გვექნება თუ არა ქართული «ფორბსი»?

გვექნება თუ არა ქართული «ფორბსი»?

                      საქართველოში ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებასა და ბიზნეს-ელიტას შორის ნორმალურ ურთიერთობათა დამყარების პრობლემას. სანამ ყველა მდიდარი ადამიანი «ოლიგარქად» ითვლება, ნორმალური საბაზრო ეკონომიკა ამ ქვეყანაში არ გვეღირსება.
        ბიზნესისა და ბიზნესმენებისადმი ცივილიზებული დამოკიდებულების მაგალითია სწორედ პოპულარული ამერიკული ჟურნალი «ფორბსი», რომელიც შესანიშნავმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, ბერტი ფორბსმა ჯერ კიდევ 1917 წელს დააარსა და დასავლურ ბიზნეს – გამოცემათა ლიდერად ითვლება.
        ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მილიარდერთა რეიტინგებს აქვეყნებს. სინამდვილეში მილიარდერების ყოველწლიური რეიტინგი მხოლოდ ნაწილია «ფორბსის» მიერ გამოქვეყნებული ძალზე ზუსტი და სანდო რეიტინგებისა, რომლებიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროცესების სხვადასხვა მხარეს ეხება. თუმცა, ყველაზე მეტი პოპულარობით მაინც სწორედ მილიარდერთა (ადრე ერქვათ «მულტიმილიონერთა») რეიტინგები სარგებლობს.
        რაც მთავარია, «ფორბსი» ყოველთვის ზუსტ მონაცემებს აქვეყნებს. როგორ ახერხებს ამას იმ პირობებში, როდესაც დასავლეთში ბიზნეს-ინფორმაცია, ადამიანის კერძო საკუთრება, მკაცრად გასაიდუმლოებულია, მის შესახებ მხოლოდ საგადასახადო ორგანოებმა იციან, ხოლო ეს უკანასკნელნი ისეთივე შიშით ეკიდებიან (რაკი კანონით ისჯება) ამ ინფორმაციის გათქმას, როგორც მღვდელი – აღსარების საიდუმლოს დარღვევას?
        «ფორბსში» მუშაობენ შესანიშნავი სპეციალისტები. ისინი ინფორმაციას კი არ «ყიდულობენ» საგადასახადოს თანამშრომლებისაგან, არამედ აანალიზებენ ამა თუ იმ ბიზნესმენის საქმიანობას, მის მიერ დადებულ კონტრაქტებს, აქტივების ყიდვა-გაყიდვას (ეს ღია ინფორმაციაა), მათ საბაზრო ღირებულებას და ამის შედეგად გამოჰყავთ რეიტინგი.
        შედეგად, «ფორბსის» რეიტინგი 1-2 პროცენტით შეიძლება ცდებოდეს მხოლოდ, მაგრამ ამით ჟურნალი ავტორიტეტს არ კარგავს, რადგან მკითხველმა იცის, რომ ეს ინფორმაცია მან კორუმპირებული ჩინოსნისგან კი არ იყიდა, ან ქუჩის ჭორებს კი არ ეყრდნობა, არამედ ხანგრძლივი, პროფესიული ანალიზის, მარკეტინგის, კვლევის, საჯარო ინფორმაციის ნაწილ-ნაწილ შეგროვების შედეგია.
        აქედან გამომდინარე, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, «ფორბსის» რეიტინგის რომელიმე ფიგურანტს იგი სერიოზულად გაეპროტესტებინოს. უბრალოდ კომენტარს არ აკეთებენ: დასავლეთში ცუდ ტონად ითვლება საკუთარ ქონებაზე საუბარი, მით უმეტეს სხვის ქონებაზე მსჯელობა. ერთადერთი გამონაკლისი სწორედ «ფორბსია», რომელიც, ამის მიუხედავად, პრესტიჟულობას, პატივისცემას და ნდობას არ კარგავს.
        რა ხდება ამ დროს საქართველოში? სრული მარაზმი! განსხვავებით «ფორბსისაგან», მისი ქართველი მიმბაძველები, რა თქმა უნდა, თავს არ იწუხებენ პროფესიული კვლევით, ბაზრის ანალიზით, ინფორმაციის ხანგრძლივი შეგროვებითა და დაკვირვებით. უბრალოდ, აქვეყნებენ ღობე-ყორის ჭორებს, ყურმოკრულ ამბებს და ვიღაცის სიდედრის ნაჭორავებზე გამოჰყავთ რეიტინგი.
