ბრუკ შილდის მენუეტი

 ბრუკ შილდის მენუეტი

   გასულ წელს მსოფლიო პოლიტიკა კვლავ პუტინის გარშემო ტრიალებდა. ფრანგული ცეკვაა ასეთი- გრაციოზული და ნარნარი. მენუეტი ჰქვია. აი, დაახლოებით, თუმცა არც მთლად ისეთი, ბრუკ შილდსმა რომ იცეკვა მოსკოვში გამართულ სამარცხვინო შოუზე, - რუსი პრემიერის გულისამრევი სიმღერის ფონზე.
        ისე, ჯულიან ასანჟის მასალებში ამერიკელი დიპლომატები პუტინს «ალფა-მამრს» უწოდებენ. ალბათ საკაცობრიო კულტურის საგანძურში შევა ჯერ რუსი პრემიერის სიმღერა და შემდეგ მსოფლიო კინოს ნამდვილ ვარსკვლავთა ოვაცია. ჟერარ დეპარდიესა და კევინ კოსტნერს რომ ერთ მაგიდასთან დასვავ, მართლა რაღაც უცნაური გავლენა უნდა გქონდეს. ანუ, დასავლეთი ვერა და ვერ ჩამოყალიბდა, რა პოზა დაიკავოს თანამედროვე მოსკოვის მიმართ. შედეგიც აშკარაა.
       
       
ხელი-ხელს, მხარი-მხარს

        თითქოს პოლიტიკასთან რა კავშირშია (სინამდვილეში «შუაში კი არა თავშია»), მაგრამ ფიფას გადაწყვეტილება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის თაობაზე 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიმაჩნია. იგი ადასტურებს, რამდენად სუსტია დასავლეთი, მით უმეტეს კრიზისის დროს, როდესაც ნავთობდოლარებით გაბერილი კრემლი გამოხრულ ძვალს სთავაზობს არა იმდენად ტულასა და სარატოვში აშენებული სტადიონების თუ ჰოკეის ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზების, რამდენადაც საკუთარ ღირებულებებზე მიფურთხების სანაცვლოდ. საოცარი სურათი იყო: ევროპის ცენტრში, ფიფას პოდიუმზე, რუსმა ვიცე-პრემიერმა შუვალოვმა კატარის რომელიღაც «ფაშას» მეგობრულად გაჰკრა მხარი და თვალი ჩაუკრა. აი, ისე, სიცილიელმა მაფიოზებმა რომ იცოდნენ დონ კარლეონეს ქალიშვილის ქორწილში.
        2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში ტარდება და არა ინგლისში(!), ხოლო 2022 წლისა – ამერიკის ნაცვლად . . . კატარში!!!
        სამწუხაროდ, დასავლურ ბიუროკრატიას ავიწყდება, რომ ევროპული ცივილიზაცია იმდენად ფულს არ ეყრდნობა, თორემ ფული და ოქრო ყველაზე მეტი დღეს ჩინელებს აქვთ და შანხაიც ნიუ – იორკზე შთამბეჭდავად გამოიყურება შორიდან.
       
       
პირველი ლედის ბოსტანი
       
   

        სანამ ობამას ცოლი ელეონორა რუზველტს ბაძავს და თეთრი სახლის მდელოზე ბოსტანს აშენებს (კაცმა რომ თქვას, მიშელი იმ ბოსტანში ბევრად უფრო «ორგანულად» გამოიყურება, ვიდრე «არისტოკრატი ელეონორა», რომელსაც რა თქმა უნდა თოხისთვის ხელი არ მოუკიდია), მისი ქმარი აგრძელებს მცდელობას, როგორმე მოხვდეს ისტორიაში «საგმირო საქმეებით» მოსკოვთან ბირთვული პარიტეტის მიღწევის სფეროში.
        მისი გაგებით, «თანასწორობა» იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ნაცვლად ათისა, სამჯერ შეძლებს ამერიკის თუ მთელი მსოფლიოს მოსპობას თავისი ბირთვული «სატანებით», მაშინ როდესაც მოსკოვს მისი შენახვისა და დაცვის შნოც აღარ ჰქონდა. და ამის მიხედავად, მაინც მთელ დასავლეთზე სამჯერ მეტი რაკეტა და ატომური ბირთვი დარჩება!
        სამაგიეროდ, მოსკოვი იღებს დაპირებას, რომ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსული «ისკანდერებისგან» მეზობელ ქვეყნებს არ დაიცავს, ესე იგი, პუტინს კვლავ ექნება საშუალება დაბომბოს ყველა, ვისი დაბომბვაც დასჭირდება. თანაც, მოსკოვი არ მალავს, რომ თუ ობამას ადმინისტრაცია «სწორად არ გაიგებს», ამ ხელშეკრულებიდან როცა უნდა, მაშინ გამოვა.
        საბედნიეროდ, საშუალედო არჩევნების შედეგად, კონგრესში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, რაც გასული წლის ყველაზე დამაიმედებელი მოვლენა იყო.

