ბაკურ გულუა ვა-ბანკზე მიდის

ბაკურ გულუა ვა-ბანკზე მიდის

        არჩევნების მრისხანე გრუხუნი უკვე ახლოდან ისმის. პოლიტიკური მოღვაწეები საქართველოში თვისებრივი არჩევანის წინაშე დგებიან – ედუარდ შევარდნაძემ არაერთხელ შეახსენა მათ, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ, თანამდებობას უნდა გამოეთხოვონ.
        ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის სურვილი საარჩევნო კანონის მოთხოვნას ემთხვევა - არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხავს თანამდებობის შემდგომ დაკავებას. როგორც კი თანამდებობის პირი ოფიციალურად განაცხადებს, რომ იგი მონაწილეობას იღებს არჩევნებში, ხოლო მისი გვარი დაფიქსირდება საარჩევნო სიაში, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან. თუ თავად არ გადადგება - გადააყენებენ.
        მაშასადამე, უეჭველია, რომ იმ სახელმწიფო მოღვაწეებს (ბაკურ გულუას, თემურ ბასილიას, რევაზ შავიშვილს), რომლებმაც პარტიები შექმნეს ან აღადგინეს, განზრახული აქვთ გადადგნენ თანამდებობებიდან. თუმცა, რატომ? მაგალითად, რევაზ შავიშვილის შემთხვევაში, შეიძლება «მთლად» ასეც არ იყოს საქმე, ვინაიდან წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც იგი თავისი პარტიის (მაშინ «გაერთიანებული რესპუბლიკური პარტიის») სააგიტაციო პლაკატებზე ფიგურირებდა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია – ასეთ «შეთავსებას» კანონი არ კრძალავს.
        სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე ბაკურ გულუასთან დაკავშირებით. შავიშვილისაგან განსხვავებით, იგი სულაც არ აპირებს შემოიფარგლოს მხოლოდ თავისი პარტიის - «რეფორმატორთა კავშირი – კოლხეთი» - პროპაგანდით. იგი ეცდება დააძლევინოს პარტიას 5-პროცენტიანი ბარიერი და მოხვდეს პარლამენტში.
        ბაკურ გულუასათვის, თუ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, სამეგრელოს რამდენიმე რაიონში მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება პრობლემა არ იქნება. საკმარისი ავტორიტეტიც აქვს საკუთარ პარტიაში, მაგრამ გულუას თაობაზე მსჯელობისას მთავარი პრობლემა მაინც ის არის, საერთოდ რა უნდა ამ კაცს, რაში მდგომარეობს მისი პროგრამა, რას მოითხოვს და რისი გამკეთებელია (ვთქვათ) არჩევნებში წარმატების შემთხვევაში.
        თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ბაკურ გულუამ ჯერ კიდევ 1992 წლიდან საკმაოდ ოსტატურად და ეშმაკურად შეძლო ნეიტრალიტეტის შენარჩუნება იმ ძირითად სადისკუსიო თემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც ორად (თუ მეტად არა) გახლეჩილ ქართულ საზოგადოებას აღელვებდა.
        «ეროვნული თანხმობის დარბაზიც» ხომ აგრეთვე მისი «ნეიტრალიტეტის» გამოვლინება იყო, მაგრამ თანამედროვე პოლიტიკაში ამგვარი ნეიტრალიტეტი ნამდვილად ვეღარ ჩაითვლება ღირსებად, ვინაიდან მთავარი წყალგამყოფი უკვე ზვიად გამსახურდიას ფენომენისადმი დამოკიდებულება ან დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შეფასება როდია. ეს გუშინდელი დღეა. ბოლოს და ბოლოს, უნდა შევიგნოთ, რომ სამოქალაქო ომში გამარჯვებულისა და დამარცხებულის შერიგება შეუძლებელია. ამ «შერიგებას» ყოველთვის სიყალბის ტვიფრი ექნება.
        ამჟამად მთავარი საზოგადო - სადისკუსიო თემაა საქართველოს სახელმწიფოებრივი კურსი, როგორც ქვეყნის შიგნით (ეკონომიკა, სოციალური სფერო, სამხარეო მოწყობა და ა.შ.), ასევე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.
        აი, აქ კი ბაკურ გულუას პოზიციის გარკვევა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელიც, ვინაიდან იგი ჩვეულებრივ, ვიმეორებ, ყოველთვის ახერხებს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, ოღონდ ისეთი ნეიტრალიტეტისა (ეს საყურადღებო მომენტია), როდესაც არ ცდილობს დაპირისპირებულ მხარეთა მორიგებას.
        აქედან კი ნათლად ჩანს, რომ სინამდვილეში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ნეიტრალური არ არის, - ერთ-ერთი მხარეს ემხრობა და რაკი ამჟამად პოზიციას ვერ აფიქსირებს (თუ არ აფიქსირებს), მაშასადამე, საპარლამენტო ტრიბუნას ელის!

მერიდიანი, 28 მაისი, 1999 წელი