გალის მორიგი ეთნოწმინდის წინ

გალის მორიგი ეთნოწმინდის წინ

 

    ნამდვილად არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ აფსუათა ლიდერები თბილისში ე.წ. «საკოორდინაციო საბჭოს» მორიგ შეკრებაზე მაინც ჩამოვიდნენ - მიუხედავად გალში შექმნილი მდგომარეობისა, ხოლო ვლადისლავ არძინბამ «მოულოდნელად» საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
    სულ რაღაც 1-2 წლის წინ გალის რაიონში ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, არძინბა მედიდურად უარს განაცხადებდა არათუ შევარდნაძესთან შეხვედრაზე, არამედ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად თავისი წარმომადგენლის გამოგზავნაზე
    ამჟამად ვითარება შეიცვალა. აფხაზები ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მაინც ეტყობათ შიში ქართველთა გააქტიურების გამო. როგორც ჩანს, მათ ძალიან გაუკვირდათ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფსუანური ჯარის შემოტევისთანავე ქართველები კი არ გაიქცნენ (როგორ ადრე), არამედ წინააღმდეგობაც გაუწიეს და ათელუობით მომხდური მოკლეს. სოხუმში ამას ნამდვილად არ ელოდნენ, ამიტომაც გააქტიურდნენ უფრო «დიპლომატიურ ფრონტზე», რათა გალში დაბრუნებული ქართველების მომავალი გენოციდისათვის საფუძველი მოამზადონ.
    თამაზ ქეცბას თბილისში ჩამოსვლაც ამით იყო განპირობებული - დაეფიქსირებინა აფსუეთის ამჟამინდელი ხელისფლების პოზიცია გალში მიმდინარე მოვლენათა თაობაზე. რატომაც არ ჩამოვიდოდა, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაეროს ეგიდით, რუსეთისა და უშიროების საბჭოს წევრი თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლის, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით?!!!
    დიდხანს ვიფიქრე, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, მაინც, რა ისეთი სიბრძნეა ირაკლი მენაღარიშვილის მონაწილეობაში? ამით ხომ ფაქტობრივად აფხაზეთის საერთაშორისო სამართალსუბიექტურობა ფიქსირდება. ოდესმე თუ გაგიგიათ, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრიმაკოვი ახლოს გაკარებოდეს ჩეჩნებთან მოლაპარაკებას? არც გაეკარება! ჩვენ კი საშუალებას ვაძლევთ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს, მთელი მსოფლიოს თვალწინ დააფიქსირონ: მოლაპარაკებები საქართველოსა და აფხაზეთს შორის მიმდინარეობს «საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე»; თუმცა, ამჯერად გაიძვერა სერგეი შამბა თბილისში არ ჩამოვიდა (ვერ გაბედა), რაც აგრეთვე ქართველ პარტიზანთა დამსახურებაა.
    თავისთავად მოლაპარაკებები შეიძლება კიდეც გაიმართოს აფსუებთან, ოღონდ ერთადერთი მიზნით: რათა საქართველომ თავისი კეთილი ნება დააფიქსიროს და არ მისცეს სეპარატისტებს საშუალება, მსოფლიო თანამეგობრობაში შექმნას ანტიქართული სტერეოტიპები. ყველაზე ძლიერი პოლიტიკა ის არის, რომელსაც «ტკბილი ენა და ძლიერი ხელი აქვს».
    მოლაპარაკებათა პარალელურად კი უეჭველად უნდა გაგრძელდეს პარტიზანული მოძრაობა. ხელისუფლებამ მას ყველანაირი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს, ოღონდ პარტიზანებმაც უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი განცხადება პარტიზანთა მოქმედების დაგმობით მხოლოდ მტრისთვის «თვალის ახვევა» იქნება, რასაც ყურადღება არ უნდა მიაქციონ. სხვათა შორის, არძინბისტები იმიტომაც ჩამოდიან თბილისში და მონაწილეობენ «საკოორდინაციო საბჭოს» მუშაობაში, რათა შიდაქართული დაპირისპირების პროვოცირება მოახდინონ. თუმცა, არა მგონია, ამჯერად შედეგს მიაღწიონ.
    პარტიზანთა მოქმედებამ უკვე ის შედეგი გამოიღო, რომ სეპარატისტებს მორიგი «საკურორტო სეზონი» ჩაეშალათ - საომარ მოქმედებათა ზონაში დასასვენებლად ჩასვლას ვერავინ გაბედავს გუდაუთაში დისლოცირებული კონტიგენტი ოფიცერთა ცოლების გარდა, რომლებიც ბევრს ვერაფერს შემატებენ აფსუეთის ბიუჯეტს.
    პარტიზანთა მეორე, უმთავრესი მიზანი იქნება ენგურჰესი სამართავი პულტი, რომლის ხელში ჩაგდების შემდეგ, სეპარატისტები სულ სხვა ენაზე აჭიკჭიკდებიან».
    განვლილმა ოთხმა წელმა, ალბათ, უნდა დაგვარწმუნოს, რომ სეპარატისტებთან მოლაპარაკებას არავითარი აზრი არა აქვს. ისინი რეალურ დათმობებზე წამოვლენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგრძნობენ, რომ 1993 წლის 30 სექტემბერს დამთავრდა ბრძოლა და არა ომი.

მერიდიანი, 25 მაისი, 1998 წ.