს ასწორებენ, უმცირეს დეტალებს ჩაჰკირკიტებენ, ფაქტებს გამოწვლილვით აანალიზებენ და ერთმანეთთან აჯერებენ.

    მაგრამ მაინც საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ დანაშაული გაუხსნელი დარჩება და იქცევა მარადიულ გამოცანად, იდუმალ ისტორიულ მოვლენად, რომლის შესახებ, თაობები იკამათებენ, წიგნები დაიწერება, ფილმები შეიქმნება, მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ვერსიაც წარმოიშობა.
    * * *
    ამჟამად სრული დარწმუნებით მხოლოდ ორი რამ შეიძლება ითქვას.
    პირველი: მკვლელი ქართული პოლიტიკური ელიტის წევრია, ანუ იმ დაჯგუფებისა, რომელიც საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ოლიმპზე იმყოფება.
    მეორე: მკვლელობა არ არის ჩადენილი შურისძიების, ანგარიშსწორების ან მატერიალური ანგარების გამო.
    სავსებით ნათელია (და ეს არის ყველაზე მთავარი), რომ გიორგი ჭანტურიას მკვლელობა პოლიტიკური ტერორის კლასიკური ნიმუშია . . . ეს არის აქცია, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების პროვოცირებას, პოლიტიკურ ვითარებაზე ზემოქმედებას, მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვანი კორექტივის შეტანას ან მათი ძირითადი ვექტორის შეცვლას. ამიტომ, თუ გვინდა ვუპასუხოთ კითხვაზე «ვინ?», ჯერ უნდა გავაანალიზოთ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, აგრეთვე ის, რაც უახლოეს ხანებში იქნებოდა და იქნება მოსალოდნელი. დავაკვირდეთ, რა შეიცვლებოდა იმ შემთხვევაში, გია ჭანტურია ცოცხალი რომ ყოფილიყო და პირიქით - რა შეიცვლება მისი არყოფნის პირობებში.
    თუ ყველა ამ კითხვაზე სწორ, დასაბუთებულ პასუხს გავცემთ, - უეჭველად მივაკვლევთ მკვლელს, რაკი მოვნიშნავთ იმ ადამიანთა წრეს, რომელსაც ეს დანაშაული შეიძლება ჩაედინა.

    საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში მოარული აზრის თანახმად, გიორგი ჭანტურიას მკვლელები იმ მაფიოზთა შორის უნდა ვეძებოთ, რომელთაც იგი ბოლო დროს აქტიურად ებრძოდა და ვისი ძალაუფლების შეზღუდვისკენაც მოუწოდებდა ხელისუფლებას.
    გასაგებია აქ ვინც იგულისხმება, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ეს მაინც «მცდარი კვალია». საქართველო რომ მაფიოზობისა და კრიმინალური დაჯგუფებების სათარეშო პოლიგონად იქცა, ამაზე, რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს. ეს კრიმინალები ნებისმიერი უზნეობის ჩამდენნი რომ არიან, ესეც უდავოა. მაგალითად, სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ გია გულუას, ზაზა ვეფხვაძის, გია სვანაძის, ნიკა კეკელიძის, მიხეილ ქურდაძის მკვლელობები სწორედ ამ კრიმინალურ ხროვათა ჩადენილი იყოს. . . . მაგრამ გიორგი ჭანტურიას მკვლელობა სულ სხვა, თვისებრივად განსხვავებული დანაშაულია.
    ამგვარ მკვლელობას ჩვეულებრივი ნაძირალა, კრიმინალი და «კანონიერი ქურდი» ვერ ჩაიფიქრებს, ვერ გაბედავს! - ამას სხვა ტიპის, სხვა ფსიქიკური წყობის, სხვა რანგის ადამიანი სჭირდება, რადგან მთლიანობაში სხვა კატეგორიის დანაშაულია.
