გვირაბი ბაქოდან - ერზრუმამდე        

გვირაბი ბაქოდან - ერზრუმამდე        

 

        გუშინ საქართველოს პარლამენტმა, ხმათა რეკორდული რაოდენობით (180 ხმით, - რამაც მინიტრთა დამტკიცების ეპოპეა მოგვაგონა), დაამტკიცა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზადენის მშენელობის ხელშეკრულება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილება იყო, რომელიც 50 წლის შემდეგაც არ დაკარგავს აქტუალობას.
        სხვათა შორის, საქართველოში ცოტამ თუ იცის, რამდენად ნერვიულობდნენ ბაქოში ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ხელშეკრულების რატიფიცირება ჯერ კიდევ 2 თვის წინ განახორციელა. ისევე, როგორც თურქეთის პარლამენტმა. აზერბაიჯანული პრესა სავსე იყო ალარმისტული სტატიებით იმაზე, რომ «ქართველებმა ჰეიადრ ალიევი დააჩოქეს, უზარმაზარი ტარიფები დაგვცინცლეს და მიანც არ სურთ ხელშეკრულების რატიფიცირება, რაკი კიდევ უფრო მეტს მოითხოვდნენ».
        ეს რასაკვირველია, მტკნარი სისულელეა - არავის საქართველოში აზრადაც არ მოუვიდოდა უკვე პარაფირებულ დოკუმენტში ცვლილებათა შეტანა ან ასეთი ცვლილებების მოთხოვნა. არ არის გამორიცხული, ბაქო-თბილისი-ერზრუმის პროექტი «დიდ ნავთობსადენზე» სწრაფად განხორციელდეს, რაც სავსებით ბუნებრივია და აი, რატომ: მიუხედავად იმისა, რომ პლანეტაზე ნავთობის მარაგი განუხრელად მცირდება, უახლოესი 60 წლის განმავლობაში ფასების დინამიკა მაინც არასტაბილური იქნება, ანუ დიდი ინვესტიცია «ნავთობის პროექტში» სერიოზული რისკის შემცველია. ბუნებრივი აირი კი, ყოველთვის ლიკვიდური და რენტაბელური. კაცმა რომ თქვას, იგი, ყველა თვალსაზრისით, საუკეთესო საწვავია. ამიტომ ევროკავშირი მზად არის, რუსეთთან გააფორმოს თუნდაც 100-წლიანი ხელშეკრულება და 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 20 დოლარი (!) გადაიხადოს, ოღონდ კი ამ ენერგომატარებელზე ხელი მიუწვდებოდეს.
        გუშინდელი დისკუსიის დროს კვლავ შეეჯახა ერთმანეთს ორი კონცეფცია და შეხედულება «საგარეო ორიენტაციის» საკითხზე. დეპუტატთა ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ «ბაქო-ერზრუმი» არ უნდა ნიშნავდეს რუსულ მიმართულებაზე უარის თქმას, სხვები კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რუსეთისთვის საქართველოს გაზსადენი ქსელის აქციათა პაკეტის გადაცემას, რაც «ბაქო-ერზრუმთან» დაკავშირებით კრემლის გაღიზიანებას გააწონასწორებდა.
        ვითარება აქ არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: რა თქმა უნდა, რუსეთი განუხრელად გაზრდის გაზის ტარიფს და საბოლოოდ, ალბათ, მსოფლიო ბაზრის (იმავე ევროპული ბაზრის) ფასს მიუახლოებს. ხელშეკრულებით გარანტირებულია 55 დოლარი 1 კუბური მეტრისთვის, რამდენადაც შეგვეძლება შევისყიდოთ 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ეს კი სავსებით საკმარისია თბილსრესის ორი ენერგობლოკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
        მაგრამ მეორე მხრივ, «ერზრუმის» პროექტი მხოლოდ 2005 წლისთვის განხორციელდება, ანუ საქართველო მიიღებს ბუნებრივ აირს 2005-2006 წლისთვის.
        დავუშვათ, რუსეთმა გადაწყვიტა, «მოასწროს» 2005 წლამდე საქართველოს მოხრჩობა და დესტაბილიზაციის პროვოცირება. ამისთვის საკმარისი იქნება, შესაბამისი ტექნოლოგიით, ბუნებრივი აირის გამორთვა - თბილისი უმალვე აფეთქდება, ვინაიდან, იმ ვითარებაში, როდესაც ქალაქის გამრიცხველიანება მთლიანად დამთავრებულია, მოსახლეობას მხოლოდ გაზის გამოყენება შეუძლია გასათბობად. ელექტროენერგია ამ მიზნით ფანტასტიკურად ძვირი დაჯდება, რაც სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს.
        სწორედ ამიტომ, ელემენტარულად მიზანშეწონილი გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოს ძველი (ნახევრადდამპალი) გაზსადენის თუნდაც ნაწილობრივ გადაცემა რუსული კომპანიებისთვის. იმავე «იტერასთვის».

დილის გაზეთი, 20 დეკემბერი, 2001 წელი