გია გულუას მკვლელობა

გია გულუას მკვლელობა

    გასულ კვირას თბილისი კვლავ შეძრა იდუმალებით მოსილმა ტერორისტულმა აქტმა. ნუცუბიძის პლატოზე, მეექვსე სკოლისა და ბაგა-ბაღის სიახლოვეს, უცნობმა პირებმა მხეცურად მოკლეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გია გულუა და მისი ორი თანამშრომელი.
    მკვლელობის ძირითადი მახასიათებელი იყო შემაძრწუნებელი ცინიზმი - მკვლელები არ ჩქარობდნენ: მათ ჯერ მთლიანად დაცალეს «კალაშნიკოვის» მჭიდები, შემდეგ  გატენეს იარაღი, მიუახლოვდნენ ავტომანქანას და ახალი მჭიდი დაახალეს მსხვერპლს.
    ამაზრზენ სანახაობას პირდაღებული შესცქეროდა ათეულობით ბავშვი. ზოგიერთ მათგანს უეჭველად მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვება ნერვული შოკით გამოწვეული ავადმყოფური განცდა.
    მკვლელები კი ასევე აუღელვებლად ჩასხდნენ უნომრო ავტომანქანაში და მიიმალნენ. პარლამენტის სხდომაზე, თბილისის პოლიციის უფროსმა, დემურ მიქაძემ განაცხადა, რომ მკვლელობიდან მეორე დღეს ქალაქის პოლიციამ ორმოცდაცხრამეტი უნომრო ავტომანქანა დააკავა და ჩამოართვა მფლობელს, მაგრამ ეს ძალზე ნაგვიანევი ნაბიჯი აღმოჩნდა - დანაშაული ჯერ არ გახსნილა.
    ტერორისტული აქტის სპეციფიკა ისეთია, რომ თუ მკვლელი უახლოესი საათების ან დღეების განმავლობაში არ არის მხილებული, შემდგომ მისი აღმოჩენა ძალზე ჭირს, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ამგვარი ტერორისტული აქტის ჩამდენი დაქირავებულია ანუ პირადი მოტივი მსხვერპლის მიმართ არ გააჩნია. ხოლო ის, ვისაც ასეთი მოტივაცია აქვს (ანუ დანაშაულის პირველწყარო) როგორც წესი, მკვლელობის ადგილას არ იმყოფება და ორმაგი ან სამმაგი «ალიბი» აქვს.
    ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოში სამართალდამცავი თუ ძალისმიერი სისტემის სრულ უსუსურობას. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ წინა რამდენიმე მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. ამავე ფონზე თვალში საცემია შემდეგი ფაქტიც: ჯაბა იოსელიანის წინააღმდეგ, ხილიანის ქუჩაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის ჩამდენი «ზვიადისტური» ჯგუფი თითქმის მთლიანად იქნა გამოვლენილი და განეიტრალებული.
    ალბათ სწორედ იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში პოლიციისათვის მოტივაცია ნათელი იყო, ანუ იცოდა, თუ რომელ წრეში უნდა ეძებნა თავდამსხმელი.
    ამ შემთხვევაში კი, როგორც ჩანს, ყველაფერი კვლავ ბინდით არის მოცული. დარწმუნებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: თბილისში მოქმედებს კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული დაჯგუფება, რომლის თავხედობამ და ცინიზმმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
    და მაინც, ძნელად თუ დავიჯერებ, რომ პოლიციას არ შეუძლია ამგვარ დანაშაულთა გახსნა. დანაშაული აშკარად კრიმინალური სამყაროს მიერ არის ჩადენილი. მაგრამ ამ სოციალურ შრეში ხომ პოლიციას ათწლეულების განმავლობაში გაწვრთნილ სექსოტთა (აგენტთა) მთელი არმია ჰყავდა. რა იქნა ეს აგენტურა? ნუთუ ყველანი წავიდნენ საქართველოდან? - ეს დაუჯერებელია. ამ სახის თანამშრომელთა გამოყენებით სამართალდამცავ ორგანოებს ნამდვილად შეუძლიათ მოხაზონ გარკვეული წრე, შემდეგ კი ამ წრეში «ბადე» ისროლონ. «თავზე ხელის გადასმისა» და ჭოჭმანის დრო არ არის - თუ ერთხელ აგორდა სისხლიანი ქარბორბალა - მას უკვე ძნელად თუ შევაჩერებთ.
    ტერორის გავრცელება კიდევ უფრო ამძაფრებს საერთო დაძაბულობას, რომლის კატალიზატორი შეიძლება აფხაზეთიდან დევნილი ქართველობა გახდეს. ეს არის ნამდვილი სოციალური «ბომბი», რომლის გაუვნებლება უეჭველად უნდა მოხდეს უახლოეს ხანებში. წინააღმდეგ შემთხვევაში - აფეთქება გარდაუვალია: ლტოლვილთა საერთო სოციალური მენტალიტეტი ვერ შეურიგდება დეგრადირებას და ლუმპენიზაციას, ამიტომ მან შეიძლება სცადოს რეალობის შეცვლა და ბრმა იარაღად იქცეს გარკვეულ (მათ შორის უცხო) ძალთა ხელში.