        საოცარია, რომ ამ «გოიმობის» ავტორები ყოველწლიურად პრეზენტაციასაც კი აწყობდნენ და (რაც ყველაზე კომიკურია) იმ პრეზენტაციას ზოგჯერ სერიოზული ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.
        მხოლოდ ერთი მაგალითი: ქართველმა «ფორბსებმა» თანამემამულე მილიარდერთა სიაში, 2007 წელს, პირველ ადგილზე ბადრი პატარკაციშვილი დაასახელეს, რომელსაც თურმე 12 მილიარდი დოლარი აქვს. ჩავხედოთ იმავე წლის «ფორბსს». პატარკაციშვილი საერთოდ არ არის დასახელებული მსოფლიოს უმდიდრეს 30 ადამიანს შორის, რადგან «ფორბსის» მონაცემებით მისი ქონება 700-800 მილიონს არ აღემატებოდა. თანაც ფორბსში პროფესიონალები მუშაობენ და იციან, რომ ამ 700-800 მილიონიდანაც კი დიდი წილი ბერეზოვსკის ეკუთვნოდა, ანუ მხოლოდ გაფორმებული იყო პატარკაციშვილზე, ხოლო ამერიკული გამოცემა ორიენტირებულია რეალურ (და არა ფორმალურ) ქონებაზე. ამის მიუხედავად, თბილისში კვლავაც გაიგონებ «სოფლურ» მსჯელობებს – 12 მილიარდი? არა 14, არა 20!!! და ა.შ.
        სინამდვილეში, «ფორბსის» რეიტინგით, ყველაზე მდიდარი ქართველი იყო არა ბადრი პატარკაციშვილი, არამედ ბანკ «როსსისკი კრედიტის» დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონება ამერიკულმა გამოცემამ 3,9 მილიარდ დოლარად შეაფასა.
        რაც შეეხება კახა ბენდუქიძეს, ამერიკელი გენიოსის უნიჭო ქართველმა მიმბაძველებმა მისი ქონება 500 მილიონამდე აიყვანეს, მაშინ, როდესაც «ფორბსის» ცნობით, ბენდუქიძე სულ 60-70 მილიონ დოლარის ქონებას და აქტივებს ფლობს.
        გასაგებია, რომ მილიარდერთა ქონებაზე მსჯელობა «ხალხს აინტერესებს», მაგრამ ჩვენში რეიტინგები კეთდება ბრბოსთვის. სწორედ იმ ბრბოსთვის, რომელიც ნებისმიერი მდიდარი ადამიანისადმი შურითა და სიძულვილითაა აღვსილი. «ფორბსი» კი ბრბოზე არ მუშაობს – იგი ელიტარული ჟურნალია.
        ალბათ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ზუსტ ინფორმაციას ფლობს ქართველ მილიარდერთა ქონებაზე, ვანო მერაბიშვილის უწყებაა. «საგადასახადომაც» კი არ იცის ამდენი, რაკი მხოლოდ საქართველოში არსებულ ქონებასა და აქტივებს აკონტროლებს. ქართველი მიკლიარდერები კი საქართველოს ბანკებში არ ინახავენ ფულს.
        მაგრამ განა იგივე უორენ ბაფეტი ამერიკულ ბანკებში დებს ფულს? უდიდესი ნაწილი განლაგებული აქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში, რომელიც ნაცისტი დამნაშავეების ავუარების შესახებაც კი არ «ხსნის» ინფორმაციას, არათუ ბაფეტისნაირ პატიოსან ხალხზე. ამის მიუხედავად, «ფორბსმა» ზუსტად იცოდა, როდის გახდა უორენ ბაფეტი «პირველი ნომერი» და როდის გადაასწრო «მაიკროსოფტის» მფლობელ ბილ გეიტსს. საამისოდ საჭიროა შრომა და პროფესიონალიზმი. ღობე-ყორის ჭორების ქვეყნებას და «რეიტინგებად» გასაღებას კი დიდი ნიჭი თუ შრომა ნამდვილად არ სჭირდება.

2010