    ერთია «ბუღა» ააფეთქო საკუთარ მანქანაში, მეორეა - გიორგი ჭანტურიას მკვლელობა. ვიმეორებ: ჩვეულებრივი კრიმინალი (თუნდაც სახელისუფლებო სტრუქტურებში შემძვრალი), ამას ვერ გაბედავს. ამგვარ დანაშაულს განსაკუთრებული ტიპი სჭირდება - დაახლოებით ისეთი, როგორიც კონან დოილმა აღწერა პროფესორ მორიარტის სახით. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც თავის თავში აერთიანებს მაღალ ინტელექტს - მორალურ პათოლოგიასთან; ეს არის «გენიალური დამნაშავის» ტიპი - ბოროტი, დაუნდობელი, მძვინვარე ფანატიზმით ატანილი მანიაკი, რომელიც შინაგანი არსის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს საზოგადოებრივ რენომესა და გარეგნულ მომხიბვლელობას.
    * * *
    ამჟამად პოლიტიკური ვითარება საქართველოში და მის გარშემო გარკვეულ სისტემატიზაციას ექვემდებარება და კულმინაციურ მომენტს უახლოვდება. საკვანძო პრობლემა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების საკითხია. ახლოვდება არჩევნები, რომელიც მრავალი თვალსაზრისით გარდამტეხი მოვლენა იქნება. არჩევნების შედეგად საბოლოოდ «დაიწმინდება» პოლიტიკური სპექტრი. უფრო მეტიც, - ელექტორატი იძულებული გახდება (მას აიძულებს «მკაცრი» საარჩევნო სისტემა), გააკეთოს ე.წ. «თვისებრივი არჩევანი», რის შედეგადაც საქართველოს პოლიტიკურ ოლიმპზე დარჩება სულ ორი (ან სამი) პოლიტიკური ძალა. სხვა ძალები სამუდამოდ (ხაზს ვუსვამ - სწორედ სამუდამოდ) ჩამოშორდებიან პოლიტიკურ არენას. ამ ძალებს ეს, რა თქმა უნდა, არ სურთ. ახალი კონსტიტუციის მიღებასა და არჩევნების გამართვას (რომლის შედეგადაც მოხდება ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების საბოლოო ლეგიტიმაცია) ხელს უშლის აფხაზეთის პრობლემის გადაუწყვეტელობა, რაც თავის მხრივ უმჭიდროესად არის დაკავშირებული საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა მოგვარებასთან.
    დღეს კავკასიაში განსაკუთრებული და საქართველოსთვის უაღრესად ხელსაყრელი ვითარება იქმნება: გენერალ დუდაევის გამარჯვებამ ჩეჩნეთში საბოლოოდ გააშიშვლა რუსეთის სამხრეთ ფლანგის გეოპოლიტიკური სისუსტე - ჩეჩნებთან პირდაპირმა შეჯახებამ სავსებით შესაძლებელია ახალი «კავკასიის ომი» გამოიწვიოს და თავის ორბიტაში ჩაითრიოს მთელი ჩრდილოეთ კავკასია. აი, სწორედ აქ ამოქმედდა საქართველოსთვის ძალზე ხელსაყრელი ფაქტორი - რუსეთის მმართველი ელიტა მიხვდა, რომ პირდაპირ ომს ჩრდილოეთ კავკასიასთან იგი ვერ მოიგებს ან ძალზე ძვირად დაუჯდება. ამიტომ მისთვის გაცილებით ხელსაყრელია განიმტკიცოს პოზიციები საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასია ამით ერთგვარ ანკლავად აქციოს - მთლიანად «ჩაკეტოს» იგი გეოპოლიტიკური უშიშროების საკუთარი სისტემით.
    მაგრამ საქართველოში თავისი პოზიციის განმტკიცებას რუსეთი ვერ შეძლებს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში სერიოზული პროგრესის გარეშე - სხვა შემთხვევაში საქართველო არ დათანხმდება რუსეთისათვის სამხედრო ბაზების გადაცემაზე.