ჰაკერული დიპლომატია

        2010 წლის ადამიანი კი ნამდვილად ინტერნეტმანიაკი ჯულიან ასანჟია. ფული აშკარად არ აინტერესებს, - აინტერესებს სკანდალი. მაგრამ მისმა გენიალურმა ჰაკერობამ ჯერ-ჯერობით ამერიკას ბევრი ვერაფერი დააკლო. პირიქით, ყველა თვლის, რომ ამ ქვეყნის დიპლომატია საოცრად პატიოსანი და თანმიმდევრული აღმოჩნდა. საბოლოოდ, ესეც რუსეთის გარშემო თამაშია და თუ ასანჟმა ის 250 გიგაბაიტი გამოაქვეყნა, დაშიფრული რომ დევს საიტზე, შეიძლება ფიფას ხელმძღვანელობაც გონს მოვიდეს.
       
      
მილიონები პროსტიტუციისთვის

        ამერიკიდან გამოძევებული მზვერავი, ანა ჩაპმანი რუსეთის მმართველი პარტის («ედინაია როსსიას») ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამას წინათ ცნობილი რუსი ჟურნალისტი, იულია ლატინინა სიტყვა-სიტყვით წერდა: «მზვერავი ქალები რომ ტრუსებს საერთოდ არ იცვამენ, ცნობილია, მაგრამ პირველად გავიგე, რომ სახელმწიფო პროსტიტუციას ბიუჯეტიდან აფინანსებდესო». ანუ ჩაპმანს არავითარი სარგებლობა ქვეყნისთვის არ მოუტანია, ვერავითარი «სეკრეტები» პუტინს ვერ მიაწოდა ამერიკის იატაკქვეშეთიდან და საბიუჯეტო მილიონებით სამოვნებაც მხოლოდ თვითონ მიიღო.
        თუმცა, პუტინმა, მისივე აღიარებით, ჩაპმანთან ერთად მაინც იმღერა რუსი მეორეკლასელების სიმღერა «ს ჩეგო ნაჩინაეტსია როდინა» და მმართველ პარტიაში მაღალი პოსტიც უთავაზა.
        როგორც ცნობილია ზურაბ ნოღაიდელმა «ედინაია როსსიასთან» თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულება ჯერ კიდევ მაშინ გააფორმა, როცა რუსული იატაკქვეშა აგენტურა ამერიკაში ჯერ ჩაფლავებული არ იყო. თუმცა ალბათ არც პირადად ჩაპმანთან იტყოდა უარს.
        არა, მაინც რას მოესწრო რუსეთი?! მისი მმართველი პარტიის «სახე» აპოკალიფსური მეძავი გახდა! ნამდვილად დიდი პროგრესია «ლენინური კომკავშირის» შემდეგ. არადა, ჩაპმანზე არანაკლებ «გამოცდილი მუშაკები» იქაც მოიძევებოდნენ.
       
       
შერ შე ლა ფამ

            ისევ ფრანგულს რომ დავუბრუნდეთ: «ეძიე ქალი!!! «
        ამას წინათ ერთმა იტალიურმა ტაბლოიდმა «საზიზღარი ჭორი» გამოაქვეყნა, თითქოს აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა, მართალია ბოსტანს არ აშენებს, მაგრამ ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს «ეფლირტავება». გაზეთი ამტკიცებდა, რომ ურთიერთობა იმდენად შორსაა წასული, ამან რეგიონში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრებიც კი შეიძლება გამოიწვიოს. როგორც ცნობილია, ბელორუსი «კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრია», ხოლო აზერბაიჯანულ-სომხური კონფქლიტის განახლების შემთხვევაში, მინსკის «ვეტოს» სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება. ისევე, როგორც ბელორუსული იარაღის მიწოდებას მეომარი მხარეებისათვის. ბუნებრივია, აზერბაიჯანულმა ოფიციოზმა ეს აღმაშფოთებელი ჭორი მაშინვე კატეგორიულად უარყო.
        მეორე «პოლიტიკურ ნახევარი», რომელიც შარში გაეხვა, ყოფილი «ტოპ-მოდელი» კარლა ბრუნია. საფრანგეთის პირველმა ლედიმ ვატიკანის მონახულება გადაწყვიტა, მაგრამ შვეიცარიელმა გვარდიელებმა, პაპის ბრძანებით, წმინდა პეტრეს ტაძარში არ შეუშვეს. «ქრისტე არა ვარ, მარია მაგდალინელივით ცოდვები შეგინდოო» - ასე შემოუთვლია პონტიფიკს.
        ვატიკანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. Kკარლა ბრუნი კი – წარმოშობით იტალიელი. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ იტალიელ ქალებზე თქვა: «ისეთები არიან, თითოს – ორი მცველი უნდა მიუჩინო, ვინმემ არ გააუპატიუროსო».
        როგორც ჩანს, პირველ რიგში საკუთარ თავს გულისხმობდა, რადგან პრემიერობას კინაღამ გამოეთხოვა მორიგი სექსუალურის სკანდალის შედეგად. 17 წლის ამორძალმა ოჯახი დაუნგრია, ცოლს გააშორა და კინაღამ იმპიჩმენტამდე მიიყვანა.
        თუმცა, იტალიელი ხალხის მშვენიერმა ნახევარმა «სილვიოს» ცელქობა აპატია და პოსტიც შეუნარჩუნა.

2011