    გასულ კვირას ბორის კაკუბავასთან დაკავშირებული ინციდენტი უაღრესად საშიში სიმპტომია, რადგან ამ საკითხში ნებისმიერმა ძალადობამ შეიძლება «პატრუქის» როლი შეასრულოს.
    ლტოლვილთა რადიკალიზმი სავსებით გასაგებია და მათ წიაღში წარმოშობილი მოძრაობის ჩახშობა ან მიჩუმათება შეუძლებელია - სჯობს ხელისუფლებამ უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბოს და თვით პრობლემის გადასაწყვეტად რეალური ნაბიჯები გადადგას.
    პარლამენტში კი ნამდვილი სენსაცია გახდა სოციალ-დემოკრატთა ლიდერის - გურამ მუჩაიძის გამოსვლა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ. მისი თქმით, შევარდნაძის მსოფლმხედველობითი რხევის ამპლიტუდა გონიერ ზღვარს სცილდება - საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ იგი სოციალ-დემოკრატიულ პლატფორმაზე დადგა, საქართველოში დაბრუნებისთანავე ეროვნულ-დემოკრატებს დაუკავშირდა, ამჟამად კი მემარჯვენე მიმართულების პარტია შექმნა.
    გარდა ამისა, შევარდნაძის პროამერიკულმა საგარეო-პოლიტიკურმა კურსმა რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც დაერთო მოუფიქრებელი განცხადებები ნატოს თვითმფრინავების მიერ სერბთა პოზიციების დაბომბვის შემდეგ. წარმოიშვა წინააღმდეგობა დიდი მასშტაბის პოლიტიკურ მოღვაწესა და პატარა ქვეყანას შორის. ამიტომ პარლამენტმა უნდა აირჩიოს: ან საქართველო, ან შევარდნაძე. თუ პარლამენტი შევარდნაძეს აირჩევს - საქართველო დაიღუპება, ხოლო, თუ საქართველოს აირჩევს - მასთან ერთად გადარჩება შევარდნაძეც.
    უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მუჩაიძე (ნებსით თუ უნებლიეთ) ამ თავისი განცხადებით მძლავრი პროპაგანდისტული იარაღი მისცა შევარდნაძის მომხრეებს, რომელთაც შეუძლიათ განაცხადონ: აი, ხომ ხედავთ, სახელმწიფოს მეთაურს ზოგი ანტირუსულ პოლიტიკაში სდებს ბრალს, ზოგი კი პრორუსულში. «სიმართლე, როგორც ყოველთვის, სადღაც შუაშია».
    არ არის გამორიცხული, სოციალ-დემოკრატთა ლიდერს ეს მომენტი გათვალისწინებული ჰქონოდა, - ყოველ შემთხვევაში, მისი განცხადება საკმაოდ კარგად იყო აზრობრივად შედგენილი.
    რაც შეეხება შინაარსს, არ შეიძლება არ ვაღიარო, რომ მუჩაიძის საყვედურში (მისი მოტივაცია ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს) ნამდვილად არის რაციონალური მარცვალი - ყოვლად გაუგებარია, რა პოლიტიკური კურსი ტარდება საქართველოში, სად არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი - მოსკოვში თუ ვაშინგტონში. ორივეგან ან სადღაც შუაში არ შეიძლება იყოს.
    ავიღოთ იგივე შევარდნაძის განცხადება ბოსნიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ძალზე არ ესიამოვნებოდა რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, რომელსაც, იმავე დროს, «აფხაზური პრობლემის» გადაწყვეტისათვის აუცილებელი ყველა კოზირი ხელთ უპყრია.
    ზოგიერთი ანდრეი კოზირევის განცხადებებს იშველიებს - აკი მანაც დაგმო სერბთა მოქმედებაო.
    მაგრამ ჯერ ერთი, სერბთა გაკიცხვა  ავტომატურად არ ნიშნავს ნატოს აქციის გამართლებას; მეორეც - ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ კოზირევის ეს განცხადება არ გამოხატავს რუსეთის ჭეშმარიტ პოზიციას და რომ ეს ქვეყანა არაფრის დიდებით ბოლომდე არ გაწირავს ევროპაში თავის უკანასკნელ და ფაქტობრივად ერთადერთ რეალურ მოკავშირეს?
    სწორედ ამიტომ ისმის კითხვა - ხომ არ თქვა მუჩაიძემ ის, რასაც ჩვენ ყველანი ვხვდებით, მაგრამ თქმას ვერ ვბედავთ?
    მართლაც, «გამოჩენილ პოლიტიკოს» შევარდნაძეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა გლობალურ პროცესებში - სწორედ ასე უნდა შეეფასებინა გორაჟდესთან მომხდარი ინციდენტი; მაგრამ პატარა, მიწასთან გასწორებული და, მისივე თქმით, «მუხლებზე დაჩოქილი» ქვეყნის მეთაურიც თუ უნდა მოქცეულიყო ასე - ჯერ კიდევ საკითხავია.

«მსგეფსი», 28 აპრილი - 4 მაისი, 1994 წელი.