    ბოლო დროს რუსულ პრესაში აქტიურად მკვიდრდება აზრი, რომ აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერა ბუმერანგად დაუბრუნდა რუსეთს ჩეჩნეთში. ამჟამად დუდაევის მხარეს ასეულობით აფხაზი ბოევიკი იბრძვის. ნამდვილი სენსაცია გახდა «ნეზავისიმაია გაზეტაში» გამოქვეყნებული ინტერვიუ ე.წ. «მთიელ ხალხთა კონფედერაციის» თავმჯდომარის, მუსა შანიბოვის, პირად მცველ ცედენ რაჩკინსკისთან, სადაც იგი დაუფარავად ამბობს, რომ აფხაზეთი იქცა პლაცდარმად - ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის.
    რუსეთი ამ მდგომარეობას ვერ შეურიგდება, მაგრამ მას არ გააჩნია იურიდიული მექანიზმი აფხაზეთზე უშუალო ზემოქმედებისთვის; სამაგიეროდ ამგვარი მექანიზმი აქვს საქართველოს.
    ამრიგად, ყველაფერი მიდიოდა კონდომინიუმის (რამდენიმე სხვადასხვა ძალის მიერ ტერიტორიის ერთობლივი კონტროლი) გამომუშავებისკენ - 12 დეკემბრისთვის საქართველოში დაგეგმილია რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ჩერნომირდინის ვიზიტი, რომლის დროს საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოში რუსეთის ჯარებისთვის ბაზების დაკანონების საკითხი.
    სამაგიეროდ, რუსეთი საქართველოს პირდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული ჯარებისთვის საპოლიციო ფუნქციების მინიჭებას.
    ეს ნიშნავს, რომ 1995 წლის განმავლობაში გალის რაიონში უსაფრთხოდ დაბრუნდება ლტოლვილთა უმრავლესობა, ხოლო შემდგომი ორი წლის განმავლობაში იგივე განმეორდება ოჩამჩირის, გულრიფშის, სოხუმისა და გაგრის რაიონებში.
    პარალელურად (რუსეთის უშუალო ზემოქმედებით), განისაზღვრება აფხაზეთის სტატუსი საგანგებო ხელშეკრულების საფუძველზე («უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ»), ანუ აფხაზეთს დაუმკვიდრდება ისეთივე სტატუსი (ფედერაციული ხელშეკრულების საფუძველზე), როგორც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს - რუსეთის შემადგენლობაში. ხოლო თუ არძინბა გაჯიუტდება, რუსეთი მიმართავს ზემოქმედების «სპეციალურ» საშუალებებს, რომლებიც დღემდე არ გამოუყენებია აფხაზეთში.
    ამრიგად, მწიფდებოდა ისტორიული კომპრომისი რუსეთთან, რომელიც გულისხმობდა საქართველოს საბოლოო ინკორპორაციას რუსეთის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური უსაფრთხოების სისტემაში. საქართველო იძენდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ლტოლვილთა დაბრუნების გარანტიას - რაც ერთდროულად პასუხობდა რუსეთის ინტერესებსაც (ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით).
    კონდომინიუმის გამომუშავების შემდეგ, საქართველო შეიძენდა საშუალებას, განეხილა ახალი კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციის საფუძველზე ჩაეტარებინა არჩევნები 1995 წლის ოქტომბერში. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ ამ არჩევნებით ედუარდ შევარდნაძე საბოლოოდ განიმტკიცებდა პოზიციებს.
    რა თქმა უნდა, ზემოთხსენებული კომპრომისი ქართული პოლიტიკური სპექტრის «აფეთქებას» გამოიწვევდა. პოლიტიკური ლიდერები «ყალყზე შედგებოდნენ».
    აი, მივადექით უმთავრეს კითხვას: როგორი იქნებოდა გიორგი ჭანტურიას პოზიცია ამ პროცესებში? მისი პოზიცია არა თუ ბევრს, შეიძლება ითქვას, ყველაფერს გადაწყვეტდა!

    რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი: ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნულ-დემოკრატთა ლიდერი რამდენჯერმე შეხვდა სახელმწიფოს მეთაურს დახურულ კარს მიღმა. შემდეგ, გიორგი ჭანტურიამ გააკეთა ერთობ უცნაური, მოულოდნელი განცხადება: «რუსეთისთვის ბაზების გადაცემის საკითხი განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაიჭრება აფხაზეთის პრობლემა».
    ყურადღებით დავაკვირდეთ ამ განცხადებას - რაზე მიგვანიშნებს იგი? პასუხი ერთია: გიორგი ჭანტურია თანახმა იყო კონდომინიუმზე, საქართველოსა და აფხაზეთს შორის „ჰორიზონტულ» კავშირზე“, თუ ამ კომპრომისის ფასად მოხდებოდა აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნება.
    მესამე მნიშვნელოვანი დეტალი: როცა საქართველოს პარლამენტში მწვავე დებატები გაიმართა გაეროს მიერ ჟენევაში წარმოდგენილი პროექტის ირგვლივ (ეს პროექტი აფხაზეთთან სწორედ ამგვარ სახელშეკრულებო ურთიერთობებს ითვალისწინებს) განსხვავებით «რესპუბლიკელთაგან» (რომლებმაც მწვავე პროტესტი განაცხადეს) «ეროვნულ-დემოკრატებს» პოზიცია აქტიურად არ გამოუხატავთ. . . .

    ეს სიმპტომები მაძლევს საფუძველს ვივარაუდო: გიორგი ჭანტურიასა და ედუარდ შევარდნაძე შორის არსებობდა რაღაც არაოფიციალური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა კომპრომისს (შესაძლოა, ტაქტიკურს) «ეროვნულ მოძრაობასა» და იმ პოლიტიკურ კურსს შორის, რომელსაც შევარდნაძე ატარებს. გიორგი ჭანტურია «ეროვნული მოძრაობის» აღიარებული ლიდერი, ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა იყო, ამიტომ მის მხარდაჭერას შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეესრულებინა მომავალ დებატებში, რომლებიც უეჭველად გაიმართებოდა პარლამენტში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკვანძო საკითხების ირგვლივ.
    სწორედ აქ იხსნება მკვლელობის საიდუმლო: მან, ვინც გიორგი ჭანტურია მოკლა, ძალიან კარგად იცოდა, რომ თუ შევარდნაძე შეძლებდა რუსეთთან კონდომინიუმის გამომუშავებას, იგი საბოლოოდ განიმტკიცებდა თავის ძალაუფლებას. ამიტომ, საჭირო იყო მისი პოზიციის მაქსიმალური დასუსტება.
    საქმე ის არის, რომ გიორგი ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძეს ძალიან გაუჭირდება რუსეთთან ნებისმიერ კომპრომისზე წასვლა. რაკი ეს საკითხები ჯერ არ დამდგარიყო დღის წესრიგში, ჭანტურიაც არ ჩქარობდა პოზიციის გამოხატვას. ამიტომ მას დაასწრეს და მოკლეს მანამ, ვიდრე შეძლებდა პოზიციის დაფიქსირებას - ამით ედუარდ შევარდნაძეს შეეზღუდა პოლიტიკური მანევრისათვის აუცილებელი სივრცე, გამოეცალა მძლავრი საყრდენი, - ამიერიდან, ნებისმიერი კომპრომისი რუსეთთან უმალვე დაბადებს ეჭვს, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერი მოიშორეს სწორედ იმისათვის, რათა ეს ნაბიჯი გადაედგათ (და არა პირიქით - როგორც მე მიმაჩნია); საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონების შემთხვევაშიც, უეჭველად გაკეთდება ლოგიკური დასკვნა: «აი თურმე, რატომ მოკლეს გია ჭანტურია!»

    ზემოთთქმულთან დაკავშირებით მხოლოდ ერთს დავამატებ: გიორგი ჭანტურიას მკვლელებისთვის სულ ერთია, საქართველო რუსეთის გეოპოლიტიკური სივრცის შემადგენლობაში იქნება თუ არა. მათი ინტერესების საგანი ერთადერთია - ძალაუფლება.
    «7 დღე», 10 დეკემბერი, 1994 წელი.